კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის რომელ დირექტივებზე იყო აგებული ყველა საბჭოთა ფილმი

ცნობილი ფაქტია, რომ სტალინი პროპაგანდას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და მიაჩნდა, რომ ეს სფერო ქვეყნის მშენებლობის ერთ-ერთი ბურჯი იყო. ამიტომ, საბჭოთა ბელადის მახვილ თვალს არაფერი ეპარებოდა. ის ეცნობოდა როგორც რიგითი პროპაგანდისტული პლაკატების შინაარსს, ასევე, სქელტანიანი წიგნების კითხვითაც იყო დაკავებული და სწორედ მისი საბოლოო სიტყვა წყვეტდა, დაებეჭდათ თუ თაროზე შემოედოთ ნაწარმოები... პროფესორი ვიაჩესლავ ერმაკოვი წერს: „მაქსიმ გორკის მიერ ჩამოყალიბებული მიმდინარეობა ლიტერატურაში, ეგრეთ წოდებული, „სოციალისტური რეალიზმი“ სტალინმა უფრო მეტად გააღრმავა და საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობის სამსახურში ჩააყენა. ჯერ კიდევ 1925 წელს შეკრიბა საბჭოთა ბელადმა იმ პერიოდში მოღვაწე თითქმის ყველა საბჭოთა ხელოვანი და საკმაოდ დელიკატურად სთხოვა, რომ თავიანთი ნიჭი ახალი სახელმწიფოს სამსახურისთვის, მისი მშენებლობის საქმისთვის დაეხარჯათ. თუმცა, ბელადმა იქვე დასძინა, რომ ვერცერთი უგემოვნებო ნაწარმოები, ან გადაჭარბებული ხოტბა-დიდების შემცველი წიგნი და ბროშურა ვერ იხილავდა დღის სინათლეს და რომ ამას პირად კონტროლზე აიყვანდა. მართლაც, მხოლოდ ისეთი წიგნები და პუბლიკაციები გამოდიოდა, რომელიც წარმატებით გაივლიდა სტალინის ცენზურას, დანარჩენები კი  – არა... სტალინი, ძირითადად, უნიჭო, ყოველგვარი მხატვრული ღირებულების არმქონე ნაწარმოებებს იწუნებდა. თუმცა, იყო მაღალმხატვრული ნაწარმოებებიც, რომლებსაც ბელადის ბრძანებით მართალია, არ ბეჭდავდნენ გარკვეული მოსაზრებების გამო, მაგრამ რაღაც დრომდე თაროზე დებდნენ, არ ანადგურებდნენ... თუმცა, იყო შემთხვევები, ბელადის მიერ დაწუნებულ ნაწარმოებებს მერე ისევ ბელადის ნებართვით გამოსცემდნენ. ასე მოხდა „ტურბინების დღის“ შემთხვევაშიც. სტალინმა მიხეილ ბულგაკოვის ეს ნაწარმოები ანტისაბჭოურად მიიჩნია და დაიწუნა. თუმცა, არც მისი დაბეჭდვისთვის შეუშლია ხელი, სცენაზე დადგმის უფლებაც მისცა, მაგრამ მხოლოდ „მოსკოვის მხატვრულ თეატრს“. განათლების სახალხო კომისარ ლუნაჩარსკის კი უთხრა: ბულგაკოვი ჩვენი არაა, ის ანტისაბჭოელია, თუმცა, უნიჭიერესი მწერალიაო... მიხეილ ბულგაკოვთან სტალინს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ყურადღებით ადევნებდა თვალს მის შემოქმედებას და ხშირად იღებდა მისგან წერილებს. 1940 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ბულგაკოვმა სტალინს ვრცელი წერილი მისწერა. მასში მწერალი საბჭოთა ცენზორებს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ თავის უკანასკნელ რომანს – „ოსტატი და მარგარიტას“ არ უბეჭდავდნენ, რომელზეც 11 წელი იმუშავა. დიდი მწერლის წერილი ასე მთავრდებოდა: ამხანაგო, სტალინ, ამ რომანში მთელი ჩემი სული ჩავდე, მას კი არ მიბეჭდავენ კომპარტიის მითითებით და მე კომპარტიის მეშინიაო... სტალინს უკვე წაკითხული ჰქონდა „ოსტატი და მარგარიტა“ და როგორც მოგვიანებით თვითონ აღნიშნავდა, ეს სატანური რომანი ძალიან ნიჭიერი, ორიგინალური ფორმით იყო დაწერილი, თუმცა თავადვე აკრძალა მისი გამოქვეყნება და თაროზე შემოადებინა. ბელადმა, ბულგაკოვს მოკლე ბარათით უპასუხა: „მე პატივს ვცემ თქვენს ნიჭს, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემთ – იზრუნეთ თქვენი სულის გადარჩენაზე. კომპარტიის კი ნუ გეშინიათ, გეშინოდეთ ღმერთის...“
სტალინის პასუხი, რომელიც ბელადმა საკუთარი ხელით დაწერა, ბულგაკოვის სახლ-მუზეუმშია დაცული და დღემდე ცხოველ ინტერესს იწვევს დამთვალიერებლებსა და მკვლევარებს შორის.
ბულგაკოვისგან განსხვავებით, რომლის ნიჭსაც სტალინი უდავოდ აღიარებდა, მაგრამ თავისიანად არ მიიჩნევდა, საბჭოთა ბელადს, ეგრეთ წოდებული, „თავისიან“ ხელოვანთა მთელი არმია ჰყავდა შემოკრებილი. ბევრი მათგანი ბულგაკოვზე არანაკლებ ნიჭიერი იყო, ზოგიერთი აჭარბებდა კიდეც მას (ბულგაკოვს) ნიჭით და სწორედ ისინი ქმნიდნენ სტალინისეულ სოცრეალიზმს საბჭოეთში – კომუნისტურ პროპაგანდას ემსახურებოდნენ. მაგალითისთვის ვლადიმერ მაიაკოვსკიც საკმარისია. ეს საქართველოში დაბადებული და გაზრდილი პოეტი-ფუტუროლოგი ნამდვილი აღმოჩენა იყო სტალინისთვის. მართალია, მრავალ ლიტერატურულ კრიტიკოსს თვალში არ მოსდიოდა მაიაკოვსკი, როგორც თავად აღნიშნავდნენ, მისი პრიმიტიულ-ვულგარული სტილი, მაგრამ სტალინმა ახალგაზრდა, ნიჭიერ პოეტში იმთავითვე გენიოსი ამოიცნო და საბჭოური წყობის მძლავრ პროპაგანდისტულ მანქანად გადააქცია... განათლების სახალხო კომისარ ლუნაჩარსკის სხვებივით არ მოსწონდა მაიაკოვსკის ფუტუროლოგია და ერთხელ სტალინს უთხრა:
– რას მიაცივდი, კობა, ამ ფუტუროლოგ მეაბდაუბდეს, რა მოგწონს მასში? მის ლექსებს არც რითმა აქვს კლასიკური, არც დიდი აზრით გამოირჩევა და თავად პიროვნებაც უარყოფითია, დებოშიორიაო...
ბელადს ულვაშებში ჩაეცინა. ლუნაჩარსკის თვალი-თვალში გაუყარა და მიუგო:
– მაიაკოვსკი მეამბოხე სულია და მის ლექსებში რევოლუციური გულისცემა, დიადი მიზნებისკენ სწრაფვაა ასახული. სწორედ იმაშია მისი გენიალობა, რომ მან კლასიკური ნორმები და ჩარჩოები გაარღვია და ახალი, რევოლუციური პოეზია შექმნა.
– და, მაინც ვფიქრობ, რომ მაიაკოვსკის იმიტომ წყალობ, რომ ქართველია, – უთხრა ლუნაჩარსკიმ თავის ძველ მეგობარს. ასეთ სიტყვებს ბევრი ვერ გაუბედავდა ბელადს.
– ქართველი ილია ჭავჭავაძე იყო. მაიაკოვსკი კი – ინტერნაციონალისტია, – მოკლედ მოუჭრა ბელადმა ხელქვეით სახალხო კომისარს და გააჩუმა...
სტალინმა მშვენივრად იცოდა მაიაკოვსკის დებოშიორობის ამბავი და ისიც, რომ ეს ქართულ ენაზე მოლაპარაკე, ნიჭიერი პოეტ-ფუტუროლოგი რამდენიმე ევროპულ ენას ფლობდა, საუცხოო, მგზნებარე მეტყველების პატრონს შეეძლო, საუკეთესოდ წარმოეჩინა საკუთარი ქვეყანა უცხოეთში. ამიტომ, ბელადმა პოეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიავლინა ერთი თვით, სადაც მას დიპლომატიურ-ლიტერატურული მისია დააკისრა. მაიაკოვსკიმ თითქმის ყველა შტატი შემოიარა. მრავალრიცხოვან მიტინგებსა და შეკრებებზე გამოდიოდა და საკუთარ ლექსებს კითხულობდა. პროვოკაციების მიუხედავად, რასაც პოეტს ამერიკული სპეცსამსახურები უწყობდნენ და მისი გამოსვლების ჩაშლას ცდილობდნენ, პოეტმა ღირსეულად გაართვა თავი საკუთარ მისიას. სამშობლოში ტრიუმფატორი დაბრუნდა და სტალინის ქება დაიმსახურა. ბელადმა ის ზუბალოვის აგარაკზე მიიღო. სუფრა გაუშალა, რომელიც ქართული კერძებით იყო სავსე და ქართულად უთხრა:
– ყოჩაღ, შენ ღირსეულად გააცანი ჩვენი ქვეყანა ბურჟუებს, ჩვენს პროლეტარ ძმებს და ჩვენი პრესტიჟი კიდევ უფრო მაღლა ასწიეო...
მაიაკოვსკის ამერიკული ვოიაჟის შემდეგ, საბჭოეთით მართლაც მრავალი საქმიანი ამერიკელი დაინტერესდა და ინდუსტრიალიზაციის რელსებზე შემდგარ ქვეყანას არაერთი ფულიანი პარტნიორი და გულშემატკივარიც კი გაუჩნდა.
რევოლუციონერობის პერიოდში სტალინი თავად იყო პროპაგანდისტი. მშვენივრად ფლობდა პროპაგანდის ხერხებს და კარგად უწყოდა, რომ ყველაფერი დაინტერესებით იწყებოდა. შემდგომ კი საქმიანი ურთიერთობები მყარდებოდა და სწორედ „ათიანში გაარტყა“, როცა მაიაკოვსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიავლინა...
ტექნიკის განვითარებასთან ერთად, სტალინური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდებოდა და ბელადი ძალიან მოხერხებულად იყენებდა ამ საქმეში კინოს... შემთხვევითი არ იყო, რომ მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გადაღებული საბჭოთა ფილმები მასშტაბურობითა და მაღალმხატვრულობით, მუსიკალურობით გამოირჩეოდა. სტალინს პირდაპირი დირექტივა ჰქონდა გაცემული – ფილმში უნდა ჩანდეს დიდი, სუფთა და ლამაზი ქვეყანა, რომელშიც მშვენიერი, მოღიმარი ადამიანები დადიან და ბედნიერად მღერიანო.
მართალია, საბჭოეთში სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ისე ვერ იყო, როგორც ფილმებში, მაგრამ სტალინისეული პროპაგანდა შინ და გარეთაც მუშაობდა და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანები ბედნიერ მომავალს აშენებდნენ.

скачать dle 11.3