ყველანი – პარლამენტში #43
„ციხეს რად უნდა რკინის კარები“?!
ის, რომ ახალ ქართულ რეალობაში პოლიტპარტიების ცვენაა, არახალი ჭეშმარიტებაა (იმდენადაც, რომ ლამისაა რკინის ქუდებით ვიმოძრაოთ, რომ რომელიმე პარტია ზედ შუაგულ თავში არ დაგვეცეს). თუმცა ისე ხდება, რომ (რაკი რაოდენობა არამც და არამც არ ნიშნავს ხარისხს) უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მათგან მხოლოდ ერთეულნი თუ დაივანებენ ხოლმე.
მეორე მხრივ, მართალია, ბარიერი 5-პროცენტიანია, მაგრამ, სამაგიეროდ, საბიუჯეტო დაფინანსება (ყოველწლიურად გარანტირებული 300 000 ლარი) მათაც ერგებათ, რომელნიც ხმების 3 პროცენტს მაინც დააგროვებენ (ანუ მთავარი არჩევნებში მონაწილეობაა, განა გამარჯვება?!).
ამ თუ სხვა მიზეზების გამო, იმისდა მიუხედავადაც, რომ ჯერჯერობით პარლამენტი არც კი დაკომპლექტებულა, „გირჩმა“ უკვე მიმართა მეცხრე მოწვევის პარლამენტს და რამდენიმე ინიციატივაც შესთავაზა.
სახელდობრ შემდეგი: ჯერ ერთი, უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნებიო; მეორეც – ან სრულად პროპორციული საარჩვენო სისტემა უნდა იყოს ან ნაწილობრივ პროპორციული ნაწილობრივ რეგიონულ-პროპორციულიო და მესამე და მთავარი – საარჩევნო ბარიერმა 1 პროცენტამდე უნდა დაიწიოსო.
ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა მეცხრე მოწვევის პარლამენტი ხსენებულ ინიციატივებს, თუმცა აღნიშვნის ღირსია „გირჩთა“ კეთილშობილური ზრახვანი (ყველანი – პარლამენტშიო) და მათი მესამე ინიციატივის დარდიმანდული მოტივები, პრინციპით: „ციხეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – პარლამენტს) რად უნდა რკინის კარები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ბარიერები), მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები“! –