რა მიზნით აყურებინა ნანა ცინცაძემ პორნოვიდეოები ქალებს და როგორ განიცადა მან სულისა და სხეულის გაყრა #41
პროფეიით ექიმი, პოეტი ნანა ცინცაძე მისტიკით, ამოუცნობისადმი ინტერესით ბავშვობიდანაა გატაცებული. მისტიკური პასაჟები მის შემოქმედებასა და მთელ ცხოვრებას გასდევს... ძლიერი ინტუიციის წყალობით, ყოველთვის გრძნობს საყვარელი ადამიანების მდგომარეობას და საჭირო მომენტში ყოველთვის საჭირო ადგილასაა. მან კლინიკური სიკვდილიც კი გამოსცადა საკუთარ თავზე... და თუ როგორ, ამას თავად გვიამბობს:
ნანა ცინცაძე: მოგეხსენებათ, არაერთი პოეტური თუ პროზაული წიგნის ავტორი ვარ. ერთ-ერთ წიგნში მაქვს მისტიკური პასაჟები. არის გამოცხადებები – როგორ მიდის ქალი თავის გარდაცვლილ ქმართან და სუნამოს სუნიც სცემს. წიგნში აღვწერე ზოდიაქალური ნიშნები, რომელიც სვეტიცხოვლის კედელზეა გამოსახული. მერე წავიდა ჩემი ბიძაშვილის შვილი, კარგად ნახა და რომ დაბრუნდა, მითხრა, ზუსტად ისეა გამოსახული, როგორც შენ გაქვს აღწერილიო. არადა, არ ვიცოდი მის შესახებ, წარმოდგენაც არ მქონდა. სამი მოთხრობა მაქვს და ყველგან არის მისტიკისმიერი ელემენტები. ადამიანის ცხოვრება მისტიკაა, დეჟავუ, სიზმარი, აუხსნელი ფენომენი. ძალიან ემოციური ვარ, თუმცა ხშირად გარეგნულად არ მეტყობა. ტელეპათიურად ყოველთვის ვგრძნობ, ჩემს საყვარელ ადამიანებს როდის, რა უჭირთ. ამიტომაც, საჭირო დროს და საჭირო ადგილას ვჩნდები მათთან.
– ამ „მისტიკურობის“ მიზეზი ძლიერი ინტუიცია ხომ არ არის?
– ბავშვობიდანვე მაქვს ძლიერი ინტუიცია. სწორედ ეს ინტუიცია მეხმარება, გავარჩიო, ჩემთან მოსულ პაციენტს ორგანული პათოლოგია სჭირს, შავი მაგიის მსხვერპლია თუ ენერგოზემოქმედების. მაგიური ზემოქმედება ძალიან ჰგავს ფსიქიკურ აშლილობას. ზოდიაქოთი ქალწული ვარ და ვატარებ ყველა იმ ნიშანს, რაც ქალწულს ახასიათებს. ჩემი ზოდიაქოს თანახმად, მაინტერესებს იდუმალებით მოცული სამყარო, ეზოთერიკა, საკუთარი სულის ლაბირინთებში წვდომა. უნდა გავიდეს შორს, ეზოთერიკული წიაღიდან, რადგან სწორედ ამ ცოდნიდან მოდის ყველა სნეულების წამალი – მალამო. ყველა ეს საიდუმლო ბუნებაშია განფენილი და არც ისე ძნელია მიგნება, თუ გულისყურით მოვუსმენთ „ბუნების საიდუმლო” ენას, რაც ჟამის დასაბამიდან არსებობს. გაგიკვირდებათ, რომ პროფესიით ექიმი-თერაპევტი არასდროს ვსვამ მედიკამენტებს, თუკი არსებობს მისი შემცვლელი, ეფექტის მომტანი ფიტოთერაპიული საშუალება. საზოგადოება პოეტური კრებულებით უფრო მიცნობს, მაგრამ გამოცემული მაქვს წიგნები მკურნალ მცენარეებზე, სადაც წინაპართა ცოდნასა და ძველ ფესვებს ვუბრუნდები ტექნიკური პროგრესის ორომტრიალით დაღლილი და გაბრუებული.
– თუ გეხმარებათ თქვენი ინტუიცია ადამიანების ამოცნობაში და მათთან ურთიერთობაში?
– ხშირად ჩემს ინტუიციურ მგრძნობელობას, ფსიქოლოგიურ გამოცდილებას ახლად გაცნობილ ადამიანებთან ვამოწმებ სხვადასხვა მეთოდით – ყავის ფინჯნის მომარჯვებით და ვითომ მარჩიელობით. სინამდვილეში, ვამოწმებ ჩემს მეექვსე გრძნობას, მიჩქმალულ პოტენციას მისტიკური ხედვისას, რაც ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად გახსნილი აქვს. მე თვითონაც ვაკვირდებოდი მათ ქცევებს. საბჭოთა კავშირის დროს ქართველი ქალებისთვის სექსი ტაბუდადებული თემა გახლდათ. გავრცელებული აზრი იყო, რომ თითქოს ქართველ ქალებს სექსი არ აქვთო, რაზეც რუსი ქალები იცინოდნენ კიდეც. იმ პერიოდში, ვიდეოკასეტები ახალი შემოსული იყო და სახლში ვიპოვე პორნოკასეტა. რაღაც პერიოდის განმავლობაში, ჩავრთავდი ამ კასეტას, სახლში ვეპატიჟებოდი სხვადასხვა პროფესიისა თუ ტიპაჟის ქალბატონებს და ვითომ შემთხვევით, ეს კასეტა მქონდა ჩართული. მეც შევიცხადებდი, უი, ვინ ჩართო, როგორ დამრჩა და ვითომ დამავიწყდებოდა გამორთვა, ვაგრძელებდი ჩაის თუ ყავის მზადებას... ვხედავდი, თითქოს მე მელაპარაკებოდნენ და ყველა ეკრანისკენ აპარებდა ჩუმად თვალს. რომ ვიტყოდი, დამავიწყდა გამორთვა, ახლავე გამოვრთავ-მეთქი, ყველა მეუბნებოდა, იყოს, ნეტა ერთი, ვინ უყურებსო. არადა, ყველა უყურებდა. ყოველთვის მაინტერესებდა ამ უცნაური, იდუმალი სამყაროს შეცნობის ყველა ნიუანსი. მქონდა ბედნიერება, მეცნიერებათა აკადემიაში დავსწრებოდი ამოუცნობი მოვლენების უდიდესი მკვლევარის, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ლექციებს.
– როგორც ვიცი, თქვენ კლინიკური სიკვდილიც კი გამოსცადეთ...
– დიახ, სულისა და სხეულის გაყრის მისტერია ორჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთი შვილი მყავს. გავხდი ძალიან ცუდად. გაზაფხული იყო, სისუსტე ვიგრძენი, ჰემოგლობინი დამივარდა, აბრალებდნენ, მეცადინეობასა და გაზაფხულს. დეიდა მყავდა გინეკოლოგი. მას არ მოეწონა რაღაც, სასწრაფოდ წამიყვანა გასასინჯად და აღმომაჩნდა ფიბრომა. გამიკეთეს ოპერაცია, მაგრამ მდგომარეობა ძალიან დამიმძიმდა. სამი დღე ვიყავი უგონოდ და ვფიქრობ, რომ მაშინ გამოვცადე კლინიკური სიკვდილი. არავითარ გვირაბებსა და სინათელეს არ ვხედავდი. იყო თაღოვანი შენობა, სადაც თაღქვეშ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. მე ვეძებდი ჩემს ადგილს, თითქოს ბზუილით დავფრინავდი, მაგრამ არსად არ აღმოჩნდა, ყველამ გამომაგდო და როდესაც გამომაგდეს, მაშინ გამოვფხიზლდი კიდეც. ძალიან მძიმედ ვიყავი, თუ გადავრჩებოდი, არავის ეგონა. სამი კვირა ვიყავი სამშობიაროში. ერთხელ ასეთი რამ მოხდა, არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საშინელი სტრესი მქონდა, ტაქსი გამოვიძახე კლინიკაში წასასვლელად, მეგონა, ცოცხალი ვერ მივაღწევდი იქამდე. უცებ ვიგრძენი, სული როგორ მოწყდა სხეულს და ზევიდან ისე დავყურებდი ჩემს თავს, როგორც სხვა ადამიანს. მაგრამ, რამდენიმე წუთში სული დაბრუნდა კუთვნილ ადგილას. ვიგრძენი ეს პროცესი და დავმშვიდდი. ტაქსის მძღოლს ვუთხარი: შეგიძლიათ, ნელა იაროთ, ახლა აღარაფერი დამემართება-მეთქი და მართლაც ასე იყო.
– სიზმარს რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?
– სიზმრის ფენომენი დღემდე ვერავინ ახსნა. ჩემი სიზმარი ხან პოეტურია, ხან ჩვეულებრივი. მგონია, რომ სიზმარს ყურადღება არ მიაქციო, ნიშნავს, ყველაზე ახლობელი ადამიანის ვნების მესიჯები არ წაიკითხო, ან უპასუხოდ დატოვო, რადგან სიზმარი ბევრჯერ ცდილობს, ფათერაკი აგაცილოს თავიდან – გაგაფრთხილოს, ან მიგანიშნოს მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მოკლედ, სიზმარი საჭირო რომ არ ყოფილიყო, არ მოგვეცემოდა. კოშმარული სიზმრები იმაზე მიგვითითებს, რა უჭირს ქვეცნობიერს და ზოგჯერ ლამაზი სიზმარი მთელ სიცოცხლედ ღირს. სიზმარში არ არსებობს რაიმე ბარიერი, მიუწვდომელი, ზოგჯერ სიზმარი წამის მარადისობას განატრებინებს. სიზმარში ყველაფრის შეცვლა შეიძლება, რასაც ცხადად, ფიქრით ვერ უშველი, თუ გამოუსწორებელი მეოცნებე არ ხარ.
– გჭირდებათ მისტიკა პოეტური შთაგონებისთვის თქვენს პოეზიაში?
– ჩემს შემოქმედებას საერთოდ გასდევს მისტიკური პასაჟები. რაც შეეხება შთგონებას, ნებისმიერ დროს შემიძლია, დავწერო, ამისთვის მუზები არ მჭირდება. ერთხელ მარტო ვარ სახლში, ზაფხულია, საქმე არ მაქვს და მირეკავს დათო არჩვაძე. ამოდი, არ გინდა, რესტორანში წამოხვიდეო. რატომაც არა, გამომიარეთ და წამოვალ-მეთქი. ვსხედვართ რესტორანში და დათო მეუბნება, არ გინდა, ლექსი დამიწერო სიმღერისთვისო? რატომაც არა-მეთქი, მოვატანინეთ ოფიციანტს მენიუს ფურცელი, უკანა მხარე ხომ თავისუფალი აქვს და ასე, მენიუს ფურცელზე შეიქმნა სიმღერა „ღიღილო“. ასევე, საინტერესოდ დაიწერა ლაშა ღლონტის სიმღერა „მონატრებიხარ ფიქრებს“... მოვიდა დათო არჩვაძე. რაღაც არეული პერიოდი ჰქონდა მაშინ და მითხრა, კარგი მელოდია გვაქვს და ლაშამ მითხრა, ლექსი შენ დაწერეო და რაღაც დავწერე... მე ვუთხარი, წამოდი, ერთი მომასმენინე, რა დაწერე-მეთქი. მოვისმინე. არ გრცხვენია, ასეთ ლამაზ მელოდიას ამ ტექსტით როგორ აფუჭებ-მეთქი და და იქვე დავწერე „მონატრებიხარ ფიქრებს“.