სხეულის რა ნაწილზე დასჭირდა ოპერაცია გიორგი სუხიტაშვილს და რატომ გახდა ის ცოტა ხნით „სუროგატი დედა”
ცოტა ხნის წინ გიორგი სუხიტაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი საოპერაციოდ გამზადებული ფოტო დადო, რამაც საზოგადოებაში ცნობისმოყვარეობა გააღვიძა და თან, ბევრი სასაცილო კომენტარებიც მოჰყვა.
გიორგი სუხიტაშვილი: ჩემმა ახლობლებმა იცოდნენ, რომ პრობლემა მქონდა. თუმცა, არა ისეთი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო ჩემი გადაადგილება. ამ ზაფხულს უფრო გამირთულდა, გამისივდა მუხლი. გორში ვიყავი რამდენიმე დღით და იქვე, გორის ჰოსპიტალში მივედი. გადავიღე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. აღმოჩნდა, რომ ჩემი მენისკი იყო სავალალო მდგომარეობაში. იქ მაგარმა ექიმებმა გამომიშვეს თბილისში ლევან ნაჭყებიასთან, რომელიც ძალიან კარგი ექიმია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ახლა ვიწყებ სარეაბილიტაციო კურსს. რაც შეეხება ფოტოს, ჩემი პროფესია ხომ არ არის დიოგენესავით კასრში ჯდომა. ამიტომ, ხალხს ინფორმაცია მივაწოდე. მაგრამ, სანამ დავწერდი, რის ოპერაციას ვიკეთებდი, მითხრეს: აბა, დააგდე ტელფონიო და გამაძუგძუგეს ანესთეზიოლოგთან, რომ სპინალური გაუტკივარება გაეკეთებინათ. მოკლედ, თავიდან ბოლომდე ვუყურე ჩემს ოპერაციას – როგორი მუხლი, როგორი სახსარი მაქვს, რა იყო ამოსაღები, დასამუშევებელი. თან, ბატონო ლევანი კომენტარებს აკეთებდა და ვსაუბრობდით ამ თემებზე.
– ოპერაციის შემდეგ შენს ფოტოზე შენი ძმა წერდა: „ბავშვი ინკუბატორშია გადაყვანილი, მაგრამ კარგად არის, მთავარია დედა იღიმისო.”
– ვინც მე და ლევანს გვიცნობს, ერთად და ცალ-ცალკე, ყველამ იცის, რომ ჩვენი ურთიერთობა სიგიჟეა. არანაირი ცენზურა არ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობისას და არც არავის ვუთანხმებთ, როგორ ვეხუმროთ ერთმანეთს. ყავარჯნები მჭირდებოდა და ჩემი ფოტო დადო. დააწერა: დედაც კარგად არის და დედა იღიმისო. რა თქმა უნდა, მე ვიყავი დედა. მერე ეს აიტაცეს ჩვენმა „მოსვავო” ინტერნეტ-პორტალებმა და დაწერეს: ნახე, რა დაუწერა ძმამ ძმასო. მნახველები კი იყო შეზღუდული, მაგრამ ვიღაცები მაინც მოვიდნენ. ჩემი მეგობარი ლაშა შავდათუაშვილიც იყო მოსული, რაღაცეები მომიტანა. „იოგურტს” გადავუღე ფოტო და დავდე „ინსტაგრამზე”: ოლიმპიური ჩემპიონის მოტანილი მაინც სხვაა. მადლობა, ჩემო ჯანიანო მეგობრებო-მეთქი. საიტებს დაუწერიათ: ნახეთ, რა მიართვა ლაშა შავდათუაშვილმა ავადმყოფ გიორგი სუხიტაშვილს და დევს „იოგურტის ფოტო”. კარგად ვიღადავეთ. სხვათა შორის, ჩვენი სპორტსმენი ბიჭები და ზურაბ კახაბრიშვილი მეხმარებიან, რომ რეაბილიტაცია გავიარო ერთ-ერთ კარგ კლინიკაში პროფესიონალებთან, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
– და მაინც, ვინ იყო ბავშვის მამა?
– ამას არ ვასაჯაროებ. ჩემი არ არის ბავშვი, სუროგატი ვარ.
– ოპერაციიდან მეორე დღეს ლაშა შავდათუაშვილის ქორწილში იყავი.
– კი და მინდა, მას და სალომეს კიდევ ერთხელ მივულოცო გაბედნიერება. ძალიან ლამაზი, კარგი, შინაურული, სპორტული ქორწილი იყო. რომ არ წავსულიყავი, მეც ძალიან დამწყდებოდა გული, ლაშასაც და ჩვენს მეგობრებსაც. სცენაზე ავედი კიდეც, ვიმღერე, უბრალოდ, ავჩლახუნდებოდი-ჩამოვჩლახუნდებოდი ხოლმე. მადლობა ანსამბლ „მეტეხის” ბიჭებს: ამასვენებდნენ, ჩამომასვენებდნენ და მერე ყინული მედო ფეხზე.
– ახლა კარგად მიდის ყველაფერი?
– კი, უბრალოდ, რეაბილიტაციის პერიოდი ძვირად ღირებულია და მესმის იმათი, ვინც ამ ოპერაციას იკეთებს. ერთ-ერთი პრეპარატის ერთი ცალი, რომლის გაკეთებაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიწევს, 500-დან 700 ლარამდე ღირს და ხომ წარმოგიდგენია, რა თანხებზეა საუბარი.
– ვინ გივლიდა პირველ დღეებში?
– დედაჩემი, რომელიც გადავიყოლეთ შვილებმა. ნობელის პრემიას რომ ჰქონდეს პუნქტი: დედის გამძლეობა, დედაჩემი უკონკურენტო იქნებოდა. ამდენ ნაგიჟარს რომ გაგვიძლო და გვიძლებს.
– სოციალურ ქსელში წერდი, რომ გაინტერესებს, რა არის მექალთანე კაცის კრიტერიუმები. ხარ მექალთანე?
– კი, დავწერე და ყველამ იღადავა, არადა, მე ნახევრად სერიოზულად დავწერე, მართლა მაინტერესებდა. ბოლო დროს გავრცელდა, რომ მექალთანე ვარ. არ ვიცი, არასდროს მიყვარს იმის აფიშირება, რა ხდება ჩემს საძინებელში, ჩემს საწოლში. მაქსიმალურად ვცდილობ, ეს არ გავხადო სხვებისთვის საინტერესო: თუ ვინმესთან ერთად ვარ, მასთან ერთად ფოტო არ დავდო ან საძინებლიდან არ გავაკეთო ჩექინები. არ მომწონს მე ასეთი რაღაცეები. ეტყობა, სიამოვნებას არ იღებ იმით, რასაც იმ ადამიანთან განიცდი და გინდა, საზოგადოება ასიამოვნო.
– რას გამოჰყავს გიორგი სუხიტაშვილი სტრესიდან?
– ბევრ რაღაცას. ერთ-ერთია ვარჯიში, რაც მაბედნიერებს. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ სარეაბილიტაციო ვარჯიშებს და მერე უკვე დარბაზში, მოედანზე დავიხარჯები. რა თქმა უნდა, მუსიკა და რეპეტიციები კიდევ ჩემს ბენდთან ერთად, რომელსაც ჰქვია „13“ ანუ „უშაქრო”. 13-თან ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება, „უშაქრო” – იმიტომ, რომ უშაქროდ ვსვამ და თან, ხომ ცოტა უხასიათო ვარ. ვუკრავთ ერთ-ერთ კლუბში და ვისაც უნდა, შეუძლია, მოვიდეს.
– რაში გამოიხატება შენი ცუდი ხასიათი?
– ესეც კარგია, რადგან „უპრაგონო” ურთიერთობები არ მაქვს. ვინც ყველასთან კარგადაა, ცოტა მეაფერისტება – შეიძლება, ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ. როცა პრინციპული, პუნქტუალური, მომთხოვნი ხარ საქმეში, ადამიანები ხშირად აღგიქვამენ, როგორც რთულ პიროვნებას. რთული ვარ, მაგრამ ცუდი ხასიათი არ მაქვს. თუ ცხოვრებაში პრინციპი არ გაქვს, არ ხარ პუნქტუალური, არ აკეთებ საქმეს, ეს უფრო ცუდია. მირჩევნია, ცუდი სახელი მქონდეს და ჩემი საქმე ვაკეთო, პასუხისმგებლობა ვიკისრო, ვიდრე კარგი ტიპი დამიძახონ და არაფერს ვაკეთებდე – ჩემი საქმეც გავაფუჭო და სხვისიც.
– პირად საუბარში მითხარი, არაერთხელ გადავურჩი სერიოზულ საფრთხესო.
– 13 წლის ასაკში ჩემი დიაგნოზი იცის ყველამ. მერეც ყოფილა ბევრი რამ და მიგრძნია რომ სასწაულს გადავურჩენივარ – ფიზიკის კანონებსაც რომ არ ექვემდებარება ისეთი შემთხვევებისას. ამას ვერც ამოხსნი და ამაზე არც უნდა იფიქრო ბევრი. ხომ არსებობს ენერგეტიკა, რომელიც არ ჩანს, შესაბამისად, არის რაღაც, ვიღაც, რომელიც ხელს გაფარებს. ყველა ადამიანს თავისი რწმენა აქვს და ამას რას დაარქმევ, ეს უკვე ინდივიდუალურია. უპირველეს ყოვლისა, რწმენა უნდა გქონდეს და საკუთარ თავში ეძებო იმის განცდა, რომ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია. სვეტიცხოველში რომ შევდივართ და თვალებს ზემოთ „ავღალავთ”, ვღაღადებთ, მერე, გარეთ რომ გამოვალთ, ვიღაცას ქუჩა არ უნდა ჩავუჭრათ და დედა არ უნდა ვაგინოთ – სად მიდის ამ დროს კეთილი თვალები და დაგრეხილი სანთლები? ვინმეს კი არ ვმოძღვრავ, მეც მაქვს გადაცდომები და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რამდენიმე შემთხვევიდან ორი მაინც დავამთავროთ კარგად. მერე ბევრი რამ საგრძნობლად შეიცვლება. ჩემთვის ყოველი დღე მართლაც მნიშვნელოვანი და სასწაულია. ის ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, სასწაულია და ამის დაფასებას მაშინ ვიწყებთ, როცა მისი დაკარგვის წინაშე ვდგებით. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სანამ ერთად ვართ. ხომ მოგნატრებია შენი ცხოვრებიდან რაღაც მომენტი, რომელიც თავის დროზე არაფრად ჩაგიგდია. ახლაც ვიგრძენი ის, რომ ეს პერიოდი, დილით ადრე რომ ვდგები, მივდივარ რადიოში, დილის სუნი... გავა დრო და მომენატრება.
– და ვინმეს სურნელი არ გენატრება?
– ვინმეს სურნელიც მომნატრებია და ეგეც სასწაულია. ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, სანამ ერთად არიან. როცა ის შენთვის მნიშვნელოვანია, უნდა გაუფრთხილდე იმ ურთიერთობას. ზოგადად, ძალიან ახლოს ცოტა ადამიანი მყავს – ვიცი, რომ ისინი ბოლომდე ჩემები არიან და მეც მათი ვარ. არ მაქვს იმის დეფიციტი, რომ ბევრი ხალხი მყავდეს ახლოს. ნებისმიერ ურთიერთობაში, სითბო იქნება ეს თუ სხვა რამ, ვცდილობ, ერთი პუნქტით მეტი გავცე, ვიდრე ვიღებ – ეს შეიძლება, კომპლექსიცაა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, არაფერი დამიკლია იმ ადამიანისთვის.