კითხვა-პასუხი
კითხვა: როგორ მოვიშორო სახლის პირობებში ცხვირზე შავი წერტილები?
პასუხი: შემოგთავაზებთ სახლის პირობებში კანიდან შავი წერტილების მოშორების 3 მეთოდს. 1. თმები შუბლიდან გადაიწიეთ, რომ გაწმენდის დროს ხელი არ შეგიშალოთ. გაიკეთეთ სახეზე კანის გამახურებელი კომპრესი ბალახების ცხელ ნაყენში დასველებული ნაჭრით. თუ კანი ძალიან მგრძნობიარე და მშრალი გაქვთ, საჭიროა ზეითუნის ზეთის ნიღაბი. აიღეთ ორი ფინჯანი. ერთზე დააყარეთ ჩაის კოვზი „ექსტრა“, გაცრილი მარილი, მეორეზე დაასხით ცხელი წყალი. ბამბის ტამპონი გაახვიეთ მარლაში, დაასველეთ წყალში, შემდეგ ამოავლეთ მარილში და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში, სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში. თუ შეიგრძნობთ წვას, მაშინ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ – ცივი წყლით. გააკეთეთ 2-3-დღიანი შესვენება. თუ წვა აღარ გექნებათ, მაშინ პროცედურის გაგრძელება შეგიძლიათ. განმეორებითი წმენდა უნდა ჩატარდეს 2-3 კვირის შემდეგ.
მეთოდი 2: ერთ ჭიქა საპნიან წყალში გახსენით 1/2 ჩაის კოვზი „ექსტრა” მარილი. დაასველეთ ამ ხსნარში ბამბის ტამპონი და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში, სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ – ცივი წყლით.
მეთოდი 3: შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 სადილის კოვზი, რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მოსქელო ფაფა მიიღოთ და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. როცა ეს მასა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კითხვა: წონის სწრაფი მატების შედეგად გამიჩნდა სტრიები მხრებზე და მკერდის მიდამოებში. წონა კი დავიკელი, მაგრამ სტრიები დამრჩა. რაიმე მირჩიეთ, რომ სტრიების ფერი ოდნავ მაინც გაღიავდეს და არ ჰქონდეს წითელი შეფერილობა.
პასუხი: არსებობს წონის ცვალებადობასთან დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები, მაგალითად, ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კონტრატუბექსი, კრემი სტრიებისთვის და სხვა. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია.