როგორ გახდა წარჩინებული ქართველი ახალგაზრდა ჟურნალისტი ცნობილი კრიმინალი
ცნობილი ქართველი კრიმინალი კუკური კურდღელია, მეტსახელად „კურკა“, საბჭოთა შავი სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და მრავალმხრივი ტალანტი ჰქონდა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ არაორდინარული პიროვნების ცხოვრებიდან.
„უსინათლო“
1935 წელს მარტვილის რაიონში დაბადებული კუკური კურდღელია ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ოინბაზობით და მიუხედავად იმისა, რომ ფრიადოსანი იყო, სისხლს უშრობდა პედაგოგ-მასწავლებლებს – სკოლა აკლებული ჰქონდა. 1953 წელს ოქროს მედალოსანმა კუკურიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარჩინებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვში, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განხრით განაგრძო სწავლა, რომელიც 1958 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა და გაზეთ „იზვესტიაში“ მოეწყო კორესპონდენტად. 23 წლის ყმაწვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მას „ძვირად ღირებულ“ მოსკოვში „საგულაო“ თანხები არ ჰყოფნიდა და კრიმინალურ საქმიანობას მოჰკიდა ხელი. თავის პირველ კრიმინალურ პროფესიად კუკურიმ ჯიბგირობა აირჩია და დანაშაულს საკმაოდ ორიგინალური საშუალებით სჩადიოდა. კურდღელიას მუქი ფერის სათვალე ეკეთა, ხელში ჯოხი ეკავა და უსინათლოდ წარმოადგენდა თავს. დიდ ქუჩაზე გადასვლისას გამვლელ-გამომვლელებს სთხოვდა დახმარებას და სანამ ხელკავგამოდებულ მოქალაქეს ის ქუჩაზე გადაჰყავდა, თაღლითი ჯიბგირი პირწმინდად „უსუფთავებდა“ მას ჯიბეებს... ერთხელ კუკურიმ ცნობილი ჯიბგირი, კანონიერი ქურდი სტეპან ვოლსკი, მეტსახელად „ბოიარი“, „გაასუფთავა“ და მიმალვა სცადა. თუმცა, გამოცდილმა ჯიბგირმა თავისი ახალგაზრდა კოლეგა ტვერის ქუჩის კუთხეში მოიხელთა. შემდეგ ისინი რესტორანში წავიდნენ, ერთმანეთი გაიცნეს, „დაპაძელნიკდნენ“ და წყვილში მუშაობდნენ.
ბილეთების ტრიუკი
ბოიართან ტანდემი ორი წლის შემდეგ დაიშალა, რადგან ვოლსკი ინფარქტით გარდაიცვალა. კუკურიმ კი ახალი პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა, რადგან „უსინათლოს“ მილიცია აჯდა კუდზე. თანაც, დაუდგრომელ ახალგაზრდას ახალ საქმეში უნდოდა თავის გამოცდა და კუკური „დომუშნიკი“ – ბინის ქურდი გახდა. მან ჩვეული ნიჭიერებით აითვისა ამ პროფესიის ყველა ნიუანსი, მაგრამ რის კუკური კურდღელია იქნებოდა, რომ სიახლე არ შეეტანა ამ საქმეში? კუკურიმ, ეგრეთ წოდებული, „ბილეთების ტრიუკი“ მოიგონა. „კურკა“ (ეს სახელი მან თავად შეირქვა და მისი სახელისა და გვარის აბრევიატურას შეადგენდა) ჯერ წინასწარ შეათვალიერებდა ხოლმე გასაქურდ ოჯახს. შემდეგ გადამყიდველებთან „ურიის ფასად“ რომელიმე პრესტიჟული თეატრის ბილეთებს ყიდულობდა და გასაქურდავ ოჯახში გზავნიდა. ბილეთებს თან ახლდა საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი წერილი, რომელშიც ინკოგნიტო თაყვანისმცემელი მათ, პატივისცემის ნიშნად, ბილეთებს უგზავნიდა და წარმოდგენაზე ეპატიჟებოდა. ბილეთების ტრიუკზე წამოგებულთათვის ნამდვილი წარმოდგენა მათ ცარიელ ბინაში იმართებოდა. სანამ „პატივცემულები“ დროს ატარებდნენ, კურკა მათ ბინას პირწმინდად „ასუფთავებდა“ და „დიდი კუშებიც მიჰქონდა. კურდღელია, ძირითადად, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკების“ ბინებს „ბომბავდა“ და იმდენი ფული იშოვა, მოსკოვის ცენტრში ფეშენებელური ბინა შეიძინა. „ვოლგით“ გადაადგილდებოდა და რაც მთავარია, მილიციისთვის მოუხელთებელი რჩებოდა. თუმცა, „მური“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) მას ინტენსიურად ეძებდა. ნიშანდობლივი და საინტერესო კი ისაა, რომ კურკა ჟურნალ „ოგონიოკში“ მუშაობდა. მოსკოვის ბომონდი მას კარგად იცნობდა და რას წარმოიდგენდნენ „მურელი“ მაძებრები, რომ მათი ძებნის ობიექტი ცნობილი ჟურნალისტი იყო.
50 ათასი მანეთი
ჟურნალისტური პროფესიიდან გამომდინარე, კუკური კურდღელიას ხშირად უწევდა ხოლმე მივლინებაში გამგზავრება საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში. ცენტრალური პრესის წარმომადგენლებს კი ყველგან შიშითა და პატივისცემით იღებდნენ. ჟურნალისტის საბუთი კი, ლამის „კაგებესა“ და მილიციის „ქსივას“ უთანაბრდებოდა, რითაც კრიმინალური მენტალიტეტის ქართველი ჟურნალისტი წარმატებით სარგებლობდა. მით უმეტეს, რომ ფართო კავშირების მქონე კურკასთან უამრავი კონფიდენციალური ინფორმაცია იყრიდა თავს, რასაც ის მოხერხებულად და წარმატებით იყენებდა.
1965 წლის ზაფხულში ერთ-ერთ მოსკოვურ, ბომონდურ საღამოზე კურდღელიამ შეიტყო, რომ სოხუმის საკონსერვო ქარხნის დირექტორი, ვარლამ მასხულია ხიზილალით სპეკულაციას ახორციელებდა და დიდ „მაყუთს“ ღუნავდა. კურკამ არც აცია, არც აცხელა, მასხულიასთან სოხუმში ჩავიდა, კაბინეტში ეწვია, საბუთი წარუდგინა და კონფიდენციალური ინფორმაცია ისე ხატოვნად მიაწოდა, რომ საკონსერვო ქარხნის დირექტორმა თავისი პატიმრობის თხუთმეტწლიანი, შავი პერსპექტივა ნათლად დაინახა. მან თავადვე შესთავაზა კრიმინალ ჟურნალისტს 50 ათასი მანეთი. მეორე დღეს კი თანხა სრულად ჩაუთვალა და მოსკოვში მშვიდობიანად გაისტუმრა.
პირველი მარცხი
1967 წლამდე „კურკა“ მოუხელთებელი იყო, გამოძალვებს ახორციელებდა, რაც დიდი წარმატებით გამოსდიოდა და მას არავინ უჩიოდა, რადგან შანტაჟის ობიექტები თავადვე იყვნენ კანონის დამრღვევნი... კუკური კურდღელიამ ამ გზით, სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში, 700 ათასი მანეთი იშოვა და თავის გემოზე ცხოვრობდა... „კურკამ“ მორიგი შანტაჟი თბილისელი „ვალუტჩიკის,“ ოთარ მიხანაშვილის წინააღმდეგ ჩაიფიქრა. კურდღელია თბილისში ჩამოვიდა, მიხანაშვილს სახლში ეწვია და წარუდგა. შემდეგ თავისი ინფორმაცია გააცნო და სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოსთხოვა. მიხანაშვილმა ფულის შოვნისთვის ერთი კვირა ითხოვა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული კურკა მშვიდობიანად გამოისტუმრა. შეხვედრის ადგილად კი სასტუმრო „ივერიის“ სახინკლე დაუთქვა, რომელიც სარდაფში მდებარეობდა. სწორედ „ივერიის“ სახინკლეში აიყვანა „კაგებემ“ კურკა იმ დროს, როცა ოთარ მიხანაშვილმა მას დანომრილი 50 ათასი დოლარი გადასცა. საქმე ის იყო, რომ მიხანაშვილი „კაბესთან“ იყო შეკრული, მათი დავალებით მოქმედებდა და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას გადაურჩა. კურკა კი 12 წლით ციხეში გამოამწყვდიეს, მთელი ქონება აუწერეს, ჩამოართვეს, თან მთელი მისი კრიმინალური წარსული მოაყოლეს... კურკა 6 წლის შემდეგ, 38 წლის ასაკში გაათავისუფლეს ციხიდან და კრიმინალური მოღვაწეობის ნულიდან დაწყება მოუხდა, რადგან არც სახლ-კარი ჰქონდა, არც საარსებო თანხა და ძველი მეგობრები სიახლოვესაც არ იკარებდნენ.
ნიჭიერმა კრიმინალმა მალევე ააწყო ცხოვრება და მართალია, ბოროტმოქმედებით ირჩენდა თავს, მაგრამ შანტაჟისთვის აღარასდროს მიუმართავს. კურკა კიდევ ორჯერ მოხვდა ციხეში, ერთხელ ჯიბგირობისთვის, ერთხელ კი – ბინის გაქურდვისთვის, მაგრამ მალევე გათავისუფლდა პატიმრობიდან. კურკა 2006 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ქალაქ პენზაში.