დედას მორფს ჩემი ხელით ვუკეთებდი
რუსთაველის თეატრის მსახიობს, ირაკლი სანაიას ცხოვრებაში ბევრი სირთულის გამოვლა მოუხდა. სულ პატარა იყო, სოხუმიდან რომ წამოვიდა და გზაში მიღებული ტრავმა დღესაც არ მოშუშებია. შემდეგ, წლების განმავლობაში, იყო მატერიალური პრობლემები და ბევრი გულისტკივილი. მაგრამ, არასდროს დანებებია და დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს უკვე მისი ძალიან ბევრი ოცნება ასრულებულია.
ირაკლი სანაია: გოგა ხაინდრავას ფილმში – „ჰეროკრატია”, ძალიან ცუდი ადამიანის როლს ვთამაშობ. თუმცა, გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ, იქ თითქმის ყველა ცუდი პერსონაჟია. ფილმის პრემიერა რომ იყო, ავდექი და დარბაზიდან გამოვედი. იმიტომ კი არა, რომ ცუდია, იმდენად შემზარავი კადრებია, ვეღარ გავუძელი. პირადად მე, ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს ვთამაშობ, მაგრამ დუბინკებისა და ცოცხების სცენებში არ ვმონაწილეობ. ჩვენთან ერთად ბევრი ციხის ბიჭიც იყო და მათ მსახიობების როლი მოირგეს. რკინის კარის დახურვა, ყვირილი და გინება მათზე ემოციურად ძალიან ცუდად მოქმედებდა. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრა, ვერც იმას ვიტყვი, რომ იქ ყველაფერი რეალურია და ვერც იმას, რომ არარეალურია. მე პოლიტიკისგან შორს ვარ. რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არასდროს ვიქნები. მე მსახიობი ვარ და თუ საჭირო იქნება, ბოლომდე შევწირავ თავს ჩემს საქმეს.
– არაჩვეულებრივად დაიწყო შენი სამსახიობო კარიერა.
– ჰო, მე პროექტ „დასიდან” მოვდივარ. გორის თეატრში ვმუშაობდი, როცა „დასის” შესახებ მითხრეს, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია. როგორც ყველგან, აქაც ყველაფერი „ჩაწყობით” იქნება-მეთქი, ვფიქრობდი. ძმაკაცს უნდოდა მონაწილეობა და ანკეტის შესავსებად გავყევი. ეს პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდა, ავდექი და მეც შევავსე. ბოლოს კი, ისე მოხდა, რომ მე გავიმარჯვე. ეს უფლის მადლია, უბრალოდ არაფერი ხდება. ამ პროექტმა პოპულარობა მომიტანა. ლევან თუთბერიძემ გადამიღო ფილმში – „უშენოდ, მგონი, მოვკვდები”, მთავარ როლში. შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმში ვითამაშე მთავარი როლი, მაგრამ ეს ფილმები ჯერ არ გამოსულა. თუმცა, არცერთ სერიალში არ ვმონაწილეობ. „ჩემი ცოლის დაქალებიდან” ძალიან ბევრჯერ დამირეკეს, მაგრამ ეპიზოდურ როლებს მთავაზობდნენ. როცა პროდიუსერმა იცის, რისი გამკეთებელიცაა მსახიობი, მაგრამ მაინც ქასთინგზე იძახებს, მერე კი ან დაურეკავს ან არა, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსახიობის აბუჩად აგდებაა. მე ეპიზოდური როლი შემომთავაზეს და უარი ვთქვი, იმიტომ რომ, თუ ვითამაშებდი, მინდოდა, ცოტა დიდი როლი შემესრულებინა. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ საქართველოში არც ამ და არც სხვა სერიალში არ ვმონაწილეობ.
– ფარგლებს გარეთ?
– რუსებმა დამამტკიცეს ქართველი ქურდის როლზე და მალე მომიწევს გამგზავრება გადაღებებისთვის. ჩვენგან განსხვავებით, იქ მსახიობებს კარგ ჰონორარს გვაძლევენ. აქ დღეში ხუთას დოლარს არავინ გადაგიხდის, იქ მიხდიან. თუმცა, ცხოვრებაში მარტო ფული არაა მთავარი. რუსეთში შეიძლება, ბევრი ფული ვიშოვო, მაგრამ რუსთაველის თეატრს არასდროს მივატოვებ.
– უცხოეთში სხვა წარმატებებიც გაქვს. როგორც ვიცი, გერმანიაში მნიშვნელოვანი ჯილდო აიღე.
– კი, გერმანიაში „მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის” პრიზი ავიღე. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და გოგი თოდაძესთან „ბერიკებში” ვსწავლობდი. მახსოვს კლოუნადა ვითამაშე და 2000 მარკა მაჩუქეს, რაც ძალიან დიდი თანხა იყო. ამასთან ერთად, პრეზიდენტის სტიპენდიანტიც გავხდი. შევარდნაძის დრო იყო და 1200 ლარი გადმომცეს, რაც მაშინ, ასევე, ძალიან დიდი თანხა იყო.
– თუმცა, რუსთაველის თეატრში მოსვლამდე, საკმაოდ მძიმე ცხოვრება გაქვს გამოვლილი.
– მაშინაც ჩემს ადგილს ვეძებდი. სხვათა შორის, ძალიან „ნაგლი” მსახიობი ვიყავი. ერთხელ, ხორავას თეატრში ისეთი საზიზღარი კონცერტი იყო, ხალხი იძულებით უკრავდა ტაშს. მაშინ 15 წლის ვიყავი, „ნაგლად” შევედი და წამყვანებს ვეუბნები: ერთი პროზა მაქვს მომზადებული „ბერიკებში” და თუ შეიძლება, წავიკითხავ-მეთქი. როგორღაც „შევაბი” ეს ხალხი, გავედი და სცენაზეც „ვინაგლე”. ხალხი ფეხზე ადგა და ათი წუთი ტაშს მიკრავდა. ჩემმა რეჟისორმა გოგი თოდაძემ მითხრა: ძალიან „ნაგლი” ხარ, იქ შესვლა როგორ გაბედე, ასე მეორედ აღარ მოიქცეო. თუმცა, შემდეგ, გორის თეატრშიც ჩვეული „ნაგლობა“ გავაგრძელე. რეჟისორს, რამაზ იოსელიანს ვუთხარი, ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარ როლს ვითამაშებ ლეო ოსგებაშვილის ნაცვლად-მეთქი. ანუ, თეატრის წამყვანი, უფროსი თაობის მსახიობის შეცვლა მინდოდა. ეს ჩვეულებრივი პროფესიული „ნაგლობაა”. ბატონ ლეოს წინააღმდეგობა არ გაუწევია. რეჟისორს ვუთხრი, რომ ორმოცგვერდიანი ტექსტი ზეპირად ვიცოდი, არადა საერთოდ არ მახსოვდა. ავიღე და მეორე დღისთვის თავიდან ბოლომდე ზეპირად გავიხსენე და სცენაზე ურეპეტიციოდ შევედი. როლი შევასრულე და ლეო ოსგებაშვილმა განაცხადა: ამ როლს მე აღარ ვითამაშებო. ასე დამითმეს ეს როლი. შანსი რომ მქონდეს, ისევ გავაგრძელებ ჩვეულ „ნაგლობას”.
– სტურუასთან „ნაგლობა” როგორ წარმოგიდგენია?
– მე სტურუასთანაც „ვნაგლობ”, როცა ისეთ რამეებს ვეუბნები, რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შემიძლია. იმისთვის რომ დავაინტერესო და საშუალება მომეცეს, შემდგომში ჩემით იამაყოს. იყო სპექტაკლი „სალამურა”, რომელშიც მეორე ვეზირის როლს ვთამაშობდი. ცხონებული დედაჩემი მაშინ საავადმყოფოში მეწვინა და ვუვლიდი, თან ვეკითხებოდი, როგორ გამეკეთებინა ეს როლი. საინტერესო გზების ძიებაში მუხლებით დავიწყე სიარული და ბატონ რობერტს ვუთხარი, თუ შეიძლება, ასე ვივლი-მეთქი. იფიქრეს, ვერ შევძლებდი, მაგრამ სპექტაკლზე კი არ დავდიოდი, მუხლებით დავრბოდი. ეს არის შემოქმედება, ეს არის პროფესია. უნდა ეცადო, ისეთი რამ გააკეთო, რაც აქამდე შენ კი არა, არც სხვას გაუკეთებია.
– დედა ახსნე, როგორც ვიცი, ის შენი ცხოვრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.
– კი, დედა იყო ჩემთვის სტიმული, ბიძგის მომცემი, ჭკუის დამრიგებელი. ჩემი დის დაბადების დღეზე გარდაიცვალა. მე ვუვლიდი და ყველაფერს ვუკეთებდი. ბოლოს, სამწუხაროდ, მორფზე იყო და ამასაც მე ვუკეთებდი. ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ადამიანი დავკარგე, რაც აქამდე ვერ გადავიტანე და ვერც ახლა გადამაქვს. თეატრში, ყოველი პრემიერის წინ, ერთ ბილეთს ვიღებ და არავის ვპატიჟებ, ის დედაჩემის ადგილია.
– რთული გზა გამოიარე. მსახიობობის პარალელურად, სხვა პროფესიების შეთავსებაც გიწევდა.
– კი, ბევრგან მიმუშავია. დღესაც ვმუშაობ, როგორც რეჟისორი, ყოველმხრივ მაგარი ადამიანის, ირმა სოხაძის სტუდიაში. საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს არ უნდა დანებდე. პირიქით, „ჟილკიანი” უნდა იყო. მე ბენზინგასამართ სადგურზეც ვმუშაობდი ბენზინის ჩამსხმელად, „სტაიანშიკიც” ვიყავი და ასე შემდეგ. არასდროს არაფერი მეთაკილებოდა. ვმუშაობდი და ფულს ვაგროვებდი, რომ თეატრალურში სწავლის საფასური გადამეხადა და ფული ოჯახშიც მიმეტანა. არც სიგარეტს ვყიდულობდი და არც კანფეტებს. მძიმე მომენტებიც იყო, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სკოლა რომ დავამთავრე, ჩემმა კლასელებმა ბანკეტზე არ დამპატიჟეს, იმიტომ რომ, გადასახდელი ფული არ მქონდა. სულ ორმოცდაათ ლარზე იყო ლაპარაკი. ეს ჩემთვის დაღია. დღეს ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბოღმა გულში არ ჩამიდევს, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან გულნატკენი ვიყავი. ამის გახსენება, დღესაც ძალიან მიჭირს.
– თუმცა, შემდეგ კარგი პერიოდი დაიწყო. რუსთაველის თეატრმა სიყვარულიც გაპოვნინა.
– კი, ჩემი ცხოვრების სიყვარული აქ ვიპოვე. ის უნიჭიერესი ქალი, ძალიან მაგარი დედა და კარგი ადამიანია. მაშინ თეატრის იურიდიულ სამსახურში მუშაობდა, ახლა რკინიგზის დეპარტამენტში, ერთ-ერთი მთავარი იურისტია. შვიდი წლის შვილი გვყავს – თამარი. ძალიან ჭკვიანი და განათლებული ბავშვია. ყოველთვის, როცა გასტროლზე მივდივარ, ისიც თან მიმყავს, მეუღლემ რომ არ იფიქროს, იქ ვღალატობ ან ცუდ საქციელს ჩავდივარ (იცინის).
– ბევრი წარმატების შემდეგ, ახლა რაზე ოცნებობ?
– მინდა, საქართველო ერთიანი ვნახო. მინდა, აფხაზეთი დავიბრუნოთ. მე თვითონ სოხუმიდან ვარ. ძალიან კარგად მახსოვს ზღვაში ჩაყრილი ადამიანები. დღეს ძალიან კარგად ვცურავ, მაგრამ, როცა წყალში ჯოხი ან რამე შემეხება, სულ მეშიანია, ადამიანის სხეული არ იყოს. ეს შიში სოხუმიდან მომყვება და განსაკუთრებულად მინდა, ისევ ერთად ვიყოთ.