რა შემთხვევაში მიაწოდებს აშშ საქართველოსა და უკრაინას ლეტალურ იარაღს და რა ძალები ცდილობენ საქართველოში ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული განწყობების შექმნას
თითქოს საქმეს კარგი პირი უჩანდა და დასავლეთმა და რუსეთის ფედერაციამ მიაღწიეს შეთანხმებას სირიაში ერთობლივად და კოორდინირებულად მოქმედების შესახებ. თუმცა გასულ კვირას ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ვლ. პუტინს თვით დონალდ ტრამპიც კი შემოუწყრა (საერთოდ არ სცემს პატივს ამერიკასო). მეტიც, პენტაგონმა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაც არ გამორიცხა, რასაც ვალში არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარჩენია. რუსეთმა აშშ-სა და „ნატოს“ ულტიმატუმი წაუყენა: სანქციების მოხსნა, სანქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება და „ნატოს“ წევრ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსში 2000 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ, ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობის შემცირება, თუ არადა ჭარბ პლუტონიუმს არ გავანადგურებო. ნაკლებად სავარაუდოა, მხარეებმა ერთმანეთზე გაიწიონ (სამხედრო ძალით), მაგრამ სავსებით რეალურია, რომ ერთმანეთთან პრობლემები ჩვენნაირების ხარჯზე მოაგვარონ. რა დამატებითი საფრთხეები ექმნება საქართველოს აშშ-რფ-ის ახალი ტალღის დაპირისპირებით, – ამ თემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.
– სანამ ჩვენ არჩევნებით ვიყავით გართულნი, მეტისმეტად დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და ამერიკას შორის სირიის გამო. რა მოხდა?
– ჩვენს თავს რომ უბედურება ხდება, ამას ყველაზე ბოლოს ჩვენ ვიგებთ და მეორე და მესამეხარისხოვანი პრობლემები ყოველთვის ფარავს პირველხარისხოვანს ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესები მიდიოდა არჩევნებამდეც, მაგრამ საქართველოს პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა თუ საზოგადოების ცნობად სახეებს ის უფრო აინტერესებთ, ვინ ვის მოჰპარა ფული და რა ფერის საცვალი აცვია, ვიდრე ის, თუ რა ხდება რეგიონში. სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ამიტომ მკითხველს ორიოდ სიტყვით შევახსენოთ, რა ხდებოდა ახლო აღმოსავლეთში: სირიაში დაძაბულობის პერიოდში, როდესაც დასავლეთს, რუსეთს, თურქეთსა და შიიტებს თავიანთი ინტერნსები ჰქონდათ, შეიქმნა საკანონმდებლო და ინფორმაციული ვაკუუმი, რითაც ისარგებლეს რადიკალურმა ისლამისტებმა და შექმნეს ისლამური სახალიფო. მათ რაც აკეთეს, ყველამ იცის მედია-საშუალებებით, საქართველოს მოსახლეობამ კი ამის შესახებ თავისი ისტორიიდანაც იცის. რასაც სახალიფოს წარმომადგენლები 21-ე საუკუნეში უკეთებდნენ მოსახლეობას სირიაში, იმას და უფრო უარესსაც ისინი მერვე საუკუნიდან მოყოლებული უკეთებდნენ საქართველოს მოსახლეობას. ამის შემდეგ დასავლურ კოალიციას, რუსეთსა და თურქეთს შორის მოხდა ერთგვარი შეთანხმება: რუსეთმა აიღო პასუხისმგებლობა კონტროლისა იმ ტერიტორიებზე, სადაც განლაგებული იყო ბაშალ ალ ასადი და მისი არმია, დასავლეთმა – სადაც განლაგებული იყო ბაშარ ალ ასადის შეიარაღებული ოპოზიცია, თურქეთმა აიღო პასუხისმებლობა თურქმანული ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე. და პარალელურ რეჟიმში სამივემ დაარტყა ისლამურ სახალიფოს. თუმცა რუსეთმა ამის შემდეგ საავიაციო იერიშები მიიტანა ბაშარ ალ ასადის შეიარაღებულ ოპოზიციაზე, მოტივით, ისინი ტერორისტებთან მეგობრობდნენო, რაც დასავლეთმა გააპროტესტა და რუსეთმა თავის მართლების რეჟიმში დასავლეთს ბრალი დასდო ტერორისტების მხარდაჭერასა და დაფინანსებაში. საპასუხოდ დასავლურმა კოალიციამ იერიში მიიტანა ისლამური სახელმწიფოს იმ დაჯგუფებებზე, რომლებისაც ყველაზე ძალიან ეშინოდა და ეშინია რუსეთს – ისლამური სახალიფოს კავკასიურ დაჯგუფებაზე, რომელიც არის ყველაზე ძლიერი, მობილიზებული და ბრძოლისუნარიანი. ამის შემდეგ თითქოს რუსეთის ხელისუფლების ამბიციები მინავლდა, მაგრამ ბაშარ ალ ასადის არმიამ ვითომ ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ დაიწყო შეტევა, სინამდვილეში კი, შეუტია თავის ოპოზიციას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამის შემდეგ რუსეთმა ავიაიერიშები მიიტანა ალეპოზე, ოპოზიციის დედაქალაქზე, რასაც მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის უამრავი მსხვერპლი. ამით გაბრაზებულმა აშშ-მა უკვე თავისი სახელით გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან. მას მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა და რუსეთს სხვა ბერკეტი არ დარჩენია, იმას გარდა, რომ ივაჭროს დასავლეთთან ბირთვული იარაღით.
– რუსეთმა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა აშშ-ს?
– ახლა ამ სტადიაშია ვაჭრობა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ ამ თემაზე ვაჭრობა დასავლეთს არ აშინებს და დასავლური კოალიცია აპირებს, იერიში მიიტანოს ბაშარ ალ ასადის არმიაზე, ამიტომ რუსეთმა სირიას მიაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.
– რაზეც თვით ტრამპიც კი გადაირია და გააკრიტიკა პუტინი, რომელსაც მანამდე წრეგადასულად აქებდა.
– არა მარტო ტრამპი, მთელი დასავლეთია ძალიან გაღიზიანებული. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ან პუტინი ვერ ხვდება, რაშია საქმე, ან შეგნებულად ებრძვის დასავლეთს. დასავლეთში სახტად არიან დარჩენილები რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიბეცით ან შეგნებული გაუაზრებლობით.
– ერთია, რომ სახტად არიან დარჩენილები, მაგრამ მეორე, რით შეუძლიათ მისი შეკავება? პუტინმა წამოაყენა ულიტმატუმი: „ნატოს“ ბაზებზე შეამცირეთ ამერიკელი სამხედროების რიცხოვნობა და ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურაო. ეს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფაა.
– თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, იმიტომ რომ, ამ ულტიმატუმის არცერთი პირობა არ შესრულდება, რადგან ამ მოთხოვნამდე დასავლეთს აქვს წაყენებული პირობები რუსეთისთვის, რაც სანქციების წინაპირობა გახდა: ჯარის გაყვანა უკრაინიდან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობების გაუქმება და კიდევ მცირე-მცირე ულტიმატუმები იმ საკითხებზე, რომლებსაც რუსეთმა გასული საუკუნის 90-იან წლებში მოაწერა ხელი და არ შეასრულა. თავი და თავი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არის 1994 წლის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც, რუსეთმა უკრაინას ბირთვული ქობინების განადგურება სთხოვა და სანაცვლოდ, პასუხისმგებლობა აიღო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რის გარანტორებადაც აშშ და დიდი ბრიტანეთი გამოვიდნენ. ანუ ყირიმში შეჭრით რუსეთმა დაარტყა ინგლისსა და ამერიკასაც, რომლებიც იქნებიან ახალი ჯვაროსნული ერთიანობის ხერხემალი. ამდენად, სამომავლო პერსპექტივაში რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უფრო მეტს აგებს, ვიდრე იგებს. გაიკითხეთ რუსეთში მცხოვრებლებში, რუსეთში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია.
– ეს გასაგებია და ისიც თვალნათელია, რომ, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა, დაპირისპირებოდა დასავლეთს, გადაახია ეს შეთანხმება თავზე, მაგრამ ფიზიკურად დააზარალა უკრაინა, რომლისთვისაც ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა, ისევე, როგორც ჩვენთვის – ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარება. ნაკლებად სავარაუდოა, ამჯერადაც მათ დაარტყან ერთმანეთს, ალბათ, ისევ ჩვენნაირების ხარჯზე გავლენ ფონს. რა საფრთხე გვემუქრება ჩვენ?
– მართალს ბრძანებთ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამერიკელ ჯარისკაცს მოეკლას რუსი ჯარისკაცი ან პირიქით. 2008 წლის ომშიც ქართულმა ქვედანაყოფებმა შეუტიეს ოს „ბოევიკებს“, მაგრამ, როგორც კი რუსები შემოვიდნენ, ტერიტორიას გამოერიდნენ. ანუ არც ცხინვალში დაუხოცავთ ერთმანეთი რუსსა და ამერიკელს. და ეს არის დასავლეთის რეზერვი. რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს უპირისპირდებიან პოსტაბჭოთა სივრცეში. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთს არც უკრაინისთვის, არც საქართველოსთვის, არც მოლდოვასთვის არ მიუწოდებია ლეტალური იარაღი, რომლითაც მათ შეეძლებოდათ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა რუსული შემოტევისთვის: ვგულისხმობ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანტენიკის საწინააღმდეგო უახლეს საშუალებებს. საქართველოსა და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხი დღის წესრიგში დადგება, თუ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცდება, კონფლიქტი სირიის ტერიტორიიდან გაიტანოს. კავკასიელების დასახმარებლად დასავლეთს რეგიონში თურქეთიც ჰყავს, ამიტომ რუსეთი ეცდება, საქართველოში, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მეშვეობით, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვას, ასევე, ურთიერთობის გაფუჭებას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. არ ვიცი, ვინ როგორაა გართული სავარძელში ჩაჯდომის ხიბლით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამის წინაპირობებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ოღონდ ჯერ არ ჩანს. ასეთი პროცესები უკურნებელი სენივითაა, რომ გამოჩნდება, უკვე გვიან იქნება.
– მაშინვე აღიარა დასავლეთმა ჩვენი არჩვენების ლეგიტიმურობა. თუმცა მე არ მგონია, რომ უხეში გაყალბებები ყოფილიყო, მაგრამ ამ აღიარებაში აშკარად გეოპოლიტიკური კონტექსტი იკითხებოდაა, იმიტომ რომ, არეულობა საქართველოში მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.
– გეთანხმებით. არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამოვთქვით არჩევნების შედეგის პროგნოზი, რომელიც გამართლდა. მაშინ ჩვენი პროგნოზები, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე, გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, დასავლეთს ხელს არ აძლევს აქ არეულობა. თუმცა ვერცერთი ძალა ვერ გაიმარჯვებს ძალით საქართველოში. აქ 90-ანი წლები აღარ განმეორდება, მაგრამ პრორუსულ ძალებს შეეძლოთ, მიეცათ საბაბი და, მიუხედავად იმისა, რომ მცირე-მცირე ხარვეზები იყო, მაინც მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები: არავინ მოუკლავთ, არავინ გაუტაციათ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ტარდებოდა არჩევნები და რა შედარებაა?! ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ პროდასავლური ძალები გადაჭარბებულ ინფორმაციას აწვდიან დასავლეთს თავიანთი შესაძლებლობების შესახებ და რომ არც პორორუსულ ძალას შეუძლია გამარჯვება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ 5 ან 3,75 პროცენტი შედეგია, ხავსს ეჭიდება.
– კონკრეტულად რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ? როდესაც ის ვერ ერევა ამერიკას, გვერევა ჩვენ?
– ვფიქრობთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცდება გავლენის აღდგენას კავკასიაში, რადგან, თუ რუსეთმა მოახერხა საქართველოს არაპირდაპირი დაქვემდებარება, ეს ნიშნავს კავკასიის დაქვემდებარებას და იმას, რომ დასავლურ კოალიციას ზურგიდან შემოუვლის. ანუ პოზიციებს გაიმაგრებს იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩადგება კასპიისა და შავი ზღვის აუზების ფლოტებს შორის. ვიცით, რომ „ნატოს“ ფლოტის შესაძლებლობები 4-5-ჯერ აღემატება რუსეთის ფლოტის შესაძლებლობებს. ამიტომ რუსეთი აუცილებლად ეცდება, რომ დაძაბოს საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობები. არ ვიცი, რომელი გამოუვა უფრო ადრე, მაგრამ მისთვის ორივე ხელსაყრელია. ამ კონტექსტში რუსეთი აუცილებლად შეეცდება, გაააქტიუროს სომხეთი და ყარაბაღის კონფლიქტი. რუსეთი აუცილებლად შეეცდება, გააქტიურდეს ჩრდილო კავკასიაში და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ჩრდილო კავკასიის ტყეებში ისევ გამოჩნდნენ პარტიზანები, აღარ ამბობენ, ვაჰაბიტებიო. ერთი სიტყვით, ცეცხლს თუ ვერ დაანთებენ, ბოლი მაინც უნდა დააყენონ. ჩვენი აზრით, ძალიან სერიოზულად მუშაობს რუსეთი საქართველოში მედია-საშუალებებით ანტიისლამური და ანტითურქული განწყობების შესაქმნელად, რითაც შეეცდება, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი თავისკენ შეაბრუნოს. ამის შესახებ ჩვენ ვლაპარაკობთ 2013 წლიდან: ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მგრძნობიარე აღარ არის, ახლა მგრძნობიარეა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, რის მარცვლებიც საქართველოში უკვე ჩაყრილია. ამას დაემატება ფსევდოპოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, რომ ჩვენი ტერიტორიები არა მარტო რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანსაც აქვს წაღებული. დანარჩენს მკითხველი თავად მიხვდება. აი, ამ საფრთხეებს ვასახელებთ ჩვენ. რუსეთის სპეცსამსახურები შეეცდებიან, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს და როგორც მინიმუმ, თუ არ იქნება მიმართული ახალი საბჭოთა კავშირის შექმნისკენ, ანტისანატოო და ანტიდასავლური განწყობა მაინც შექმნან. ამის სანაცვლოდ, ბევრი დაპირება იქნება. არ გამოვრიცხავთ, რომ ცხინვალთანაც კი დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ მინდა, შევახსენო საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკოსებს: ასჯერ მეტი გარანტიები მისცეს უკრაინას, თან ინგლისი და ამერიკა დაუდგნენ გარანტორებად, მაგრამ რუსეთმა შეთანხმება მაინც დაარღვია. ტრაბახად თუ არ ჩამითვლით, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს ორგანიზაციას აქვს საკმარისი ძალა, წინ აღუდგეს ნებისმიერი დონისა და ძალაუფლების მქონე მოღალატეებს.