მოძღვარი გვირჩევს #42
კითხვა: რამდენჯერ უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი წლის განმავლობაში?
პასუხი: მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირას აღევლინება წირვა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას უფლის სისხლი და ხორცი სიმბოლურად ეწირება. ეს კი ნიშნავს, რომ სასურველია, ყოველ კვირადღეს ვეზიაროთ. მაგრამ, რადგან ამას სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ ვახერხებთ, ზიარება თვეში ერთხელ მაინც უნდა შევძლოთ. 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ზიარებისთვის განსაკუთრებული მომზადება და მარხვის შენახვა არ სჭირდებათ. ამიტომ, შეგიძლიათ, ისინი ყოველ კვირას მიიყვანოთ ტაძარში და აზიაროთ.
კითხვა: როგორ მოვეპყრათ ურწმუნოებს?
პასუხი: მათზე უნდა ვილოცოთ და შევიცოდოთ ისინი. გულით უნდა გვინდოდეს მათი ჭეშმარიტების გზაზე დაყენება და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. არ უნდა შევიდეთ მათთან კონფლიქტში. უნდა ვიყოთ მშვიდები და კორექტულები.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, რომ განსაცდელის შემდეგ, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში?
პასუხი: უნდა ეცადოთ, შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. იფიქრეთ, რომ ღმერთმა ეს განსაცდელი თქვენზე ამა თუ იმ ცოდვის გამო დაუშვა. ილოცეთ და მოთმინებით მიიღეთ უფლის მიერ მოვლინებული განსაცდელიც და სიხარულიც. გახსოვდეთ, სასოწარკვეთილება უმძიმესი ცოდვაა და ამ ცოდვით ადამიანი სასუფეველს კარგავს.
კითხვა: რას ნიშნავს მთავრობისმოყვარეობა?
პასუხი: მთავრობისმოყვარეობა არის ძალაუფლების მოპოვების აულაგმავი სურვილი, რაც ჩვეულებისამებრ, საამისო უნარის არმქონე ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე. მათ არ აქვთ კეთილი განზრახვა – სარგებლობა მოუტანონ ადამიანებს. მათ მხოლოდ საკუთარი სიამაყის, პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება სურთ. ასეთები ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ გავლენიანი მფარველების მეშვეობით, მლიქვნელობითა და სხვა მდაბალი ხერხებით.