„ნასოსში“ ჩარჩენილები #42
ანუ „ფეისბუქით“ მცხოვრებლები
რაკი ჩვენს ტვინებში, როგორც წესი, „ემოციო“ ჩრდილავს „რაციოს“ (სხვათა შორის, რის გამოც „ცხელთავიანებს“ გვიწოდებენ), გასულ კვირას ჩვენი საზოგადოების ნაწილი (განსაკუთრებით არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო) იმაზე ბჭობდა (უფრო ზუსტად, თითქმის ტანზე იხევდა), რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირაო.
მართალია, მოგვიანებით, ქართულმავე დელეგაციამ განმარტა, რომ კენჭისყრის სხდომაზე ტექნიკური მიზეზის გამო არ იმყოფებოდა (სხვა შეხვედრას ვესწრებოდითო), თუმცა უკრაინის მხარდამჭერ ორ რეზოლუციასაც მოაწერეს ხელი და ისიც დაამატეს, რომ, თუკი უკრაინელები სთხოვდნენ, იმ შეხვედრასაც გადადებდნენ.
მაგრამ აღშფოთება მაინც არ ჩამცხრალა, თუმცა თვით ნადეჟდა სავჩენკომაც განმარტა, რომ ქართული დელეგაციის კენჭისყრაზე არდასწრება პრობლემა არ ყოფილა (მომყავს ციტატა): „არ ვკითხულობ „ფეისბუქს“ და ვცხოვრობ რეალური ცხოვრებით. ძალიან კარგად ვხედავ, რომ ყველაფერი არ წყდება დარბაზში და დარბაზის მიღმა ურთიერთობენ ადამიანები… თუ მათ კენჭისყრის დროს ღილაკისთვის თითი არ დაუჭერიათ – მხარდაჭერა არის, სამაგიეროდ დელეგაციის წევრებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას, ცვლილებებს და გააკეთეს ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად.“
მეორე მხრივ, მართალია, ქ-ნი სავჩენკო კმაყოფილია, ოღონდ ჩვენ გარშემო კვლავ რჩებიან უკმაყოფილონი (იმიტომ რომ, უკრაინის სავჩენკოზე დიდი გულშემატკივრები ბრძანდებიან), რადგან ქართული „რაციო“, როგორც ჩანს, ვერ გასცდა ლოგიკას: „უნდა მისცე ნასოსი“. –