ინტიმური საუბრები #42
ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ მომიწევდა ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, ვის გამოც სიცოცხლეს დავთმობდი
ძალიან პატარა ასაკში, სიყვარულით გავთხოვდი და რას წარმოვიდგენდი, თუ ის, ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და მთელი დარჩენილი წლების მასთან გატარებას ვგეგმავდი, ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევდა. ზუკამ და მე ერთმანეთი სკოლაში გავიცანით და დავამთავრეთ თუ არა, დავქორწინდით. სულ რაღაც ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები და არასდროს შემინიშნავს მის ხასიათში ეჭვიანობა. პირიქით, თბილი და მოსიყვარულე იყო. მაგრამ, რაც წლები ემატება, სულ გიჟდება – ეჩვენება, რომ ყველა მე მიყურებს, ყველას ჩემთან უნდა დაწოლა. სახლიდან ფეხს არ მადგმევინებს. მარტო უცხო მამაკაცებზე კი არა, საკუთარ ნათესავებზეც ეჭვიანობს. მეუბნება, როცა სახლში არ ვარ, არცერთი ნათესავი მამაკაცი არ დავინახო მოსულიო. ვეღარ ვხვდები, რა გავაკეთო. კი ამბობენ, თუ მამაკაცი ეჭვიანობს, ესე იგი, ქალი უყვარსო, მაგრამ ასეთი სიყვარული უკვე მარაზმია. ვგრძნობ, საკუთარი „მე“ დავკარგე. მასზე ვარ დამოკიდებული და მხოლოდ მის მითითებებს ვასრულებ. უკვე ოთხი წელია, ერთად ვართ და მის გარეშე, მარტო არსად გამიდგამს ფეხი. ამას წინათ, მამიდაშვილი მესტუმრა, ოთიკო, უცხოეთში ცხოვრობს. წლების განმავლობაში არ მყავდა ნანახი და სახლში მომაკითხა. ამაზე სულ გადაირია ჩემი ქმარი. მასთან არაფერი შეიმჩნია, მაგრამ ოთიკო რომ წავიდა, მე მომდგა. რას მოდიოდა, მე რომ არ ვიყავი სახლში. დაერეკა და ეკითხა, როცა მოვიდოდი, მაშინ მოსულიყოო. ამას ყველას ხომ ვერ ვეტყვი? არც დამიჯერებენ. ისე ვინიღბები, თითქოს ბედნიერი ვარ და ზუკას გვერდით თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. მაგრამ, სინამდვილეში, სიცოცხლე აღარ მინდა. მომბეზრდა მის ხუშტურებზე სიარული და ყოველწამს თვალებში ყურება, როდის გაბრაზდება და დამიწყებს უაზროდ ჩხუბს და გინებას. დედამისი სულ ეჩხუბება, რა გინდა, დაანებე ამ გოგოს თავიო, მაგრამ, თან დააყოლებს: ახლანდელი გოგოები ისეთები არიან, თუ არ აკონტროლე, ისე გაგისხლტებიან ხელიდან და დაგადგამენ რქებს, ვერც კი მოხვალ აზრზეო. აი, ასე ჰყავს გაზრდილი მისი ვაჟბატონი და იმიტომაცაა, ასე მკაცრად და სადისტურად რომ მექცევა. არადა, თითქოს ჩემს მხარეზეა. რომ იტყვიან, არც მწვადს წვავს და არც შამფურს. მართლა, ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ მომიწევდა ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, ვის გამოც სიცოცხლეს დავთმობდი. ვიცი, ვუყვარვარ, ამას ვგრძნობ, მაგრამ ზღვარგადასული ეჭვიანობის გამო, სულ სტრესში ვარ. რა ვიცი, საიდან რა მოელანდება? მოკლედ, გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი და როდემდე გავუძლებ, ღმერთმა იცის. სამწუხაროდ, ამის შესახებ ვერავის ვუყვები და ბოღმა მახრჩობს.
ცირა 22 წლის