როგორ ადამიანებს აქვთ მძლავრი ენერგეტიკა და შეუძლიათ თუ არა მათ მომავლის ხილვა
ალბათ, ბევრს სმენია, რომ ადამიანს მომავლის ხედვა შეუძლია. ყველას აქვს მეტ-ნაკლებად განვითარებული ეს უნარი, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს მის გამოვლინებას ცხოვრებაში. ეზოთერიკოსი, ქალბატონი გიული, რომელიც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია, დაგეხმარებათ გაიგოთ, გაქვთ თუ არა განვითარებული ნათელხილვის უნარი. ასევე, გვესაუბრება, რამდენად შესაძლებელია სიზმრის მეშვეობით მომავლის წინასწარმეტყველება.
– ქალბატონო გიული, დღეს ბევრს ლაპარაკობენ, ეგრეთ წოდებულ, მესამე თვალზე, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, მომავალი იწინასწარმეტყველოს. როდის ხდება მისი გააქტიურება და ყველა ადამიანშია ის „ჩადებული“?
– ბევრი მეკითხება, რა არის მესამე თვალიო და მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით პასუხი გავცე მათ. მოკლედ, ეგრეთ წოდებული, მესამე თვალი, გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ის, რისი აღქმაც და დანახვაც სხვას არ შეუძლია. მეცნიერები უკვე წლებია, რაც ამ სფეროთი არიან დაინტერესებული. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, მომავლის ხედვა ჩვენს ზებუნებრივ ნიჭზე სულაც არ მეტყველებს. პირიქით, ამტკიცებს, რომ ადრე, რამდენიმე ასეულათასობით წლის წინათ, ჩვენი წინაპრები ტელეპათიურად ურთიერთობდნენ. სწორედ ამას ამტკიცებს უძველესი ადამიანის თავის ტვინის სიდიდე. ტელეპათია, ანუ ნათელხილვის ნიჭი – ეს უძველესი დროიდან შემორჩენილი ეფექტია თანამედროვე ადამიანში. ძველი, აწ მიძინებული და ზოგ შემთხვევაში ჩვენი ტვინის გადმონაშთი ფუნქციაა, რომელიც ბოლომდე არაა მივიწყებული. თუ როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ტელეპათი, ამის გამოსაცნობად, გეტყვით ოთხ მინიშნებას და მიხვდებით, განვითარებული გაქვთ თუ არა მეექვსე გრძნობა და მომავლის ხედვის უნარი. ეს ძალა, შეიძლება, სხვადასხვანაირად ვლინდებოდეს. ყველას შეუძლია, აღმოაჩინოს თავის თავში ნათელმხილველის პოტენციალი, რომლის ბოლომდე განვითარებას თავისუფლად მოვახერხებთ ვარჯიშით. პირველი ნიშანი: თუ თქვენი სიზმრები ცხადდება ან ოდესმე მაინც აცხადებულა, ესე იგი, უკვე აღიქვით მომავალი. ტვინი საკმაოდ განვითარებული გაქვთ, რათა სწორხაზოვნად აღიქვათ გარე სამყარო. მეორე ნიშანი: ხშირად ექცევით, ეგრეთ წოდებული, დეჟავიუს მდგომარეობაში – გეჩვენებათ, რომ ადრე, ოდესღაც უკვე ყოფილხართ ზუსტად ამ, კონკრეტულ მდგომარეობაში ან გარემოებაში. რაც ხშირად გემართებათ დეჟავიუ, მით მეტად გრძნობთ და აღიქვამთ მომავალს. მესამე ნიშანი: ყავისფერთვალებიან ადამიანებში მესამე თვალის გახსნის მიმართ მიდრეკილება საკმაოდ მაღალია. მეოთხე ნიშანი: მთელი სამყარო და თქვენი ყოველდღიური ყოფა გაჟღენთილია ენერგოვიბრაციით. ადამიანთა უმრავლესობა ერთნაირ გამოსხივებას ატარებს, თუმცა ზოგიერთს ორჯერ მეტად ძლიერი ენერგოვიბრაცია აქვს. ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ ასეთი გამორჩეული ხალხი ვერც კი ხვდება ამას. მძლავრი ენერგეტიკა დამახასიათებელია ლიდერებისთვის, წარმატებული, ქარიზმატული და თვითკმაყოფილი ადამიანებისთვის. ასე რომ, დააკვირდით ამ ნიშნებს და თუ რომელიმე საკუთარ თავში აღმოაჩინეთ, ჩათვალეთ, რომ მეექვსე გრძნობა, ანუ მესამე თვალი, თქვენში უკვე გახსნილია და მომავალზე მოგცემთ მინიშნებებს.
– სიზმარი ახსენეთ. უნდა ვირწმუნოთ თუ არა მისი და რეალურად, თუ ხედავს ადამიანი წინასწარმეტყველურ სიზმრებს?
– ძველ ებრაელებს სწამდათ, რომ სიზმრებს ღმერთი უგზავნიდა, რათა ისინი ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა. არაერთ გამოჩენილ ადამიანს – ფილოსოფოსს, მეცნიერსა თუ კომპოზიტორს შთაგონების წყარო სწორედ სიზმრიდან მიუღია. სიზმარზე დაკვირვებით ადამიანს მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია. თუმცა, ამას ყურადღებას არ აქცევენ. დღემდე მიაჩნდათ, რომ სიზმარი რაღაც არარეალური, დღის განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებებისა და ემოციების ნაზავი, ეშმაკეული ან სულაც, უბრალო ფანტაზიაა. თუმცა, ეს ასე არ არის. თუ გავიხსენებთ, ყველას გვინახავს ერთი წინასწარმეტყველური სიზმარი მაინც – ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი ცხოვრების მომავალი თანამგზავრი, ახლობლის გარდაცვალება თუ სხვა. მაგრამ, როგორც წესი, ამას მალევე ვივიწყებთ და სიზმრის სამყაროს ისევ მისტიკურ, შავ ფარდას ვაფარებთ.
– და მაინც, საიდან ჩნდება წინასწარმეტყველური სიზმრები? თუ ფიზიკურ სამყაროში რაღაც მოვლენა არ მომხდარა, მაგრამ მას სიზმარში ვხედავთ, ხომ არ ნიშნავს, რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი?
– ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, საჭიროა, სამყარო წარმოვიდგინოთ, როგორც საერთო ენერგოინფორმაციული სივრცე. სანამ რაიმე მოვლენა ჩვენს სამყაროში მატერიალიზდება, ის მზა სახით წარმოიქმნება ასტრალურ სამყაროში, რომელსაც პირობითად შეიძლება „სიზმრების სამყარო” ვუწოდოთ. ჩვენი ყოველი აზრი, სურვილი, მისწრაფება ასტრალურ სამყაროში წარმოქმნის მოვლენების განვითარების ამა თუ იმ კონკრეტულ სცენარს და იზრდება ალბათობა, რომ ის ფიზიკურ სამყაროში მატერიალიზდეს. აქედან გამომდინარე, სიზმარში პირდაპირ ვუკავშირდებით ამ საერთო ენერგოინფორმაციულ სივრცეს და ვხედავთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს. მათგან კი ზოგი ზუსტად ახდება და ზოგი, რაც არ უნდა ველოდოთ, შეიძლება, არც კი ახდეს, რადგან მას მატერიალურ სამყაროში შემდგომი ქმედებებით თავადვე შევუშალოთ ხელი. სიზმრის სამყარო მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეცნობიერთან. მაგალითად, თუ გონებით, ლოგიკური აზროვნებით, გვიჭირს რაიმე რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, ჩვენმა ქვეცნობიერმა იცის გამოსავლის საუკეთესო გზა. პასუხს სიზმრიდან მივიღებთ. თუ დღის განმავლობაში ჩვენს ქვეცნობიერს ამას ვთხოვთ, გაღვიძებულს პასუხი გვეცოდინება, რაც შეიძლება, გონებას არარეალურადაც კი მოეჩვენოს. მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ გზამ მართლაც სამშვიდობოს გაგვიყვანა. გაცნობიერებული სიზმარი – ეს არის მოვლენა, როდესაც სიზმარში „ვიღვიძებთ”. ანუ, როდესაც ვხვდებით, რომ გვძინავს და ვაცნობიერებთ, რომ განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდით. ეს არის სამყაროს მანამდე უცნობი ნაწილის შეცნობის საშუალება. არსებობს გაცნობიერებულ სიზმარში მოხვედრის მარტივი ტექნიკა. დღის განმავლობაში, რაც შეიძლება, ხშირად უნდა გააცნობიეროთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და კარგად დააკვირდეთ გარემოს, ჰკითხოთ საკუთარ თავს, რამე უცნაური ხომ არ ხდება ირგვლივ. შეგიძლიათ, ხელზე დაისვათ ნიშანი ან დაწეროთ ქაღალდზე სიტყვა – სიზმარი და ჩამოკიდოთ ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში ხშირად დაინახავთ. ეს სიზმრის გაცნობიერებას შეუწყობს ხელს. გაცნობიერებულ სიზმარში შესვლის საუკეთესო დროა დილის პერიოდი. ღამით, ძილის პირველ ნახევარში, სხეულს დასვენება სჭირდება და მისი მთელი ენერგია ამაზე იხარჯება. დაახლოებით დილის 5-6 საათზე ადამიანმა უნდა გაიღვიძოს და მტკიცე განზრახვით, რომ შევა გაცნობიერებულ სიზმარში, ისევ დაიძინოს. ამ დროს ცნობიერება ძილ-ღვიძილის საზღვარზეა და ადვილად შეუძლია, სიზმარში ლოგიკური აზროვნება დაიბრუნოს. დაიწყეთ სიზმარზე დაკვირვება, მათი ჩაწერა და ნახავთ, რამდენი წინასწარმეტყველური ინფორმაცია მოგივათ, რასაც რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოიყენებთ. პირადად მე, ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ამბობს, კატასტროფა ან რაიმე სახის უბედურება წინასწარ ვნახე სიზმრის მეშვეობითო. ეს არ მიკვირს. წინასწარმეტყველური სიზმრის ფენომენი ჩემთვის უცხო ხილი არ არის. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ აბრაამ ლინკოლნი საკუთარი სიკვდილის სცენას ორი კვირით ადრე ხედავდა სიზმარში. ზრდასრულ ადამიანს ღამეში საშუალოდ 4-ჯერ ესიზმრება. ისინი დაახლოებით 90-წუთიანი შუალედით მიმდინარეობს და თითოეული შეიძლება, 20 წუთამდეც გაგრძელდეს. სიზმრების უმრავლესობა გაღვიძებისთანავე გავიწყდებათ, რაც გიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ უსიზმრო ძილი გქონდათ. გამონაკლისია შემთხვევები, როცა სიზმრის მომენტში გეღვიძებათ. ამ დროს დედააზრი და ძირითადი მომენტები გახსოვთ. მაგრამ თუკი განსაკუთრებული სიზმარი არ იყო, ისიც მალე გავიწყდებათ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როცა იძინებთ, ღამით ძილის სხვადასხვა ფაზაში იმყოფებით და რამდენიმე სიზმარს ხედავთ. დილის 7 საათზე ტვინი „იგონებს” რაიმე ვითარებას და სიზმრის მეშვეობით გაწვდით. დიდი ალბათობაა, რომ ეს „გამონაგონი“ დღის რომელიმე მონაკვეთში რეალურად ახდეს.