სტალინის რომელი იდეა დანერგეს ამერიკელებმა ცხოვრებაში და დღემდე ახორციელებენ #41
იოსებ სტალინი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო საქმეებში წვრილმანები არ არსებობდა და საბჭოთა ბელადი მართლაც თითოეულ წვრილმანს აქცევდა ყურადღებას. ცდილობდა, არაფერი გამოჰპარვოდა... ისტორიკოსი ვიტალი ტიხომიროვი წერს: „სტალინი დაჟინებით იმეორებდა ფრაზას – სახელმწიფო უზარმაზარი მანქანაა, აგრეგატი, რომელიც უთვალავი უწვრილესი დეტალისგან შედგება და ერთიც რომ გაფუჭდეს, მის გამართულ მუშაობას აუცილებლად შეაფერხებსო. სტალინი კი შეფერხებებს ვერ იტანდა და „შემფერხებლებს“ უმკაცრესად სჯიდა. შეფერხებად სტალინი არა მარტო საბოტაჟსა და მავნებლობას მიიჩნევდა, რაც, რა თქმა უნდა, დიდი ზიანის მომტანი იყო, არამედ უმნიშვნელო ნიუანსებსაც კი, რასაც მისი (სტალინის) აზრით, შეეძლო ზიანი მიეყენებინა ქვეყნის პრესტიჟისთვის.
1950 წლის ივლისში სტალინმა იმჟამინდელი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი კაბინეტში დაიბარა და მკაცრად შერისხა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დიპლომატი ივანე ბოლდინი იხსენებდა: „ფრანგები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ და საზეიმო ღონისძიებაზე მოლოტოვიც დაესწრო, რომელიც სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე მეორე რიგში იდგა. ამის ამსახველი ფოტო გაზეთ „ფიგაროს“ პირველ გვერდზე დაიბეჭდა, სადაც მეორე პლანზე მოლოტოვი მსხვილად ჩანდა, თუმცა არანაირი კომენტარი არ ჰქონდა დართული. 20 ივლისს, დილის 10 საათზე მოლოტოვი უკვე ბელადის კაბინეტში იყო და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რისთვის დაიბარეს.
– დაჯექი, – უთხრა ბელადმა სტუმარს. შემდეგ „ფიგარო“ წინ დაუდო და დააყოლა, – რა არის ეს, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ? როგორ ხსნი ამ ყველაფერს?
მოლოტოვმა ყურადღებით დაათვალიერა გაზეთი და თქვა:
– რას გულისხმობ, კობა? ვერაფერს ვხვდები.
– კარგად დააკვირდი ფოტოს და თუ კვლავ ვერაფერს მიხვდები, მე გეტყვი, – თქვა სტალინმა.
მოლოტოვმა კვლავ დაათვალიერა ფოტო და ბელადს უთხრა:
– ვერა, ვერაფერი გავიგე.
სტალინმა მწველი მზერა ესროლა მოლოტოვს და ცივი ხმით მიუგო:
– შენ რა, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, დიადი საბჭოეთი ურუგვაი გგონია, კორეა თუ თუნდაც, ჩინეთი? მეორე რიგში რომ დამდგარხარ ჩამორჩენილი მოწაფესავით, წინ კი ამერიკელები, ბრიტანელები და სხვები გამოჭიმულან, არაფერს ნიშნავს ეს? არაა ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის დაკნინება?
– ამხანაგო სტალინ, – თქვა შეშინებულმა მოლოტოვმა, რომელმაც ბელადს კობას თქმა ვეღარ გაუბედა, – ტრიბუნაზე განლაგების თანმიმდევრობა ფრანგულმა პროტოკოლის სამსახურმა შეადგინა, მათვე დაგვაყენეს ჩვენ-ჩვენს ადგილებზე და რა უნდა მექნა?!
– რა უნდა გექნა და ტრიბუნა დემონსტრატიულად უნდა დაგეტოვებინა. აი, მაშინ კი მოიქაჩლებდნენ ფრანგები თავს და შესაბამის ადგილს მოგიჩენდნენ. შენ კი დოყლაპიასავით მოიქეცი, მათ ნებას დაჰყევი და ქვეყნისთვის შეურაცხყოფის მიყენების საშუალება მიეცი. შენი აზრით, შემთხვევით დაგაყენეს მეორე რიგში? არავითარ შემთხვევაში! ეს შეგნებულად გააკეთეს და შენ კი მათ ხელი შეუწყვე...“
მოლოტოვთან საუბარს საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის შერისხვა – დროებითი გადაყენება მოჰყვა და ორი თვის განმავლობაში სტალინს მოლოტოვი არც გამოუძახია, არც შეხვედრია და მის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებდა. მხოლოდ ორი თვის შემდეგ „შეიწყალა“ სტალინმა მოლოტოვი. საკუთარ კაბინეტში დაიბარა და „გაეროს“ გენერალურ ასამბლეაზე საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნა. გამომშვიდობების წინ კი უთხრა:
– იმედია, პარიზული გაკვეთილი კარგად გაიაზრე და აღარასდროს დასცემ საბჭოეთის პრესტიჟს ძირსო...
მოლოტოვმა იმდენად „კარგად გაიაზრა“ სტალინის შეგონება, რომ როდესაც „თეთრ სახლში“ გამართულ შეხვედრაზე ის, პატივისცემის ნიშნად, იმ მაგიდასთან დასვეს, სადაც მსოფლიო მონარქები ისხდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი, სახელმწიფო მეთაურებთან მოკალათდა მეორე მაგიდასთან, საბჭოთა საგარეო მინისტრმა დემონსტრატიულად დატოვა მიღება და მხოლოდ მას მერე დაბრუნდა, რაც პირადად ტრუმენი დაეწია მას, ყველაფერი განუმარტა და შენობაში შეიყვანა. თუმცა, მონარქებთან აღარ დაუსვია და გვერდით მოისვა...
მოსკოვში დაბრუნებული მოლოტოვი მაშინვე სტალინმა იხმო, რომელმაც უკვე ყველაფერი დაწვრილებით იცოდა და უთხრა:
– ყოჩაღ, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, სწორად მოიქეცი. მართალია, მონარქებთან ჯდომა პროტოკოლით უფრო მეტი პატივია, მაგრამ მაინც მართალი ხარ. მონარქია ჩვენ ათას ცხრაას ჩვიდმეტში დავამხეთ და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათო...
სახელმწიფო და ხალხი სტალინისთვის წმიდათაწმიდა ცნებები იყო და საბჭოთა ბელადი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მისი მოქალაქის ღირსება და პატივი დედამიწის ნებისმიერ წერტილში ყოფილიყო დაცული. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სტალინმა პოლიტბიუროში განსახილველად სპეციალური დადგენილება შეიტანა, რომელსაც კანონის ძალა უნდა მისცემოდა. ამ პროექტის მიხედვით, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, უსამართლოდ დაჩაგრული ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს საბჭოთა სახელმწიფო ყოველმხრივ მფარველობას გაუწევდა და სამხედრო ან სხვა სპეციალურ ღონისძიებასაც კი ჩაატარებდა მის გამოსახსნელად. სტალინს უშიშროების სამსახურისთვის ფარული განკარგულებაც კი ჰქონდა მიცემული შესაბამისი სპეცდანაყოფის შესაქმნელად. სტალინის ეს იდეა ბელადის გარდაცვალებამ ჩააქრო... სამაგიეროდ, ამერიკელებმა გადაიღეს, ცხოვრებაში დანერგეს და დღემდე ახორციელებენ.”