ზაზა ხუციშვილი: „პაციენტებს ყურადღების მაქსიმუმს ვუთმობთ“ #42
ოტორინოლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრი 2010 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. კლინიკა სრულად აღიჭურვა და დაკომპლექტდა გერმანიისა და ჰოლანდიის პარტნიორი კლინიკების დახმარებით და შესაბამისად, სერვისი ევროპის წამყვანი კლინიკების სტანდარტებს შეესაბამება. მედპერსონალის თითქმის ყველა წევრს კვალიფიკაცია გერმანიის წამყვან კლინიკებში აქვს მიღებული. ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში მუშაობენ ამ დარგის ლიდერები და წამყვანი ექიმები. მათ შორისაა, ბატონი ზაზა ხუციშვილი, რომელიც 15 წელია, ამ სფეროს ემსახურება.
მინი-დოსიე: პროფესიული გამოცდილება:
2010 წლიდან – დღემდე: ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, „ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკა” – ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი.
2013 წლიდან – დღემდე: სამედიცინო კორპორაცია – „ევექსი“, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი.
2007-2012 წლებში: კლინიკა - „კურაციო”, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი.
2007-2010 წლებში: თბილისის მე-2 კლინიკური საავადმყოფო, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი.
2006-2007 წლებში: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი
განათლება: 2001-2006 წლებში: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. რეზიდენტურა სპეციალობით – ოტორინოლარინგოლოგია. 2004-ში საკვალიფიკაციო კურსები დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
1994 -2001 წლები: სამედიცინო უნივერსიტეტი „გაენათი“, სპეციალობით – სამკურნალო საქმე.
– ბატონო ზაზა, „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა” ოტორინოლარიგოლოგიის ერთ-ერთი ლიდერია. როგორია თქვენი სამუშაო პროფილი აღნიშნულ კლინიკაში და რა ტიპის ოპერაციები ტარდება თქვენთან?
– „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში” მე გახლავართ საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი. კლინიკა უკვე 7 წელია, ფუნქციოირებს და უამრავ ადამიანს ვემსახურებით. ჩვენთან ტარდება ამ დარგში არსებული ყველა ტიპის ოპერაცია და მკურნალობა. ოპერაციების სპექტრი ფართოა: დაწყებული ადენოტონზილექტომიითა და სხვა სირთულის ოპერაციებით დამთავრებული. კეთდება სხვადასხვა ტიპის რეკონსტრუქციული ოპერაციები, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს. აგრეთვე, სმენის გასაუმჯობესებელი ოპერაციები ოტოსკლეროზის დროს. ოპერაციები გარეთა სასმენ მილზე, ყურის ნიჟარაზე. ასევე კოხლეარული იმპლანტაციები IV ხარისხის სმენაჩლუნგობის დროს, რომელიც დაინერგა პროფესორ შოთა ჯაფარიძის მიერ 1998 წელს (პირველად მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში) – როდესაც სასმენი აპარატი უძლურია ბგერის აღქმის უზრუნველსაყოფად და ასე შემდეგ.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში ტარდება ყველა სახის ოპერაცია ცხვირზე და ცხვირის დანამატი წიაღების, ცხვირის პლასტიკების ჩათვლით; ასევე, ცხვირის დანამატი წიაღების ენდოსკოპიური ოპერაციები, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან დაინერგა. კეთდება ოპერაციები ქრონიკული ტონზილიტის დროს, როგორც ბლაგვი, ასევე რადიოტალღებისა და დიოდური ლაზერის გამოყენებით. ყბა-სახის ქირურგიის პროფილით – ყბაყურა ჯირკვლის სუბტოტალური და ტოტალური რეზექციები, ზედა და ქვედა ყბის რეკონსტრუქციული ოპერაციები, სანერწყვე ჯირკვლების ოპერაციები, სახის ძვლების ოსტეოსინთეზი. პლასტიკური ქირურგიის პროფილით – აბდომინოპლასტიკა, მკერდის ფორმის აღდგენა, ბლეფაროპლასტიკა, სხეულისა და სახის ლიპოსაქცია, ფეისლიფტინგი, ტუჩის ფორმის შეცვლა, სახისა და სხეულის კონტურული პლასტიკა და ასე შემდეგ.
– ბატონო ზაზა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებთან მიდგომა. თქვენი კლინიკა ამ მხრივაც გამორჩეულია...
– რასაკვირველია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამედიცინო სფეროში. ჩემი სამუშაო დღე იწყება დილის 8 საათიდან – პაციენტებთან კონსულტაციები, პოსტოპერაციული სიტუაციის გადამოწმება და შემდეგ ისევ ქირურგიულ კაბინეტში შესვლა. ჩვენ მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს პაციენტები და ყურადღების მაქსიმუმს ვუთმობთ მათ. შედეგიც სახეზეა. დღეისთვის ჩვენი კლინიკა ამ დარგის მნიშვნელოვანი ლიდერია და მთლიანად ორიენტირებულია პაციენტსა და მის ჯანმრთელობაზე. მიმაჩნია, რომ, შრომისმოყვარეობისა და გუნდური პრინციპების გარეშე, პროფესიონალიზმს ვერ მივიღებთ. პროფესიონალი, შრომისმოყვარე და პატიოსანი – აღნიშნული კომპონენტების გარეშე, ექიმი ღირსეული ვერ იქნება.