ვინ არის ქალბატონი, რომლის მეათე ქმარიც ზალიკო ბერგერი იქნება და როდის ფიქრობდა ის სუიციდზე #41
ზალიკო ბერგერმა ზაფხულის ცხელი დღეები იბიცაზე გაატარა. როგორც თავად ამბობს, მსგავსი დასვენება ჯერ არ ჰქონია. მის მოგზაურობას ყოველთვის საინტერესო თავგადასავლები ახლავს თან. რა თავგადასავლებით დაბრუნდა დიზაინერი თბილისში და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, ამ ყოველივეზე თავად გიამბობთ.
ზალიკო ბერგერი: აქსესუარებზე ვმუშაობ, საკმაოდ დამიგროვდა და უკვე შემიძლია, კოლექცია გავაკეთო. რაც შეეხება ტანსაცმელს, ირინა ბარბაქაძესთან ერთად ვქმნი სამოსს თექისგან: მანტოებს, პალტოებს, შარფებს და ასე შემდეგ. ახლახან მოსკოვში ვიყავით მიწვეულები გამოფენაზე, მაგრამ გადავდეთ, ვერ წავედით. ოქტომბრის ბოლოს აჩიკო მეფარიძესა და ზურა ხაჩიძესთან ერთად, კონცერტით მივდივარ მიუნხენში. ეს ჩემი პირველი გასტროლია და მივდივარ, როგორც წამყვანი. მე მგონი, მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩება. კონცერტიც აღარ იქნება საჭირო იმდენს ვილაპარაკებ (იცინის).
– ხომ არ ნერვიულობ, უცხოეთში ფართო აუდიტორიის წინაშე რომ უნდა წარდგე?
– არა, საერთოდ არა. პირიქით, ძალიან მხიარულად ვარ განწყობილი, თან გერმანული ვიცი. ადრე უფრო კარგად ვიცოდი. გერმანულად ვერ წავიყვან კონცერტს, მაგრამ რაღაც ფრაზები მახსოვს.
– როგორი იყო იბიცაზე გატარებული ზაფხული?
– ზაფხული გავატარე არაჩვეულებრივად. წელს ორწლიანი ნატვრა ავისრულე და მეგობრებთან ერთად იბიცაზე წავედი. დაუვიწყარი დღეები მქონდა. მთელ ზაფხულს კი არა და ყველაფერს გადაუჯოკრა. კარგ ადგილზე რომ ისევნებ, ხომ კარგია, მაგრამ კარგ „სასტავთან“ – ორმაგად კარგი, სხვანაირად გერგება ასეთი დასვენება. არაფერი დავიკელით – აი, კაი ცხოვრება რასაც ჰქვია, ზუსტად ის გვქონდა. ვცხოვრობდით აპარტამენტში, რომელიც დღეში 1000 ევრო ღირდა. დილას ვიწყებდით შამპანურით (იცინის). არისტოკრატიული დღეები გვქონდა. ჩემს მეგობარს მოსწონს დიჯეი დავიდ გეტა. სადაც ეს დიჯეია, იმ კლუბში შარშანწინაც ვიყავით და გავიცანით მენეჯერი. წელს ვერ ვყიდულობდით ამ დიჯეის ბილეთებს. კლუბში რომ მივედით, გვიცნო მენეჯერმა და „ვიაიპი“ ზონა დაგვითმო.
– შენს მოგზაურობას ყოველთვის უცნაური ისტორიები ახლავს თან, ამჯერად რა გადაგხდა?
– კი, სულ მასეა. ახლა, იბიცაზე რომ მივფრინავდით, გადაჯდომა მოგვიწია. რიგში ვდგავართ და ჩვენ წინ ორი მსუქანი, ზანგი გოგო დგას. მე და ჩემი მეგობრები ვხუმრობთ, ამათ ერთი სკამი არ ეყოფათ დასაჯდომადო. მოხდა ისე, რომ ჩვენი ბილეთებიდან ერთი აღმოჩნდა ცალკე და შეხვდა ჩემს მეგობარს. ცალკე დაჯდომა კარგი, მაგრამ ამ ორ ზანგთან ერთად დაჯდომა მოუწია. ჰოდა, მეუბნება, ოღონდ ადგილი გამიცვალე და ნებისმიერ სურვილს აგისრულებო. მეც მთელი გზა ვიჯექი ამ ორ ზანგთან ერთად, მართლა ვერ ეტეოდნენ სკამზე (იცინის).
– სურვილი შეგისრულეს?
– სურვილი მერე წავაგე და „გამირასხოდა“. იბიცაზე დავნიძლავდით, თუ რამდენი ჰქონდა მენეჯერს ხელფასი. მე მეგონა 5000 ევრო, მან მითხრა 3000-ზე მეტი არ ექნებაო. აღმოჩნდა, რომ 2500 ევრო ჰქონდა. იმ მენეჯერს მარტო სტუმრების გადანაწილება ევალებოდა. საკმაოდ ძვირიანი კლუბი იყო. იქვე „დაჩექინდა“ კრისტიანუ რონალდუც, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე. ასე წავაგე „აიფონ 7“. შეთანხმებულები ვიყავით, თუ მე მოვიგებდი „აიფონ 7-ს” მაჩუქებდა, თუ წავაგებდი, სურვილი აღარ მექნებოდა. ასე წავაგე და არ გაიხაროს იმისმა ხელფასმა (იცინის).
– ზალიკო, სოციალურ ქსელში ერთხელ გამოაქვეყნე, რომ გადაცემამ უფრო პოპულარული გაგხადა. რა არის შენთვის პოპულარობა?
– კარგია, რომ ყველა მიცნობს და ვუყვარვარ. კარგია, როცა შენ მიმართ უარყოფითად არ არიან განწყობილი. მეც ვგრძნობ, რომ დიდი პოზიტიური ენერგია მაქვს და სადაც არ უნდა მივიდე, ამ პოზიტივს ვაფრქვევ (იცინის). ერთხელ იტალიაში ვისვენებდი და ბაღში რომ გავედი, კილომეტრიდან ყვიროდნენ ქართველები: ზალიკო, ზალიკოო. კიდევ, მახსენდება ერთი შემთხვევა. ჩემს მეგობართან ერთად მივდივარ რესტორანში, ოღონდ ეს რესტორანი არის სადღაც მთაში. ზაფხული იყო, მაგრამ კაბრიოლეტით ვიყავით და საღამოს გავიყინეთ. გზა აგვერია და ბევრი ვიარეთ. ბოლოს, ჩვენით რომ ვეღარ ვპოულობდით, გავაჩეროთ და შევეკითხოთ ვინმეს-მეთქი. იქვე იყო ოჯახი, ციკლოპებივით გამოიყურებოდნენ, რაღაც უცნაური შეხედულება ჰქონდათ. გავაჩერეთ მანქანა და ვეკითხები: აქ რესტორანი სად არის-მეთქი? ამათმა გადმომხედეს და თქვეს: „აი ზალიკოა ბერგერი?“ მოვუტრიალდი ჩემს მეგობარს და იმისთანა მაღალ მთაში, სადაც ჯერ ელექტროენერგიაც კი არ არის გაყვანილი, მე მცნობენ-მეთქი (იცინის).
– როგორც ამბობენ, კარგი თამადა ხარ.
– ამბობენ, კი (იცინის). იბიცადან რომ ჩამოვედით, ჩემმა მეგობარმა რესტორანში გადაიხადა დაბადების დღე და ბევრი სტუმარი ჰყავდა დაპატიჟებული სხვადასხვა ქვეყნიდან. ჰოდა, ამ მაგიდაზე ვითამადე, თან მრავალ ენაზე. დათო გომართელიც იყო სტუმრად და ინტერნაციონალური თამადა ხარო, მეძახდა (იცინის). ოღონდ თამადად ფულზე არ დავდივარ. ერთხელ ქორწილი გადავაგდე. ნეტა, ის მექორწილეები სად არიან., ვეძებ „ფეისბუქზე“ და აღარც ცოლია და აღარც ქმარი.
– მდიდარი საცოლე ჯერ არ გიპოვია?
– არა, ჯერჯერობით ძიების პროცესში ვარ. დაბადების დღეზე რომ ვიყავი, ერთი ქალი იყო მოსკოვიდან ჩამოსული. არც ისე პატარა ასაკის. გავიცანი ეს ქალი და „ფეისბუქზეც“ დავმეგობრდით. ცოტა ხნის წინ მირეკავს და მეუბნება, „ფეისბუქზე“ გავაკეთე ტესტი და შენ ხარ ჩემი მომავალი ქმარიო (იცინის). სამი ათასი მეგობარი მყავს და მაინცდამაინც შენ ამოგაგდოო. ეს ქალბატონი ძალიან მდიდარია, თავისი თვითმფრინავით იყო ჩამოსული. მართალია, ასაკით ჩემზე დიდია, მაგრამ არა უშავს. დაბადების დღეზე მიკროფონში გამოაცხადა: ეს ჩემი დაქალები ყველა ახალგაზრდები და ლამაზები დარჩნენ, მარტო მე გავსუქდი და დავბერდი, მაგრამ ყველას გადავუჯოკრე, 9-ჯერ ვიყავი ოფიციალურად გათხოვილიო. ესე იგი, მდიდარი საცოლის მეათე საქმრო ვიქნები (იცინის). მოკლედ, დიდი სკანდალური ამბავი იქნება. კარგი შენახული, მოვლილი ქალბატონია. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ მაქვს მეათე ქმრობაზე. თან, გამზადებული მეყოლება შვილები და შვილიშვილები (იცინის).
– ოჯახში „მოიყვანე ცოლის“ თემა არ არის?
– კი, ბატონო, „მეიყვანე ცოლი“ აქტუალურია. შვილიშვილი ბევრად უნდათ, ვიდრე კატა მოსავლელად. რა ვქნა ახლა, ძალით ცოლს ვერ მოვიყვან და იმ ჭკუაზეც ვერ დავდექი, ვინმე შემიყვარდეს. მე უნდა „ვიგულაო” და ამ საცოლეს, რატომღაც ღამ-ღამობით ვერ ვხვდები. ეტყობა, ის გოგოები, როგორიც ცოლად მინდა, დღისით დადიან, მე კიდევ, დღისით მძინავს.
– ოჯახის შექმნაზე არასდროს გიფიქრია?
– არა, ეგეთი სიყვარული არასდროს მქონია. ეგ დროც მოვა, ალბათ, აბა, რას იზამს. ტაშფანდურის მოყვარული ვარ. მეც მოტაშფანდურე მინდა თუ არა, არ ვიცი. ისეთი არ მინდა, რეჟიმში რომ ჩამაყენოს – ერთი დედაჩემიც მეყოფა სახლში (იცინის).
– დედას რეჟიმში ჰყავხარ?
– კი უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს (იცინის). ზედმეტად მზრუნველი დედაა. იბიცაზე კი გითხარი, რა განცხრომაშიც ვიყავი და დედაჩემი დღეში 7-ჯერ მირეკავდა. ვაი, თუ ტელეფონი არ იჭერდა. ეს ჩვევად აქვს, დღეში 5-7-ჯერ რომ არ დამირეკოს, არ შეუძლია. ღამის ცხოვრება მაქვს, ღამურა ვარ. დედაჩემი ამას ვერ შეეჩვია და მთელი ღამე საწოლზე ზის. ხშირად რომ მირეკავს, ზოგჯერ ვბრაზდები ამაზე. ერთი-ორჯერ უხეშად მიპასუხია და მერე მინანაია – ერთი დედა მყავს. მერე სიმწრით შემირიგებია (იცინის). ახლა ოჯახში უბედურება დაგვატყდა თავს. ჩვენი კუსა – კატაა ცუდად, სიმსივნე აქვს. ასაკშია და ოპერაციის გაკეთებაც არ შეიძლება. მთელი ოჯახი განვიცდით და ბელაც ამ კატის მოვლაშია. რომ მოკვდება, ალბათ, დედაჩემი სუფრასაც გაუკეთებს (იცინის). ერთხელ, მოსკოვში სასტუმროში ვიყავი, რომელსაც კატის სახელი ერქვა. პატრონს ეს კატა რომ მოუკვდა, 300-კაციანი ქელეხი გადაუხდია და მისი სახელი სასტუმროსთვის დაურქმევია.
– სუიციდზე თუ გიფიქრია?
– კი, ცხოვრებაში მძიმე პერიოდიც მქონია. პირად ურთიერთობაში ყოფილა ღალატი. მყვარებია ისე, რომ ამაზეც მიფიქრია. ზოგადად, მიმაჩნია, რომ, როცა ადამიანი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იღებს, აუცილებლად უნდა გაესაუბროს მეგობარს, რადგან კარგ მეგობარს შეუძლია, მდგომარეობიდან გამოგიყვანოს. მე მეგობრის დახმარებით გამოვსულვარ მდგომარეობიდან. ეკო ფანგანი ჩემი დაქალია და მას ახსოვს, რომ თურმე, ერთხელ ბათუმში ვიყავი და ზღვაში გადახტომას ვაპირებდი. ვიძახდი, თავი უნდა დავიხჩო-მეთქი. თუმცა, თავს არ დავიხჩობდი არავითარ შემთხვევაში (იცინის).