პოლიტქერის ორმოში დავანებულები #42
„ფულები არის ჩემი გამხარებელი“?!
თუკი აქამომდე ამ ჩვენი ბედკრული ბიუჯეტიდან 11 პოლიტიკური პარტია იღებდა დაფინანსებას (იღებდა, ვინაიდან ამ ჩვენს სამშობლოში მოქმედებს წესი, რის მიხედვითაც, ბიუჯეტიდან თანხას იღებს ის პარტია, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკით იღებდა მონაწილეობას და საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, სულ მცირე, 3 პროცენტი მაინც მიიღო. საბაზისო დაფინანსება წლიურად 300 000 ლარია. ეს თანხა უორმაგდებათ მათ, რომლებიც ხმების, სულ მცირე, 6 პროცენტს მაინც მიიღებენ. დამატებით კიდევ 300 000 ლარს კი იღებს პარტია, რომლის წევრებსაც პარლამენტში ფრაქციაც ექნებათ.
ჰოდა, თუკი პოლიტქერის ორმოში აქამომდე 11-ნი იყვნენ („ოცნება“, „კონსერვატორები“, „მრეწველები, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „ნაციონალები “, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტები“), 8 ოქტომბრის შემდეგ მათ 9 დაემატა („ტრადიციონალისტები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „ევროპული საქართველო“, ბურჭულაძის „სახელწიფო ხალხისთვის“ და ვაშაძის „ახალი საქართველო“), ანუ ამჟამად უკვე 20-ნი არიან.
ამას გარდა, საბაზისო დაფინანსების 30 პროცენტი დაემატებათ მათ, რომლებმაც თავიანთ საარჩევნო სიებში ქალები 30 პროცენტი მაინც იყოლიეს (ამგვარად „ლეიბორისტებს“, ნინო ბურჯანაძესა და „თავისუფალ დემოკრატებს“ უვაჟკაციათ).
ერთი სიტყვით, ჩვენებური არჩევნები ის შემთხვევაა, როდესაც მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა. ამომრჩეველს კი სხვა რა დარჩენია, იმითაც გაიხაროს, რომ მათი გადასახადებით „შავი დედლებივით გაკეთებულები“ მაინც გამოძღებიან. –