როგორ წააგო ზუზუ ბეჟაშვილმა 15800 დოლარი და როდის ცხოვრობდა ის პარტნიორ ქალთან უსიყვარულოდ #41
„გაპრანჭული მათხოვარი”, „მოგონილი ლოთი” – ამ ეპითეტების ავტორი და ადრესატი მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილია. ყველაზე მეტად მაყურებელს თავი „ჩემი ცოლის დაქალებით,” კატოს ყოფილი ქმრის, ნიკას განსახიერებით დაამახსოვრა. საკუთარი გმირის მსგავსად, უყვარს ქალები, მაგრამ კვლავაც თავისუფალი კაცის სტატუსი აქვს. არასოდეს უფიქრია ოჯახზე, პარტნიორ ქალთან ოფიციალურ ქორწინებაზე. როგორც თავად აღნიშნავს, სიყვარულს ჩარჩოებში არ სვამს. მისთვის ადამიანური ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია. ხიბლავს დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ ვალდებულებებს არ გაურბის. მსახიობი ჟურნალ „თბილისელებს” გულახდილად ესაუბრა საკუთარ შეცდომებსა და მიღწევებზე. როგორია შეყვარებული ზუზუ ბეჟაშვილი, რა ხდება ახლა მის თავს და რაში არ გაუმართლეს პარტნიორმა ქალებმა, სტატიიდან შეიტყობთ.
ზუზუ ბეჟაშვილი: „გაპრანჭული მათხოვარი” ვარ-მეთქი, ვამბობ. იდეა ბევრი მაქვს და განხორციელების ძალები – ცოტა. ფულის შოვნის ნიჭი არ მაქვს, ალბათ, დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, მექნება. არაფერი ხდება ქვეყანაში და რაც ხდება, არა იმ დოზით, როგორც საჭიროა. ყოველთვის მინდა იმდენი ფული, რომ თავი დამცირებულად არ ვიგრძნო, მაგრამ პროფესია ფულით არ ამირჩევია. ახლა, ერთ-ერთ არხზე შემომთავაზეს ახალი გადაცემის წამყვანობა. გადაღებები ამ ეტაპზე არ მაქვს, რაღაცეებზე უარიც ვთქვი. როცა საქმეში ხედავ შიმშილს, თავისთავად, ბევრ რამეზე ამბობ უარს. რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს,” მეცინება, როცა ფიქრობენ, რომ ჩემს გმირს ვგავარ. ჩემმა გმირმა თავისი სათქმელი თქვა და გასაკეთებელიც გააკეთა.
– შემოქმედებითი სფეროს გარდა, რა ხდება ცხოვრებაში. კვლავ თავისუფალი კაცის სტატუსი გაქვს. ისევ გრძელდება „ტუსოვკები”, არაოფიციალური ურთიერთობები? ადრე, ხშირად გითქვამს, არაჯანმრთელი ცხოვრების წესი მაქვსო...
– მეზიზღება ყველანაირი „ტუსოვკა”, მომბეზრდა. ბევრი ცუდი რამ გამიკეთებია, მაგრამ გაიარა ყველაფერმა. დიახ, წამალი გამიჩხერია, მერე რა?! ვის არ გაუჩხერია? მაგრამ, არ მინდა, არ მომწონს. ვისაც როგორ უნდა, ისე მიმიღოს. ლოთს უნდა, ლოთი დაგიძახოს, მორფინისტს – მორფინისტი. ქალები მიყვარს, მაგრამ ჩემი „ძაან” მექალთანეობა, მოგონილი ამბავია. როცა ქალს გავიცნობ, ისიც კი არ მაინტერესებს, რა გვარია. დანახვისთანავე ვხვდები, ჩემია თუ არა. არასოდეს „ვჯემალობ,” არ მიყვარს ქალთან ზედმეტი გაპრანჭვები. რომანტიკული მაშინ უფრო ვარ, როცა პარტნიორი არ მყავს. მომწონს ფლირტი. მეგოიმებოდა ქალისთვის ყვავილების ჩუქება. ვფიქრობდი, ეს რა უბედურებაა, რა ფუფალობაა-მეთქი, მაგრამ, ამ გადასახედიდან ვფიქრობ, ყოველივე ეს საერთოდ არ ტეხავს. 40 წლის ვარ და განვლილმა გზამ ბევრი გამოცდილება შემძინა.
– მიჭირს დაჯერება, რომ 40 წლის განმავლობაში უამრავი პარტნიორი ქალიდან, ვერავინ შეძლო იმდენი შთაბეჭდილების მოხდენა, რაც მასთან ოჯახს შეგაქმნევინებდა. იქნებ სიყვარულში არ გაგიმართლა და ხელი ჩაიქნიე ან პასუხისმგებლობის გეშინია?
– დაოჯახებას, არ ვიცი, რას ეძახიან, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა რამდენიმე წელი მიცხოვრია საყვარელ ქალთან, ზოგჯერ უსიყვარულოდაც კი. რა ცუდად მიცნობ! ერთადერთი, რამაც დამღალა ამ ცხოვრებაში, ეს არის პასუხისმგებლობა. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ალბათ, დაქორწინების იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მე ამ თემაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი დაოჯახება სხვანაირად უნდა მოხდეს – რადიკალური აზრები გამაჩნია. ყვავილებდაკრული მანქანები და სიგნალები არ მომწონს. ზუსტად ვიცი, ეგეთი ქორწილი არ მექნება. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანს შორდები ზიზღით. ეგეც ყოფილა, მაგრამ იშვიათად. ახლა, რომ ვუყურებ ჩემს ყოფილებს, ყველა მშვენივრად მოეწყო. ყველა ჩემი მეგობარია, თუმცა, ისე ვეღარ ვმეგობრობთ. იციან, რომ მათ ვგულშემატკივრობ პირად ცხოვრებაში. ვისთანაც ვყოფილვარ, ყოველთვის, ყველას პირადი ცხოვრება ჰქონდა წინა პლანზე და მე ასეთი არ ვარ. სხვა ინტერესებიც გამაჩნია. როცა ურთიერთობა სრულდება, მაქვს ჩემი განცდები, მაგრამ წარსულში ქექვა არ მახასიათებს. დეპრესია ადრე უფრო იყო. მაგრამ, არსებობს გზა დეპრესიისგან გათავისუფლების – ეს არის ტაძარი. მე ფსიქოლოგთანაც დავდიოდი. დედაჩემი და ჩემი ძმა კი, ხუმრობით ამბობდნენ, გიჟების ექიმთან დადიხარო.
– როგორც მამაკაცი, ქალის მხრიდან ღალატს როგორ აღიქვამ და შენი პარტნიორის პარალელურად, თუ გქონია სხვასთან ურთიერთობა?
– ღალატი მეწყინება და მაქსიმუმ, გავშორდები. როცა პარტნიორი მყავდა, პარალელურად, სხვასთანაც მქონია სექსი. ჩემთვის სექსი ღალატი არ არის, არც ქალის და არც კაცის მხრიდან.
– რომელიმე შენმა პარტნიორმა რომ გამოგიცხადოს, ორსულად ვარო, რა რეაქცია გექნება? ოფიციალური ცოლი არა, მაგრამ არც შვილი გინდა? ან, თუ გიფიქრია ოდესმე, როგორი მამა იქნები?
– არ ვარ ისეთი, ქალს აბორტი გაავკეთებინო. პირიქით, სიხარულით მივიღებ, თუ ვინმე მეტყვის, შვილი გვეყოლებაო. ამ მხრივ, პარტნიორმა ქალებმა არ გამიმართლეს, „ბერწები” აღმოჩნდნენ (იცინის). მსოფლიოში ყველაზე მეტად მეყვარება შვილი.
– ინტერნეტში შენზე ჭორები გავრცელდა, რამაც მთელი თბილისი მოიცვა: ზუზუ მოკლეს, ზუზუ წამალში გაიპარაო. როგორ მიიღე ეს ყველაფერი? თუ გქონია შემთხვევა, როცა გადასაღებ მოედანზე წამლის ზემოქმედების ქვეშ მისულხარ?
– დამირეკა ჩემმა ძმამ აკანკალებული ხმით და არა მარტო მან, მთელი სანათესავო მირეკავდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მირეკავდა ისეთი ხალხიც კი, ჩემზე გაბუტულები რომ იყვნენ. ჩემს ხმას რომ იგებდნენ, ეგრევე მითიშავდნენ ყურმილს. ახლა რომ რამე დამემართოს, მგონი, რეაქცია აღარ ექნებათ ჩემებს, გადასატანი გადაიტანეს-მეთქი, ვამბობ. წამლის ზემოქმედების ქვეშ როლს არ ვთამაშობ, არ მჭირდება. რუსეთში გადაღებების დროს მქონდა კოკაინი, მაგრამ უშუალოდ გადაღებებზე არ გამომიყენებია. უკრაინაში გადამაგდეს ერთხელ. ვიმუშავე და სანაცვლოდ – არაფერი. ორი დღე გადამიღეს, შემდეგ საქართველოში დარეკეს ეკა ანდრონიკაშვილთან და რაღაცეები მომიგონეს. „სანაქსი“ დავლიე და გამომიჭირეს, თითქოს მორფი მქონდა. სინამდვილეში, ფულის გადახდა არ უნდოდათ. მე არ მიყვარს მოსაწევი, მაგრამ, მიმაჩნია და ვიყვირებ ყველგან, რომ ამაზე არ უნდა იჭერდნენ. უნდა იჭერდნენ იმას, ვინც, ვთქვათ, ბევრ არაყს ყიდის ახალგაზრდებში.
– წლების წინ დაკარგე ბინა და დიდი ხანია, ნაქირავებში ცხოვრობ. ამ ყველაფერს ხელი იმანც ხომ არ შეუწყო, რომ აზარტული თამაშები გხიბლავდა? ახლაც დადიხარ კაზინოში?
– ბინა ბანკის გამო დავკარგეთ. ეს იყო პერიოდი, როცა ბევრი მეგობარი გაიფილტრა. ბევრი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც ახლობლად მივიჩნევდი. უკვე აღარ ვთამაშობ. ერთხელ, მახსოვს, 15800 დოლარი წავაგე. მეორე დღეს დედაჩემი მაფხიზლებდა, გადასახადები გვაქვს გადასახდელიო და უცებ გამახსენდა, რაც გავაკეთე. კაზინო, ეგ ცუდი სახლი, უკვე მეზიზღება.
– „ჩემი ცოლის დაქალებში” ყოფილ ცოლს ბავშვის აღზრდაში ეხმარები, ფული რომ გადაგიხადოს. ცხოვრებაში რომ იგივე ფაქტის წინაშე დადგე, მიიღებ ყოფილებიდან დახმარებას?
– არაფერი არ „მიტყდება”. მერე რა, თუ აქვს, დამეხმაროს. მეც რომ მქონდეს, დავეხმარები. ზოგადად, ძუნწი არ ვარ.
– საყვარელი ადამიანის გამო დათმობებზე თუ ხარ წამსვლელი?
– ხშირად შემიცვლია ბევრი რამ, მაგრამ ყველაფრის დათმობაც არ არის კარგი. დროებით გამოვსწორებულვარ კიდეც, მაგრამ მთლიანად, ყველაფრის დათმობა რთულია.