კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამი ცოლიდან რატომ ვერცერთმა ვერ გაუძლო ლევან ბერიკაშვილს და ვისთან ერთად ხვდებოდა ის პირველ თოვლს გალაკტიონის საფლავზე

სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ახალგაზრდობის საუკეთესო და ყველაზე მძიმე მოგონებებიც სწორედ ამ ქალაქთან აკავშირებს. 28 წლის ასაკში მოუწია მშობლიური ქალაქის დატოვება. რთულად, მაგრამ ოჯახის გადარჩენა შეძლო. თუმცა, მშობლიურ მხარესთან ერთად, უამრავი მეგობარი დაკარგა და დღემდე ამ ტკივილით ცხოვრობს. აიმედებს ის, რომ იქ დღესაც ბევრი გადარჩენილი მეგობარი ელოდება. პროფესიად რომ მსახიობობა აირჩია, ეს არც არავის გაჰკვირვებია, რადგან ოჯახიც და გარემოცვაც ამ სფეროს ემსახურებოდა. მსახიობი ლევან ბერიკაშვილი წლებია, რუსთაველის თეატრის სცენაზე დგას და უამრავი ბრწყინვალე როლი აქვს შესრულებული. ცოტა ხნის წინ კი სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ გამოჩნდა.
ლევან ბერიკაშვილი: სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. მამა მუსიკოსი იყო, დედა – რადიომაუწყებლობის დიქტორი. მამა მუსიკალურად აფორმებდა ქართული და აფხაზური თეატრის ყველა სპექტაკლს. ამიტომ, ძალაუნებურად, მეც სულ მსახიობებთან და მუსიკოსებთან ერთად მიწევდა ყოფნა. თეატრალური გარემო ძალიან მიყვარდა. ამას ემატებოდა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ლიტერატურისადმი. ამიტომ, არავისთვის ყოფილა გასაკვირი, პროფესიად მსახიობობა რომ ავირჩიე. თუმცა, ახლა რომ მკითხონ – რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო? ვუპასუხებ – არაფერს, გარდა პროფესიისა-მეთქი. იმიტომ, რომ ასეთი დაუნდობელი პროფესია მეორე არ არსებობს. ამას სხვა პროფესიის წარმომადგენელი ვერ მიხვდება. თუმცა, მე არც სხვა პროფესია მექნებოდა, რადგან სამწუხაროდ, მსახიობობის გარდა, არაფერი მეხერხება. არა, იმას არ ვამბობ, ვაიმე, ნიჭიერი მახიობი ვარ-მეთქი, მაგრამ ამის მეტი, მართლა, არაფერი ვიცი.
– როგორი იყო თქვენი აფხაზეთი?
–  აფხაზეთი ჩემთვის ნამდვილი „დისნეილენდია“, განსაკუთრებით სოხუმი. მე სოხუმის გუბერნატორ ნავროცკის სახლში ვცხოვრობდი. მას ეს სახლი კომუნისტებმა ჩამოართვეს და „ხელოვნების მუშაკების სახლი“ დაარქვეს. მასში ცხოვრობდნენ: ქორეოგრაფები, მხატვრები, მოქანდაკეები, მსახიობები, რეჟისორები... მოკლედ, ეს სახლი ნამდვილი სასწაული იყო. საოცარად ლამაზი ეზო ჰქონდა, ეს იყო „სიგიჟის ეზო“. სიგიჟის, იმიტომ რომ, ყველა ხელოვანს ხომ თავისი სიგიჟეები აქვს. ჰოდა, ასეთ საგიჟეთში გავიზარდე (იცინის). სკოლასთან ერთი კედელი მყოფდა. დილით გაღვიძება ძალიან მეზარებოდა, მაგრამ, როგორც კი ჩემი კლასელი ბიჭებისა და ზარის ხმას გავიგონებდი, რაღა დამაძინებდა. მაშინვე სკოლაში გავრბოდი. სკოლის ზარი ყველაზე მაგარი რამაა. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ადამიანი ვარ – ზუსტად ჩემი სახლის წინ იყო სოხუმის ერთადერთი ეკლესია, რომლის წინამძღოლიც, უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი, ილია მეორე გახლდათ. ბუნებრიავია, იმ ეკლესიაში მოვინათლე, ჩემი ნათლია უწმიდესია. მეორე ნათლიამ, ლეო ფილფანმა დამარქვა ლევანი, მაგრამ ჯემალ შანშიაშვილმა (ნუცა შანშიაშვილის მამა), რომელიც ასევე, ჩემი ნათლია იყო, ბერდო დამარქვა. დღეს ოფიციალურად ლევანი მქვია, მაგრამ ძალიან ახლობლები ბერდოს, ბერდიკოს მეძახიან.
– რამდენი წლის იყავით, იქაურობის დატოვება რომ მოგიწიათ?
– 28 წლის. სოხუმში, სუფრაზე თამადა ვიყავი და ვსვამდით. რობერტ სტურუამ დამირეკა ლონდონიდან და მოულოდნელად მეკითხება: რა ხდება, სოხუმში ომი დაიწყოო? უკვე მთელ მსოფლიოს სცოდნია, რომ სოხუმში ომი იყო და ჩვენ არაფერი გაგვიგია. მერე უცებ დაიწყო საშინელი არეულობა. ჩემი უფროსი შვილი, თორნიკე 3-4 წლის იყო. ძალიან გამიჭირდა შვილისა და ცოლის იქიდან გამოყვანა. მაშინ ჩემი მეუღლე მაია ჯაბუა იყო. ბავშვი მეხრჩობოდა, ისეთი ჭყლეტა იყო. ერთ მომენტში დავკარგე და მაიამ, ჩემმა მეუღლემ იპოვა. მერე რუსმა ჯარისკაცმა უშველა, თორემ მომიკვდებოდა. საშინელი გასახსენებელია ის მომენტები. მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გამოვლას. უამრავი მეგობარი დავკარგე. მარტო, თანაკლასელი მომიკვდა ათი. ჩემთვის უახლოესი ადამიანი პირველი მოკლეს ლესელიძეში. თუმცა, ღვთის წყალობით, იქ დღესაც ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან ვუფრთხილდებით ერთმანეთს, თორემ ისინიც რომ არ იყვნენ, რაღა იქნება ეს ცხოვრება. ტუბერკულოზი მქონდა და სამი თვე ვიწექი. ასთმა მაქვს და ვერ ვსუნთქავ. ექიმმა მითხრა, ერთადერთი, ბავშვი არ გაგიჩენია, თორემ სხვა ყველაფერი გჭირსო. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრს გავყვები ქუდმოხდილი. მაგრამ, ერთხელაც თუ სადმე მკვდარს მნახავენ, ხელზე სოხუმის სახლის მისამართი მაწერია. იმიტომ რომ, მინდა, იცოდნენ – ჩემი სახლი იქაა.
– სერიალში ოთხი ცოლი გყავთ. ინტერვიუმდე საუბრისას მივხვდი, რომ რეალურ ცხოვრებაშიც არ გყოლიათ მხოლოდ ერთი ცოლი.
– რეალურ ცხოვრებაში სამი ცოლი მყავდა. სამივეზე ვგიჟდებოდი და ვგიჟდები დღესაც (იცინის). სამივესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა შევინარჩუნე. ორისგან შვილები მყავს. ჩემი ცოლები რომ მშობიარობდნენ, ვეუბნებოდი: გოგოს თუ გააჩენთ, ესე იგი, მიღალატებთ-მეთქი. ამიტომაც მყავს ორი ბიჭი. ერთთან, სამწუხაროდ, შვილი არ მყავს, თუმცა ის გენიალური ადამიანია. უნდა გითხრათ, არცერთ ცოლთან არ ავდიოდი ვარდებით. პირიქით, მათგან მოვდიოდი ჩანთით და მერე ჩანთითვე ვბრუნდებოდი უკან. ვითომ ვბრაზდებოდი და ვშორდებოდი, მაგრამ მერე ვფიქრობდი: სად მიდიხარ, ბიჭო?. და უკან ვბრუნდებოდი. მადლობას ვუხდი მათ ჩემი გაძლებისთვის. ახლა არაჩვეულებრივ ადამიანთან ვცხოვრობ, რომელთანაც არც ვარდებით მისვლა მჭირდება და არც ჩემოდნით წამოსვლა, უბრალოდ, ბედნიერი ვარ. სამი ცოლი ხომ გამოვიარე, ეს მეოთხეა (იცინის). მახსოვს, ერთი სამარშრუტო ტაქსი, რომლის ბოლო გაჩერებაზეც დედაჩემი ცხოვრობდა, სანამ ბოლო გაჩერებამდე მივიდოდა, ჩემი სამივე ცოლის სადარბაზოსთან აჩერებდა (იცინის). სიმართლე რომ ვთქვა, მაჩხუბარი და რთული ხასიათის საერთოდ არ ვარ, ამის გამო რომ დამშორებოდნენ. ისინი, უბრალოდ, ვერ მიგებდნენ. არ შეიძლება, არტისტს ისე შეხედო, როგორც სხვა, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს. ამით რომელიმე პროფესიას სულაც არ ვაკნინებ, მხოლოდ იმას ვამობ, რომ მე სტანდარტული არ ვარ.
– თუმცა, თქვით, რომ ყოფილ ცოლებზე გიჟდებით და კარგ ურთიერთობასაც ინარჩუნებთ.
– ოღონდ მე მომშორდნენ და მერე ყველას ვუყვარვარ (იცინის).
– შვილები?
– ორი ბიჭი მყავს – თორნიკე და ნიკუშა. მადლობას ვუხდი ჩემს ცოლებს, რომ ორივე შვილი საოცრად კარგი გამიზარდეს. ხომ არსებობს ოჯახები, სადაც მამას შვილს არ აჩვენებენ?! მე ძალიან ცუდი მამა ვარ, მაგრამ ჩემმა ცოლებმა იზრუნეს, რომ შვილებს ძალიან ვყვარებოდი.
– ცუდი ვარო, ამბობთ, ცუდ ადამიანებს კი ერთხელ დაქორწინებაც უჭირთ.
– რომ მინდოდეს, რვასაც მოვიყვან (იცინის). უბრალოდ, არ მინდა, გული დავწყვიტო მათ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, რთული ხასიათი მაქვს. ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ერთი გოგონა მყავდა – ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ არასწორი სიყვარულით. ჩვენი სიყვარული დაინგრა, იმიტომ რომ, ბევრმა არასწორად გაიგო და მართალიც იყო. მაგრამ, არ მინდოდა, ასე, უბრალოდ დავშორებულიყავით. რაღაც დროის შემდეგ იმ გოგოს შემთხვევით შევხვდი და ვუთხარი, რომ ასე უბრალოდ ვერ დავშორდებოდი, ეს ძალიან ულამაზო იქნებოდა. ჰოდა, შევთანხმდით, რომ ყოველ წელიწადს, როცა თბილისში პირველი თოვლი მოვიდოდა, აუცილებლად მთაწმინდაზე, გალაკტიონის საფლავთან შევხვედროდით ერთმანეთს. მას შემდეგ მე და ის ქალი ყოველ წელს გალაკტიონის საფლავზე ვხვდებოდით პირველ თოვლს და ერთმანეთს. მაგრამ, მერე, წლებთან ერთად, ეს გაქრა და დავიწყებას მიეცა.
– აფხაზურ ისტორიებს იხსენებდით, თბილისური ისტორიებიც გექნებათ გასახსენებელი.
– მე და ლევან წულაძე უახლოესი მეგობრები ვართ. თავის დროზე ძალიან ავარდნილი ბიჭები ვიყავით. ერთხელ, მახსოვს, ცოტა ფული გვქონდა და რესტორან „ივერიაში“ შევედით. მხოლოდ ორი ბოთლი ღვინისთვის გვეყო ჩვენი ფული, მეტი არაფერი გვქონდა. მეზობელ მაგიდაზე ნაცნობები დავინახეთ და ჭოლას ვეუბნები: მოდი, ეს ღვინო არ დავლიოთ და გვერდით სუფრას გავუგზავნოთ, ხომ იცი, საპასუხოდ მეტს მივიღებთ-მეთქი. მოგვივიდა კიდეც სამი იმდენი. ისევ უკან გავუგზავნეთ და მოკლედ, ასე ავედით ათ ბოთლამდე. უკვე ცოტა ნასვამები ვიყავით და ერთ გოგოსთან მოგვინდა წასვლა. მახსოვს, ის გოგო პირველ სართულზე ცხოვრობდა. მის სახლს რომ მივუახლოვდით, ლევანმა ქუჩაზე გადაირბინა, უნდოდა, უცებ ეკითხა, სასმელი და ხილი გაქვს თუ მოვიტანოთო და ამ დროს, მოულოდნელად, მანქანამ დაარტყა. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დატრიალდა სამჯერ ჩემი საუკეთესო მეგობარი და უგონოდ დაეცა. მივცვივდით მეც და ის ბიჭებიც, მანქანაში რომ იყვნენ, მაგრამ უშედეგოდ ვცდილობდით მის გონზე მოყვანას. მე საერთოდ ტელევიზორს არ ვუყურებ, მაგრამ წინა საღამოს რატომღაც შემთხვევით ვნახე, აჩვენებდნენ, ყურის ბიბილოზე კბენით როგორ უნდა გამოაფხიზლო გონწასული ადამიანი, რომელსაც ენა გადაეყლაპა. იმ მომენტში ეს გამახსენდა და ლევანს მაშინვე ყურზე ვეცი. ვუკბინე თუ არა, უცებ ღრმად ამოისუნთქა და გონს მოვიდა. მეორე დღეა და ვურეკავ, მაინტერესებს, როგორაა. ისიც მიყვება: ბიჭო, ესა და ეს მაწუხებს შეჯახების და დაცემის გამო, მაგრამ ეს დედა... ყური ისე მტკივა ვგიჟდები და არ ვიცი, რატომო (იცინის).

скачать dle 11.3