კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაარჩინეს მონღოლებმა სარგის ჯაყელი დავით ულუსგან დაპატიმრებას

ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა დავით მეშვიდეს, ლაშას ძეს, რამაც მის ხასიათზეც იქონია გავლენა.
ჩვილი იყო, როცა დედას მოაშორეს. დედამისი ველისციხელი ქალი ყოფილა, რომელიც ქმრისთვის წაურთმევია ლაშა-გიორგის და სასახლეში წამოუყვანია. ეკლესიამ მეფეს ნება არ მისცა სხვის ცოლზე ექორწინა და ქალი ქმრისთვის მიაბრუნებინეს. ვინ იცის, იქნებ ველისციხეში ან სხვაგან, არსებობენ დავით ულუს, ანუ დღევანდელი ბაგრატიონების წინაპრის დედის შთამომავლები.
მალე გარდაიცვალა ლაშა გიორგი. ანდერძით, პატარა უფლისწული თავის დას, რუსუდანს მიაბარა აღსაზრდელად. რუსუდანს გაუტკბა მეფობა და როცა ვაჟი შეეძინა, გადაწყვიტა, თავისი შვილი გაემეფებინა და არა ძმისწული.
შემდეგ, რუსუდანმა რუმის (იკონიის) სასულთნოში გაათხოვა თავისი ასული, თამარი და დავით უფლისწული მაყრად გააყოლა. თან, მიუწერია სიძისთვის, მომაშორე თავიდან დავითიო.
დაახლოებით 5-6 წელი ჯურღმულში იყო გამოკეტილი დავით გიორგის ძე. სანამ, მონღოლებმა არ დაამარცხეს რუმის სულთანი და არ გამოიხსნეს სიკვდილის პირამდე მისული უფლისწული, ქართველების თხოვნით.
როგორც ჩანს, საპყრობილეში გამოვლილმა ტანჯვა-წამებამ მასზე იმოქმედა, ცოტა ენას უკიდებდა, თურმე.
იქნებ გადატანილი სტრესების გამო – ყოფილა გულუბრყვილო, მალემრწმენი, ადვილად იჯერებდა ადამიანების შესახებ ცუდს. თუმცა, იყო გულწრფელი და დანაშაულის შემნდობი. უფლისწული ყოფილა დიდი, ახოვანი, მსხვილი და მაგარი მოისარი, როგორც უცნობი ჟამთააღმწერელი ახასიათებს.
ბაგრატიონობამ მაინც თავისი ქნა და მოვალეობის ერთგული მეფე იყო, ყველანაირად ცდილობდა ქვეყნის მოვლასა და ღირსების შენარჩუნებას. პრინციპულიც გახლდათ. პირადად მონაწილეობდა ბრძოლებში. ხანდახან ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებს ერთგულად ემსახურებოდა.
ძალიან შეაწუხა მეფე მონღოლების მიერ შეწერილმა გადასახადებმა – განსაკუთრებით გადასახადების ამკრეფის, წარმოშობით სპარსის, ხოჯა-აზიზის თავხედობამ, რომელიც ყვლეფდა ხალხს, და იმდენსაც ბედავდა, თვით მეფეს უთვლიდა საკვებ პროდუქტებს.
1260 წელს მეფე აჯანყდა, უფრო სწორად, განუდგა მონღოლებს და არ წაჰყვა ეგვიპტელებთან საომრად. შესაძლოა, პოლიტიკური შეცდომაც დაუშვა, თავის ქვეშევრდომებს, ქართველ დიდებულებს თავისუფალი არჩევნის ნება მისცა – ვისაც უნდა, წაჰყვეს მონღოლებს, მე კი უნდა განვდგეო. იქნებ, სჯობდა, დაერწმუნებინა ან ებრძანებინა.
აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულების დიდი ნაწილი თათრების ბრძანებას დაემორჩილა (ამ დროს დასავლეთ საქართველოში მეფობდა დავით მეექვსე ნარინი, დავით ულუს მამიდაშვილი), წავიდნენ მონღოლთა სამსახურად. მხოლოდ სამცხის მთავარი, სარგის პირველი ჯაყელი-ციხისჯვარელი დარჩა მეფის ერთგული. წაიყვანა სამცხეში ხელმწიფე და ომისთვის მზადებას შეუდგნენ.
როცა მონღოლებმა ეგვიპტელებთან ომისგან მოიცალეს, დიდი არმია გამოაგზავნეს დავით მეფის დასასჯელად. მეფის ერთგულმა, მცირერიცხოვანმა ჯარმა, სარგის ჯაყელის მეთაურობით, რამდენიმე ბრძოლაში წარმატებასაც კი მიაღწია. მაგრამ, ქართველი მოღალატე დიდებულების დახმარებით, თათრებმა მაინც გაიმარჯვეს.
მეფე და სარგისი დასავლეთში გადავიდნენ.
ჰულაგუ ყაენმა დათმობებით სცადა მეფის შემორიგება და დაიბარა ბარდავში, თავის ერთ-ერთ რეზიდენციაში. თან, შემოთვალა: დავით მეფეს ვაპატიებ, მაგრამ სარგისს – არაო. მეფემ გადაწყვიტა, არ წაეყვანა სარგისი სასიკვდილო საფრთხის გამო.
ჯაყელმა მარტო არ გაუშვა მეფე – შენ რომ რამე მოგივიდეს, თავს ვერ ვაპატიებ, წამოვალ. თუ საჭირო იქნება, შენ მაგიერ მოვკვდებიო და თან გაჰყვა ხელმწიფეს.
როცა ყაენმა საქმის გამოძიება დაიწყო, სარგის ჯაყელმა თავის თავზე აიღო აჯანყებაზე ბრალი, რათა მეფე სიკვდილისგან ეხსნა...
ამ დროს ყაენის კარზე მოიჭრა მალემსრბოლი, რომელმაც ჰულაგუს აცნობა, ოქროს ურდოს ჯარების შემოჭრა საილხანოს გავლენის სფეროში, აღმოსავლეთ კავკასიაში.
ამან გადაარჩინა სარგისი და იქნებ, მეფეც. ქართველები საილხანოს ძალიან სჭირდებოდა ოქროს ურდოს წინააღმდეგ ბრძოლებში.
ოქროს ურდოსთან ბრძოლებში სარგისმა თავი გამოიჩინა ვაჟკაცობით, სასიკვდილო ხიფათს გადაარჩინა ყაენი. შემთხვევით მარტოდ დარჩენილი ყაენის წინააღმდეგ პირისპირ შეტევაზე გადასულ შვიდ მეომარს წინ გადაუდგა სამი თანამებრძოლით. ოთხი მოკლეს ქართველებმა, სამი – გაიქცა. 
ჰულაგუს არმიამ დაამარცხა და გადარეკა კავკასიის გადაღმა ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას ჯარი, რომელსაც მისი ძმისწული, ნოღაი მეთაურობდა.
ყაენმა დაუფასა სარგის ჯაყელს მამაცური ბრძოლა და სხვა ქართველებზე მეტად დააჯლდოვა. უბოძა მას არზრუმი (კარნუ-ქალაქი). შეშურდა ზოგიერთ ქართველ დიდებულს, რომელთაც არ უნდოდათ სარგისის ძალიან გაძლიერება და მეფეს უჩურჩულებდნენ – ბარემ მეფობაც მისცეს ყაენმა სარგისს, ისე განდიდდება, აღარ დაგემორჩილებაო.
მეფემ მოსთხოვა მონღოლებს, არ მისცეთ სარგის ჯაყელს არზრუმიო. ძალიან გაუკვირდათ თათრებს, რადგან, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც არზრუმს აძლევდნენ სარგისს, ერთგულება და თავდადება იყო, მათ შორის, მეფისადმი, რასაც ძალიან აფასებდნენ მონღოლები.
აღარ მისცეს არზრუმი სარგისს.
ძალიან ეწყინა ჯაყელს...
დავით მეფემ მიაღწია და ხოჯა-აზიზი გადასცა ჰულაგუმ სიკვდილით დასასჯელად.
1265 წელს მოკვდა ჰულაგუ და ტახტზე ავიდა მისი შვილი აბაღა. აბაღა ყაენს ეშინოდა ოქროს ურდოს ჯარის კვლავ შემოჭრისა და შირვანში, სიბაზე, თავდაცვით ზღუდეზე, ყოველ შემოდგომას მიჰყავდა დავით ულუ და ქართველები სადარაჯოდ. იმ შემოდგომასაც უნდა წასულიყო მეფე სიბაზე. მოუწოდა სარგის ჯაყელს დავით მეშვიდემ.
ნაწყენი კი იყო პაპა სარგისი მეფეზე, მაგრამ, მაინც ეახლა თავისი სამხედრო ნაწილებით ტფილისში. მონღოლთა წინაშე ვალდებულება ჰქონდა, სამსახური გაეწია.
მეფესთან დაახლოებულმა პირებმა, რომელთაც ჟამთააღმწერელი „უკეთურ კაცებს“ უწოდებს, კვლავ სცადეს სარგის ჯაყელის დამცრობა. უთხრეს მეფეს, როგორც ჩანს, სარგისი ყაენს ემორჩილება და შენ – არაო. მეფე გულუბრყვილო იყო და მალემრწმენი. დაივიწყა სარგისის დამსახურება, ერთგულება და თავდადება, დაიბარა სასახლეში და დააპატიმრებინა.
სარგისის თანმხლები და ერთგული მესხი აზნაურები სასწრაფოდ გაეშურნენ აბაღა ყაენთან საჩივლელად. ნახეს აბათა ნოინი, მოახსენეს ყოველივე და სთხოვეს, ეცნობებინა ყაენ აბაღასთვის ყოველივე და გაეთავისუფლებინათ სარგისი.
აბათა ნოინი ეახლა აბაღა ყაენს, მოახსენა საქმის ვითარება და სთხოვა, გაეცა ბრძანება სარგისის გათავისუფლებისა დავით მეფის ტყვეობიდან. დავით ულუ აბაღას ვასალი იყო და ვალდებული გახლდათ, მისი ბრძანებები შეესრულებინა.
აბაღა ყაენი, მართალია ლოთი იყო, მაგრამ ახსოვდა სარგისის თავდადება ბერქას ჯართან ომში, მისი ბრწყინვალე მეომრობა და დამსახურება. სარგისი ახლა უკვე მონღოლთა ინტერესების გამტარებლად გამოდიოდა, მონღოლთა ყაენთან დაახლოებული პიროვნება გახლდათ. მისი დაპატიმრება მონღოლთა ილხანისთვის მიუღებელი იყო.
აბაღა ყაენმა სასწრაფოდ გამოაგზავნა დავით ულუს წინაშე ელჩი და დაავალა სარგისის წაყვანა საილხანოში. ელჩი ტფილისში ეახლა დავით მეფეს და გადასცა ყაენის მოთხოვნა. დავით მეფეს არ შეეძლო წინ აღდგომოდა ყაენის ბრძანებას, რაც ისევ დაპირისპირებას გამოიწვევდა, შესაძლოა, ახალ სამხედრო კამპანიასაც საქართველოს წინააღმდეგ.
გაათავისუფლა დავით მეფემ სარგის ჯაყელი და გააყოლა ელჩს საილხანოში. მიჰგვარეს სარგისი აბათა ნოინს. მან კი აცნობა ყაენს პაპა სარგისის გათავისუფლება. ამიერიდან სამცხე პირდაპირ ჰულაგუიანთა დაქვემდებარებაში გადავიდა.
იმ დროიდან ჯაყელები, გიორგი ბრწყინვალეს ხანამდე, აღარ ემორჩლებოდნენ მეფეს.

скачать dle 11.3