კითხვა-პასუხი #42
კითხვა: მაქვს ნორმალური ტიპის კანი. ფეხების გაპარსვის შემდეგ მიჩნდება ხორკლები. მაინტერესებს, როგორ მოვიცილო ეს და გაპარსვის შემდეგ რა წავისვა მსგავს პრობლემასთან საბრძოლველად?
პასუხი: გაპარსვის წინ ფეხებზე მიიღეთ ცხელი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიქაფეთ და თავდაპირველად გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით, ოღონდ არ დააჭიროთ კანს საპარსი, შემდეგ კი საწინააღმდეგოდ. გლუვი კანი რომ მიიღოთ, გაპარსვის შემდეგ, დეზინფექციის მიზნით, დაიმუშავეთ კანი ქაფურის სპირტით, შემდეგ კი წაისვით დამარბირებელი ან სპეციალური, პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი კრემი. აუცილებლად ხარისხიანი საპარსი გამოიყენეთ.
კითხვა: მითხრეს, რომ ბროწეული კარგია სახის კანისთვის. იქნებ მასწავლოთ, როგორ გამოვიყენო ის?
პასუხი: შემოგთავაზებთ ბროწეულის მატონიზირებელ ნიღაბს. დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი ბროწეულის წვენი, 1/2 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული და 3 სუფრის კოვზი ჰერკულესი. ჰერკულესი მოხარშეთ მდუღარე წყალში და დაელოდეთ გაგრილებას. შემდეგ აურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის – აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს.
ბროწეულის მკვებავი ნიღაბი – ერთმანეთში აურიეთ 4 სუფრის კოვზი არაჟანი (ცხიმიანი კანისთვის) ან ცხიმიანი ნაღები (ნორმალური და მშრალი კანისთვის), 3 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი. მიღებული მასა დაიდეთ სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონაში. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ბროწეულის მავიტამინიზებელი ნიღაბი: აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის ცილა, თითო-თითო სუფრის კოვზი ბროწეულისა და გრეიფრუტის წვენი. დაიდეთ ეს მასა ბამბის ტამპონით კარგად გასუფთავებულ კანზე 3 ფენად. მომდევნო ფენა უნდა წაისვათ წინა ფენის შეშრობის შემდეგ. მესამე ფენის დადების შემდეგ, ნიღაბი კიდევ 10-15 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი, გადადუღებული წყლით. ეს ნიღაბი აახალგაზრდავებს კანს, არბილებს და ჯანსაღ იერს სძენს.