სად სწავლობს გრიგორ ქერდიყოშვილი დედამიწიდან კოსმოსში გამგზავრების ხერხებს და როგორ მოხვდა ის ახალი ზელანდიის რაგბის გუნდში #42
გიორგი ქერდიყოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის კურსანტია. ის პირველი ქართველია, ვინც ამერიკული ფეხბურთი ამერიკის ერთ-ერთ გუნდში ითამაშა. სამხედრო სფეროს გარდა, ის, ასევე, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს და თამაშობს რაგბის. უფრო მეტიც, წელს მან სტაჟირება ახალი ზელანდიის რაგბის გუნდში – „კრუსეიდერების აკადემიაში“ გაიარა.
გრიგორ ქერდიყოშვილი: ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, საქართველოს სამსახურში ვყოფილიყავი და მნიშვნელობა არ ჰქონდა სფეროს. ამერიკა კი ბავშვობის ოცნება იყო. მოხდა ისე, რომ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ამერიკის სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. ეს ბიჭები გახდნენ ჩემი ინფორმაციის წყაროები. სწორედ მათ შემიწყვეს ხელი და დამაკვალიანეს, თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ამერიკულ სამხედრო აკადემიაში სწავლა, როგორ უნდა ჩამებარებინა და ასე შემდეგ. საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, გავედი გასაუბრებაზე და ჩავირიცხე ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო აკადემიაში.
– სამხედრო სფეროს გარდა, სპორტსმენიც ხარ. ჯერ იყო და ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდი... როგორ აღმოჩნდი მათ გუნდში?
– 2013 წელს, როცა აკადემიაში მოვხვდი და კოლორადოში ჩამოვედი, კარანტინის შემდეგ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებმა შემამჩნიეს და მირჩიეს, ამერიკული ფეხბურთის შესარჩევ ვარჯიშზე მივსულიყავი. ჩემი ფიზიკური მონაცემები მოეწონათ, ალბათ. ტანით საშუალო ადამიანზე დიდი ვარ. სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცოდი ამ სპორტის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მივედი და გუნდშიც მოვხვდი. მანამდე, ამერიკული ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ფილმებიდან მქონდა მწირი ინფორმაცია. ეს აკადემიის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა უცხოელი ამერიკული ფეხბურთის გუნდიშ მოხვდა. აქ არსებობს კომიტეტი – NCAA, რომელიც ნებართვას გასცემს, თუ რომელმა სპორტსმენმა ითამაშოს ამერიკული ფეხბურთის გუნდში საუნივერსიტეტო დონეზე. აკადემიამ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ უცხოელს ამ კომიტეტის ნებართვა მიეღო. დაიწყეს გარკვევა და 3-თვიანი თამაშის შემდეგ მითხრეს, რომ ვარჯიში უნდა შემეწყვიტა და დავლოდებოდი კომისიის პასუხს. კომისიის პასუხს კი 6 თვე სჭირდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ შემეძლო ვარჯიში. იქიდან გამომდინარე, რომ ვარჯიშის გარეშე დიდხანს ვერ გავჩერდებოდი, საერთოდ უარი ვთქვი ამერიკულ ფეხბურთზე და არჩევანი რაგბიზე გავაკეთე.
– რთულია სპორტის ეს სახეობა?
– ზოგადად, ამერიკელების ცხოვრებაში დიდი როლს თამაშიობს ეს სპორტი. შესაბამისად, იშვიათად შეინიშნება უცხოელი მათ გუნდებში. მართლა რთული სპორტია და თავიდან ძალიან გამიჭირდა. აქ მოთამაშეს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება – თითოეულ ნაბიჯს განსაზღვრავს მწვრთნელი. თავად თამაშშიც არის კიდევ ბევრი თამაში საკუთარი პოზიციებითა და სვლებით. ეს ყოველივე კი, უნდა დაიზეპირო. საბოლოო ჯამში, იმდენი საზეპირო მქონდა, რომ სკოლას უფრო ნაკლებ დროს ვუთმობდი, ვიდრე სპორტს.
– რა სახის კარანტინი გაიარე, ვიდრე გუნდში ჩაირიცხებოდი?
– ვინც ამერიკულ სამხედრო აკადემიაში აბარებს, ერთკვირიან კარანტინს გადის, რომელიც რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი. ვერ გეტყვით, რომ ეს მარტივია, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. პირადად მე, მზად ვიყავი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ერთადერთი, რაც გამიჭირდა, ყვირილია. ანუ, შენგან ხუთი სანტიმეტრის მანძილზე დგას რამდენიმე ბიჭი, რომელიც შეიძლება შენზე პატარაცაა და გიყვირის. ამ დროს არ გაქვს რაიმეს თქმის უფლება. რეაქცია არ უნდა გქონდეს მათ ყვირლიზე. მე კიდევ სიცილის ვერ ვიკავებდი და ამიტომ ვისჯებოდი (იცინის).
– როგორც ვიცი, საქართველოში ძიუდოში ვარჯიშობდი. ამერიკაში ახლა რაგბის თამაშობ. რატომ ძიუდოს არ გაჰყევი?
– ბავშვობაში, 8 წლიდან ვჭიდაობდი ძიუდოში. მერე საქართველოდან წავედი და ლიტვაში ვცხოვრობდი, თუმცა იქაც ვჭიდაობდი. 16 წლის ასაკში პირველად წამოვედი ამერიკაში – ინგლისურის სწავლა მინდოდა. ამერიკაში ჩავირიცხე ჭიდაობის სკოლაში, სადაც ამერიკულ ხალხურ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი. მქონდა შესაძლებლობა და პერსპექტივა, ეს სპორტი გამეგრძელებინა, მაგრამ გულის სიღრმეში ბოლომდეც არ მინდოდა – თავს ძალას ვერ ვატანდი. რაგბი ბავშვობიდან მიყვარდა. პირველად რაგბის თამაში 5 წლისამ ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტი ვიყავი, სულ თან დამქონდა რაგბის ბურთი. ამერიკაშიც რომ ჩამოვედი, იაპონელ ბიჭებს ვეძებდი და მათ ვთხოვდი, ესწავლებინათ რაგბის წესები, ბურთის სროლა და ასე შემდეგ. აკადემიაში რომ ჩავაბარე, მაშინ ვთქვი, ამერიკულ ფეხბურთში თუ არაფერი გამოვა, მერე რაგბის ავირჩევ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. უფრო მეტიც, სერიოზულად მოვეკიდე ამ სპორტს და მიზნებიც დავისახე. შარშანდელი სეზონი ჩვენმა გუნდმა ამერიკაში მე-7 ადგილით დაამთავრა.
– ახალ ზელანდიაში როგორ მოხვდი?
– მარტის დასაწყისში ჩემმა მწვრთნელმა, რომელიც ახალზელანდიელია, გადაწყვიტა, წავეყვანეთ და რამდენიმე თამაში გვეთამაშა. „კრუსეიდერების“ სავარჯიშო სტადიონზე ვეთამაშეთ ახალი ზელანდიის საჰაერო ძალების გუნდს. იქაურმა მწვრთნელებმა მითხრეს, რომ იყო შესაძლებლობა, ზაფხულში, გარკვეული პერიოდით ჩავსულიყავი და სტაჟირება გამევლო. მართლაც ჩავედი. ერთი თვის განმავლობაში ჩემი მწვრთნელი იყო რუბენ სორნი – ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი. მქონდა შეხება ახალი ზელანდიის ნაკრების მოთამაშეებთან, ვესწრებოდი მათ ვარჯიშებს და 5 მეტრის დაშორებიდან ვუყურებდი, როგორ ხურდებოდნენ, რას აკეთებდნენ ვარჯიშის დროს. ALL BLACK-ის მოქმედი კაპიტანი – კირენ რიდი რომ პირისპირ გიდგას და დარიგებებს გაძლევს; პირადად ხვდები მათ, ვისზეც ბავშვობაში აფანატებდი – მანამდე მხოლოდ ტელევიზორში თუ გინახავს და მათზე წიგნებს კითხულობდი, ეს რასაც ნიშნავს, ალბათ, გასაგებია.
– „ჰაკას“ ცეკვავდი?
– არა, „ჰაკა“ ძალიან ტრადიციულია და განსაკუთრებულ დროს სრულდება. თითქმის ყველა გუნდს აქვს „ჰაკა“, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო დონის ტურნირებზე ცეკვავენ. ეს ცეკვა ყოველდღიურად არ სრულდება, შესაბამისად, მეც არ მომიწია.
– გარდა სპორტისა, კიდევ რომელ პროფესიას ეუფლები?
– ვსწავლობ პოლიტიკურ მეცნიერებებს, მიუხედავად იმისა, რომ ტქნიკური საგნები უფრო მიადვილდება, ვიდრე ჰუმანიტარული, მაინც პოლიტიკური მეცნიერებები ავირჩიე. ასევე, მეცნიერულ საგნებსაც გავდივარ, თუ როგორ დაფრინავენ თვითმფრინავები, რა ხდება კოსმოსში, როგორ შეიძლება, გაემგზავრო დედამიწიდან კოსმოსში და ასე შემდეგ.
– მკაცრი წესებია ამერიკულ სამხედრო აკადემიაში?
– სიმკაცრე არის, მაგრამ როგორც ფილმებშია, ისეთიც არა. ამერიკის ჯარს აქვს ძალიან დიდი ტრადიცია. სიმკაცრეა იმ მხრივ, რომ ეს ტრადიციები დაცული უნდა იყოს. ვინც ამერიკის ჯარში მსახურობს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა იყოს დიდი პატრიოტი. სხვა შემთხვევაში, ამ ტრადიციების დაცვა გაუჭირდება.
– დასჯის მეთოდები არის?
– კი, რა თქმა უნდა, თუ წესებს არ დაემორჩილები, შესაბამის სასჯელსაც მიიღებ. მაგრამ, ძირითადად, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აკადემიაში შენი ყოფნა-არყოფნის საკითხს აყენებენ. თუ წესებს დაარღვევ, მოიპარავ ან ტყუილს იტყვი, შენი გაგდების საკითხი დადგება დღის წესრიგში.
– საქართველოში დაბრუნებას აპირებ?
– რა თქმა უნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მაქვს კონტრაქტი დადებული. აუცილებად ჩამოვალ და ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ჩემს ქვეყანას მოვახმარ. ასევე, მინდა, ქვეყნის სამსახურში ვიყო, როგორც სპორტსმენი და რაგბის თამაშსაც გავაგრძელებ, თუ ამის საშუალებას სამინისტრო მომცემს.