როგორ გაიტაცა ქართველი კრიმინალის ბანდამ ამერიკული გემიდან 500 კილოგრამი ოქრო #41
პირველი გაქცევა
მევლუდ კოხრეიძე 1906 წელს დაიბადა თბილისში, მეიდანში. მამამისი ცნობილი მეჩოხე იყო. მამის ძალისხმევის მიუხედავად, მევლუდი კრიმინალი გახდა. პირველი დანაშაული მან 18 წლის ასაკში, 1924 წელს ჩაიდინა. მეიდანზე მდებარე კერესის ცნობილ საიუველირო სახელოსნოს ქვეშ თხუთმეტმეტრიანი გვირაბი გათხარა, შიგ შეძვრა, სეიფი გახსნა და 35 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა. დანაშაული უმაღლეს დონეზე იყო ჩადენილი, მაგრამ მევლუდი მაინც დააპატიმრეს. საქმე ის იყო, რომ მილიციამ ანა პატარიძე დააკავა სახელოსნოდან გატაცებული ბრილიანტის კოლიეს გაყიდვისას და სწორედ მან დაასახელა მევლუდი... პატარიძე გადამყიდველი იყო და კოხრეიძეს მისთვის ჰქონდა მიბარებული ნაძარცვი ნივთები. ქალი სპეკულაციისთვის გაასამართლეს. მევლუდს კი ექვსწლიანი ციხე მიუსაჯეს. კოხრეიძემ საპყრობილეში სულ რაღაც ოთხი თვე დაჰყო. ზუსტად იმდენი, რაც ორმოცმეტრიანი გვირაბის გასათხრელად დასჭირდა და 1924 წლის 19 აგვისტოს გაიქცა. მევლუდი გვირაბს კოვზით თხრიდა აბანოდან, სადაც ის სანიტარულ ზედამხედველად მოეწყო. სწორედ ამ შემთხვევის გამო უწოდეს მას „თხუნელა“, რაც სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. მან შემდეგში კიდევ თორმეტჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა.
საგანგებო რწმუნებული
გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო სწრაფად იკრებდა ძალებს და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ამყარებდა სხვადასხვა ქვეყანასთან. იმ პერიოდში მევლუდ კოხრეიძე ქალაქ ოდესაში მოღვაწეობდა. 1930 წელს ოდესის პორტს ამერიკული გემი, „ნევადა“ მიადგა, რომელმაც ჩარხმშენებელი ქარხნის მოწყობილობა ჩამოიტანა. ხელშეკრულების მიხედვით, მოწყობილობის საფასურს ოქროთი იხდიდნენ. როგორც კი მოწყობილობა გემიდან გადმოტვირთეს, სახელმწიფო ბანკის სპეციალურმა ჯგუფმა მასზე ოქროს ზოდებით სავსე ათი ყუთი აიტანა. თითოეულ ყუთში ორმოცდაათი ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდი იყო მოთავსებული და 500 კილოგრამ ბაჯაღლო ოქროს შეადგენდა. ტვირთი შეიარაღებულმა დაცვამ ჩაიბარა და „ნევადა“ ზღვაში გავიდა. ოდესის ნაპირიდან ათი კილომეტრის მოშორებით გემს პატარა სამხედრო კატარღა წამოეწია, რომელზეც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რვა შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. მათ „ნევადა“ გააჩერეს, გემზე ავიდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ლოურენსს ინგლისურად უთხრა.
– მისტერ, მე „ჩეკას“ საგანგებო რწმუნებული, კომისარი ოლეგ ვასილიევი ვარ. ზუსტად ვიცით, რომ ბორტზე ორი ბოროტმოქმედი გყავთ, რომლებიც უცხოეთში მიგყავთ და უმორჩილესად გთხოვთ, გამოაჩინოთ.
– გეშლებათ, კომისარო. ჩვენს გემზე მხოლოდ ეკიპაჟია და თორმეტი შეიარაღებული სამხედრო, რომლებიც ოქროს იცავენ, – მიუგო ლოურენსმა „ჩეკისტს“.
– კაპიტანო, უნდა დავრწმუნდეთ თქვენი სიტყვების სიმართლეში, – ტონი გაამკაცრა „ჩეკისტმა“.
გულუბრყვილო კაპიტანმა გემის გაჩხრეკის უფლება მისცა „ჩეკისტებს“. ორი კაცი გემბანზე დარჩა, დანარჩენები კი ტრიუმში ჩავიდნენ კაპიტნისა და ოთხი მეზღვაურის თანხლებით. ჩხრეკა მანამდე გაგრძელდა, სანამ „ჩეკისტებმა“ ოქროს საცავ კაიუტას არ მიაღწიეს. იქ კი მათ შეიარაღებული დაცვა განაიარაღეს, გაკოჭეს და ნახევარი ტონა ოქრო გაიტაცეს...
„ჩეკას“ საგანგებო რწმუნებული, სინამდვილეში, „თხუნელა“ იყო, დანარჩენები კი – მისი ბანდიტური დაჯგუფების წევრები. მძარცველები „ჩეკამ“ ქალაქ ნიკოლაევში დააკავა და ოქროც დააბრუნეს. „თხუნელა“ კი მოგვიანებით აიყვანეს ქალაქ ხარკოვში და ადგილობრივ ციხეში მოათავსეს. თუმცა, კოხრეიძე სამი დღის შემდეგ გაიქცა. „თხუნელამ“ გამთენიისას სამსართულიანი ციხის სახურავზე ააღწია. მთელი ძალით გამოქანდა და ჩვიდმეტმეტრიანი სიმაღლიდან ციხის გვერდით გათხრილ საძირკველში ჩახტა, რომელიც წვიმის წყლით იყო სავსე... ჰაერში „თხუნელამ“ ოცდაათი მეტრი იფრინა.
გრანდიოზული აფერა
მეორე მსოფილო ომი რომ დასრულდა, საბჭოეთში გრანდიოზული აღდგენითი სამუშაოები გაჩაღდა. 1952 წელს მიწასთან გასწორებული სტალინგრადი სწრაფად შენდებოდა. იანვრის ერთ დღეს ¹34 სამშენებლო ტრესტში სოლიდური მამაკაცი მივიდა და მმართველს უთხრა:
– მე იური კანდიდოვი ვარ. „ცეკადან“ სარევიზიოდ მომავლინეს თქვენთან და ობიექტები უნდა დავათვალიერო.
მმართველმა სტუმარს ყველაფერი საგულდაგულოდ დაათვალიერებინა და ორი დღის შემდეგ გაისტუმრა. ¹35 ტრესტი კი სპეციალიზებული დაწესებულება იყო და განსაკუთრებული დაცვის დონის ობიექტებს, ძირითადად, ბანკებსა და შემნახველ სალაროებს აშენებდა... „ცეკას“ რევიზორი კი, სინამდვილეში, „თხუნელა“ გახლდათ, რომელიც იმ დროისთვის უკვე სამჯერ იყო ნასამართლევი და ეს „რევიზია“ მან სამი წლის შემდეგ გრანდიოზული ძარცვისთვის გამოიყენა...
1955 წლის ივლისის ერთ მცხუნვარე დღეს, კოხრეიძემ და ხუთმა მძარცველმა საიდუმლო-სავენტელაციო ხვრელით ბანკის საცავში შეაღწიეს. ძალიან ადვილად გათიშეს სიგნალიზაცია და 6 მილიონი მანეთი, ანუ მთელი თანხა გაიტაცეს... დამნაშავეების კვალზე გასვლა მხოლოდ 1956 წელს მოხერხდა. 13 თვის შემდეგ მძარცველთა ბანდა თბილისში, ფუნიკულიორის პლატოზე მდებარე რესტორანში აიყვანეს. ისინი გაასამართლეს და კოხრეიძის გარდა, თითოეულს 25-25 წელი მიუსაჯეს, „თხუნელას“ კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს. შემდეგ კი ეტაპით გაუშვეს მოსკოვში, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიეღო მონაწილეობა. კოხრეიძემ მომენტით ისარგებლა და მატარებლიდან გაიქცა.
ორი წლის შემდეგ ძებნილ „თხუნელას“ სასიკვდილო განაჩენი კანონის შეცვლის გამო გაუუქმეს და როდესაც დაიჭირეს, მხოლოდ 15 წლით ჩასვეს ციხეში, რომლის დროსაც კიდევ სამჯერ მოახერხა გაქცევა...
ლეგენდარული „თხუნელა“ 1991 წელს, 85 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.