უნებლიე მკვლელი #41
რევოლვერი ფლორიდაში იყიდა. საგანგებოდ გაემგზავრა და დახმარება თავის ძველ ნაცნობს, ნარკოტიკებით მოვაჭრე ჰიუბნერს სთხოვა. ჰიუბნერს ძალიან გაუკვირდა: როგორ, ნიუ-იორკში იარაღის ყიდვა არ შეიძლებაო? ამანაც აუხსნა, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობა ყველანაირი იარაღის შენახვასა და შეძენას კრძალავდა. ფლორიდასა და მაიამიში ასე არ იყო. იქ იარაღი ყველას ჰქონდა. ბუნებრივია, სროლაც იცოდნენ და ჰიუბნერმა სპეციალურად წაიყვანა მანქანების სასაფლაოზე, რომ იქ სროლაში გაევარჯიშებინა.
– მე არაფერში მჭირდება მიზანში სროლის სწავლა, – უთხრა დეიკმა და ამით ჰიუბნერი კიდევ უფრო გააოცა.
– სერიოზულად ამბობ? რევოლვერი „სმიტი და ვესონი” სერიოზული იარაღია, მაგრამ მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, თუკი იყენებ მას. სამშვენისი ნამდვილად არ არის. რატომ იყიდე?
– სიმშვიდისთვის, – დეივმა გაიღიმა, – როგორ უნდა აეხსნა ყოფილი ნარკომოვაჭრისთვის, რისთვის სჭირდებოდა იარაღი. მოთხოვნილება ამ ნივთის შეძენისა მაშინ გაუჩნდა, როცა შიშის ყინულივით ცივი საცეცები იგრძნო. ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ახალშობილივით უსუსური და დაუცველი იყო. მოუნდა, შიშისთვის ეჯობნა და სწორედ მაშინ მიხვდა, იარაღი მისთვის ერთადერთი ხსნა რომ იქნებოდა. ახლა, როცა რევოლვერი უკვე ჰქონდა, იმაზე უნდა ეფიქრა, როგორ აეტანა ის თვითმფრინავში.
– ეგ პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. ჩემოდანში ჩადე და ბარგში ჩააბარე. დამიჯერე, ასე არაერთხელ მოვქცეულვარ და პრობლემა არ შემქმნია, – დაარიგა ჰიუბნერმა, – მართლა არ გინდა, სროლა კვალიფიციურად გასწავლო?
– არა, – თავი გააქნია დეიკმა, – ჩემთვის მას სხვა დანიშნულება აქვს.
– მაინც რა დანიშნულება? იარაღი იმისთვის არსებობს, რომ ისროლო და ადამიანი მოკლა.
– არავის მოკვლას არ ვაპირებ.
– მართლა? მეც ასე ვფიქრობდი წლების წინ, როცა ხელში პირველად ავიღე რევოლვერი, მაგრამ ახლა... ჰიუბნერმა ჩაიცინა, – გითხრა, რამდენი კაცი მყავს მოკლული?
– საჭირო არ არის. ანუ, შენ ფიქრობ, რომ თვითმფრინავში პრობლემა არ შემექმნება?!
– არანაირი, ვერც კი მიხვდებიან, რომ ჩემოდანში იარაღი გიდევს. ორი ყუთი ტყვიებიც წამოგიღე. ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
– ამდენი ტყვია რად მინდა? ხომ გითხარი, არავის მოკვლას ვაპირებ.
ჰიუბნერმა ჩაიცინა.
– იარაღს თავისი წესები აქვს, დაუწერელი კანონები. მალე გამოცდი მის ძალას საკუთარ თავზე.
დეიკი მაინც ნერვიულობდა, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მანჰეტენზე ტაქსი გააჩერა და თავის ბინამდე ისე მივიდა. ჩემოდანი მაშინვე არ ამოულაგებია. ტანსაცმელი გამოიცვალა, ვისკი დაისხა, დალია და მხოლოდ ამის მერე ნახა თავისი საუნჯე. მოეჩვენა, რომ რევოვლერი ზომაში ცოტა დაპატარავდა. დარწმუნებული იყო, რომ იარაღი დაცულობის განცდას გაუჩენდა. ხელში აიღო, „ბარაბანი” დაატრიალა. ახლა შეიძლებოდა, საკუთარი თავისთვის კანონდამრღვევი ეწოდებინა. ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, იარაღის ქონა სრულიად მიუღებელი იყო. დეიკმა რევოვლერს ხელი გადაუსვა. მისი ბინა სახლის მეთოთხმეტე სართულზე იყო. ვესტიბიულს ყოველთვის შვეიცარი იცავდა. დეიკს რევოვლერი ისევ ჩაბღუჯული ჰქონდა. თითქოს უნდოდა, მის სიცივეს შეჩვეოდა. იარაღი ხელიდან ხელში გადაჰქონდა. სადღაც უნდა შეენახა, მაგრამ სად? მერე უცებ აღმოაჩინა, რომ ბინაში თავს დაცულად გრძნობდა. მყარი რკინის კარი, ფანჯრებზე საიმედო გისოსები, საკმარისად მაღალი მდებარეობა. ესე იგი, რევოლვერი კი არ უნდა შეენახა, მუდმივად თან უნდა ეტარებინა. როცა დასაძინებლად დაწვა, ძვირფასი შენაძენი ბალიშის ქვეშ დაიდო. რევოლვერი საკუთარი თავის პატივისცემას უჩენდა. როგორი მამაკაცური სუნი აქვსო, გაიფიქრა და ტკბილად ჩაიძინა.
მომდევნო დღეების განმავლობაში დეიკმა თავი გამოიჭირა, რომ ძალიან ბევრს ფიქრობდა იარაღზე. არ ახსოვს, როდის და როგორ მიიღო გადაწყვეტილება, რევოლვერი ქამარში გაერჭო და ქუჩაში გასულიყო. თავიდან მასში ტყვიები არ ჩაუწყვია. მიაჩნდა, რომ ისედაც საიმედო იყო. ქუჩაში ადამიანები მიმოდიოდნენ და მას ყურადღებას არ აქცევდნენ. დეიკის პატივმოყვარეობაზე ეს საშინლად მოქმედებდა. მას ხომ იარაღი ჰქონდა. ესე იგი, განსაკუთრებული იყო. რატომ ვერ ამჩნევდნენ ადამიანები მის განსაკუთრებულობას? მამაკაცებს, ქალებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე ელოდათ საფრთხე. მაგალითად, შეიძლებოდა გაძარცვის მიზნით დასხმოდნენ თავს. მოძალადეების ნაკლებობაც არ იყო. დეიკს, მათგან განსხვავებით, თავის დაცვა შეეძლო. თუმცა, როგორ უნდა დაეცვა თავი იმ იარაღით, რომელშიც ტყვიები არ ეწყო? დეიკი დაფიქრდა. ამჯერად, ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც იარაღის სასარგებლოდ გადაწყდა. რა იგრძნო, როცა ქამარში ტყვიებით გაძეძგილი რევოვლერი ჩაიდო? – ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემდა. თითქოს სიმაღლეშიც მოიმატა. ერთბაშად მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ნაცნობი ჰიუბნერი, როცა ამბობდა, იარაღს თავისი, განსაკუთრებული წესები აქვსო. როგორც ჩანს, იარაღს ხასიათიც ჰქონდა, რომელსაც ნელ-ნელა ავლენდა.
იმ საღამოს დეიკი ცდილობდა, დაემალა ის აგრესია, რომელსაც მასში იარაღის ხელში აღება იწვევდა. ასევე, ცდილობდა, იგნორირება გაეკეთებინა ამისთვის. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა ბრძოლას აგებდა...
მშვიდი საღამო იყო. დეიკმა კარი დაკეტა. გასაღები ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გამოვიდა. საფულეში ფულიც ჰქონდა და საკრედიტო ბარათებიც. ნელა მიაბიჯებდა და ფიქრობდა: – „ეს ადამიანები, ერთი შეხედვით, უწყინარები და მეგობრულები არიან, მაგრამ სინამდვილეში, ყოველ მათგანში პოტენციური მძარცველი, ყაჩაღი და მოძალადე იმალება, თვალს არ დაახამხამებენ, ისე გამოღადრავენ ყელს.
– სანთებელა ხომ არ გაქვთ? – მოესმა ძალიან ახლოდან. თავი ასწია და შეხედა. მის წინ უხეშნაკვთებიანი მამაკაცი იდგა და უტიფრად უღიმოდა. ხელში სიგარეტი არ ეჭირა.
– მოწევა მინდა, სიგარეტზე მომიკიდებ? რა გაშტერებული მიყურებ, შენ გელაპარაკები!..
დეიკის გონებაში მომენტარულად „ჩაირთო” გამაფრთხილებელი სიგნალი. იარაღზე ანგარიშმიუცემლად წაივლო ხელი და კაცს დაუმიზნებლად, მაგრამ მიჯრით ესროლა. რამდენი ტყვია ესროლა, არ ახსოვს. დაინახა, როგორ შეიღება სისხლით, წითლად მისი სხეული. დეიკს არ შეშინებია, პირიქით, იქამდე უცნობი განცდა დაეუფლა, რომელმაც სიამოვნება მოჰგვარა და ნეტარებით დახუჭა თვალები.