კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაამზადეს, პირადად სტალინის ბრძანებით, ბერიასთვის სწრაფმავალი თვითმფრინავი ფორსირებული ძრავით #43

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას პიროვნებას მკვლევართა უმრავლესობა საბჭოთა ბელადების რიცხვს მიაკუთვნებს, თავისი ნატურით, ის უფრო შემსრულებელი იყო, ვიდრე ბელადი. მისი ძირითადი საქმიანობა პრაქტიკოსობა იყო.
პროფესორი ვიტალი მოისეენკო წერს: „განსაკუთრებული ნიჭიერებისა და განათლებულობის მიუხედავად, ლავრენტი ბერიას ჩაყენება საბჭოთა ბელადების რიგში, მაინც არამართებულად მიმაჩნია. მით უმეტეს, მისი დაყენება სტალინის, ლენინის, ტროცკისა და სხვა ბოლშევიკი თუ არაბოლშევიკი მოღვაწეების გვერდით... ბერიას არაბელადობა სულაც არ აკნინებს ამ ადამიანის ღვაწლს საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და არც თავად ბერია მიიჩნევდა თავს ბელადად. არაერთხელ უთქვამს ვიწრო წრეში, რომ თეორიულ მოღვაწეობას ყოველთვის პრაქტიკა ერჩივნა.
მოძრავი, ინტერესიანი ბერია საოცარი დინამიკურობით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ საქართველოს „ცეკას” პირველი მდივნობის დროს. თავის კაბინეტში მას, პრაქტიკულად, ვერ ნახავდით. დილით, სახლიდან რომ გამოვიდოდა, ის ჯერ მთელ თბილისს მოივლიდა – ყველა ახალ მშენებლობას საკუთარი თვალით დაათვალიერებდა, ყველა დეტალში გაერკვეოდა და მხოლოდ ამის მერე მიდიოდა „ცეკაში”. ძალიან ხშირად კი, ბერია ვოიაჟებს აწყობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დილით რომ კახეთს მოინახულებდა, დღისით შეიძლება, ქართლში ან იმერეთში გამოევლო, თავისი სამუშაო დღე კი სამეგრელო-აფხაზეთში დაესრულებინა. თუმცა, მას განსაზღვრული სამუშაო საათები არ ჰქონდა და ის ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მუშაობდა. საამისოდ კი, ბერიას სანიმუშოდ გამართული ავტოპარკი ჰქონდა. სასწრაფო კომუნიკაციისთვის კი, რათა მას მოგზაურობისას სწრაფად მიეღო ან გადაეცა ინფორმაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველ ოცკილომეტრიან პუნქტში, სპეციალური ტელეფონი იდგა... ეს სიახლე ბერიას დანერგილი იყო და მოგზაურობისასაც კი, საშუალება ჰქონდა, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო ინფორმაცია მიეღო ან გადაეცა. მოგვიანებით, როცა რადიოტელეფონები შემოვიდა, ბერია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს სიახლე აითვისა და საკუთარ მანქანაში დაამონატაჟებინა. გამოკვლევების მიხედვით, ლავრენტი ბერია იყო ერთადერთი კოლეგებს შორის, ვინც ყველაზე მეტს მოგზაურობდა და ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ტელეფონით...
ბერიას მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას არა მარტო პირადი სამგზავრო თვითმფრინავი, პირადი სამხედრო თვითმფრინავიც ემსახურებოდა. ორივე ყოველ წამს მზად იყო ჰაერში ასაფრენად, რომ ბერია როგორც საბჭოეთის, ასევე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჩაეყვანა. პრაქტიკული ნატურიდან გამომდინარე, ბერია სტალინის პირად დავალებებს ასრულებდა, რადგან საკითხების მოგვარების უნიკალური უნარი გააჩნდა, რაშიც მრისხანე სახელიც უწყობდა ხელს. შემთხვევითი არაა, რომ სტალინმა სწორედ მასზე ააგო ეგრეთ წოდებული „მოგვარების მექანიზმი“ და ამ მექანიზმით იმართებოდა გიგანტური საბჭოთა მანქანა... მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი საველი ნოვიკოვი იხსენებდა: „ჯერ კიდევ მაიორი ვიყავი, ბერიასთან რომ მიმამაგრეს და მის პირად, სწრაფმავალ თვითმფრინავს ვმართავდი, რომელსაც ფორსირებული ძრავა ჰქონდა. ის სტალინის ბრძანებით ააგეს ლავოჩკინის საკონსტრუქტორო ბიუროში სპეციალურად ბერიასთვის. ლავრენტი ბერიასთან ერთად ამ თვითმფრინავით საბჭოეთის ყველა კუთხეში მიფრენია. ყოფილა შემთხვევა, საჭიროებისამებრ, სულ რაღაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში, შორეულ აღმოსავლეთშიც გავფრენილვართ მოსკოვიდან, იქიდან კი – კავკასიაში... 1940 წლის მაისში, დილის 8 საათზე მოსკოვიდან ვლადივოსტოკისკენ ავიღეთ გეზი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბერია პირადად სტალინის ბრძანებით გაემგზავრა იქ. საქმე კი ის იყო, რომ ვლადივოსტოკჰესის საიდუმლო ობიექტზე მუშა-მოსამსახურეთა და ინჟინერთა პერსონალი არა მხოლოდ გაფიცულა, არამედ მთავარი აგრეგატის განადგურებით იმუქრებოდნენ, რაც საბჭოთა სამხედრო და ეკონომიკურ ძლიერებას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა. სტალინისთვის ჰესის უფროსს, ანტონ პროშკინს პირადად დაურეკავს და სწორედ მისი ინფორმაციის საფუძველზე გაიგზავნა იქ ბერია, რომელიც „ენკავადეს“ უფროსი იყო. ადგილზე რომ ჩავედით, იქ საშინელი სიტუაცია დაგვხვდა. სამასი თანამშრომელი მთავარი აგრეგატიდან არ გამოდიოდა და „ენკავედეს“ და სამხედროების კბილებამდე შეიარაღებულ მებრძოლებს ეუბნებოდნენ: თუ იერიშს დაიწყებთ, აგრეგატს ავაფეთქებთო... იქვე იყო ანტონ პროშკინიც, რომელიც დორბლებს ყრიდა და ბერიას კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ასეთი სიტუაცია, უპასუხა: ხელფასის მომატებას მოითხოვენო. ბერიამ პროშკინს ხელი დაავლო და მასთან ერთად აჯანყებულებთან შევიდა. მან ხელქვეითებს ადგილიდან დაძვრა აუკრძალა, შეიარაღებულები კი ყაზარმაში გაუშვა... ორიოდსაათიანი შეხვედრის შემდეგ, გაირკვა, რომ ანტონ პროშკინი უხეშად, არაკომპეტენტურად ექცეოდა ხელქვეითებს, თანაც კუთვნილ ხელფასს დაგვიანებით უხდიდა. ისიც დაადგინა, რომ აჯანყებულები სულაც არ ითხოვდნენ ხელფასის მომატებას. ეს ინციდენტი კი იმით დასრულდა, რომ აჯანყებულები მთავარი აგრეგატიდან გამოვიდნენ და მუშაობის ჩვეულ ფერხულში ჩაებნენ, თან, არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ. პროშკინი კი, ბერიას ბრძანებით, მოსკოვში გადააფრინეს, გაასამართლეს და დახვრიტეს. ეს დამქანცველი ინციდენტი რომ ამოიწურა, ბერია ვლადივოსტოკში აპირებდა დარჩენას, რომ ცოტა დაესვენა. მაგრამ, ორიოდე საათიც არ იყო გასული, რომ ბერიამ სტალინის ბრძანება მიიღო, ერევანში გადაფრენილიყო და პირადად გაერკვია პოლკოვნიკ აშოტ სარიანის ინფორმაციის სისწორე – ის სამხედრო გენერალს, არტურ ბაგრატიანს საბოტაჟში სდებდა ბრალს და მას გერმანიის ჯაშუშად მოიხსენიებდა. პოლკოვნიკმა სარიანმა, სანამ ჩვენ ვლადივოსტოკში მივფრინავდით, სასწაულებრივად მოახერხა და სამთავრობო ტელეფონით პოსკრებიშევთან დაერეკა და სწორედ მან დაალაპარაკა სტალინს. ერევანში ჩაფრენილებს პოლკოვნიკი სარიანი უკვე ცოცხალი აღარ დაგვხვდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ბაგრატიანის დავალებით მოკლეს. თავად გენერალი კი გაქცეული იყო... რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მოღალატე გენერლის შეპყრობის ოპერაციას თავად ბერია ჩაუდგა სათავეში. ის არა მარტო ხელმძღვანელობდა ოპერაციას, არამედ საველე შტაბიც კი მოაწყო, პირადად იღებდა და გასცემდა ოპერატიულ ცნობებსა და ბრძანებებს და მოღალატე სწორედ ბერიას აქტიურობის შედეგად დააკავეს სპიტაკში. მოგვიანებით ბაგრატიანიც გაასამართლეს და დახვრიტეს, რა თქმა უნდა, მოსკოვში. ბერიამ კი უკვე თავისი კაბინეტიდან გასცა ბრძანება, რომ სომხეთის სამხედრო უწყებაში „ჩეკას“ მუშაობა გაეძლიერებინა, რათა მსგავს ინციდენტებს აღარ ჰქონოდა ადგილი“.
გენერალ-ლეიტენანტის მონათხრობიც კმარა იმის გასაგებად, თუ რატომ მიიჩნევდა სტალინი ბერიას „მთავარ მომგვარებლად“ და პრაქტიკოსად.

скачать dle 11.3