კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედია დატრიალდა რამაზ ჩხიკვაძის ოჯახში და რატომ წამოვიდა ის სახლიდან #43

იყო და არა იყო რა... ასე ვიწყებ დიდი ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის დღიურებს, რომლის ცხოვრების ეპიზოდებიც საინტერესოდ მიეწყო და ზღაპარივით განვითარდა – თითქოს იყო და თითქოს არც იყო. ალბათ, თავადაც ფიქრობდა ასე თავის ცხოვრებაზე, როცა გადაღლილი საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა … 1928 წელს ქვეყანას მოევლინება რამაზ ჩხიკვაძე. მალე რამაზის მამა კონსერვატორიას დაამთავრებს და ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადს გაემგზავრება ცოლ-შვილთან ერთად. დაიცავს დისერტაციას (რ. შატაკიშვილი). სწორედ იქ, პეტერბურგში, აღმოაჩენენ, რომ პატარა რამაზს აქვს უნიკალური სმენა, ხმა.  ექვსიოდე წლის რამაზი ფორტეპიანოს მიუჯდება და თავისი „ნაწარმოებების” შექმნას დაიწყებს. მშობლების სიხარულს საზღვარი არ აქვს. გავა წლები და რამაზი სიცილით გაიხსენებს მათ სიხარულს, როგორ ხედავდნენ მასში მომავალ გენიას, მომავალ მოცარტს... იხუმრებს იმასაც, ალბათ 7 წლის ასაკში ოპერასაც მომთხოვდნენო… უნდოდათ, მუსიკოსი გამხდარიყო – პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი… და დაბრუნდებიან თუ არა, კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში მიაბარებენ. მოკლედ, ის განწირულია კონსერვატორიისთვის, მაგრამ... პატარა რამაზს სკოლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრში წაიყვანენ და ყველაფერი თავდაყირა დადგება... თეატრის გარდა, არაფრის გაგონება არ სურს. დაკვრაზეც აიცრუებს გულს. შინ ტრაგედიაა – „მოცარტი” ეღუპებათ. „მოცარტი” თეატრისკენ იწევს, ყოველი ახალი სპექტაკლი, ყოველი ახალი ფილმი უფრო და უფრო ანდომებს, გახდეს მსახიობი, მაგრამ მაინც დადის კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში… განხიბლული მამა ბედს ურიგდება, უკან დახევას ამჯობინებს, მაგრამ დედა უკომპრომისოა – როიალზე მიბმას უპირებს. ფიქრობს, რომ გაჭრის ძალდატანება. მაგრამ, ამაოდ… ის პირველად უპირისპირდება მშობლების ნებას – თეატრს ირჩევს… ადამიანი ცხოვრებაში 2 გადამწყვეტ არჩევანს აკეთებს – პროფესიულ არჩევანს და არჩევანს ცხოვრების თანამგზავრთან დაკავშირებით.  მშობლები არ გაიზიარებენ რამაზის არცერთ არჩევანს, მაგრამ რამაზი თავისას გაიტანს და დრო აჩვენებს მის არჩევანთა სისწორეს. მაგრამ, იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ომი დაიწყება, რამაზს სოფელში გახიზნავენ ბებიასთან – ზესტაფონთან ახლოს, სოფელ წევაში. რამაზს უყვარს სოფელი. ხიბლავს წყალზე სიარულიც და წისქვილში საფქვავის ტარებაც. ვიდრე არტისტობას მოიწადინებდა, ხომ „ნასილშჩიკობა” სურდა და სიამოვნებით დაატარებს საფქვავს წისქვილში, თან იქ მოყოლილი ამბებიც ხიბლავს – სიმინდის ჩამოფქვის მოლოდინში ჩამოფქვილი ამბები… მალე კი ასპარეზი მიეცემა საარტისტოდ. ზესტაფონის დაბომბვის ხმა გავარდება. რამაზი თებროლე ბებიას კაბას ჩაიცვამს, „გრიმსაც” გაიკეთებს – წყლის საღებავებით სახეს შეიღებავს და „დეკორაციასაც” შეარჩევს – ბუჩქებში ჩასაფრდება. დაელოდება გამვლელს – ვიღაც გამოივლის და ისიც დაიწყებს ბარბაცს. უცხოურადაც გამოელაპარაკება, ზესტაფონსაც ახსენებს და… არის გარდასახვა! ჯაშუშად დასახავენ და გამოუდგებიან. სოფლის ბიჭები გადაარჩენენ. ეტყვიან, რომ თებროლეს შვილიშვილია… აქეთ-იქით სირბილი თბილისში გაგრძელდება – ომის გამო მოწაფეები ერთი შენობიდან მეორეში გადაჰყავთ, მეორედან – მესამეში და რამაზსაც მეტი რა უნდა, მშვენიერი ალიბია – ამდენ გადადი-გადმოდიში ვერ ვსწავლობო. არადა ეზარება… მაგრამ, ამას მალე ინანებს – სკოლაში დრამწრეს გახსნიან, სპექტაკლს დგამენ! მაგრამ… მთავარ როლებს ფრიადოსნებს დაურიგებენ, რამაზს და მის მეგობარ გივის კი, როგორც საშუალოზე ნაკლებ მოწაფეებს – თითო გარბენს და თითო სიტყვას მისცემენ. მაშინ შეილახება პირველად რამაზ ჩხიკვაძის არტისტული თავმოყვარეობა. იწყენენ ბიჭები, მაგრამ მალე გაიგებენ, რომ პიონერთა სასახლეში დრამწრეა! 13 წლის ბიჭები პიონერთა სასახლეს მიადგებიან. თანატოლებისგან შეიტყობენ, რომ პიესა განაწილებულია და დარჩენილია 2 როლი – მეფისა და მონადირის. რეჟისორი ჰკითხავს, თამაშობდნენ სხვაგან სადმე დრამწრეში თუ ახლა აპირებენ პირველად. 13 წლის რამაზი იფიქრებს, უფრო ამიყვანენ როლზე, თუკი ვიტყვი, რომ ბევრი როლი მითამაშიაო და ისეთი რიხით იტყვის, კი, ძალიან ბევრი მითამაშიაო…  მაინც რა როლებიო, ჩაეძიებიან, – უფრო მეფეების!  მიუგებს რამაზი. რამაზმა იცის, რომ მეფის როლია დარჩენილი, მაგრამ არ იცის, რომ გავა წლები და მართლაც ითამაშებს მეფე ლირს, რიჩარდს… რეჟისორი მიუხვდება ეშმაკობას, დააფასებს მის მონდომებას და მისცემენ როლს… მხატვრული კითხვის პედაგოგი – ნოდარ ჩხეიძე დრამწრის ბიჭებს პატარა ძმებივით მოუვლის, ხიფათს რომ ააშოროს… უბნის ძველი ბიჭები ზარს აგორებდნენ, თავზე მილიცია რომ დაადგათ. ბიჭებმა ფული წყალსადენში დამალეს და გაიქცნენ. იმ ფულს პატარა რამაზი შეუნახავს და დაუბრუნებს ბიჭებს. ასე გახდება მათი საყვარელი რამაზა. ამიტომაც დაუნგრევენ მერე ცხვირ-პირს, როცა ნახავენ, რომ ეს, მათი საყვარელი რამაზა, სხვა პატარა ბიჭებთან ერთად, ზარს აგორებს და გულზე იბრაგუნებს ხელს. ნახავენ და სახეზე კამათელს დაუტრიალებენ, მეორედ რომ აღარ ჰქონდეს კამათლის გაგორების სურვილი… სკოლას დაამთავრებს და ჩაირიცხება თეატრალურ ინსტიტუტში – სამსახიობო ფაკულტეტზე. და ის გახდება თბილისური ბოჰემის გული, პოპულარული სტუდენტი, რომელთანაც ყველას უნდა ურთიერთობა, მეგობრობა. თბილისელი „მოდური” ქალიშვილების დაბადების დღეები, წვეულებები წარმოუდგენელი ხდება რამაზის გარეშე… ამჯერად უკვე აღარ ზოგავს ძალებს მუსიკისთვის, სიმღერისთვის… წარმატებული სტუდენტობა, წარმატებული როლები ინსტიტუტის სცენაზე. დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ… „ჭინჭრაქა” ახალი თეატრის მანიფესტად შეირაცხება, სერგო ზაქარიაძისა და რამაზ ჩხიკვაძის თამაში კი – პირობით-გროტესკული, ეგრეთ წოდებული, „ღია თამაშის” ეტალონად… თავიდან კი, რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლადაა დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. 35 წლის რამაზის გულს დიდად არ ეკარება ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი, უფრო ქოსიკოს როლი მოსწონს, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია არიან დანიშნულნი. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადის. რამაზი  პარტერიდან ადევნებს თვალს. ერთ დღესაც მაესტრო სცენაზე იხმობს რამაზ ჩხიკვაძეს. „დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი. ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა – განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… კარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი,” – იტყვის მრავალი წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე. „ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა… სამუშაო მე არ მომკლებია, ყელამდე იყო, იმდენი, რომ მეტის ატანა აღარ შეიძლებოდა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. სადაც მე ვმონაწილეობდი, ყველა კარგი სპექტაკლი იყო – ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… როგორ შეიძლება, ჩემისთანა კაცი ნაწყენი ვიყო კიდევ რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ, რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდევ როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…”

ნატაშა
„ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა თავის დაქალთან ერთად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქიდან მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე – როგორც ხდება ყველაფერი…” როგორც თავად გაიხსენებს, ბევრ მძიმე დღეს გამოივლიან, იქნება ბევრი ხელისშემშლელი პირობაც, ბევრი ჭორიც, ბევრი უბედურებაც… რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან სად. როგორც თავად იტყვის, 20 ბინას გამოიცვლიან. სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც – ცოტა ხანს ეროსისთან, კარლო საკანდელიძის ოჯახშიც, ედიშერ მაღალაშვილთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებიც შეიფარებენ… „რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ,” – კმაყოფილი დასძენს ბოლოს… ნატაშას გარეგნობამ მალე მიიპყრო თბილისური საზოგადოებისა და ყმაწვილკაცების ყურადღება, მაგრამ „ის პირველად აფეთქებული გრძნობების ერთგული დარჩა ბოლომდე”. ნატაშას გარეგნობით კინოც დაინტერესდება. 1959 წელს შოთა მანაგაძე მთავარ როლში გადაიღებს ფილმში „ყვავილი თოვლზე”. ეს იქნება მისი პირველი და უკანასკნელი ფილმი. მას არ მოხიბლავს სამსახიობო კარიერა. პროფესიით მეტალურგია, მეცნიერი – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. აღარ იქნება ნატაშა და ახლობლები გაიხსენებენ ნატაშას ნათქვამს: „ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე, რამაზს შევუწყო ხელი”. ასეც მოხდა... რასაკვირველია, დიდი და მრავალმხრივი ნიჭის რამაზ ჩხიკვაძე უეჭველად მიაღწევდა დიდ წარმატებას სამსახიობო კარიერაში, მაგრამ, შესაძლოა, ვერ გამხდარიყო ისეთი დიადი, როგორიც დღეს არის, რომ არა ნატალიას უდიდესი გულისყური, და ყოველდღიური ზრუნვა თავისი სათაყვანებელი მეუღლისადმი. მან რამაზ ჩხიკვაძე ოჯახური ყოველდღიურობის სიმძიმისგან გაათავისუფლა. მუშაობისთვის იდეალური პირობები, კულტურული ატმოსფერო შეუქმნა,” – დაწერს ნოდარ გურაბანიძე „ფანტასტიკურ რამაზ ჩხიკვაძეში”. მაგრამ, მხოლოდ ეს არ იყო… ნატაშა არ ყოფილა ცოლი, რომელიც მხოლოდ კომფორტსა და ოჯახურ მყუდროებას უქმნიდა დიდ მსახიობს. როგორც ჯემალ ღაღანიძე იტყვის, ნატაშა რუსთაველის თეატრის არაოფიციალური მენეჯერია...  ნატაშას დაახლოება რამაზთან და რუსთაველის თეატრთან თითქმის ერთდროულად დაიწყო. მიხეილ თუმანიშვილის „ჭინჭრაქას” დროიდან ის თეატრის ყველაზე დაახლოებულ ადამიანად იქცა. რობერტ სტურუას „ყვარყვარეს” შემდეგ კი, ის თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდა,” – დაწერს ნოდარ გურაბანიძე... მალე კი, რამაზის და ნატაშას ბინა გახდება ადგილი, სადაც თავს  მოიყრიან მაღალი რანგის სტუმრები – თეატრალები, გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები, იმპრესარიოები, „გოსკონცერტის” ხელმძღვანელები, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორები, სახელგანთქმული თეატრალური კრიტიკოსები… სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის სახელს დაუკავშირდება რუსთაველის თეატრის არაერთი გასვლა უცხოეთში. მის აქტივში იქნება არა მხოლოდ რუსთაველის, არამედ შემდეგ სხვა თეატრების გაყვანაც უცხოეთში“... „ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსთაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად. ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყანაში. მარჯანიშვილის თეატრსაც გაუკეთა გასტროლები იაპონიაში, გერმანიაში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ. მაგას სპექტაკლები არ დაუდგამს, შორს იყო მაგ საქმისგან, მაგრამ უნდოდა, კარგი სპექტაკლი ენახა სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს. ამას ახერხებდა შიგადაშიგ, ეს იყო და ეს“... მოკლედ, ნატაშა იყო რეალურად პირველი ქართველი იმპრესარიო და მას დიდი წვლილი მიუძღვოდა არა მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძის, არამედ რობერტ სტურუას წარმატებებშიც. თუმცა, შემდეგში ურთიერთგატანა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა. ცხოვრების ბოლოს კი კვლავ ურთიერთმიტევებასა და ურთიერთთანადგომაში… რობერტ სტურუასა და ნატაშა ჩხიკვაძის დაპირისპირება კი, ნამდვილად არ იყო უღიმღამო, ასეთი მათ არც ეკადრებოდათ. ნოდარ გურაბანიძე გაიხსენებს მათ დაპირისპირებას მადრიდის საერთაშორისო ფესტივალის დროს. ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლოს ფერერმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, გაიოზ კანდელაკს დაუმეგობრდა, სწორედ გაიოზ კანდელაკის კარნახით, რობერტ სტურუას პატივსაცემად ვახშამი გამართა და ქართველები პრესტიჟულ რესტორანში მიიპატიჟა. კი დაპატიჟა, მაგრამ… არ მიდიოდა სტურუა… „რობერტმა აიჩემა: თუ ნატაშა ჩხიკვაძეც იქნება, მე არ წამოვალო. იმ დროს რობერტსა და ჩხიკვაძეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო“ (ნ. გურაბანიძე). არადა, როგორ არ იქნებოდა იქ ნატაშა ჩხიკვაძე, როდესაც გასტროლი მისი გაკეთებული იყო? ბოლოს ძლივს დაუყოლებიათ სტურუა – „წამოვალ, მხოლოდ ნატაშას არ დაველაპარაკები” – მხოლოდ ამ პირობით წასულა ვახშმად მაესტრო.
სუფრა სერვირებული ყოფილა უძვირფასესი ჭურჭლით. „რობერტი იჯდა თავისთვის გაბუსუნებული, არც ქალბატონი ნატაშა აქტიურობდა მაინცდამაინც. უზარმაზარი ლანგრებით შემოიტანეს კიბორჩხალების ზვინები. ჩვენი ვანო (ცაგარეიშვილი, თარჯიმანი – რ.შ.) მისწვდა თეფშს და ამ დროს რობერტმა რაღაც საშინელება უთხრა ნატაშას. გამიკვირდა, რადგან გზაში ამბობდა, საერთოდ არ დაველაპარაკები ნატაშასო,” – წერს ნოდარ გურაბანიძე. მხოლოდ გურაბანიძეს არ გაჰკვირვებია. თარჯიმანი ვანო ცაგარეიშვილი საერთოდ დაბნეულა – ეთარგმნა თუ არა სტურუას სიტყვები. ამასობაში კი, ის კიბორჩხალებიანი ლანგარი ხელიდან გავარდნია… ლანგარი სერვიზს დაეცა – დალეწა, წითელმა კიბორჩხალებმა კი თეთრ მარმარილოს იატაკზე „გაინავარდეს”…
 „ჩვენ გავირინდეთ, გაოცებული მასპინძელი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ნატაშას გაფითრებული სახითა და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით თუ მიხვდებოდა კაცი, რომ სუფრაზე რაღაც მოხდა. ჩაცხრებოდა სიტუაცია, აეწყობოდა საუბარი, ისევ რაღაც გესლიანს იტყოდა რობერტი და კვლავ იძაბებოდა სიტუაცია. მთელი საღამო ასე გაგრძელდა. რობერტი მშვიდად „კლავდა” ნატაშას და ნატაშა კი, თავის მხრივ, უდიდესი ძალისხმევით, შინაგანი დაძაბვით, თავს იკავებდა. ტაქტიანად, ხმააუწევლად პასუხობდა, თუმცა შხამს ისიც გვარიანად ურევდა ინტონაციებში. იმ საღამოს ნატაშა საჭმელს არ გაჰკარებია. ეგ იყო მხოლოდ, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა… ეს იყო ნამდვილი აბსურდის თეატრი, სადაც ორი პერსონაჟი მხოლოდ მათთვის გასაგები ენით ლაპარაკობდა, ჩვენ კი კიბოს ფეხებს ვწუწნიდით. „ტყემალზე შემომსხდარნი” უსიტყვო „მასოვკის” როლს ვასრულებდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნატაშას, ამ წამლეკავი ტემპერამენტისა და მუდამ მგზნებარედ მოლაპარაკეს, თავშეკავების ასეთი უნარი ჰქონდა… ბატონ რობერტისა და ქალბატონ ნატაშას „დაჯახებას” ადრეც შევსწრებივარ. ეს მოხდა იერუსალიმში, სასტუმრო „იერუშალაიმ გეიტში”, რამაზის აპარტამენტში, მაგრამ ის უფრო „ღია” დაპირისპირება იყო მსახიობთა ჰონორარის გამო... სწორედ ამ ურთიერთობაში ბზარს მოჰყვა რამაზ ჩხიკვაძის წასვლა რუსთაველის და საერთოდ, თეატრიდან… მაგრამ გამოხდა ხანი… სტურუას თეატრიდან გაშვებამდე კი, ქალბატონი ნატაშა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხდა: „ისე, რამაზი კიდევ ითამაშებდა თეატრში და კიდევ შეასრულებდა არაერთ საინტერესო როლს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი რეჟისორი ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობს. თუმცა, რობერტ სტურუამ ისეთი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში და ისეთი საყვარელი ადამიანია, რომ ის ჩვენთვის ყოველთვის რობიკო იქნება. მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. რომ მოვიდეს და თქვას: „რამაზ, შენთვის ახალი როლია“, მას შეუძლია, ისეთი სახე შექმნას რამაზთან ერთად, რომელიც ისტორიაში ისევე შევა, როგორ აზდაკი ან ლირი...”

скачать dle 11.3