მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #43
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-42(825)
– უკეთესი შემოთავაზება გაქვთ? – ჰკითხა პროფესორმა ჟურნალისტს. მან კი მიუგო:
– ერთი იდეა მაქვს.
– რა იდეა? – ჰკითხა ტიტემ ანას.
– უპირველესად, ბატონი პავლე უფრო საიმედო ადგილზე უნდა დავმალოთ. ასეთი ადგილი კი ჩემი სახლია. მე და კოტე მარტო ვცხოვრობთ. ჩვენთან თითქმის სტუმარი არ მოდის და პროფესორი საიმედოდ იქნება დაცული. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ის ჩვენთან იმალება. ახლა მეორე... – თქვა ანამ, მაგრამ ტიტემ შეაწყვეტინა:
– არც შენი სახლია ბოლომდე საიმედო, ჩემო ანა.
– ვითომ რატომ? – მხრები აიჩეჩა ჟურნალისტმა.
– იმიტომ რომ, შენც გამოგთვლიან. მით უმეტეს, იცი, რომ ბატონ პავლეზე უსერიოზულესი ხალხი ნადირობს და მათ არ შეეშლებათ ეს. შენ ხომ შეძელი ჩვენი მოძებნა, ჰოდა ისინიც მოახერხებენ ამას.
– გეთანხმები, ტიტე, რომ ჩემი სახლი იდეალური სამალავი არაა, მაგრამ აქაურობაზე ბევრად საიმედოა. ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც. რა, არ მეთანხმები?
– მაინც, რა დროით?
– თუნდაც ორი კვირით. ერთი კვირა იყოს, ბატონო. ერთი დღეც რომ იყოს, მაინც ჩემთან გადაყვანა ჯობია, – თქვა ანამ.
– სად ცხოვრობთ, ანა? – დაინტერესდა გოკიელი.
– მთაწმინდაზე, ბატონო პავლე, ახალაშენებულ კორპუსში. ოთხოთახიანი ბინა გვაქვს და კომფორტულად მოეწყობით, – მიუგო კიკვაძემ პროფესორს და დააყოლა, – ცივ ნიავს არ მოგაკარებთ მე და ჩემი მეუღლე. თვალის ჩინივით გაგიფრთხილდებით.
ჟურნალისტის სიტყვებზე გოკიელს გაეღიმა.
– მეორე?
– მეორე ის, რომ ეს შვეიცარიელები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გვყავდეს, რომ არაფერი გამოგვაპარონ. რამეს თუ დააპირებენ, საპასუხო სვლისთვის უნდა ვიყოთ მზად, – თქვა ანამ.
– ვუთვალთვალოთ? – იკითხა ტიტემ.
– თვალთვალს სპეციალური რესურსი სჭირდება და გაგვიჭირდება, – უპასუხა ანამ.
– თანაც, კანონითაა აკრძალული უსანქციო თვალთვალი, – დაამატა ტიტემ.
ანამ ხელი ჩაიქნია და თქვა:
– ამ შემთხვევაში, კანონს ვინ დაგიდევთ. უბრალოდ, ვერ შევძლებთ. სამაგიეროდ, მათი სასტუმროების ნომრებში მოსასმენი აპარატურის დაყენება შეგვიძლია და ესეც რაღაცას მოგვცემს.
ჟურნალისტის სიტყვებზე ტიტე ისე გაოცდა, ლამის თვალები გადმოსცვივდა და უთხრა:
– ჯერ ერთი, აპარატურას სად იშოვი და რომც იშოვო, როგორ დააყენებ?
– აპარატურა მაქვს, თანაც, უახლესი. ერთმა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. დაყენებით კი ჩემი წყაროები დააყენებენ, – გაეცინა ანა კიკვაძეს.
– ისევ წყაროები, – გაეცინა ტიტეს და ანას ჰკითხა:
– შენ აპირებ დაყენებას?
– რატომაც არა, – მხრები აირჩეჩა ჟურნალისტმა, – ან რა დიდი დაყენება იმას უნდა? „ლიპუჩკებზეა“. მიაწებებ საიმედო ადგილზე და უსმინე, რამდენიც გინდა.
– დაჯდები და მოუსმენ?
– თუ საჭირო იქნა, რატომაც არა. ძირითადად კი, ყველაფერს ციფრულად ჩავიწერთ. თან, მოვისმენთ და ვთარგმნით კიდეც. საამისოდ სპეციალური პროგრამა არსებობს და მას დავაყენებთ კომპიუტერზე. ერთი სტაჟიორი ბიჭი მყავს. პატარაა, მაგრამ ამ საქმის ასია. ის მიხედავს ყველაფერს.
– არა, არა, – ხელები გაასავსავა ტიტე ბუკიამ, – ამ საქმეში კიდევ ერთი ადამიანის, მით უმეტეს, ბავშვის შემოყვანა არ ივარგებს, წინააღმდეგი ვარ.
– მომისმინე, ტიტე, ნუ ცხარობ, – თქვა ანამ, – ჯერ ერთი, ვანიკო ოცი წლისაა. შემდეგ ის, რომ ძალიან საიმედო ადამიანია და ენაზე კბილის დაჭერა იცის. თანაც, მას არ ეცოდინება გოკიელის შესახებ. ვეტყვი, ეს ყველაფერი ჟურნალისტური გამოძიებისთვის მჭირდება-მეთქი. ასე რომ, ნურაფრის გეშინია.
– არა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! – მტკიცედ თქვა მაიორმა, – არანაირი ზედმეტი ხალხი და არანაირი ბავშვები.
– ტიტე, მომისმინე, – თქვა ანამ, მაიორმა კი კატეგორიული ტონით მიუგო:
– არა და მორჩა. არ შეიძლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ბატონი პავლეთი ასე გავრისკოთ.
– ისე, რა უჭირს, ტიტე? – საუბარში ჩაერთო პროფესორი, – ანა ისეთი ყოჩაღი და საზრიანი გოგო ჩანს, არ მგონია, ცდებოდეს. თუ იმ ბავშვის საქმეში გარევა საშიში არ არის, იქნებ ვცადოთ? თქვენ რომ გისმენთ, ისეთ აზარტში შევედი, რომ რა ვიცი... – პროფესორმა მხრები აიჩეჩა და გააბოლა.
– საშიშია, ბატონო პავლე, აბა, არ არის საშიში? ვიღაც ღლაპს ასეთ საიდუმლოს ვანდობთ და რა იცით, რას მოიმოქმედებს, – თქვა მაიორმა და დააყოლა, – არა, არა და კიდევ ერთხელ არა. მე, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამას.
ანა კიკვაძეს თვალზე ცრემლები მოადგა და ლამის ტირილით უთხრა პროფესორს:
– ბატონო პავლე, გააგებინეთ მაიორ ტიტე ბუკიას, რომ მართალი ვარ. ვანიკოზე თავს დავდებ. ეს ჩემი ახირება კი არა, აუცილებლობაა. მერწმუნეთ და ნება დამრთეთ.
– ტიტე, მოდი, ანას დავუჯეროთ და ისე ვქნათ, როგორც გვთავაზობს, – მიმართა პროფესორმა მაიორს.
– არა, არა, ბატონო პავლე, არ ივარგებს. ბავშვს კი არა და, დიდ და გამოცდილ ადამიანს ვერ ენდობა კაცი. დაგავიწყდათ, რა შარში გაგხვიათ თქვენმა თანაშემწემ? – მიუგო ტიტემ გოკიელს.
– მაგაში მართალი ხარ, მაგრამ იქნებ ვანდოთ? გთხოვ...
– ნუ მთხოვთ, ბატონო პავლე, – თავი გააქნია მაიორმა.
– კეთილი. მაშინ არც აქ დავრჩები არც ანასთან წავალ და ჩემს გზაზე ვივლი. ვფიქრობ, თავი მოგაბეზრეთ ყველას და მეყოფა. თვითონ გავიკვლევ გზას, – თქვა გოკიელმა და წამოდგა.
– სად წახვალთ, ბატონო ტიტე? – შეცბა ბუკია. ანამ კი მაიორს შეუტია:
– სულ შენი ბრალია... ამიტომ ამბობს ამას ბატონი პავლე.
– მე კარგი მინდა ბატონი პროფესორისთვის და ამიტომ ვამბობ იმ ბავშვის საქმეში ჩართვაზე უარს, – თავი იმართლა მაიორმა. ანამ კი უთხრა:
– გაიგე, მაიორო, რომ ვანიკო ბავშვი არაა და ძალიან ჭკვიანი, ერთგული და საჭირო პიროვნებაა. თანაც, ხომ გითხარი, არც ბატონ პავლეზე და არც შენზე არაფერი ეცოდინება. ვეტყვი, თითქოს ეს ყველაფერი ჟურნალისტური გამოძიებისთვის გვჭირდება.
– როგორც თქვენ იტყვით. ხელები ამიწევია, – თქვა მაიორმა და გააბოლა. ანამ კი გოკიელს უთხრა:
– აი, ხომ ხედავთ, ბატონო პავლე, ყველაფერი მოგვარდა. მაიორი თანახმაა. ახლა ჩემთან წავიდეთ, მერე კი დანარჩენსაც მოვაგვარებ.
გოკიელმა ანას თვალი ჩაუკრა და ბუკიას უთხრა:
– ნუ გვიწყენ, ტიტე. იცოდე, მართლა ჩემს გზაზე წავალ, თუ გაგვებუტები.
– არ გებუტებით, ბატონო. მეც თქვენთან ვარ. მიბრძანეთ, რა ვქნა და ჩემი თავი გენაცვალოთ, – მიუგო ტიტემ პროფესორს.
– ტიტე, შენ წინ წადი და დაგვაზღვიე, რომ რამე... მე და ბატონი პავლე უკან გამოგყვებით და ქვევით რომ ჩავალთ, ჩემი მანქანით დავიძვრებით მთაწმინდისკენ. შენ კი სამსახურში წადი. ერთმანეთს არ დავურეკოთ, რომ არ გავიშიფროთ. შეხვედრის ადგილსა და დროზე შევთანხმდეთ და იქ ვილაპარაკოთ, – უთხრა ანამ ტიტეს.
– დღეს, საღამოს ათზე აქ მოდი, – მიუგო მაიორმა ჟურნალისტს და სამივენი ბინიდან გავიდნენ.
ანა და პროფესორი მშვიდობიანად მივიდნენ ჟურნალისტის ბინაში და ოთახში რომ შედგეს ფეხი, წინ კიკვაძის მეუღლე, კოტე შემოეგებათ. გოკიელი რომ დაინახა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, ანამ კი ქმარს უთხრა:
– აი, მოგიყვანე, კოტიკო, შენი გადამრჩენელი. შეეგებე.
***
20 წლის ვანიკო მიქაძე პროგრამირების ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობდა. გამორჩეული სტუდენტი იყო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, ბიჭს, თავისი პროფესიის პარალელურად, ჟურნალისტიკა იტაცებდა. ამის გამო ტელეკომპანიაში მივიდა სამუშაოდ. გაესაუბრნენ, მოეწონათ და სტაჟირებაზე ანა კიკვაძეს მიაბარეს. გამოცდილმა ანამ მაშინვე ამოიცნო ბიჭში „საჭირო მასალა“ და მის აღზრდას საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. ვანიკო გულმოდგინედ ასრულებდა საქვეყნოდ ცნობილი ჟურნალისტის ყველა დავალებას. განსაკუთრებულ საზრიანობასა და შრომისუნარიანობას იჩენდა და ანაც ენდობოდა. ანამ პავლე გოკიელი თავის ბინაში რომ გადაიყვანა და მეუღლეს ჩააბარა, ვანიკოს დაურეკა და ალექსანდრეს ბაღში, ქაშუეთის ეკლესიის წინ დაუთქვა შეხვედრა. ანა რომ მივიდა, ვანიკო უკვე იქ დახვდა და მაშინვე ჰკითხა:
– ხომ მშვიდობაა, ანა?
– მაგარი საქმე გაიჩითა, ვანიკო. სწორედ შენზეა ზედგამოჭრილი და დამეხმარები? – მიუგო ანამ. ბიჭს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა და უთხრა:
– როდესმე უარი მითქვამს საქმეზე?
– არა, მაგრამ ეს საქმე ძალიან სახიფათოა.
– მით უმეტეს... დაგეხმარები. ხომ იცი, როგორ მიყვარს სახიფათო საქმეები. როგორც იქნა, მეღირსა, ხომ?
– სახიფათო ერთია. თანაც, კანონის დარღვევაც მოგვიწევს.
– კანონს ყველა არღვევს, მით უმეტეს, ჩვენ, ჟურნალისტები. მითხარი ჩქარა, თორემ სული დამელია.
– ნუ ჩქარობ, ვანიკო. დამშვიდდი და მომისმინე.
– მშვიდად გისმენ, – მიუგო ბიჭმა და გააბოლა.
– მოკლედ, ერთ ჟურნალისტურ გამოძიებას ვატარებ. საქმე ეხება სამრეწველო შპიონაჟს და შენი მთავარი მოვალეობაა, უცხოელების სასტუმრო ნომერში დაყენებული მოსასმენი აპარატურიდან ყველაფერი ჩაიწერო. თან, თარგმნის პროგრამაც შეუშვა.
– უცხოელებს ვუსმენთ?
– ჰო. უცხოელებს ვუსმენთ. გიმეორებ, ძალიან სახიფათო საქმეა და თუ დავიწვით, შეიძლება, გაგვსროკონ კიდეც. ამიტომ, კარგად დაფიქრდი და ისე მომეცი თანხმობა.
– რა დაფიქრება უნდა, თანახმა ვარ, – მტკიცედ მიუგო ბიჭმა და ჰკითხა:
– როდის ვიწყებთ?
– დღესვე, ძალიან მალე. შენ ახლა შესაბამისი აპარატურა მოამზადე და სტარტზე იყავი. მე კი ვიღაც-ვიღაცეებს ვნახავ, შემდეგ დაგირეკავ და შეხვედრაზე შეგითანხმდები. რომ მოხვალ, სიხშირეებს გეტყვი და ჩაერთვები და ჩაწერასაც დაიწყებ.
– კარგი. წავედი. შენს ზარს დაველოდები, – მიუგო ვანიკომ ანას და წამოდგა. კიკვაძემ ბიჭი შეაჩერა და უთხრა:
– აი, ჩემი მანქანა წაიყვანე და ისე იმოძრავე, – შემდეგ ორასლარიანი მისცა და დაამატა, – ეს სხვადასხვა ხარჯისთვის გქონდეს.
ვანიკომ მანქანის გასაღები გამოართვა ანას და წავიდა. ჟურნალისტი კი თავისუფლების მოედანზე მდებარე „ქორთიარდ მარიოტისკენ“ გაემართა ფეხით, რომ არავის ეცნო, მუქი სათვალე გაიკეთა და მსუბუქი თავსაფარი შემოიხვია. თან მობილურზე დარეკა და სასტუმროს ადამინისტრაციის თანამშრომელს ქუჩაში შეხვედრა დაუნიშნა. ახალგაზრდა კაცი რომ ანას შეხვდა, ანამ უთხრა:
– შეგიძლია, ერთ სარისკო საქმეში დამეხმარო?
– ბაზარი არაა, ან... რა საქმეა?
– ისე უნდა ქნა, რომ ერთ-ერთ ნომერში ერთი წუთით შემიშვა. შეძლებ?
– „ჟუჩკების” დასაყენებლად?
– ჰო. თანაც, კამერებმა არ უნდა დამაფიქსირონ.
– შემიძლია, – მტკიცედ მიუგო მამაკაცმა.
– ჩამომიყალიბე, როგორ.
– ჯერ სასტუმროს თანამშრომლის ფორმას ჩაგაცმევ და დაგმალავ. შემდეგ სახანძრო განგაშს ავტეხ და ევაკუაციას დაიწყებენ. კამერებს გავთიშავ და ნომერში შეგიშვებ. სანამ იქ იქნები, მე დაზღვევაზე დავდგები, რომ გამოხვალ, ფორმას გაიხდი და წახვალ. აი, ასე... როგორია?
– მაგარია.
– როდისთვის გინდა?
– ერთ საათში გამოგივლი და მზად იყავი, – უთხრა ანამ მამაკაცს და მოსასმენი აპარატურის წამოსაღებად ფეხით გაემართა სახლისკენ. ერთი საათის შემდეგ კი უკან დაბრუნდა, თავის ნაცნობს ეახლა და უთხრა:
– მოვედი. დავიწყოთ?
სასტუმროს თანამშრომელმა ანა საკუჭნაოში შეიყვანა და უნიფორმა მისცა, თან უთხრა:
– სირენა რომ ჩაირთვება, გამოდი და საევაკუაციო კიბით ზემოთ ადი. მე ნომერთან ვიდგები და როგორც კი განიშნებ, შედი და იჩალიჩე. გასაგებია?
– გასაგებია, – მიუგო ანამ და საკუჭნაოს კარი რომ მიხურა, სასწრაფოდ გადაიცვა უნიფორმა და გაირინდა.
ათიოდე წუთის შემდეგ სირენა ჩაირთო და ანა ისე მოიქცა, როგორც მისმა ნაცნობმა დაარიგა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ანა კვლავ საკუჭნაოში შევიდა, უნიფორმა გაიხადა და მშვიდობიანად გააღწია სასტუმროდან, სადაც სტუმართა ევაკუაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მანამდე კი ჟურნალისტმა პალოკისა და შარმის ნომერში სამი მიკროფონი დააყენა, რომლებიც შესაბამის სიხშირეზე იყო მომართული. მეტრო „თავისუფლების მოედანს“ რომ მიუახლოვდა, ვანიკოს დაურეკა და კვლავ ქაშუეთის ეკლესიის უკან დაიბარა.
ჟურნალისტი და სტაჟიორი თხუთმეტი წუთის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. ანა მანქანაში ჩაჯდა. ვანიკოს სიხშირეები უკარნახა და სულ რაღაც სამიოდე წუთის შემდეგ ისინი უკვე სასტუმროს ნომერში დამონტაჟებული მიკროფონიდან იღებდნენ სიგნალს.
– ნომერი ცარიელია, – უთხრა ანას ვანიკომ, – როგორც კი იქ ვინმე შევა, ჩაწერა ავტომატურად ჩაირთვება და ყველაფერი დაფიქსირდება.
– ძალიან კარგი – ეს ერთი. ახლა მეორეს მივხედოთ. შენ ახლა მეტეხის ხიდამდე მიმიყვანე და წადი. ყველაფერს რომ მოვაგვარებ, დაგირეკავ. პირდაპირ აქ გამოდი და მეორე სიხშირესაც გეტყვი, – უთხრა ანამ ვანიკოს და ბიჭმა მანქანა ადგილიდან დაძრა.
თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ ანა კიკვაძე იმ სასტუმროს თანამშრომელს ელაპარაკებოდა, სადაც ჯონ მოზესი ცხოვრობდა მაქს ბოლის სახელით. ამჯერად, თანამშრომელი ახალგაზრდა გოგონა იყო. მან ყურადღებით მოუსმინა ანას და უთხრა:
– მაქს ბოლი ახლა რესტორანშია და ჭამს. შემიძლია, შეგიშვა, მაგრამ კამერებს ნამდვილად ვერ გამოვრთავ და დაფიქსირდები.
– არა. დაფიქსირება არ შეიძლება. სხვა გზა არ არის? – ჰკითხა ანამ.
გოგონა დაფიქრდა და უთხრა:
– ბოლის ნომერში შეგიძლია ვერანდიდან შეძვრე. იქ ნამდვილად არაა კამერები, მაგრამ ძალიან მაღალია. კლდის თავზე კიდია და რომ გადავარდე?
– არ გადავვარდები. ჩქარა მითხარი, როგორ შევიდე, თორემ რესტორნიდან რომ დაბრუნდეს, ვეღარ მოვახერხებ.
გოგონამ ანას აუხსნა, თუ როგორ უნდა შემძვრალიყო ის სასურველ ნომერში, თან დაამატა:
– მე რესტორანთან ვიტრიალებ. თუ კაცი გამოვა, შევეცდები, ცოტა ხნით შევაჩერო. შენ კი მალე ქენი, მაგრამ ფრთხილად, კლდეზე არ გადაიჩეხო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში