როგორ იყიდა ცნობილმა უცხოელმა ბიზნესმენმა 5 წლის სალომე გომელაურის ნახატი და რა რჩევებს იღებს ის მამისგან, რომლის ნამუშევარიც ალ პაჩინოს საპატიო ადგილას უკიდია #42
„დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი, როცა იმ ყველაფრის აღქმა დავიწყე, რაც ჩემ ირგვლივ იყო და რა გარემოშიც ვცხოვრობდი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ როდესაც დედა საჭმელს აკეთებდა, თურმე მისი რეცეპტების წიგნზე ვხატავდი, ესკიზებს ვაკეთებდი. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ვხატავდი ტანსაცმლის ესკიზებს და არა ფერწერულ ნამუშევრებს. რადგან ყოველთვის ტანსაცმლის დიზაინის კეთება მინდოდა,” – ეს სიტყვები დიზაინერ სალომე გომელაურს ეკუთვნის. მისი ნამუშევრები არავის ტოვებს გულგრილს და მნახველს ჯადოსნურ, ზღაპრულ მოგონებათა სამყაროში ამოგზაურებს. რაც მთავარია, სალომეს სამოსისადმი, ფეხსაცმლისადმი, აქსესუარებისადმი ინოვაციური მიდგომა აქვს და გამომგონებლური ნიჭითაც გამოირჩევა. ის ცნობილი მხატვრის, ზურა გომელაურის შვილია.
სალომე გომელაური: ბავშვობაში, აღმოვაჩენდი თუ არა რაიმე ქსოვილს, მაშინვე ჩემი დიზაინით თოჯინებისთვის ვაკეთებდი სამოსს. ცოტა მოგვიანებით, უკვე საკუთარ სამოსს ვაფორმებდი, ვათანამედროვებდი. მახსოვს, 11-12 წლის ვიყავი, როცა ვცდილობდი, ნაჩუქარი ბიჟუტერია ჩემებურად გადამეკეთებინა. ვიგონებდი რაღაცეებს, რომ ექსტრავაგანტული დიზაინი ჰქონოდა. 11 წლისას მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ორგანიზება მშობლებმა იკისრეს. იმხელა სტიმული იყო, როდესაც გამოფენაზე წარმატებული, შემდგარი ადამიანები მოდიოდნენ და მე, დამწყებ დიზაინერს, მაქებდნენ, რჩევებს მაძლევდნენ. ამ გამოფენაზე ჩემი კოსტიუმების ესკიზები გამოიფინა. მაშინ უკვე ვქმნიდი კოლექციებს, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და სრულ კოლექციას ვერ გავაკეთებდი – ვერ შევკერავდი და ვერ გამოვიყვანდი მოდელებს. ამიტომ, მხოლოდ ესკიზებზე ვმუშაობდი და ვფიქრობდი, რომ მომავალში აუცილებლად განვახორციელებდი. მერე, რა თქმა უნდა, გავიზარდე, გემოვნებაც შემეცვალა, სხვა მუზები მოვიდნენ, მაგრამ გავლენა და სტილი მაინც ისეთი დარჩა, როგორიც მე მახასიათებს: უფრო გამომგონებლური, ნაფიქრი, კლასიკურთან და თანამედროვესთან შეხამებული. ბავშვობის მოგონებიდან კიდევ ერთი რამ მინდა, გავიხსენო – ჩემი პირველი ნამუშევარი რომ გაიყიდა, 5 წლის ვიყავი. ეს იყო ფერწერა. ცნობილმა უცხოელმა ბიზნესმენმა იყიდა: იმიტომ ვყიდულობ ამ ნამუშევარს, ვიცი, ეს გოგონა მომავალში ცნობილი გახდება და მინდა, მისი ნახატი მქონდესო. კოლექციონერი იყო და ცოტა ხნით ჩამოვიდა. სხვადასხვა მხატვარს ხვდებოდა და ჩვენს ოჯახშიც მოვიდა მამას ნახატების სანახავად. იმ დროს კედელზე ჩემი ნახატიც შეამჩნია და იყიდა.
– ბოლოს, მაინც ტანსაცმლის დიზაინსა და სამკაულებზე გადაწყვიტე მუშაობა.
– კი, სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინი მაქვს დამთავრებული. სრულ კოლექციაზე უკვე მეორე კურსის მერე ვიმუშავე – მოდის კვირეულზეც გამოვედი და სადიპლომო ნამუშევარიც გავაკეთე. ტანსაცმელი მინანქრით და ვერცხლის ნაქარგებით, დეტალებით იყო გაწყობილი. ბავშვობიდან ძალიან კარგად ვქარგავ. ძველი ტექნოლოგია აღმოვაჩინე და შევისწავლე. ეს არის ვერცხლის მავთულით ქარგვა. ქსოვილები მოვხატე და შემდეგ პერანგის ხავერდის მანჟეტები გავაწყვე ვერცხლის ნაქარგებით. ასევე შევუკვეთე ვერცხლის სხვადასხვა დიზაინის დეტალები და გადავიტანე ქსოვილზე, რაც ძალიან საინტერესო გამოვიდა. გავაკეთე ფეხსაცმელი, რომელიც შემდეგ დავაპატენტე. ჩემი შთაგონების ერთ-ერთი წყარო ძველი ნივთებია. ერთ დღესაც მაღაზიაში ვიყავი, სადაც აღმოვაჩინე სუნელების ჩასაყრელი ბევრუჯრებიანი ნივთი, თავისი საფქვავით. იმ დროს მომივიდა იდეა: რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი გავაცოცხლო-მეთქი. ამიტომ, გადავწყვიტე, ფეხსაცმელის პლატფორმაში ყოფილიყო უჯრა, რომელშიც თუნდაც პატარა ბეჭედი ჩაეტეოდა. ბევრი დეტალი უნდა გაგვეთვალისწინებინა: უჯრას უნდა ჰქონოდა თავისი სახელური, ძირი. ასევე, ფეხსაცმელი მარჯვენაც არის, მარცხენაც და ესეც უნდა გაგვეთვალისწინება. მოკლედ, ფილოსოფიური და ურთულესი რაღაც მოვიფიქრე. შესაბამისად, რთული იყო იმ ადამიანის პოვნა, ვინც ამის შექმნაში დამეხმარებოდა. ბოლოს გამოგვივიდა და კოლექციისთვის 6 წყვილი უჯრიანი ფეხსაცმელი შევქმენით. ეს არის ჩვეულებრივი უჯრა. გარედან ფეხსაცმელს არაფერი ეტყობა. წინ, წვერზე აქვს მინანქრის პატარა სახელური, ვერცხლის ჩამკეტით, რომლითაც გარეთ გამოსწევთ უჯრას და მერე უკანვე შესწევთ. უჯრა არის ხის, თავისი ძირითა და შიგ ერთი, პატარა ბეჭედიც ეტევა. რაც მთავარია, ძალიან კომფორტული იყო სატარებლად და უჯრა არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა. ის თავისთვის იყო, როგორც დიზაინის ნაწილი და გამოგონება. თუმცა, ეს კოლექცია საქართველოში არ გამიყიდია, უცხოეთში გავყიდე. იყიდა ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ქალბატონმა, რომელიც მოდის მოყვარულია, სხვადასხვა წვეულებაზე დადის და მისთვის პრესტიჟული იყო ამ ყველაფრის ყიდვა. უნდოდა, ჰქონოდა ეს ფეხსაცმელი, როგორც გამოგონება. თითქმის ნახევარი კოლექცია – ეს ფეხსაცმელი და სამკაულები იყიდა.
– დიზაინერების დიდი ნაწილი მაინც კომერციაზე მუშაობს. თუმცა, შენ გამოგონებებს, შემოქმედებით ხაზს დიდ ყურადღებას აქცევ...
– მოძრავ ინსტალაციას გავაკეთებ. მე მიყვარს დეტალებზე მუშაობა და ამჟამად ვაკეთებ პერანგებს, რომელთა საყელოზე გამოსახულ სახლებში ნათურებია ჩამონტაჟებული. ნათურები ელემენტებზე მუშაობს და ინთება, ანუ სიბნელეში გაანათებთ. უცხოელებს ასეთი რაღაცეები ძალიან მოსწონთ, რადგან უყვართ, როცა წვეულებებზე რაღაცით ყურადღებას იქცევენ და შესაბამისად, მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. ქართველებიც ყიდულობენ, მაგრამ ექსკლუზიური დიზანი უფრო უცხოელებს მოსწონთ და იძენენ კიდეც. გავაკეთე ბეჭედი „კარუსელი”. ის მინიატურული ასლია ჩვენი საოცნებო ცხენებიანი კარუსელისა, ასე რომ მოგვწონს ქალებს – რომანტიკულია. შევქმენი ანალოგიური ასლი, თავისი ვერცხლისგან ჩამოსხმული ცხენებითა და ყველა დეტალით. ვცდილობ, ჩემი ფანტაზიები, იდეები ჩემს საკმაულებში გადავიტანო. ქუჩაში რომ მივდივარ, არ მინდა, რომელიმე შენობა უბრალო შენობად დავტოვო, რატომ არ შეიძლება, ის ქალბატონმა ატაროს ბეჭდის ან სამაჯურის სახით?!
ჩემთვის მაგალითად, „კარუსელი” მოგონება იყო, ასევე, „მატარებელიც”, რომელიც მუდმივი მოძრაობის, წარმატების, წინსვლის სიმბოლოა – არასდროს ჩერდება და მინდოდა, გამეცოცხლებინა, თან, საოცრად უხდება კაბებს. თემატურია და პლუს, უკავშირდება მოგზაურობას: სადღაც მივდივარ. მე ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ვცხოვრობ და ვმოგზაურობ. შემდეგ კი ვცდილობ, ისინი ჩემს ნამუშევრებში გავაცოცხლო. ძალიან მიყვარს ძველი, ქართული ორნამენტები და თუ სადმე აღმოვაჩენ მე-18, მე-19 საუკუნის რაიმე დეტალს, ვცდილობ, შევიძინო და შემდეგ გავათანამედროვო ფერებით, სიცოცხლე შთავბერო.
– როგორც ვიცი, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში იყიდება შენი ნამუშევრები.
– ქალბატონებს ძალიან უყვართ ასეთები, ბევრნი არიან, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. იყიდება ამერიკაში, უკრაინაში, რუსეთში, ინგლისში, იტალიაში, შვეიცარიაში და ასე შემდეგ.
– მამა, ალბათ, ხშირად გაძლევს რჩევებს.
– კი, ხშირად მეუბნება, რომ უფრო მეტი ვიმუშაო, გამოფენა გავაკეთო – ადამიანებს სიახლე სჭირდებათ და მუდმივად უნდა შევთავაზოთ მათ ეს სიახლე. ორივეს მოგვწონს თბილი, ნათელი, დადებითი ფერები და არა შხამიანი, მუქი ფერები, რომელიც გთრგუნავს. მამასაც აქვს მატარებლის თემაზე ნახატი და ვინც ორივეს გვიცნობს, ყველა ჩემი მატარებლის მის მატარებელთან ასოცირებას ახდენს და ეს მოსწონთ.
– როგორც ვიცი, მამას ნამუშევრები ბევრი ცნობილი ადამიანის საკუთრებაა, მათ შორის ალ პაჩინოსი.
– ალ პაჩინოს მამას ნამუშევარი საპატიო ადგილას აქვს განთავსებული. ზოგადად, მამას ნახატები ძალიან ბევრ ცნობილ გალერეაშია გამოფენილი. ლოს-ანჯელესში არის გალერია-მუზეუმი, სადაც მისი ნახატი მუდმივ ექსპოზიციაში, შაგალის გვერდით არის გამოფენილი.
– ვიცი, რომ მამაკაცებისთვისაც ქმნი აქსესუარებს.
– ეს არის მამაკაცის პერანგის მაჯის სამაგრები, რომელიც ძალიან მოსწონთ... სხვადასხვა ორნამენტი, ქვები, ფერები – მამაკაცისთვის შესაფერისი და ასევე, დიზაინიც. კიდევ ვაკეთებ სამაჯურებს მამაკაცებისთვის და მიყვარს, როცა ლურჯი, შავი, მომწვანო ფერები დომინირებს, პლუს, გეომეტრიული ფორმები, რომ არ იყოს წრიული, გაპრანჭული და ქალური. ასევე, ხშირად ვუხამებ ტყავს, რომელიც ძალიან უხდება ვერცხლს, სხვადასხვა ძვირფას ლითონს.