რომელი პროფესიები მიეკუთვნება საქართველოში მძიმე, მავნე და საშიშს და რატომ არ იცავს დასაქმებულთა უფლებებს საქართველოს კანონმდებლობა #42
თუმცა დასაქმება ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლია, საქართველოშიც არსებობს სახიფათო პროფესიები. შესაბამისად, სამწუხაროდ, სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევებიც გვაქვს და ჯანმრთელობის დაზიანებისაც. როგორ იცავს საქართველოს კანონმდებლობა დასაქმებულებს მავნე და სახიფათო სამუშაო გარემოსგან, – ამ საკითხს საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე და ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი განგვიმარტავს.
– რა პროფესიები ხვდება საქართველოში სახიფათოთა ჩამონათვალში – გადმოვიღეთ დასავლეთისგან თუ შეფასების როგორი საკანონმდებლო ბაზა არსებობს?
– შეფასების ბაზა ასეთია: მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული ადამიანები, თუმცა ამ ჩამონათვალს იქით, არც საკანონმდებლო ბაზა არსებობს და არც გარანტიები აქვთ ამ ადამიანებს. ამ ჩამონათვალში 700-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანია და ამ კუთხით, რამე პრობლემა არ არის. რა ჩამონათვალიც მიაწოდა პროფკავშირებმა, სრულად გაიზიარა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან რამე ვალდებულება, იმას გარდა, რომ ეს პროფესიები ამ ჩამონათვალშია, სახელმწიფოს არ აქვს და დიდ წინააღმდეგობას არ გვიწევენ. ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებაა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და ამ ბრძანებით მიიჩნევიან ამ პროფესიის ადამიანები მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულებად. თუმცა ცალკე განხილვის საგანია, რეალურად, რა პროფესიებში გვხვდება უბედური, ტრავმული შემთხვევები.
– სწორედ ეს რეალობაა ყველაზე საინტერესო. რეალურად როგორი სურათია, რომელ სფეროებში დასაქმებული ადამიანები ზარალდებიან ყველაზე ხშირად?
– ჩვენი უბედურება ისაა, რომ იმ საკანონმდებლო სივრცეს, რომელიც საქართველოშია, აზრი არ აქვს, რადგან არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც უნდა ამოწმებდეს სამუშაო პირობებს, იცავს თუ არა დამსაქმებელი კანონმდებლობას. თუ სასამართლოში იჩივლებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ნორმები არ არსებობს, თუ როგორ უნდა ეცვას სამუშაო ადგილზე ადამიანს, რა წესები უნდა დაიცვას, აქვს თუ არა ჯანმრთელობის ცნობა, იქმნება პრობლემა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა, ვიცოდეთ, რომ წითელზე გასვლა არ შეიძლება, მაგრამ არ გვყავდეს საპატრულო პოლიცია და არ იყოს შუქნიშნები.
– ანუ სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს?
– შეიძლება, ითქვას, რომ აზრი არ აქვს, თუმცა ჩვენ ვახერხებთ სასამართლო პროცესების მოგებას. სასამართლოს გზით, 700 000 ლარზე მეტი აქვთ აღებული დასაქმებულებს დამსაქმებლებისგან.
– ვის მოუმართავს თქვენთვის, რომელ სფეროში დასაქმებულებს?
– ძალიან ხშირია უბედური შემთხვევა მძიმე მრეწველობაში, მეტალურგიაში; ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროელებს, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებსა და მშენებლებს შორის. მშენებლების შემთხვევების გარდა, ძირითადად, პროფკავშირები იღებენ მონაწილეობას ამ დავებში და, როგორც წესი, წარმატებით სრულდება – დამსაქმებლები გარიგებაზე მოდიან ჩვენი ჩართულობით. მაგალითად, ერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჭიათურაში მარჩენლის გარეშე დარჩა ოჯახი და დამსაქმებელს მოუწია 300 000 ლარზე მეტის გადახდა კომპენსაციის სახით. გვქონია 50 000-ლარიანი საკომპენსაციო თანხის გაცემის შემთხვევებიც. სხვადასხვა გადაწყვეტილებებია. არადა ამ თანხის 10 პროცენტიც რომ დაეხარჯათ ამ საწარმოებს უსაფრთხოებაზე, ამ თანხის გადახდა არ მოუწევდათ. თუმცა სახელმწიფოს სრულად მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა კომპენსაციის გაცემაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრავმებს იღებენ სამუშაო ადგილებზე. ეს ეხება ძალოვნებსაც.
– როგორც ვიცი, სახელმწიფო უხდის კომპენსაციას ძალოვნებს, პოლიციელებსაც და სამხედროებსაც.
– მე გაჩვენებთ უამრავ ადამიანს, არანაირი კომპენსაცია რომ არ მიუღია. არადა, წესით, ხელფასის 70 პროცენტს მაინც უნდა იღებდნენ, როდესაც ტრავმების გამო შრომისუუნარონი ხდებიან. ვგულისხმობ, ძირითადად, პოლიციელებს.
– დაღუპვის შემთხვევაში, პოლიციელის ოჯახისთვის გასცემენ 10 წლის ხელფასს ერთჯერადად. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაუზიანდა ჯანმრთელობა, ამას იხდის სახელმწიფო.
– დაღუპვა სხვა შემთხვევაა. ჩვენ ტრავმულ უბედურ შემთხვევაზე ვლაპარაკობთ. სამხედროების ამბავი არ ვიცი. საგულისხმოა მშენებლობები: იქ მასობრივად ხდება დარღვევები და ტრავმული შემთხვევები, მაგრამ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, რადგან არ არსებობს ნორმალური შრომითი კონტრაქტები. ძირითადად, ეს საოჯახი ბიზნესია, სადაც მეწარმესთან დაახლოებული კატეგორია მუშაობს. ამდენად, ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ სიღრმისეულად არ ვიცით, რა ხდება. ოფიციალურ ცნობებში, როგორც წესი, დაზიანება ბრალდება დასაქმებულს.
– ესე იგი, დაზარალებულები არ ჩივიან? ოჯახური ძალადობის მსგავსი სიტუაცია ყოფილა: როდესაც პოლიციას არ მიმართავენ მოტივით – ეს ოჯახის საქმეაო.
– დიახ, დაზარალებულები არ ჩივიან, იმიტომ რომ, არ აქვთ ინფორმაცია, სად იჩივლონ და როგორ. მათი კონტრაქტები დროებითია და, ამას გარდა, მოქცეულები არიან ბიზნესმენის კლანჭებში – არც იციან, რომ არსებობს რამე ნორმა და სტანდარტი. თუ გადახედავთ თბილისში მიმდინარე მშენებლობებს, ნახავთ, რომ მუშებს არც ჩაფხუტი ახურავთ, არც დამცავი ბადეა, არც ხიმინჯებია აგებული ისე, როგორც ამას, ზოგადად, შრომის უსაფრთხოება მოითხოვს. ეს ძალიან სერიოზული და თვალშისაცემი პრობლემაა.
– კონტრაქტები ახსენეთ, მეტალურგებსა და მაღაროელებს აქვთ შრომითი ხელშეკრულებები?
– მაღაროელებს აქვთ კონტრაქტები და ჩვენც იმ ერთადერთ ჩანაწერს ვეყრდნობით, რომელიც უსაფრთხოებას ეხება, რის მიხედვითაც, უბედური შემთხვევის დროს, დამსაქმებელმა უნდა მოახდინოს დასაქმებულის რეაბილიტაცია. თუმცა ამ რეაბილიტაციას სხვადასხვანაირად განიხილავენ და სწორედ ამისთვის გვჭირდება სასამართლო პროცესები. ალბათ, კანონის დამწერისთვის უნდა გვეკითხა, დაღუპვის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტაცია. ასეა თუ ისე, საბოლოოდ, სწორედ ამ ჩანაწერით ვახდენთ სოლიდარობის პროვოცირებას და ვიგებთ სასამართლო პროცესებს.
– დასაქმებულის დაღუპვის შემთხვევაში, რა ვალდებულება აქვს დამსაქმებელს?
– დამსაქმებელს არანაირი ვალდებულება არ აქვს, მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იწერება ისეთი დასკვნები, როგორიც დამსაქმებლისთვისაა ხელსაყრელი და, როგორც წესი, აბრალებენ დასაქმებულს.
– სამუშაო პირობების დარღვევის გამო დაღუპვის შემთხვევაში თუ მოუმართავს ვინმეს თქვენთვის?
– გვქონდა ასეთი შემთხვევა და დავუმტკიცეთ, რომ ელექტროკაბელი იყო გაშიშვლებული, რამაც გამოიწვია სიკვდილი. აქედან გამომდინარე, დაღუპულის შვილებს 18 წლამდე უნდა გადაუხადონ თანხა. სწორედ ამ შემთხვევას ეხებოდა 300 000-ლარიანი კომპენსაცია.
– თქვით, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს. რის გაკეთება შეუძლია?
– სახელმწიფო დასაქმებულების უფლებების დაცვას განიხილავს, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის შემაფერხებელ ფაქტორს. მხოლოდ არჩევნების წინ გასცემენ პოლიტიკოსები უხვ დაპირებებს ამ მიმართულებით. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვაწარმოეთ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანია და, სულ მცირე, ერთი უბნის ამომრჩველს ავუხსენით, თუ რა უფლებები აქვთ. ამ საკითხების დარეგულირება ამომრჩევლის მოთხოვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა – სახელმწიფოს კეთილი ნებიდან. დროა, საქართველოს მოსახლეობამ დაივიწყოს, რომ ვიღაც კეთილი ძია იფიქრებს მათ უფლებებსა და მათ შრომით კონტრაქტზე, მათ შრომით უსაფრთხოებაზე. შრომის ინსპექციას რომ არ შექმნის ქვეყანა, მგონი, ნათელია სურათი. „ნაციონალებმა“ გააუქმეს შრომის ინსპექცია და დღეს „ოცნება“ წარმატებით აგრძელებს ამ საქმეს.
– ევროასოცირება არ გვავალდებულებს შრომის ინსპექციის აღდგენას?
– თვალს უხვევენ ევროპელ ჩინოვნიკებს, თითქოს შექმნეს შრომის ინსპექცია, მაგრამ უფუნქციო. არის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგრამ არ ჰყავს თანამშრომლები.
– ვაწარმოეთ კამპანია, რომ ერთი უბნის ამომრჩევლისთვის მაინც მიგვეწოდებინა ინფორმაცია მათი შრომითი უფლებების შესახებო. მივცეთ რჩევები ჩვენს მკითხველს, მათი რა უფლებები უნდა დაიცვას დამსაქმებელმა?
– კონსტიტუციითაა გარანტირებული სიცოცხლის უფლება და ის ვითარება, რაც შრომით ბაზარზეა, ზღუდავს სწორედ სიცოცხლის უფლებას. ჩვენ მუდმივად გვესმის, თუ როგორ უნდა მიეცეს ბიზნესს შეღავათები, როგორ უნდა დაიკლოს მოგების გადასახადმა და თქვენ ვერ მეტყვით ისეთ ფაქტს, როდესაც ლაპარაკია დასაქმებულთა უფლებებზე, საშემოსავლო გადასახადის კლებაზე, შრომის უსაფრთხოებაზე. სარგებლობენ იმით, რომ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და თუ ერთს რამე მოუვა, შრომით ბაზარზე უამრავი მსურველია, რომ მისი ადგილი დაიკავოს. ველური კაპიტალიზმის პირობებში მოკლებულები ვართ იმის განცდას, რომ სხვა ადამიანებსა და მათ სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ.
– თუკი დასაქმებული არ ეთანხმება შრომით ხელშეკრულებას და ფიქრობს, არ არის დაცული მისი უფლებები, რა ბერკეტი აქვს დამსაქმებელზე ზემოქმედებისთვის, რომ მან არ უთხრას, მაშინ სხვას ავიყვან შენ ნაცვლადო?
– დამსაქმებელი ამას აუცილებლად ეტყვის და მცირე ბიზნესსა და მშენებლობებში, ძირითადად, ასეც ხდება. მაგრამ დიდ საწარმოებში, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, აუცილებლად დადგება საკითხი, რომ დასაქმებულებსაც აქვთ უფლებები და როგორც არ უნდა დაიყოლიონ ისინი დამსაქმებლებმა მონურ კონტრაქტებზე, პროფკავშირები თავის საქმეს მაინც აკეთებს, მაინც მიიღწევა შედეგი. მართალია, ამ დროს საწარმოს გაჩერება გვიწევს ხოლმე, რითაც ზარალდება საწარმო, ეკონომიკა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, რომ ის მცირე საკანონმდებლო ნორმები მაინც დავიცვათ, რაც გვაქვს.
– რა უშლის ხელს, შეიქმნას სტანდარტული ხელშეკრულების შაბლონი, რომ მინიმალურად მაინც იყოს დაცული დასაქმებულის უფლებები?
– ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ზეპირი ხელშეკრულებებია…
– ზეპირი ხელშეკრულებები დასაქმებულის ინტერესიცაა, რომ არ დააკლდეს 20 პროცენტი.
– რა თქმა უნდა, მაგრამ საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოს დამსაქმებელმა. ეს თანხა, საბოლოოდ, აკლდება ბიუჯეტს. ბიუჯეტი უნდა იყოს სოლიდარული: როდესაც ერთ ადამიანს უჭირს და პრობლემა აქვს, ჩემ მიერ გადახდილი გადასახადი უნდა მოხმარდეს იმას, რომ მისი სიცოცხლე იყოს გარანტირებული.
– გამოდის, რომ ჩვენთან დასაქმებულის მთავარი მიღწევაა, არ მოკვდეს და არ დახეიბრდეს. ისეთი ნიუანსები კი, როგორებიცაა: ტემპერატურული რეჟიმი, მტვერი, 8-საათიანი სამუშაო დღე, ადეკვატური ანაზღაურება, ფუფუნებაა?
– რაც ჩამოთვალეთ, ის სტანდარტები რომ იყოს უზრუნველყოფილი, სახელმწიფო ამას უნდა არეგულირებდეს თავისი საკანონმდებლო სივრცით. კანონში წერია, რომ კვირაში 40-საათიანი სამუშაო საათია, მაგრამ გამოიცა მინისტრის ბრძანება, რის მიხედვითაც, სპეციფიკური სამუშაოების დრო 48-საათიდან იწყება. სტანდარტები რომ იყოს გაწერილი და მათი დაცვა უზრუნველყოფილი, 20 ადამიანის სამუშაოს არ შეასრულებინებდნენ – 10-ს. რაციონალურად რომ ხდებოდეს დასაქმება, 112 000 სამუშაო ადგილის რეზერვია. წარმოიდგინეთ, რამდენი საშემოსავლო გადასახადი აკლდება ბიუჯეტს?! ასევე, ჩრდილიდან რომ გამოვიდეს ჩრდილოვანი დასაქმება, რომელიც 60 პროცენტს შეადგენს, დამატებით 520 მილიონი ლარის აკუმულირებაა შესაძლებელი ბიუჯეტში.