კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინონ თანამედროვე ქრისტიანებმა მოწყალების გაცემისას და რის კეთება ეკრძალებათ სასულიერო პირებს #42

„როგორც იოკობ მოციქული, უფლის ხორციელი ძმა ბრძანებს: რწმენა საქმეების გარეშე არის მკვდარი. ეს ყველაფერი უფრო გასაგები და საცნაურია სამ საღვთისმეტყველო სათნოებაში. ეს არის: რწმენა, იმედი და სიყვარული. ანუ, რწმენა: ვინ გვწამს, როგორი ღმერთი გვწამს, სარწმუნოების სიმბოლო უნდა ვიცოდეთ თავისი განმარტებით; მეორე – რომ იმედი გვაქვს მამა-ღმერთის, ძე-ღმერთის, სულიწმიდისა და მესამე – სიყვარული, რაც აღესრულება მცნებების დაცვით,“ – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება  ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – მამაო, დღეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ერთმანეთზე, პირიქით, დაპირისპირებასა და განკითხვაში არიან. ეს ხშირად ოჯახის წევრებსაც კი ეხება.
– ქრისტიანებს წესად უნდა ჰქონდეთ, ერთმანეთის სულიერ მდგომარეობაზე იზრუნონ. ზრუნვა კი გამოიხატება მათთვის ლოცვაში, ერთმანეთის ლოცვებში მოხსენიებაში და არა მათ განკითხვასა და დამცირებაში. ამისთვის კი საკუთარ გულში ჩახედვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. რაც უფრო ღრმად იხედება ადამიანი გულში, რაც უფრო მეტად  ნათდება სულიწმიდის მადლით, მისთვის უფრო ადვილი დასანახი ხდება მისი დაცემული ბუნება. ის, ასევე, ხედავს ღმერთის უსაზღვრო მოწყალებას, მის სიყვარულს. ეს კი სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის გრძნობას უღვიძებს – მათთვის ლოცვის, ზრუნვისა და დახმარების სურვილს. როდესაც საკუთარ უსჯულოებას უყურადღებობით ვტოვებთ, ის მაშინვე იწყებს მოყვასის ცოდვების თვალთვალს. ამას კი შედეგად ის მოჰყვება, რომ მასზე ცუდს ვამბობთ, განვიკითხავთ და ვამცირებთ, ბოლოს კი თვითონ ვვარდებით ასეთივე ცოდვებში. არადა, არაფერი ისე არ განაშორებს ღმერთს, არაფერი ისე არ განძარცავს ადამიანს და არ განაშორებს მას ღვთის მფარველობას, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და დამცირება მოყვასისა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განკითხვა სხვა რამეა და დამცირება – სხვა. დამცირება ის მდგომარეობაა, როდესაც არა მხოლოდ განიკითხავენ მოყვასს, არამედ კიდეც სძულთ და ზიზღით ზურგს აქცევენ. ეს ცოდვა განკითხვაზე უფრო დამღუპველია. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩააგონოს შიში იმისა, რომ ხვალ შეიძლება, თვითონ შესცოდოს და ამით მოყვასის განკითხვასა და დამცირებას განერიდება. სიძულვილი, ზიზღი, დამცირება, განკითხვა ეშმაკის საქმეა და თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე იგი, მისი თანამზრახველი ვხდებით და საკუთარ თავს, სულსაც ვაგინებთ. შეიძლება, ძმა ან უცოდინრობის გამო სცოდავდეს, მაგრამ ერთი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული, რომელიც ღვთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო მეტად სათნო იქნება, შენ კი განსჯი და განიკითხავ მას და სულს იმძიმებ. ან შეიძლება, დაეცა ადამიანი, მაგრამ შენ ხომ არ იცი, მან რამდენი სისხლი დაღვარა ამ დაცემამდე? შენ მხოლოდ ცოდვას ხედავ, ღმერთი კი, სხვა რამესაც ხედავს, ამიტომაც იწყალებს. შენ კი მხოლოდ ცოდვის დანახვის გამო განიკითხავ. რაც უფრო ახლოსაა ადამიანი თავის მსგავს ადამიანთან, მით უფრო ახლოსაა ის ღმერთთან, რადგან ქვეყანა წრეა, ცენტრი – ღმერთი, რადიუსები კი ადამიანების ბედი. რაც უფრო მეტად შედის ადამიანი წრის შიგნით, მით უფრო უახლოვდება ის არა რადიუსებს, არამედ სხვა ადამიანებს და პირიქით, როცა ადამიანი სცილდება სხვებს, ის ღმერთისგანაც შორს იმყოფება.
– ხშირად ამბობენ: ეკლესიაში დავდივარ, შესაწირს გავიღებ, გაჭირვებულებსაც ვეხმარები, ეკლესიაშიც გავცემ შესაწირს, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება ჩემს ცხოვრებაში, მაინც ვერ ვიღებ იმას, რაც მსურსო.
– როდესაც შენ ბოროტის მოქმედი ხარ, ჩასაფრებული ცოდვაა შენთან. ამიტომ, როცა გაბოროტდები, იტყვი: დავდივარ ეკლესიაში, ვაკეთებ შესაწირს და ღმერთი მაინც არ იწირავს, ვარდები შურში და განიკითხავ იმ ადამიანს, რომელიც შენზე კარგად გრძნობს თავს, შენზე მოწყალე და კეთილია. როდესაც ადამიანი რამეს სწირავ ღმერთს, ის შესაწირის რაოდენობას კი არ უყურებს, არამედ უყურებს თქვენს გულს – როგორი განწყობილებით სწირავს მას შესაწირს. საეკლესიო ცნებებით, ადამიანს ევალება, რომ სასულიერო პირზე იზრუნოს, რაც აქვს, იქიდან მცირედი უწილადოს მოძღვარს, რადგან მან თუ სულიერი მოგცა, შენც უნდა მისცე და ეს არ არის მოწყალება. როდესაც მრევლი არ აკეთებს ასეთ რამეს, მერე სასულიერო პირი ვერცხლისმოყვარეობაში ვარდება და განიკითხავენ მას: აქ ვიყავით, მღვდელმა თანხა მოითხოვაო. ეკლესიაში ღმერთმა მოძღვარი დაადგინა და გითხრა პავლე მოციქულის პირით: პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როდესაც ხარი ლეწავდა კალოს, იქიდან ჭამდა კიდეც. თუ მოძღვარი შენთვის ქადაგებს, შენთვის იღვწის, წვალობს, ხანდახან შენც უნდა იფიქრო მასზე, რომ მასაც აქვს ოჯახი და მასაც სჭირდება გარკვეული შემოსავალი. თან, მოძღვარს აკრძალული აქვს მეორადი სამსახური, მისი მოვალეობა ლოცვა, წირვა და ქადაგებაა. ძველ აღთქმაში მალაქია წინასწარმეტყველი უფლის სიტყვით ბრძანებს: მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აქ საუბარია არა მოძღვრის სახლზე, არამედ უფლის სახლზე. იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ ღმერთი არავის სცდის და ის არავისგან გამოიცდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ის ბრძანებს: აბა, გამომცადეთ თქვენი ცნობიერებით. ანუ, თქვენ თუ მოიტანთ მეათედს, მე თქვენს ოჯახებს ავავსებ საგანძურით. ღმერთმა თქვენ მოგცათ ჯანმრთელობა, გონება, აზროვნება და თუ ამ ნიჭს, წყალობას, რომელიც უფალმა მოგცათ, არ გასცემთ გულითა და სულით, მით უმეტეს, არ გასცემთ იმას, რაც საკუთარი შრომით, ხელფასით გიშოვია. ანუ, გაეცი ის, რაც ღმერთმა მოგცა დაუშურებლად და ღმერთი ამ ყველაფერს შეიწყალებს და წყალობას მოგცემს. აუცილებელი არ არის, ეკლესიას შესწიროთ გარკვეული თანხა. ბევრს ხელფასი არ აქვს, არ გააჩნია არანაირი თანხა. ამიტომ, მე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი შესაწირი ღმერთმა შეიწიროს. ლოცვას მიცვალებულთათვის ხომ არ სჭირდება თანხა? შეგიძლიათ, მოძღვარს ჰკითხოთ, ვინ არის ეკლესიაში ცუდად, დაეხმაროთ, მოიხსენით ლოცვებში. გზაშეცდომილთა მოქცევა – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მრავლად დაეხეტებიან ქუჩაში და ჩვენ ხშირად გვეზარება მათთვის იმის თქმა: წამოდი ეკლესიაში, წამოდი, ნახე, იქ რა ხდება. ხედავთ, ვიღაც ლოთია, ვიღაც მრუშია, ბილწსიტყვაობს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან არ არის ჩვენი ახლობელი და ამიტომ არაფერს ვეუბნებით. წერია: დუმილით გაიცემაო ღმერთი. როცა შენ ხედავ უსამართლობას, უსულგულობას და ჩუმად ხარ, ესე იგი, შენც თანამონაწილე ხდები ამ ყველაფრის და სხვის შვილს თუ არ დაარიგებ, არ მიანიშნებ იმას, რომ ცუდად იქცევა, მერე შენს ოჯახშიც შემოვა ეს უბედურება. ოღონდ ადამიანები უნდა ამხილოთ თქვენი პირადი ქმედებით, მოაქციეთ და არ აჰყვეთ, რომ მისი მსგავსი უგუნური არ გახდეთ. შენ თუ კეთილი ხარ, იცი კეთილისა და ბოროტის გარჩევა, მაშინ შეგიძლია, სხვას მისცე რჩევა. ადამიანი ხომ უცბად არ ხდება ბოროტი, ცუდი, ამიტომ სანამ დაეცემა, მანამდე მიდი და კეთილი რჩევა მიეცი. დღეს მწუხარე ადამიანები ძალიან ბევრნი არიან. მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, რადგან ვის კართან დაიჩოქებს ხვალ სნეულება, არავინ იცის. რაც მთავარია, ნუ გახდებით შემფასებლები და პირიქით, დაეხმარეთ მათ ისე, როგორც შეგიძლიათ. არ უნდა იყოთ შურისმაძიებლები, არ უნდა თქვათ ვინმეზე: ხედავთ, ღმერთმა როგორ დასაჯა, რა დაემართა. ნუ იქნებით ბოროტები, რადგან შეიძლება, იგივე განსაცდელში თქვენ ჩავარდეთ და ის, ვისაც განიკითხავდით, აქეთ დაგეხმაროთ. ღვთის სამართალზე დიდი და უკეთესი არაფერია. დაბოლოს, უნდა მიუტევო შენს მაგინებელს, რადგან როგორც უფალი ამბობს: მიუტევე და შენც მოგეტევებაო. იყავით მოწყალენი, რადგან თქვენი ზეციური მამა არის მოწყალე.

скачать dle 11.3