რატომ უხდის საქართველოს მოსახლეობა „თელასს“ ყოველწლიურად 211 მილიონამდე ზედმეტ თანხას
მართალია, ელექტროენერგიის პრობლემა ზაფხულშიცაა აქტუალური, თუმცა ზამთარში – გაცილებით, მით უფრო, რომ საფეხურებრივი ტარიფი მყიფე ზღვარს ავლებს საფეხურებს შორის და არავინ იცის დაზუსტებით, მართლაც, 102 და 302 კილოვატი დახარჯა თუ თავის საფეხურს არ გასცდენია?! უფრო მეტიც, ბუნდოვანია ჩვენების აღების მეთოდიკაც, რაც კაბალური საფეხურებრივი ტარიფის არსებობის პირობებში, „თელასს“ იმაზე მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს, ვიდრე მისი მომსახურება იმსახურებს. თუ რატომ? ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.
– რა განსხვავებაა იმ ელექტროენერგიას შორის, რომელსაც 101 კილოვატამდე მოვიხმართ და რომელსაც 103 კილოვატზე მოვიხმართ?
– ქართულ მახვილსიტყვიერებას თუ მოვიხმობთ, ძაღლის თავიც მანდაა დამარხული. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში მაღალი წილი უჭირავს განახლებად ენერგიას, ანუ ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას. მაგალითად, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტია, ჩვენთან – 80 პროცენტს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე თბოელექტროსადგურებში წარმოებული. მეორე – ჩვენთან დენისა და გაზის საშუალო ტარიფი საკმაოდ დაბალია მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით. მაგალითად, ევროკავშირთან შედარებით 3,5-ჯერაა დაბალი დენის ტარიფი, გაზის კი – თითქმის 4-ჯერ.
– გაცილებით მეტჯერაა დაბალი პენსია და საშუალო ხელფასი.
– დამასწარით, შემოსავლების დონე ათჯერ უფრო დაბალია. ამიტომ, საშუალოდ, ჩვენი მოქალაქის მსყიდველობითუნარიანობა შესაბამისი კატეგორიის ევროპელ მოქალაქესთან შედარებით, 3-3,5-ჯერ უფრო დაბალია. უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ, რადგან იზრდება თბოელექტროსადგურებში წარმოებული ენერგიის წილი, ღირს დაფიქრება ელექტროენერგიის ტარიფის გადასინჯვაზე.
– კიდევ იგეგმება გაძვირება?
– ჯერჯერობით რიტორიკულ კონტექსტშია დასმული ეს საკითხი, მაგრამ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, დასაბამიდან იყო სიტყვა. ამიტომ ვისაუბროთ სამსაფეხურიანი ტარიფის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანია ის და ამის შემდეგ, რამდენად სამართლიანი იქნება მისი კიდევ უფრო გაზრდა. საქონელი ბაზარზე უნდა იყიდებოდეს მასზე გაწეული ხარჯების მიხედვით. ტარიფი შეიძლება, იყოს პროპორციული: რამდენ საქონელსაც ყიდულობ, იმდენს იხდი; პროგრესული: თუ დამატებითი საქონლის ყიდვა გინდა, დამატებით უნდა გადაიხადო. ჩვენთან კი ტარიფი არც პროგრესულია და არც პროპორციული. რეგრესული ვარიანტი ხომ საერთოდ არ განიხილება...
– რაც მეტს ყიდულობ, უფრო რომ გიკლებენ ერთეულის ფასს?
– ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპია, რაც მეტს ყიდულობ, მეტი შეღავათია და შეიძლება, ერთეული საქონლის ღირებულება, ამ მიზეზით, უფრო ნაკლები გიჯდებოდეთ. შევთანხმდეთ, რომ ჩვენი სისტემა არც პროგრესულია, არც რეგრესული და არც პროპორციული. მე ამას დავარქმევდი რეპრესიულს და რატომ: თუ თქვენ 102 კილოვატ-საათამდე ელეტროენერგიას მოიხმართ, ერთი კილოვატ-საათის ტარიფი არის 12,980 თეთრი; თუ 101-დან 301-ის ჩათვლით მოიხმართ – 16,992 თეთრი და, თუ ღამით ტელევიზორის გამორთვა ვერ მოასწარით ან ნათურა დაგრჩათ ანთებული, რის გამოც 301 კილოვატს გადასცდა თქვენი მოხმარება, უკვე თქვენ მიერ მოხმარებული – 1-დან 301-ის ჩათვლით – თითოეული კილოვატი დაგიჯდებათ 21,476 თეთრი. მაგალითად: თუ 101 კილოვატ-საათი მოიხმარეთ, და ეტევით პირველ საფეხურში, გადასახდელი გექნებათ 13 ლარი და 11 თეთრი – 101 გამრავლებული პირველი საფეხურის ტარიფის ღირებულებაზე; ხოლო, თუ ერთი კილოვატი გადაგიცდათ და 102 კილოვატი მოიხმარეთ, უკვე მოგიწევთ მეორე საფეხურის ტარიფით გადახდა და გამოდის ზედმეტად გადასახდელი 4 ლარი და 22 თეთრი. მე ამას დავარქმევდი „ოქროს კილოვატს“, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ერთი კილოვატის წონა შეაგენს 4 ლარსა და 22 თეთრს; შემდეგ, ვთქვათ, თუ გაზარდეთ მოხმარება 301 კილოვატის ჩათვლით, თქვენი ტარიფია 15 ლარი და 15 თეთრი, მაგრამ, საკმარისია, 302 კილოვატი მოიხმაროთ, რომ უკვე იმ ერთი კილოვატის გამო იხდით 13 ლარითა და 71 თეთრით მეტს. ანუ ეს არის იმ 302-ე კილოვატის ფასი. ესე იგი, საკრალური დატვირთვა აქვს ყოველ 102-ე და 302-ე კილოვატ-საათს.
– თუმცა არანაკლებ გულდასაწყვეტია 205-ე და 306-ე კილოვატებიც?
– რა თქმა უნდა, უბრალოდ, თვისებრივი გადასვლა ხდება 102-სა და 302 კილოვატზე. ხომ არსებობს სიმბოლური საზღვრები ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილეოთსა და სამხერთს შორის და ჩვენთვის გრინვიჩის მერიდიანული დატვირთვა აქვს 102-ე და 302-ე კილოვატ-სათებს, რაც გვიზრდის ელექტროენერგიის საფასურს – ერთ შემთხვევაში 5 ლარით, მეორე შემთხვევაში – თითქმის 14 ლარით. ამიტომ ვფიქრობ, ლაპარაკი სამართლიანობაზე ზედმეტია. მართალია, ელექტროენერგიის დეფიციტია და სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ გარკვეულწილად, შეზღუდოს მოხმარება და იზრუნოს მოხმარების შეზღუდვის სტიმულირებაზე, მაგრამ იყოს პროგრესული გადასახადი: 102 კილოვატამდე მოხმარებულზე გადამახდევინე პირველი საფეხურის ტარიფით, 102-დან დახარჯულზე კი – მეორე საფეხურის ტარიფით, ანუ რაც გადავაცილე; ასევე, 301 კილოვატ-საათის ზემოთ გადამახდევინე მესამე საფეხურის ტარიფით. თუ 302 კილოვატს მოვიხმარ, ყველაფერს ნუ გადამახდევინებ მესამე საფეხურის ტარიფით.
– ეს წინადადება დაისვა ან მაშინ, ან მერე? შეუძლებელია, დამტკიცდეს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევა და მომხმარებლის დისკრიმინაციაა?
– მომხმარებლის უფლებების დაცვაზე უნდა იყოს აქცენტი და, ალბათ, ომბუდსმენი უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. მაგრამ, როგორც ჩანს, მოსახლეობასა და ინსტიტუციებს იმდენად აქვთ გამჯდარი შიში ჩაბნელებული ქალაქის, ლეგენდარული მეცხრე ბლოკის, რომ ოღონდ შუქი იყოს და ტარიფს აღარ დაეძებენ. თუმცა ამ დროს აშკარაა სოციალური უსამართლობა. მოსახლეობა თავისი ჯიბიდან იხდის გაცილებით მეტს. თითოეული შინამეურნეობა, საშუალოდ, მოიხმარს 450 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას და თუ ამ 450 კილოვატიდან ამოვალთ, თითოეული ოჯახი ამ რეპრესიული ტარიფის გამო წელიწადში ზედმეტ 201 ლარსა და 60 თეთრს იხდის ერთ შინა მეურნეობაზე. საქართველოში მილიონზე მეტი შინა მეურნეობაა. ავიღოთ საშუალოდ მილიონი, გამოდის, საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად საჯარიმო ტარიფის გამო დამატებით თითქმის 211 მილიონ ლარს იხდის. რატომ? ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და მოითხოვს განსჯას. ეს აშკარად სოციალური დისკრიმინაციაა და ენერგეტიკის სფეროში ჩართულ ინსტიტუტებს აძლევს დაუსაბუთებელი, არაარგუმენტებული შემოსავლის წყაროს.
– ეს 30 დღის ტარიფია, სად არის იმის გარანტია, რომ არ უმატებენ? ვინ ამოწმებს, როდის იღებენ ჩვენებას „თელასის“ თანამშრომლები?
– მაგალითად, თუ მოვიდა 30 მარტს და შემდეგ ოთხი კვირის თავზე, 28 დღის შემდეგ, აიღო ჩვენება და მრიცხველმა აჩვენა 98 კილოვატი, ანგარიშობენ საშუალო სადღეღამისო მოხმარებას და მიღებულ რიცხვს ამრავლებენ 30-ზე და არ ითვალისწინებენ, იმ ორი დღის განმავლობაში გქონდა თუ არა ჩართული რამე. შესაბამისად, მოხმარებული ელექტროენერგია დაანგარიშდება, როგორც 101 კილოვატზე მეტი და მოგიწევთ არა 12 ლარისა და 72 თეთრის, არამედ 4 ლარით მეტის გადახდა. ამ წესით ანგარიშობენ და სულ არ არის სავალდებულო, რომ მრიცხველის ნახვებს შორის 30 კალენდარული დღე იყოს გასული.
– ანუ იმთავითვეა აღიარებული, რომ „თელასმა“ იმაზე მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს, ვიდრე აბონენტი დახარჯავს?
– რა თქმა უნდა. შეიძლება, გახვედით ქალაქიდან ორი კვირით, მაგრამ მეორე თვეში იქნება ეს გათვალისწინებული.
– მე შეიძლება, არა ორი კვირით, არამედ სამი დღით გავედი?
– სასწორის პინაზე რომ მოვათავსოთ მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები, მწარმოებელთა სასარგებლოდაა, მომხმარებლების უფლებები შევიწროებულია და მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა.
– სასამართლოში ჩივილიც არ უშველის ამ პრობლემას?
– სემეკმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მომხმარებლის უფლებები აღადგინოს. ის არის მარეგულირებელი კომისია და მარეგულირებელი კომისიის წევრთა ხელფასები დიდწილად დამოკიდებულია იმ ანარიცხებზე, რასაც ენერგეტიკის სექტორი იღებს ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებიდან. გარკვეული კოეფიციენტით ირიცხება თანხები და რაც მეტი აქვთ შემოსავალი, მით მეტია კომისიის თანამშრომლების ხელფასისთვის გადასარიცხი თანხა.
– ანუ ის კომპანიები ურიცხავენ, რომლებსაც ტარიფს უწესებს კომისია?
– თავის დროზე ეს გაკეთდა იმიტომ, რომ დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ და სახელმწიფოს გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ. მაგრამ მაშინ არც მოსამართლეებს უნდა მივცეთ ხელფასი ბიუჯეტიდან.
– არც პროკურორებს.
– საერთოდ, არც ძალოვნებს. ჩემი აზრით, ეს ვითარება უნდა გამოსწორდეს. არ ვიცი, რამდენი იქნება ტარიფი, მაგრამ ეს რეპრესიული სამსაფეხურიანი ტარიფი არ შეიძლება, იყოს. ამას გარდა, შეიძლებოდა ნაბიჯების გადადგმა, რომ რაციონალურად გამოგვეყენებინა რესურსი. ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, ჩვენს მეზობელ სომხეთშიც არის დღისა და ღამის ტარიფი. ღამის ტარიფი 30-40 პროცენტით იაფია.
– სომხეთშიც კი?!
– დიახ. შესაბამისად, დიასახლისმა დაზოგვის მიზნით, შესაძლოა, საჭმელი მოამზადოს ღამით, ასევე, ღამით ამუშაოს სარეცხი მანქანა, აუთოოს. ასევე, შესაძლებელია სხვა ღონისძიებების გატარებაც. ჩვენთან ელექტროენერგიის შიდა მიწოდება იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, ელექტროენერგიის ექსპორტი კი გათავისუფლებულია გადასახადისგან. ვფიქრობ, უნდა შებრუნდეს ეს პრინციპი და პირიქით უნდა მოვიქცეთ. მოსაკრებელი დავაწესოთ ელექტროენერგიის ექსპორტზე, მაგრამ შიდა მიწოდება გავათავისუფლოთ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ეს ნიშნავს, რომ გაიაფდება ელექტროენერგია ჩვენი ეკონომიკის რეალური და მომსახურების სექტორისთვის. იაფი ენერგიის წყარო ნიშნავს საქონლის გაიაფებას, თვითღირებულების შემცირებასა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ესე იგი, ჩვენ უნდა მოვახდინოთ შედარებით იაფი ელექტროენერგიით წარმოებული საქონლის ექსპორტი, ნაცვლად იმისა, რომ მოვახდინოთ იაფი ელექტროენერგიის ექსპორტი. ეს გაცილებით მეტ სამუშაო ადგილს შექმნის; და კიდევ ერთი მომენტი, რასაც ჩვენთან ჯერჯერობით არ აქცევენ ყურადღებას, თუმცა ცივილიზებულ ქვეყნებში აპრობირებულია: განსხვავებული ტარიფი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის. მაგალითად, აშშ-ში მრეწველობისთვის დენის ტარიფი შეადგენს მოსახლეობისთვის არსებული ტარიფის 60 პროცენტს, ანუ ამერიკაში მრეწველობისთვის ტარიფი 40 პროცენტით იაფია, ტრანსპორტისთვის – 20 პროცენტით, ვაჭრობაში – 15 პროცენტით.
– იმ ლოგიკით, რომ ეს მაინც მოსახლეობის ჯიბეზე აისახება?
– ჩვენთან მოსახლეობისთვის ნაკლები ტარიფის დაწესება მოდის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და ამას მოჰყვა ის, რომ ტარიფის აწევა მოუწიათ იურიდიული პირებისთვის, რამაც მათი პროდუქცია გააძვირა. ეს პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა და იქ დასაქმებული ადამიანები დარჩნენ უმუშევრები ან ხელფასს ვერ იღებდნენ. ამდენად, აქაც უნდა შევცვალოთ მიდგომა: ჯობია, ტარიფი მოსახლეობისთვის იყოს მაღალი და წარმოებას იაფად მივაწოდოთ ელექტროენერგია, რომ გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისევე, როგორც შესაცვლელია დღგ-ს პრინციპი ელექტროენერგიის ექსპორტთან და შიდა მიწოდებასთან მიმართებით.