კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა ჯანო იზორიას, რომ ცოლთან ერთად გარდაცვლილი იყო და სამოთხეში იმყოფებოდა და რა თავგადასავლები გადახდათ მათ ბარსელონაში

ცოტა ხნის წინ ჯანო იზორია მეუღლესთან ერთად ბარსელონაში იმყოფებოდა. მან ეს საგზური „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოიგო და საკუთარ თავსაც და მეუღლესაც მოუწყო ლამაზი, კულტურული დასვენება თავგადასავლებით.
ჯანო იზორია: ხომ არის ნათქვამი: ადამიანი, რომ გარდაიცვლება, საზვერეებს აჩვენებენ და ან იქ მოხვდება, ან – აქ, გააჩნია, რას დაიმსახურებს. ბარსელონაში რომ ჩავედი, ნინოს ვეუბნებოდი: ნინო, ხომ არ მოვკვდით და სამოთხეში ხომ არ ვართ-მეთქი, თან, სახეში ვირტყამდი ხელებს. ჩემს ინტერვიუებშიც ხშირად მითქვამს: გავგიჟდი, გადავირიე-მეთქი, მაგრამ ამ ყველაფერს მართლაც გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი მეტიჩრობის გარეშე. მე ასე გამოვხატავ გრძნობებს – თან ემოციური ვარ და ამას კიდევ ემოციური, ცეცხლოვანი ქვეყანა დაემატა. აეროპორტში  რომ ჩავფრინდით, ჯერ ამან გამაგიჟა. მაშინვე ჩემი ქალაქი, ფოთი წარმოვიდგინე. ვიფიქრე, რა მაგარი იქნება, მთელ ევროპაში ქართველებისთვის თავისუფალი მისვლა-მოსვლა რომ იქნება და ჩემი ქალაქიდანაც იფრენდნენ თვითმფრინავები. საკუთარი აეროპორტი ექნება ფოთს, ზუგდიდს... შიდა ფრენებიც იქნება... რომ ვუყურებდი ამ ყველაფერს, ძალიან მიხაროდა, მაგრამ გულში მაინც გამივლიდა სევდა, დავმძიმდებოდი იმის გამო: რატომ არ შეიძლება, ჩვენთანაც ხდებოდეს ეს-მეთქი. მათზე ნაკლები პორტი გვაქვს ან მათზე ნაკლები ქვეყანა?!
– იმასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, მეუღლესთან ერთად რომ წახვედი იმ ქვეყანაში, რომელზეც სულ ოცნებობდი.
– ნინომ გადამაწყვეტინა წასვლა. მეც მიყვარს მოგზაურობა, ხეტიალი. ჩემნაირი მაწანწალა მეორე არ იქნება ამქვეყანაზე. რამაზ იოსელიანმა, ჩვენმა საყვარელმა, ნიჭიერმა მსახიობმა, რომლის სპექტაკლშიც ვთამაშობდი, „შარიკა“ დამარქვა. იცი, რატომ? სადაც გავედი, ყველგან შენ დამხვდიო. ჩემი მოსვენება არ არის, მაგრამ ეს მაინც ნინოს გადაწყვეტილება იყო. ბავშვი ნინოს ჩემზე ნაკლებად არ უყვარს, მაგრამ კაცი სხვანაირად ფიქრობს, რაღაც მომენტები მქონდა. მერე კისერი რომ უკან მივაბრუნე, ჩემს ცხოვრებას ახლო წარსულში რომ გადავავლე თვალი, იმდენი ადამიანი დამაკლდა... რამდენს უთქვამს: ნეტავ, ამ ქვეყანაში წამიყვანა, იმ ქვეყანაშიო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ისინი ცოცხლები არ არიან. მეც ვიფიქრე: შე დალოცვილო, ჯანო, შეიძლება, ხვალ ან ზეგ აღარ იყო და წადი, ნახე შენი ოცნების ქვეყანა, ქალაქი. ასე რომ, წავედით და არ ვნანობ. ნინო სუპერი მყავს: რამდენიმე ენა იცის. მე კი – ქართული, მეგრული და რუსი თუ გადამეყარა სადმე, რამეს მოვახერხებ. ერთს მივხვდი: ბარსელონა ჩემი ქალაქია. ყველას ესპანელი ვეგონე, ზოგჯერ იტალიელშიც ვერეოდი.
– მიამბე, თქვენი ესპანური თავგადასვლების შესახებ.
– ძალიან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდით, ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს. სასაფლაოებიც ახლოს იყო, ოღონდ, ისეთი ლამაზი იყო, სიკვდილს განატრებინებდა კაცს. პირველად რომ შევედი, სკვერი მეგონა. მერე მონუმენტები დავინახე, საფლავები უჯრებივით, ყვავილებით და მივხვდი – სასაფლაო იყო. ყურებში ნინო როტას მუსიკა ჩამესმა, „ნათლიაში“ რომ არის. იქვე ჩამოვჯექი და თავი განგსტერი მეგონა. პლაჟზე რომ გავედი, იცი, როგორი ქვიშაა სვანურ მარილს ჰგავს. ნინოს ვეუბნებოდი: ამ ქვიშას მარილი მოაყარე და სვანურ მარილად გაასაღებ-მეთქი. ზოგადად, ხმელთაშუა ზღვა ძალიან მარილიანია. წყლიდან რომ ამოვდიოდი, სხეულზე იმდენი მარილი მქონდა, ლუდის მისაყოლებლად გამოდგებოდა. მეტრო დავამუღამე კარგად. ერთ სადგურს ერქვა „ურქინოლა“ და ვღადაობდი: ეტყობა, აქ ნონას ურქინა ხარმა და „ურქინოლა“ იმიტომ დაარქვეს-მეთქი. საგრადა ხომ უნდა გვენახა და ყველას ვურჩევ, ვისაც პირველად უნდა ამ საოცარი შედევრის ნახვა, მეტროთი წავიდეს. როცა სხვა ტრანსპორტით მიდიხარ, ჩანს შორიდანვე. მეტროთი კი იქ მისვლამდე ვერ ხედავ. როგორც კი ამოვედი, მესამე თვალს რომ ეძახიან... ასე, ზურგიდან ვიგრძენი, რაღაც გრანდიოზული, უშველებელი მონსტრი მედგა თავზე. რომ გადაიშალა ჩემ თვალწინ ეს საოცრება, გავგიჟდი. იმდენი შეგრძნება გამოიწვია ჩემში: უპირველეს ყოვლისა, ის, რომ გაუდი, ამის შექმნელი, არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მეორედ მოსვლა რომ მოხდეს, მგონია, ასეთი ხალხი გამოჰყვება გვერდით ღმერთს. ზებუნებრივი ძალა გაკეთებინებს ამ ყველაფერს – აბა, ასეთი რამ როგორ უნდა შექმნა ან როგორ უნდა მოიფიქრო?! საჭმელს რომ ვჭამ, იცი, რით ვკაიფობ? ეს ხომ პირველად ვიღაცამ გასინჯა და თქვა, იჭმევა, გემრიელიაო. გუელის პარკში ვიყავით, გაუდის ხვლიკი ვნახეთ. ნინოს ვეუბნებოდი: გაუდის ხვლიკი არჩენს მთელ ბარსელონას-მეთქი, იმხელა რიგები იდგა. ჩემი ნათესავი თევზებიც ვნახე – კეფალები. იმხელები იყო, ვეფერებოდი. მოტოები ჩემი სისუსტეა და იმდენი მოტო იყო... ჩემთვის ვფიქრობდი: ახლა რომ მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, დავარტყამდი და ყველა ამ მოტოს ჩემთან, ფოთში გავაჩენდი-მეთქი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ხალხი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია. რა თქმა უნდა, ნარკოტიკებიც არის, მაგრამ ეს უკვე შენი გადასაწყვეტია: გინდა ირბინე, გინდა სხვა რამე აკეთე. შუადღეს ხალხი დარბოდა, ცურავდა. გამოვიდოდნენ ზღვიდან, დასხდებოდნენ მოტოებზე და მიდიოდნენ სახლში ან სამსახურში. ტელევიზორში სულ ვუყურებ ცხოველებზე გადაცემებს და ბარსელონაში პირველად ვნახე ცოცხალი ზვიგენი. როგორ გრაციოზულად დაცურავს, როგორ იყურება – სასწაული ემოცია იყო. ნინო მეუბნებოდა: რას წამომიყვანე ზვიგენებშიო, მაგრამ მერე მასაც „გაუსწორდა“. იცი, რა იყო სასაცილო, მეტროში მომღერლები დადიან საკუთარი მიკროფონით, დინამიკებით. შემოვიდა ერთი ტიპი, ბობ მარლის სიმღერას მღერის და მეც მასთან ერთად ვმღეროდი. მე ერთ ამბავში ვიყავი, იმას კი ფულს უყრიდნენ. ნინოს ვეუბნებოდი: მოდი, ჩვენ თუ გაგვიჭირდება, ვიმღეროთ: „ღარიბი, ღატაკი ბიჭი ვიყავი და ქუჩაში დავიბადე...“ სადმე შესასვლელ ფულს ვიშოვით-მეთქი. მეტრო უნდა გენახა, ვაგონიდან ვაგონში კი არ გადიოდი, ბოლომდე იყო გაჭრილი. მოდი, ორი წრე დავარტყათ-მეთქი... სანაპიროზე, იცი, რით გავგიჟდი, იმდენი თავისუფლებაა... თან, ასაკოვანი ცოლ-ქმარი ხელიხელჩაკიდებულები მოდიან. მერე ცურავენ, ბოლოს ველოსიპედზე ან მოპედებზე დასხდებიან და მიდიან. ასეთ მომენტში მირეკავს მეგობარი და მეკითხება: როგორ ხარო და მეც ვეუბნები: იეღოველების წიგნში მგონია თავი, სადაც ფერებშია ყველაფერი, ლომებს ეფერებიან, ვეშაპებს და ყველასთან რომ კარგად არის ადამიანი-მეთქი. დაიხოცნენ სიცილით.
– ქართველებსაც შეხვდი?
– კი, ჩემი ძმაკაცი, ყოფილი მოკრივე ბექა საჯაია დაგვხვდა. ის რომ არ ყოფილიყო, ასე ვერ ვისიამოვნებდით. სხვათა შორის, თურმე, ესპანეთში მცხოვრები ქართველები მგულშემატკივრობდნენ – ყველა ისე მხვდებოდა... თან, ბექას ჰყავს 2 წლის შვილი – სანდრიკა, რომელიც 26 კილოგრამია და „თუნგია“ დავარქვი, ანუ დათუჩა.
– ასეთ დროს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაც სხვა ეტაპზე გადადის, თქვენ შემთხვევაში რა მოხდა?
– შეყვარებულობის მდგომარეობა დაგვიბრუნდა. თან, მზრუნველობის მომენტიც იყო: მაღაზიებში სულ ევასთვის ვარჩევდით რაღაცეებს. მერე ვკოცნიდით მის ნივთებს: თითქოს მას ეცვა, რადგან ძალიან მოგვენატრა. გავგიჟდით, თუმცა ინტერნეტის საშუალებით სულ ვხედავდით. რომ ჩამოვედი, ერთი მომარტყა მუშტი: რატომ დამტოვეო, ალბათ. მაგრამ, იქნება კიდევ რამე: კონტრაქტს რომ გავუფორმებ რეჟისორს, ვეტყვი, ჩემი შვილიც მომყავს-მეთქი.
– როგორც ვიცი, ფოთის თეატრთან ერთად პოლონეთში მიმეგზავრები.
– კი, 18 ოქტომბერს მივფრინავთ პოლონეთში, სადაც დანიელა ჯანჯიჩის „ყვითელ დღეებს“ ვითამაშებთ ფესტივალზე. ძალიან საინტერესო სპექტაკლია – ბოსნია-ჰერცოგოვინის კონფლიქტს ეხება. ომზეა, კონფლიქტზე, მაგრამ სახელები არ არის დაკონკრეტებული. იმდენად გლობალურია, რომ ჩვენს რეალობასთანაც  ახლოა. სამი გმირია: შუაში ქალი, რომლის ერთ მხარეს  ძმაა, მეორე მხარეს – სიძე. ქართველებსაც ჰყავდათ აფხაზი სიძე ან აფხაზს – ქართველი რძალი და ასე შემდეგ. საინტერესოდ არის დადგმული. დავით მღებრიშვილმა დადგა, ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ამ სპექტაკლით წარვდგებით მაყურებლის წინაშე.

скачать dle 11.3