სიყვარული რეანიმაციაში #42
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-41(824)
ცისია აივანზე იჯდა და თვალებმოჭუტული უმზერდა ჩამავალ მზეს. დავითი ნელა მიუახლოვდა და ფრთხილად მოახურა თბილი პლედი მხრებზე.
– გეძებდი. უკვე ცივა, აივანზე კი ორპირი უბერავს, – ქალიშვილი მისკენ შებრუნდა და სახეში ჩააშტერდა.
– შეიძლება, რაღაც გკითხოთ? ოღონდ გულახდილად უნდა მიპასუხოთ.
დავითი დაიბნა:
– მე არასდროს მომიტყუებიხარ.
– მაშინ მითხარით, თქვენ ყველა პაციენტზე ასე ზრუნავთ?
კაცს პირი გაუშრა. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. გოგო უცნაური ცნობისმოყვარეობით, მომთხოვნი გამომეტყველებით შესცქეროდა.
– ცისია, ჩემი, როგორც ექიმის მოვალეობაა...
– არ გინდათ, დავით. პირდაპირ მიპასუხეთ, მე ხომ ჩვეულებრივი, ძალიან მარტივი შეკითხვა დაგისვით.
– არც კი ვიცი, რა გითხრა... – დავითი მახეში მომწყვდეულივით ეძებდა გამოსავალს და თვალებს საცოდავად აცეცებდა.
– რისი მოსმენა გინდა, ცისია, ხომ ხედავ, როგორ ვიტანჯები? – აღმოხდა ბოლოს.
– ვხედავ და სწორედ ამიტომ დაგისვით ეს შეკითხვა, ხომ არ გინდათ, მეც ვიტანჯებოდე.
– შენ... შენ რატომღა იტანჯები? – ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა დავითმა და ცისიას ნატიფი თითები ხელისგულში მოიქცია.
– იმიტომ, რომ მიყვარხართ! – წამოიძახა ცისიამ და კაცის ხელი ლოყაზე მიიდო, – ძალიან მიყვარხართ. მინდა, სულ თქვენ გვერდით ვიყო. სხვანაირად ვერ ვიცოცხლებ, ვერ ვისუნთქებ და მოვკვდები.
– ცისია, გაჩუმდი. წარმოდგენა არ გაქვს, რას ამბობ. ჯერ ძალიან პატარა ხარ და ბევრი რამ არ იცი.
– ვიცი. ის ვიცი, რომ მიყვარხართ. ეს საკმარისი არ არის?
– არა, ცისია, არაა საკმარისი. ჯერ ერთი, რომ სიყვარული ძალიან სერიოზული გრძნობაა. თანაც, არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც... რომელიც...
– მე ძალიან სერიოზული ვარ. პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი კი, უბრალოდ, სასაცილოა. შეგიძლიათ, პირდაპირ მითხრათ, რომ არ გიყვარვართ.
გოგომ ხელები გამოსტაცა, სახეზე აიფარა და ასლუკუნდა.
– ცისია...
– თავი დამანებეთ. არ მჭირდება სიბრალულის გამოხატვა თქვენგან. არც ის მჭირდება, ბავშვივით ენას მიჩლექდეთ. მე ქალი ვარ, შეყვარებული ქალი. მირჩევნია, საერთოდ არ გხედავდეთ, ვიდრე თავზე მადგეთ და მანუგეშებდეთ.
დავითს სახე დაუნაღვლიანდა.
– ნეტავ, ხვდებოდე, რას ლაპარაკობ. თითოეულ შენს სიტყვაზე ჟრუანტელი მივლის, მაგრამ მე გამოცდილება და მრავლის ნახვის უპირატესობა არ მაძლევს უფლებას, ავმჩატდე და შეუძლებელი დავიჯერო.
– რა არის შეუძლებელი? ის, რომ მიყვარხარ? ღმერთო, რა გავაკეთო, რომ დამიჯერო?
– ცისია, ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, ათი წლით უმცროსი მაინც რომ ვიყო. თუმცა, ათი წელიც ცოტაა. ოცი წლით უმცროსი მაინც უნდა ვიყო, რომ შენი სიყვარულის უფლება მქონდეს.
– სისულელეა, გესმის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა? – ცისიამ მასსა და კაცს შორის ბარიერი წაშალა და როგორც თანასწორს, ისე მიმართა, – ათი წელი... ოცი წელი... მე გეუბნები, რომ მიყვარხარ. რატომ ითვლი ამ წლებს? შეიძლებოდა, იმ ავარიაში საერთოდ მოვმკვდარიყავი, მაგრამ გადავრჩი და გეუბნები, რომ დარჩენილი სიცოცხლე მინდა, შენ გვერდით გავატარო.
კაცმა ვეღარ გაუძლო მოწოლილ გრძნობას. ემოციამ ფარ-ხმალი დააყრევინა, გოგოს ორივე ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა. მერე სახე მის თმებში ჩარგო და აჩურჩულდა.
– შენ არ იცი, რა ხდება ახლა ჩემს თავს. გული ლამის საგულედან ამომივარდეს. სული მეხუთება და ვგრძნობ, რომ შენ ხარ ის სუფთა ჰაერი, რომელიც ცხოვრების გაგრძელების სურვილს დამიბრუნებს. ის ხავსი ხარ, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, ვეჭიდები და საკუთარ თავს არ ვუტყდები იმაში, რომ მთელ ქვეყანაზე მეტად მიყვარხარ.
– დავით! – სიხარულით შეჰკივლა ცისიამ და სახე ბედნიერებისგან გაუცისკროვნდა.
– ჩუმად ცისია, არ გამაჩერო, ისედაც ძალიან მიჭირს შენთვის ამ ყველაფრის თქმა. როგორც კი დაგინახე, მაშინვე შემიყვარდი. ოღონდ ამას ვერ ვხვდებოდი. შეიძლება, არ მინდოდა, რომ მივმხვდარიყავი. როგორც კი ჩემს გრძნობაში გამოგიტყდებოდი, მაშინვე გამიჩნდებოდა დანაშაულის განცდაც. დამღალა საკუთარ თავთან ბრძოლამ. ჰო, მიყვარხარ და ამიტომაც მინდა, ბედნიერი იყო. ამიტომაც გიშვებ ჩემგან. ამიტომაც ვცდილობ, საპირისპიროში, ანუ იმაში დაგარწმუნო, რომ ქვასავით უგრძნობი ვარ.
– თუ ჩემი ბედნიერება გინდა, ცოლად შემირთე, – თქვა მოულოდნელად ცისიამ, რომელიც მანამდე ჩუმად ისმენდა კაცის მონოლოგს, გულის სიღრმიდან ამოხეთქილსა და ტკივილნარევს.
დავითი გაჩუმდა და ცისიას მიაჩერდა.
– არ შემიძლია...
– რა არ შეგიძლია – ჩემი ცოლად შერთვა? კი, მაგრამ რატომ?
– იმიტომ, რომ შენს მშობლებს თვალებში ვერ ჩავხედავ.
– მამაჩემმა იცის, ვუთხარი.
დავითს სახეზე შეშფოთება გამოეხატა.
– ირაკლიმ იცის? რა... რა უთხარი?
– რომ მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ. მამაჩემი ჩემზე გიჟდება. ვიცი, გამიგებს.
– შენ შეიძლება, გაგიგოს, მაგრამ მე ვერ გამიგებს. იმიტომ რომ, მე თავად არ მესმის საკუთარი თავის. ვერ ვხვდები, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, ეს როგორ დამემართა.
ცისიამ სავარძლის საზურგეს ორივე ხელი ჩასჭიდა, ფეხზე წამოდგა და დავითს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– უარს ამბობ ჩემზე? არ გინდა, ერთად ბედნიერები ვიყოთ?
დავითმა სულ ახლოს, სახესთან იგრძნო მისი თბილი სუნთქვა და სულიც კი შეუგუბდა. მიხვდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებდა ამდენ ემოციას და გრძნობას, რომელიც უკვე ბატონობდა მასზე.
***
ნია ფანჯრის რაფაზე იჯდა და ფეხებს თანაბრად იქნევდა, საათის წამზომის რიტმს აყოლებდა. თიკომ მადუღარა გამორთო, ფინჯნებში ფრთხილად ჩამოასხა და ნიას გახედა:
– მოდი, გაცივდება.
– ჰა, მოყევი ახლა, რა ქენით შენ და გუკამ. ისე კარგი ტიპია, ხო?
თიკომ მხრები აიჩეჩა და გაწითლდა.
– მოყევი რა, ნუ გერიდება. მგონი, მოსწონხარ. რას იტყვი? რაღაც ძალიან შემოგციცინებდა.
– კარგი, რა. საიდან მოიტანე? საკუთარ თავზე მომდის ბრაზი. რატომ დავთვერი. შენც რომ არაფერი მითხარი? წარმომიდგენია, რა იფიქრა ჩემზე.
– მოიცა, რა. რა უნდა ეფიქრა? მხატვარია. მაგათ ვერ გააკვირვებ და საერთოდ, რატომ ჩამოგტირის თავ-პირი, ასეთი მაგარი ბიჭი „შეაბი”...
– „შეაბი” რა სიტყვაა. ხომ მიცნობ. მე სერიოზული ურთიერთობები მაინტერესებს. გუკასთან გართობა-ღლიცინში დროს ვერ დავკარგავ. ჯერ ერთი, არ მცალია, მეორეც – ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენგან არაფერი გამოვა. საერთო არაფერი გვაქვს. მოკლედ, მე გუკას აღარ შევხვდები.
ნიამ გაიცინა და ყავა მოსვა.
– აშკარად მოგწონს გუკა. სულ ტყუილად არ გინდა, გამომიტყდე. დილით მანქანით რომ მოგიყვანა, ფანჯრიდან დაგინახე, სახე გიბრწყინავდა.
თიკო მოიღუშა.
– ისე, მე გაბრაზებული ვარ შენზე.
– ჰო? რა დავაშავე?
– მარტო დამტოვე იმ ბიჭთან, თანაც მთვრალი.
– კარგი რა?! აბა, რას ამბობ. გავიწყდება, რომ მეც მთვრალი ვიყავი? საერთოდ ვერ ვაზროვნებდი. თანაც, ხომ თქვი, არაფერი მომხდარაო. რა განერვიულებს? ან იქნებ ნანობ, რომ არ მოხდა.
თიკომ საყვედურით შეხედა.
– როგორ შეგიძლია, ასე მელაპარაკო? ძალიან განვიცდი ამ ამბავს. დავიბენი, გონება ამერია. ჩემთვის ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში ვარ. არ ვიცი, თავში ეს ყველაფერი როგორ დავალაგო.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– არსებობს ამ ყველაფრის მოგვარების მარტივი საშუალება. გუკას კიდევ უნდა შეხვდე.
– არა, ვერ შევხვდები.
– ხომ გითხარი, მოგწონს-მეთქი.
– საიდან მოიტანე?
– აბა, რატომ არ გინდა მასთან შეხვედრა? გეშინია, რომ მის მომხიბვლელობას ვერ გაუძლებ?
– შეიძლება, არ უარვყოფ და არც შენ უარყო, რომ ანდროსთან წევხარ, – მიახალა თიკომ და მაშინვე ინანა, – მაპატიე, წამომცდა, არ მინდოდა.
– არა უშავს, – ჩაიცინა ნიამ, – არ მაქვს პრობლემა. ანდროსთან თავს კარგად ვგრძნობ. უარი რატომ უნდა ვთქვა სიამოვნებაზე?
– მაოცებ. ისიც არ გითქვამს, რომ გიყვარს.
– იმიტომ, რომ არ მიყვარს.
– ისე ადვილად ლაპარაკობ ამაზე...
– ჰო, ადვილია. მე ცხოვრებას ასე ვუყურებ. მისმინე, ბატონი დავითი არ დაბრუნებულა? რაღაც დიდხანს გაუგრძელდა დასვენება.
– შვილის დაბადების დღე ჰქონდა. ეტყობა, მოენატრა თავისი ოჯახი და დარჩა.
– ოჯახი... შვილი, რომელიც გათხოვილია, ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და შვილიშვილები, რომლებსაც ბაბუა წელიწადში სამჯერ, ან ოთხჯერ ხედავს. ეს ოჯახი არაა... – უფრო საკუთარ ფიქრებს უპასუხა ნიამ.
თიკომ ფინჯანი დადო და ექთანს გაოცებით შეხედა.
– შენ რა, ბატონი დავითი მოგწონს? იქნებ გიყვარს კიდეც?
– საიდან მოიტანე, რა სისულელეა. უბრალოდ, ის ვთქვი, რასაც მართლა ვფიქრობ. კლინიკა თვეზე მეტია, უპატრონოდ არის მიტოვებული. სოსო კი აკეთებს ოპერაციებს, მაგრამ ბატონ დავითთან ვერ მივა. ეს დავითმაც იცის და სოსომაც. ამიტომაც მიკვირს, ამდენი ხანი აქაურობა რომ მიატოვა. რაღაც ხდება და შენ ეს იცი.
თიკოს ყოყმანი დაეტყო.
***
ანამ მობილური გათიშა და ქმარს სასოწარკვეთით შეხედა.
– რა მოხდა? – მშვიდად ჰკითხა მირიანმა.
– საშინელება. არა, ხომ გეუბნებოდი, გული ცუდს მიგრძნობს-მეთქი. ხომ გეუბნებოდი. ეს... ეს... არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– გეხვეწები, დამშვიდდი, რაც უნდა მომხდარიყო, ქვეყნის აღსასრული არ დამდგარა.
– მართლა? გააჩნია, შენთვის რასთან ასოცირდება ქვეყნის აღსასრული. მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. მამაჩემი... მამაჩემი.. – ანას ხმა აუთრთოლდა და ცრემლები წამოუვიდა. არ მესმის, როგორ უნდა გაიმეტოს კაცმა ასე, ერთადერთი შვილი. ახლა გული გამისკდება.
მირიანი წამოხტა, ცოლთან მივიდა და სცადა, მოხვეოდა, მაგრამ ქალმა უხეშად მოიცილა მისი ალერსი.
– დედაჩემი მართალი იყო. მაგას მარტო საკუთარი თავი უყვარს. ეგოისტია და თანაც, უსინდისო ეგოისტი...
– ანა, რა მოხდა?
– ცოლი მოჰყავს.
– რა? – მირიანს უნებლიეთ გაეღიმა, – მერე რა არის ამაში საშინელი, პირიქით, უნდა გიხაროდეს.
– რა უნდა მიხაროდეს? – შეჰყვირა ანამ, – თუმცა, რაზე გელაპარაკები, შენც ზუსტად ისეთივე ხარ, როგორიც მამაჩემია. დარწმუნებული ვარ, რამე რომ დამემართოს, ერთ წელსაც არ დაიცდი, მაშინვე ცოლს შეირთავ.
– ანა, აბა, რას ამბობ, რა სისულელეებზე ფიქრობ.
– ჩემს დაბადების დღეზე არ ჩამოვიდა, გესმის? არც კი დაურეკავს. ახლა კი ბედნიერი მეუბნება, რომ ცოლი მოჰყავს და რომ უნდა ჩამოიყვანოს და გაგვაცნოს. ნაძირალა!
– ანა, მამაშენსაც აქვს პირადი ცხოვრების უფლება.
– ჰო, აქვს, მაგრამ მის ასაკში? ცოლი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც დედაჩემის მოულოდნელი ავადმყოფობითა და გარდაცვალებით გადაიტანა?! ესე იგი, მატყუებდა, როცა მეუბნებოდა, რომ მის ცხოვრებაში მთავარი მე ვარ და მერე მისი საქმე. მატყუებდა. სინამდვილეში, საცოლეს არჩევდა. ფუ, გული მერევა ამ ყველაფერზე.
– ანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხარ. პატრონი ეყოლება, მარტო აღარ იქნება. ის ქალი მასზე იზრუნებს, გაუფრთხილდება.
– შენ ან იდეალისტი ხარ, ან სულელი. მართლა ფიქრობ, რომ ის ქალი ცოლად იმიტომ მიჰყვება, რომ მასზე ზრუნვა აქვს გადაწყვეტილი?! ფული და მდგომარეობა – აი, რამ დააინტერესა მამაჩემში. ღმერთო, კაცები ასეთი სულელები რატომ არიან?! არ მინდა იმ ქალის გაცნობა. დაურეკე შენს სიმამრს და უთხარი, რომ აქ არ ჩამოვიდნენ.
– ვერ დავურეკავ! – კატეგორიული ტონით მიუგო მირიანმა და მოიღუშა, – უფრო სწორად, არ დავურეკავ. პატივს ვცემ მამაშენს და ასე უსამართლოდ ვერ მოვექცევი.
– თვითონ რომ მომექცა უსამართლოდ, ეს არაფერს ნიშნავს? თუ საკუთარი ცოლის ინტერესები არ გაღელვებს?
– ანა, შენ ახლა აღელვებული ხარ და მესმის შენი. გიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ დედაშენის ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს. მაგრამ, ამ ფაქტს სხვანაირადაც, მეორე მხრიდანაც შეხედე.
– რომელი მხრიდანაც უნდა შევხედო, მამაჩემი მაინც უსინდისო, ეგოისტი და ნაძირალაა, – მიახალა ანამ.
მირიანმა ადროვა, სანამ ცოლს ბრაზი ჩაუცხრებოდა. მერე ბართან მივიდა, ორი ბოკალი „მარტინით” შეავსო და მიუტანა.
– მოდი, დავლიოთ. მერე ჩაიცვი, ბავშვებსაც ჩავაცვათ და გავისეირნოთ. სადმე შევიდეთ, დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. საღამოს კი მამაშენს დავურეკოთ. ვუთხრათ, რომ ველოდებით და მათი ნახვა გაგვიხარდება.
– მგონი, გაგიჟდი... ხომ იცი, რომ თამაში არ შემიძლია. თავს ვერ შევიკავებ და ყველაფერს ვეტყვი, რასაც ამ გულისამრევ ფაქტზე ვფიქრობ.
– კარგი, რა ანა. თვალებზე გატყობ, ერთი სული გაქვს, ისე გაინტერესებს, იმ ქალის ნახვა. მაგრამ, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ჩაიცვი, მე ქვემოთ დაგელოდები. დარწმუნებული ვარ, საღამოს აზრს შეიცვლი.
მირიანი ოთახიდან გავიდა. ანამ მარტინი მოსვა და დაფიქრდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში