რა პრინციპით აწესებენ ბანკები კომუნალური გადასახდელების აკრეფისას საკომისიოებს და რატომ აძლევს სახელმწიფო კომერციულ ბანკებს მოსახლეობის გაყვლეფის საშუალებას #42
ისე მოხდა, რომ არცერთ კომუნალური მომსახურების გამწევ კომპანიას, „თბილგაზი“ იქნება ის, „თელასი“, „თბილისის წყალი“ თუ დასუფთავებისა, აბონენტთა მომსახურების სერვისცენტრები არ გააჩნიათ, სადაც მოქალაქეს შეეძლებოდა, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე დაეფარა აღნიშნული გადასახდელები. უფრო მეტიც, მათ გზას სატელეფონო, ინტერნეტ და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიც დაადგნენ და თუ მომსახურების მიღება გინდა, საკომისიოც აუცილებლად უნდა გადაიხადო. მეორე მხრივ, სერვისცენტრების გაუქმებამ, ცხადია, ზემოჩამოთვლილ კომპანიებს ხარჯი მოაკლო (სერვისცენტრების შენახვა არცთუ მცირე თანხა ჯდება), ანუ მოგება გაუზარდა. იმას გარდა, რომ ამ კომპანიებმა ბანკებს გვარიანი შემოსავალიც მოუტანა, რადგან სწორედ ბანკები იღებენ მომსახურების საკომისიოს მომხმარებლისგან, თვით მობილურის ანგარიშის შევსებისასაც კი, მაშინ, როდესაც ბარათები ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს. რატომ იჩაგრება მომხმარებელი ასე შეხმატკბილებულად ბიზნესის სასარგებლოდ და რატომ ხუჭავს თვალს ამ თვითნებობაზე სახელმწიფო, – თემას ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად განვიხილავთ.
– არის თუ არა ნორმალური, რომ კომუნალური მომსახურების გამწევ კომპანიებს არ აქვთ სერვისცენტრები, სადაც მომხმარებელს შეეძლება საკომისიოს გარეშე გადასახდელის გადახდა, ანუ ჰქონდეთ ალტერანტივა?
– იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ჩვენთან დაწესებული საკომისიო გადასახდელები კომუნალურ მომსახურებაზე მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნებოდა, კომუნალური მომსახურების კომპანიებს თავიანთი სერვისცენტრების რაოდენობა გაეზარდათ, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ სერვისცენტრებში და იქ დაეფარათ გადასახდელები ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. თუმცა მინდა გითხრათ, მოწინავე ქვეყნების პრაქტიკა იქითკენ მიდის, რომ ასეთ კომუნალურ გადახდებს ემსახურებოდეს არა სერვისცენტრები, არამედ საფინანსო დაწესებულებები. ოღონდ საქართველო იმით განსხვავდება ცივილიზებული ქვეყნებისგან, რომ ჩვენთან საკომისიო, რომლებსაც აწესებს ნებისმიერი საფინანსო დაწესებულება, არის უსაშველოდ მაღალი, ვინც იხდის მცირე გადასახდელს და უსაშველოდ მცირე, ვინც იხდის დიდ გადასახადს. ელექტროენერგიის საფასური გინდა ათი ლარი გადაგიხდია და გინდა – ასი, საკომისიო მაინც 50 თეთრია. გარდა ამისა, დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც საფინანსო დაწესებულებები აჩერებდნენ მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას და დროულად არ რიცხავდნენ კომუნალური მომსახურების მიმწოდებლებთან, თუმცა ეს პრობლემა დღეისთვის აღმოფხვრილია.
– თავად იყენებდნენ თანხას?
– დიახ, არადა, ბანკი თუ ერთი-ორი დღით დაიტოვებს მიღებულ თანხას, ჩათვალეთ, რომ მილიონებს აკეთებს. ჩვენი ქვეყნის პირობებში მიწანშეწონილად მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს კომუნალურ გადახდებზე საკომისიოების დაწესების წესი და ოდენობა. ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, საიდან მოიტანეს კომერციულმა ბანკებმა საკომისიოდ 50 და 80 თეთრი. ან, თუ პოლიციის ჯარიმას იხდი – ერთი ლარი?
– რის მიხედვით დგინდება საკომისიო?
– შესრულებული სამუშაოს თვითღირებულებას დამატებული მოგება და საქართველოში, თუ შესრულებული სამუშაოს თვითღირებულება 50 თეთრიდან არის 5 თეთრი, არც კი, იმიტომ რომ ელექტრონული გადახდა კომერციულ ბანკებს არაფერი უჯდებათ, დანარჩენი 90 პროცენტი არის მათი მოგება. ამას ჰქვია სამევახშეო მოგება და სამევახშეო მოგებაზე ცივილიზებულ ქვეყნებში, ასევე, არსებობს სპეციალური მუხლები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.
– საბანკო სისტემით გადახდა მიღებულია ცივილიზებულ ქვეყნებშიო, გასაგებია ეს და მისაღები, მაგრამ კომპანიები არა მხოლოდ კომუნალური მომსახურების გამწევი, არამედ სატელეფონო, ინტერნეტის, ტელევიზიისა თუ მობილური კავშირგაბმულობის ძალიან დიდ თანხას ზოგავენ სერვისცენტრების არარსებობით. მათ გადაუხადონ საფინანსო ინსტიტუტებს გადასახადის აკრეფის საკომისიო?
– ცუდი მაგალითი გადამდებია. შეხედეთ საჯარო დაწესებულებებს. რომელიმე საჯარო დაწესებულებას აქვს თავისი სალარო?! ყველგან არიან მოკალათებულები კომერციული ბანკების ოპერატორები, რომლებიც კრეფენ ფულს და ამაში იღებენ საკომისიოს, რაკი ემსახურებიან სახელმწიფო საჯარო სამსახურებს. გამოდის, რომ, თუ საჯარო დაწესებულებამ არ მოაწესრიგა ეს საკითხი, თუ არ გათავისუფლდნენ ამ სიმბიოზისგან, ეს პრობლემა არ გადაიჭრება. კომერციული სტრუქტურებისა და სახელმწიფო სტრუქტურების სიმბოიზი თუ არ დაირღვა და საჯარო სექტორი არ გათავისუფლდა კერძო სექტორის ზეწოლისგან, მაშინ კერძო სექტორი იმავეს გაიმეორებს, რასაც აკეთებს სახელმწიფო. თქვენ მიდიხართ სახელმწიფო დაწესებულებაში, იხდით მომსახურების საფასურს და ამაში კომერციული ბანკი იღებს ერთლარიან საკომისიოს: იქნება ეს იუსტიციის სახლი თუ მომსახურების სააგენტო. ეს მანკიერი სისტემა უნდა დაირღვეს, მაგრამ მაგალითის მიმცემი არ ჰყავს კერძო სექტორს, რომ მოიქცეს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ბიზენსს შეეფერება ცივილიზებულ ქვეყნებში.
– მომხმარებლის უფლება არ არის ალტერნატივა? მინდა, რამდენიმე სერვისცენტრში მივალ და საკომისიოს გარეშე დავფარავ გადასახადებს და მინდა, ვისარგებლებ ბანკების მიერ შემოთავაზებული კომფორტით და გადავიხდი საკომისიოს? სასამართლოს გზითაც არ არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება?
– ჩამოვთვალე სამი ხელისშემშლელი ფაქტორი და ამ შემთხვევაში მუშაობს კანონმდებლობის სიმწირე. ჩვენთან კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, ფაქტობრივად, უმოქმედოა და ძალიან მწირი, რომელიც ვერ მოიცავს მომხმარებელთა ფართო სპექტრს და მომსახურების ყველა სფეროს. ამიტომ აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა და დამატება იმის, რომ გაქვს ვალდებულება, უზრუნველყო გადასახადების მიღება. მით უმეტეს, რომ დენის, გაზისა და წყლის მიმწოდებელი კომპანიები არიან მონოპოლისტები.
– ბუნებრივი?
– არა, სახელმწიფო რომ ყოფილიყო მათი მფლობელი, იქნებოდა ბუნებრივი მონოპოლისტი, ისევე, როგორც რკინიგზაა. მონოპოლისტების საქმიანობა ცალკე უნდა რეგულირდებოდეს. ამაზე ცალკე კანონმდებლობა უნდა არსებობდეს, ჩვენთან კი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ამ საკითხს არ არეგულირებს. არადა, სხვა ქვეყნებში მონოპოლისტს უკონტროლებენ ტარიფებს, ხარჯებს, შემოსავლებს, ურთიერთობას მოსახლეობასთან, ანუ, ფაქტობრივად, მათი საქმიანობა სახელმწიფოს ხელის გულზე უდევს და არეგულირებს ტარიფებსა და მომსახურების პირობებს. ჩვენთან სუსტი სახელმწიფოა, სუსტი კანონმდებლობა და იმიტომაც ბედავს ბიზნესი ამდენს. თქვენ იცით ბოლოდროინდელი ყბადაღებული პოლიტიკა, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ბიზნესი არ უნდა იყოს მიშვებული; მას არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ჩაგვრის საშუალება და ამაში ძალიან ცდებოდა ყველა მთავრობა, რომელიც იყო ქვეყნის სათავეში. არ შეიძლება ბიზნესის მიშვება, რადგან ის ყოველთვის დაჯიჯგნის მოსახლეობას უკონტროლობის პირობებში, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ.
– ხომ არ არსებობს ჩაშლილი მონაცემი, რომ გავიგოთ, მხოლოდ საკომისიოებით რა შემოსავალს იღებენ კომერციული ბანკები, იქნება ეს კომუნალური გადასახდელები, მობილურის ჩარიცხვა, ინტერნეტისა თუ ტელეფონის გადასახადი, ჯარიმების საკომისიო თუ საჯარო დაწესებულებებში გაწეული მომსახურების საკომისიო?
– ეს მონაცემი აქვთ ბანკებს და არ არის საჯარო, მაგრამ, თუ ეროვნულ ბანკს ექნება ამის სურვილი, შეუძლია, გამოითხოვოს ეს ინფორმაცია და შემდეგ, ზოგადი სახით გაავრცელოს, რომ მხოლოდ საკომისიოებით კომერციულმა ბანკებმა ამა და ამ ოდენობის შემოსავალი მიიღეს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სისტემაა: კომერციული ბანკები კომუნალურ გადასახდელებს იხდიან კომპანია „ჯორჯიან ქარდით“. ეს კომპანია იღებს ყველა კომუნალურ გადასახდელს და ის კომერციული ბანკების მიერაა შექმნილი. თუ მიადგებით ბანკს და ეტყვით, რატომ გაქვთ ასეთი დიდი საკომისიო, ის გიპასუხებთ, ჩვენ ძალიან ცოტა გვრჩება, ძირითადად, „ჯორჯიან ქარდს“ მიაქვსო. ანუ ფულის აკრეფის მრავალსაფეხურიანი მექანიზმია: თან ანაწილებენ პასუხისმგებლობას, თან ზრდიან საკომისიოს. ასე ხდება, როდესაც საბანკო ზედამხედველია სუსტი და კომერციული ბანკები, რასაც უნდა, იმას აკეთებენ; ან ეროვნული ბანკი უბრალოდ თვალს ხუჭავს ასეთ საკითხებზე. თუმცა სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები საკმაოდ მკაცრად არეგულირებენ კომერციული ბანკების სატარიფო პოლიტიკას – იგულისხმება ნებისმიერი საკომისიო. ითხოვენ ხარჯთაღრიცხვას, ჩვენთან კი ეროვნული ბანკი არაფერს ითხოვს, პირიქით, რა ფასიც გინდათ, დააწესეთო.