რატომ ვერ აქვს შოთი ტატიშვილს მამასთან – ოთარ ტატიშვილთან, მამაშვილური ურთიერთობა და რატომ არ უნდა უხსენოს მას გოგომ გენდერული თანასწორობა #41
მომღერალ შოთი ტატიშვილისთვის ცხოვრების ამ ეტაპზე მთავარი სწავლაა, მაგრამ პარალელურად, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს და სამომვლოდ დიდი გეგმები აქვს როგორც ბიზნესში, ისე შემოქმედებაში. მასაც მამის, ოთარ ტატიშვილის, მსგავსად, უკვე უამრავი სამსახური აქვს გამოცვლილი.
შოთი ტატიშვილი: ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა. კავკასიის ბიზნესსკოლაში მესამე კურსზე, მარკეტინგსა და პიარს ვსწავლობ. თუმცა, პარალელურად, როგორც მომღერალი, ვმონაწილეობ კორპორატიულ საღამოებში და მე თვითონაც ვმართავ. ცოტა ხნის წინ, მე და ჩემმა ძმამ სახლში გავაკეთეთ სტუდია. ის კომპოზიტორია და კომპოზიციებს მიწერს. მომავალ წელს კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ. მოკლედ, მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. მიხარია, რომ ზუკასნაირი ნიჭიერი ძმა მყავს. ის ძალიან მაგარ კინომუსიკას წერს, რომელსაც წარმატებით ყიდის ამერიკაში.
– პირადი ცხოვრების ამბებიც მომიყევი.
– ერთი პერიოდი ძალიან აქტიური პირადი ცხოვრება მქონდა, მაგრამ ახლა ვისვენებ (იცინის). 13 წლიდან ვმუშაობ და იქიდან მოყოლებული, ვფიქრობდი, რომ უკვე შემეძლო ოჯახის შექმნა და შენახვა. მაგრამ ახლა, როცა, ჟარგონულად რომ ვთქვა, „კარგ პალასაზე“ ვარ და წინ მივიწევ, მინდა, ჯერ ჩემს მაქსიმუმს მივაღწიო და პირად ცხოვრებაზე მერე ვიფიქრო. მინდა, საქართველოში ჩემი „ჯაზსკოლა“ გავხსნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ჯაზმენი თვეში ერთხელ მასტერკლასებს ჩაატარებს. გარდა ამისა, აუცილებლად გავხსნი სუში-ბარს, მაგრამ, სამ ადამიანს რომ ხუთასი ლარი სჭირდება იქ შესასვლელად, ისეთს არა.
– სერიოზული გეგმები გქონია, წარმატებები. მითხარი, 13 წლიდან ვაპირებდი ოჯახის შექმნასო, მერე რა შეიცვალა? ერთი პერიოდი, ამბობდნენ, უკრაინელი საცოლე ჰყავსო.
– უკრაინელი არა, ბულგარელი. ეს იყო სამწლიანი ურთიერთობის მერის მერე (იცინის). სერიოზულად იყო ამბავი, მაგრამ მერე მივხვდი, მაინც კავკასიელი ქალი მირჩევნია ყველას (იცინის). თუმცა, ბულგარელამდე იყო ფანტასტიკური მოსკოველი გოგო. ყველას ვუსურვებ, რომ მისნაირი ცოლი ჰყავდეს. მაგრამ, ჯერ ადრე იყო ჩემთვის სერიოზული ურთიერთობები, რასაც დისტანციაც დაემატა და პრობლემები გაჩნდა. სხვათა შორის, ეს მოსკოველი უფრო ახლოს იყო ქართველთან, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გვიანაა (იცინის).
– მომიყევი, როგორ ხიბლავ გოგოებს?
– ბულგარელი გოგონა შემთხვევით გავიცანი ინტერნეტის საშუალებით. სხვათა შორის, მამამისი ბულგარეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. „სკაიპში“ ძალიან რომანტიკული სიმღერა ვუმღერე გიტარის თანხლებით და მოიხიბლა. სამთვიანი ურთიერთობა გვქონდა და ნანახი არ მყავდა. ზუსტად „ვოისის“ პერიოდი იყო, ეზოში ვიდექი და მოულოდნელად უკნიდან ვიღაც ჩამეხუტა. ის გოგო იყო. ჩუმად დაკავშირებია ჩემს მეგობრებს და მათი დახმარებით ჩემამდე მოვიდა. გიტარა და სიმღერა გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, თუ მამაკაცი ქალბატონის მოხიბვლას ცდილობს, უნდა იყოს დინჯი, გამოიყენოს ჭარბი დოზით იუმორი, არ იცანცაროს და იუზრდელოს. თანაც, ცოტა ნიჭსაც თუ გამოავლენს, მისია მიღწეული იქნება. რომ ვთქვი, სამწლიანი ურთიერთობა მქონდა-მეთქი, ერთხელ ის გოგო ძალიან მეჩხუბა. ერთი ქუთაისელი ძმაკაცი მყავს, ისეთი ენა აქვს, ნებისმიერს „დაკერავს.“ მას ვთხოვე, ჩემს შეყვარებულს დალაპარაკებოდა შერიგებაზე და რომ დაითანხმებდა, მეც უცებ გავჩნდებოდი ყვავილებით ხელში. გეგმის მიხედვით, მანქანის საბარგულში დავიმალე ყვავილებიანად და წინა სავარძლების ღრიჭოდან ძლივს შემოსული ჰაერი მასულდგმულებდა. წარმოიდგინეთ, გაგანია აგვსტოა, იწვის ქვეყანა და მე საბარგულში ვარ მოკეცილი. გადის 5, 10, 15 წუთი და ეს გოგო არა და არ თანხმდება. არადა, უკვე პიკზე ვარ. აღარ შემიძლია, ვიგუდები და თან, ისე გავოფლიანდი, გეგონებოდა, ვედროთი გადამასხეს წყალი. ბოლოს ძმაკაცს ვწერ, აღარც გოგო მინდა და არც არაფერი, ოღონდ აქედან გამიყვანე-მეთქი. ორი წუთითაც რომ გაგრძელებულიყო ის სიტუაცია, ყვირილს დავიწყებდი, მაგრამ ამ დროს გოგოც დათანხმდა. მეც საბარგულიდან გადმოვედი, ყვავილები მივაწოდე და წავიქეცი. ვეღარაფერს ვხედავდი. კი მინდოდა, ჩავხუტებოდი, მაგრამ ისეთი ოფლიანი ვიყავი, „მიტყდებოდა“. თუმცა, მერე თვითონ ჩამეხუტა და საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დამთავრდა (იცინის).
– მამა თუ გაძლევს რჩევებს გოგოებთან დაკავშირებით?
– მამაჩემთან მამაშვილური გრძნობები და ურთიერთობები არ მაქვს. ჩვენ უფრო ძმაკაცები ვართ. ერთად დავდივართ საქეიფოდ, საგულაოდ და ასე შემდეგ. ეს ცხოვრებამ მოიტანა, ასე გავიზარდეთ. ბავშვობაში მქონდა პერიოდები, როცა ერთი-ორი დღით ჩავფიქრდებოდი ამ თემაზე და ცოტა გული მწყდებოდა, მაგრამ ამან გადაიარა. ახლა ვფიქრობ, ასე უნდა მომხდარიყო, რომ დაგვენახა, რა მაგარი ქალია დედაჩემი. როგორ გადადო მან პირადი ცხოვრება გვერდზე და ბებოს და ბაბუს დახმარებით აღგვზარდა.
– შენ, ქართველობის გარდა, გოგოებთან კიდევ რა მოთხოვნები გაქვს?
– არასდროს არ უნდა მითხრას გოგომ, რომ გენდერული თანასწორობის მომხრეა (იცინის). არ ვგულისხმობ, რომ ქალი მხოლოდ „კუხნაში“ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა მუშაობდეს, მაგრამ იმავდროულად, შვილებისთვის აუცილებლად უნდა ჰქონდეს დრო. უპირველესად, დედა უნდა იყოს და საჭმლის მომზადებაც იმიტომ უნდა იცოდეს, რომ შვილებს სჭირდება, თორემ მე მოვუხერხებ ჩემს თავს რამეს. ბოლოს და ბოლოს კურსები მაქვს გავლილი. ოჯახში ორივეს თანაბარი უფლებები გვექნება, მაგრამ ზოგადად, როცა სერიოზული პრობლემა დგება, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კაცზეა. მოკლედ, მგონია, რომ მთავარი ურთიერთპატივისცემაა. ცოლს მოკლე კაბის ჩაცმასა და პომადის წასმას ნამდვილად არ დავუშლი, მაგრამ მოკლე კაბაც არის და მოკლე კაბაც (იცინის). ჩემი მეუღლე უნდა მიხვდეს, რომელი ჩაიცვას. უტვინოა კაცი, ვინც ცოლზე ზედმეტად ეჭვიანობს და ჭკვიანია ის, ვინც სხვა მამაკაცებს გახედავს და ეტყვის: დორბლი მოიწმინდეო. ძალიან აქტიური პირადი ცხოვრება რომ მქონდა, მაგ დროს, ოთართან გოგოს რომ მივიყვანდი და გავაცნობდი: მერამდენეა, შვილოო, მეუბნებოდა. თან, იმ გოგოს თანდასწრებით. მე კიდევ თვალებს ვუქაჩავდი და ვანიშნებდი – გაჩერდი-მეთქი (იცინის). ერთი გოგო ჰყავდა ამოჩემებული, ძალიან მოსწონდა. ვინმეს რომ გავაცნობდი და ცოტას დალევდა, მე მაინც ის მერჩივნა, ყველაზე კარგი იყოო, გაიძახოდა (იცინის).
– ოთარის შვილი რომ ხარ, კარგია თუ რთულია?
– ჩემნაირი ადამიანისთვის – რთულია, რადგან მინდა, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთო. მაგრამ, რადგან ოთარის შვილი ვარ, თუ რამეს ვაკეთებ, ყველას ჰგონია, ეს მამაჩემის დამსახურებაა. არადა, ასე ნამდვილად არაა. მამაჩემმა „შუა ქალაქში“ რომ დაიწყო მუშაობა, მაგ პერიოდში მე „ახალ ხმაში“ მივედი სტაჟიორად. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ოთართან შევედი და მითხრა: შვილო, ახლა რეპეტიციაა, არ მცალია, სახლში წადიო. მამა, აქ ვმუშაობ-მეთქი რომ ვუთხარი, ეგონა, ვეღადავებოდი. სანამ ჩემი უფროსი არ დავალაპარაკე, არ დაიჯერა. უფროსსაც გაუკვირდა: უი, თქვენი შვილიაო?! უამრავ ადგილას მიმუშავია, მაგრამ ყველგან – ჩემი შესაძლებლობებით. ოთარ ტატიშვილის სახელი არასდროს გამომიყენებია. ერთი დუეტი გვაქვს, რომელშიც ოთარი ამბობს: „ურჩევნია მამულსა – შვილი სჯობს მამასა, მაგრამ ცხრა სამსახური სად ექნება ამასა“. დავითვალე და 12 სამსახური მაქვს გამოცვლილი. ამიტომ ვთხოვდი სცენარისტებს – ტექსტი შეაცვლევინე-მეთქი (იცინის). იყო დრო, მამაჩემზე პოპულარული ვიყავი. ბავშვობაში „ანაბანაში“ გავიმარჯვე და მაშინ, პირიქით, ოთარზე ამბობდნენ შოთიკოს მამააო. ცოტა ხანში ისევ შემოვაბრუნებ სიტუაციას (იცინის).