რას სთავაზობენ პაციენტს თანამედროვე ქირურგიული ონკოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების პროფესიონალი ქირურგები #42
მედიცინა მუდმივად და სწრაფად ვითარდება. იცვლება მიდგომები კონკრეტული დაავადებების მიმართ.
ახალგაზრდა ქირურგები – დავით ჯინჭველაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, რომლებმაც თანამედროვე ქირურგიული ონკოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილება შექმნეს, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა განიხილებოდეს კონკრეტული პაციენტის პრობლემა, რომ ქირურგის გაწეული შრომა მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს.
ლევან გოგიჩაიშვილი (ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი, ქირურგი-ონკოლოგი, მცირე ინვაზიური ქირურგია): თანამედროვე ქირურგიული ონკოლოგია გულისხმობს მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე შესრულებულ პროცედურებს. კლინიკურ მედიცინაში ჩატარებულმა კვლევებმა მთლიანად შეცვალა მიდგომები ზოგიერთი დაავადების მიმართ და გვაჩვენა, რა არის სწორი და პაციენტისთვის სასარგებლო. ჩვენ რამდენიმე ძირითად გაიდლაინს ვიყენებთ – ეს არის ევროპის ქირურგ-ონკოლოგთა საზოგადოების, ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოებისა და „ნეიშენელ ქანცერ ნეთვერქ” – ამერიკული გაიდლაინია. პერიოდულად მოგვდის მოწვევები, ვიღებთ კვლევებში მონაწილეობას და ინტერნეტის საშუალებით ხდება გამოცდილების გაზიარება მთელი მსოფლიოს წამყვან ქირურგებს შორის.
– ხომ არ გაძლევთ ეს საშუალებას, მაგალითად, კონკრეტული პაციენტის დაავადებაც განიხილოთ უცხოელ კოლეგებთან ერთად და ისე შეარჩიოთ მკურნალობის სწორი კურსი?
– რა თქმა უნდა. ამ ორგანიზაციების ბორდი, ანუ საბჭო, მუდმივად განიხილავს კონკრეტული დაავადებების ვერსიებს და დებს საბოლოო დასკვნას, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელოა ექიმებისთვის. ჩვენ რითაც ვამაყობთ, არის ის, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნის მქონე, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის პაციენტებისთვისაც კი, რომლებსაც ჩვენ „მარტივ პაციენტებს” ვუწოდებთ, მკურნალობის სტრატეგიას არა ერთი ექიმი, არამედ მთელი ბორდი არჩევს. ექიმთა ჯგუფი წყვეტს, როგორ მოიქცეს, რომ პაციენტისთვის მაქსიმალურად კარგი შედეგი დაიდოს.
– ანუ, ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს რაღაც პრობლემას, პირდაპირ უნდა მოვიდეს თქვენთან, რომ ზუსტად მიუთითოთ, რა კვლევები სჭირდება სწორი დიაგნოზის დასმისთვის.
– გეთანხმებით, პაციენტების უმრავლესობა, მიდის პირდაპირ რადიოლოგიურ დიაგნოსტიკაზე, ეგრეთ წოდებულ ექოსკოპიაზე, რაც არასწორია. იმიტომ კი არა, რომ რადიოლოგიური კვლევა საჭირო არ არის, აუცილებელია, ექიმმა-კლინიცისტმა დაგეგმოს კვლევები საფეხურების მიხედვით. ჩვენ ვთანამშრომლობთ სლოუნ-კატერინგის მემორიალურ ჰოსპიტალთან ამერიკაში, ნიუ-იორკში, სადაც ბაზისური კვლევის მთავარი მეთოდი დღემდე, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტიკაში, არის კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია და არა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც, რეალურად, ინფორმაციის შევსებისთვის გამოიყენება. მაგრამ, ეს ბაზისური კვლევაც უნდა დაიგეგმოს ჯგუფის მიერ.
– ბატონო ლევან, პირადად თქვენ, ღვიძლის გადანერგვის რამდენიმე წარმატებული ოპერაცია გაქვთ გაკეთებული. ასევე, წარმატებით ატარებთ ოპერაციებს ღვიძლის სიმსივნეებზე... გვიამბეთ ამ ოპერაციების შესახებ.
– ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გავაკეთეთ ღვიძლის გადანერგვის 9 წარმატებული ოპერაცია. საქართველოში, ჯერჯერობით, ღვიძლის დონაცია მხოლოდ ცოცხალი დონორის გამოყენებითაა შესაძლებელი. როდის კეთდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია – ამ ოპერაციის ჩვენება არის ღვიძლის ტერმინალური მდგომარეობა. ღვიძლს აქვს რეგენერაციის უნარი და თუ მას სწორად მოვეპყრობით, ის თავის ფუნქციას აღიდგენს. მაგრამ, თუ ქრონიკული დაავადებების გავლენის ქვეშაა, ნელ-ნელა, ის საერთოდ ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას და უნდა მოხდეს ღვიძლის გადანერგვა. ამ ეტაპზე გაკეთებული გვაქვს ცხრა ასეთი ოპერაცია და ცხრავე წარმატებით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია იმ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ეს ოპერაცია ყველაზე დაბალ ფასში კეთდება და მისი შესრულების ხარისხი სრულად შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სტანდარტს. ასევე, ძალიან წარმატებით ვაკეთებთ ოპერაციებს ღვიძლის სიმსივნეებზე. რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის მიერ. ამ ტიპის ოპერაციები მთელ მსოფლიოში ძალიან ძვირად ღირებულია.
– ბატონო ლევან, გარდა ღვიძლზე ოპერაციებისა, ონკოლოგიური პაციენტების საკმოდ ფართო სპექტრს მოიცავთ, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ.
– ქირურგ-ონკოლოგ დავით ჯინჭველაძესთან, ასევე ჩევნს გუნდთან ერთად, ვაკეთებთ ყველა ტიპის ოპერაციას, მათ შორის, არაონკოლოგიურ პაციენტებზე. ძალიან გვიყვარს, მაგალითად, (იცინის) მცირე ინვაზიური ქირურგია – ლაპარასკოპიული ოპერაციები... ყოველთვის ვცდილობთ, თუ პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას გვაძლევს, ქირურგიული ჩარევა იყოს მცირე მასშტაბის და ნაკლებად ინვაზიური.
დავით ჯინჭველაძე (ქირურგი-ონკოლოგი, ზოგადი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი): ჩვენ მიერ ამ განყოფილების შექმნის მთავარი მიზანი იყო, ქართველი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც დანერგილია მსოფლიოს წამყვან ქირურგიულ კლინიკებში. დასავლეთის ქვეყნებში, იაპონიაში, კორეაში...
– და, რაც მთავარია, ამ ყველაფრიდან მოგებული დარჩება პაციენტი...
– რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ მან მკურნალობით, მაქსიმალური ეფექტი მიიღოს. გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე და გაუუმჯობესდეს ჯანმრთელობის ხარისხი. ჩარევამ უნდა მოგვცეს დადებითი შედეგი. თუ ამ შედეგს ვერ მივიღებთ, მაშინ ჯობია, არ ჩავერიოთ და მივმართოთ მკურნალობის კონსერვატორულ მეთოდებს.
სწორედ აქეთ მიდის თანამედროვე ქირურგია. მე ექვსი წელია, რაც საქართველოში ვარ. ლევანიც ძალიან დიდხანს გერმანიაში მუშაობდა და იქ აკეთებდა ოპერაციებს. ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა და შეიქმნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომუშავე, თანამოაზრეთა გუნდი. დიდხანს ვარჩევთ მეთოდს, ვმსჯელობთ, თუ რომელი მიდგომა უფრო ეფექტური იქნება კონკრეტული პაციენტისთვის და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ. ჩვენს გუნდში კიდევ რამდენიმე წამყვანი სპეციალისტია – ონკოუროლოგი, ონკოგინეკოლოგი, ბარიატრიული ქირურგიის სპეციალისტი, ქიმიოთერაპევტი და პრობლემას ყველა ერთად განვიხილავთ. მთავარია, პაციენტი მოვიდეს დროულად.
– ძირითადი ნოზოლოგიები, რომლებზეც მუშაობთ...
– კუჭ-ნაწლავის ქირურგია, ნებისმიერი მასშტაბის ონკოქირურგიული ჩარევებით, მათ შორის, მცირეინვაზიური თუ ეს არ არღვევს ონკოქირურგიის წესებს; ენდოკრინული ქირურგია ავთვისებიანი ფორმების ჩათვლით; ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგია; საყლაპავის ქირურგია; სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები: რბილი ქსოვილების ქირურგია, მათ შორის, რბილი ქსოვილების კიბო: მელანომა, ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი კიბო... ერთი სიტყვით, ძალიან ფართო სპექტრს მოვიცავთ.
– პოსტოპერაციულ მკურნალობასაც თქვენ ურჩევთ და უგეგმავთ...
– რა თქმა უნდა, კლინიკური ონკოლოგიისა და თერაპიული მიმართულებების სპეციალისტებთან ერთად, მთლიანად ვუწევთ პატრონაჟს ჩვენს პაციენტს.
ელენე წულუკიძე
კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დარეკოთ: 551 905030