რა სასჯელს უწესებს ძველი აღთქმა საეკლესიო პირებს, რომლებიც უფლის საქმეებს სიზარმაცით აღასრულებენ და რატომ უნდა თქვას ადამიანმა ცნობისმოყვარეობაზე უარი
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ჩვენი სული უფალთან დაახლოებული. თუ ჩვენი სული გაურბის ლოცვას, აღსარებას, ზიარებას და უფალთან ურთიერთობას, ის უკვე სნეულებაშია და მალე გარდაიცვლება. გარდაცვალება კი არის უფლისგან განშორება, გარკვეული სიშორე ყოველივე იმ სიწმიდესთან, რასაც უფლის სახელი, საიდუმლოებებში მონაწილეობა ჰქვია. ეს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს და კარგად დაიმახსოვროს”... თუმცა, სიზარმაცე ხშირად ადამიანს ამ ყველაფრის აღსრულებაში ხელს უშლის. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ ჩვენი შვილები ან მეზობლის ბავშვები არიან ზარმაცები. ჩვენც ზარმაცები ვართ და ეს ეტყობა ყოველი კვირის წირვას. თუ დღესასწაული არ არის, განსაცდელი არ ეწვია ადამიანს – უფულობა ან სხვა ამასოფლისეული განსაცდელი, მანამდე არ იწუხებენ თავს და წირვა-ლოცვებზე არ მიდიან. მაგრამ, როგორც კი გაგვიჭირდება, პრობლემები შეგვექმნება, განსაცდელი გვეწვევა, არც ლოცვა გვეზარება, არც აღსარების თქმა, არც ზიარება და თვალებგაფართოებულები დავდივართ ეკლესიაში.
– როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი სიზარმაცეს?
– ახალგაზრდა ან ასაკოვანი შუადღეს რომ იღვიძებს, მან რის კეთება უნდა მოასწროს? შვილს ეუბნები, რომ არ იყო ზარმაცი და თავად ხარ ზარმაცი. ეუბნები, რომ ლოცვა წაიკითხეო და თავად არ კითხულობ; თამბაქო არ მოწიოო და თავად ეწევი. თუ მოძღვარი იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ისევე, როგორც მშობლები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები, დამიჯერეთ, ძალიან ბევრი ადამიანი დააღწევს თავს სიზარმაცეს. დღეს არავის გვაქვს სიზარმაცის დრო. როგორც კათოლიკოს-პატრიარქი გვარიგებს: ნუ მიეჩვევით სიღარიბეს, სიზარმაცეს, ქეიფს, დროსტარებას, თორემ დრო ისე გაგატარებთ, რომ შეიძლება, მთქნარებ-მთქნარებაში მოგიწიოთ წარდგომა უფლის წინაშე. ქეიფიც კარგია თავის დროზე, მოსავლის აღებაც, მეგობრებში სიარულიც, მაგრამ ჯერ საქმე უნდა აკეთოთ და მერე სხვა დანარჩენი. ძველ აღთქმაში, კერძოდ კი, იერემია წინასწარმეტყველის ორმოცდამერვე თავის მეათე მუხლში სიზარმაცის შესახებ ასეთი რამ წერია: „წყეულიც იყოს მომქმედი საქმისა უფლისას უდებებით“ (სიზარმაცე ძველ ქართულში არის უდებება) – აქ საუბარია ღვთისმსახურებაზე, ღვთის საქმეებზე. ანუ, ის ადამიანები, ღვთისმსახურები, რომლებიც უფლის საქმეს სიზარმაცით აკეთებენ, წყეულები იყვნენო. წარმოიდგინეთ, რა საშინელი დასანახია, როდესაც მღვდელთან მიხვალ, რაღაცას სთხოვ და მას დაეზარება შენთვის ლოცვა, ჯვრის კურთხევა ან პარაკლისის გადახდა. ანდა, შვილმა სთხოვა მამას რაღაც და ის პასუხობს: შენი დრო არ მაქვს... რაღაცას მივაჩეჩებთ შვილებს, რადგან არ გვცალია. უნდა გვახსოვდეს, მომავალი არ აქვს იმ საქმეს, რომელსაც სიზარმაცით იწყებ – ჩვენი ყოველი დღე კი მთქნარებით, სიზარმაცით იწყება: ახლა დრო არ მაქვს, იქ წავიდე, დღეს ამას არ გავაკეთებ, იმას არ გავაკეთებ, ლექციებზე არ წავალ, სამსახურში არ წავალ და ასე შემდეგ. დღეს ისეთი ზარმაცები ვართ, არაფრის კეთება აღარ გვინდა. როგორ უნდა გამოვიდეთ სიზარმაციდან, ამის შესახებ კარგად წერს დიდი მამა ნიკოლოზ სერბი, მთაწმინდელი: „სიზარმაცეს, რომ თავი დააღწიო, საჭიროა, გათავისუფლდე ყოველგვარი ცნობისმოყვარეობისგან...“, ჩვენ ხომ ყველაფერი გვაინტერესებს, ყველაფერი სხვაგან და არა ჩვენთან. როცა ადამიანი ასეთ ცნობისმოყვარეობაშია, მას უკვე ავიწყდება ის, რაც მისი გასაკეთებელია... „და ყოველივესგან, რაც მიწიერ საქმეებს უკავშირდება და შენ არ გეხება”.
– ადამიანებს, პირიქით, ის უფრო მეტად აინტერესებთ, რაც მათ არ ეხებათ, მათი საქმე არ არის.
– და ამიტომაც არის, რომ ბოლოს ყველას ყველაფერი ეზარება, საბოლოოდ კი, ხელს ჩაიქნევს და ამბობს: აზრი არ აქვს რამის კეთებას, რა გავაკეთო, ჯობია, ეს ყველაფერი სხვამ გააკეთოს და ამ დროს ის უკვე საშინელ სიზარმაცეში ამოჰყოფს თავს. ეს რომ ავიცილოთ, თავი უნდა დავანებოთ იმას, რაც ჩვენ არ გვეხება, რაც ჩვენთვის არ არის აუცილებელი. მაგრამ, გათენდება თუ არა, მაშინვე კომპიუტერს მივუჯდებით. ჩავრთავთ ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს და გვაინტერესებს, იმას რამდენი საყვარელი ჰყავს, ეს რა მდგომარეობაშია, ამან რა გააკეთა და იმას, რაც ჩვენი გასაკეთებელია, აღარ ვაკეთებთ. ვცხოვრობთ სერიალის გმირების, პოლიტიკოსების, მეზობლების ცხოვრებით. საბოლოოდ, დრო აღარ გვრჩება ჩვენი საქმის გასაკეთებლად. იმით, ეს რატომ მოხდა, ეს რატომ გააკეთა მავანმა, საღამოს ნერვებაშლილი, დაღლილ-დაქანცულები ვართ და არაფრის კეთების სურვილი აღარ გვაქვს. ამიტომ, დაანებეთ თავი იმას, რაც თქვენ არ გეხებათ და ამით სიზარმაცესაც დააღწევთ თავს. „გააკეთე ყველაფერი დროულად და დაუგვიანებლად. ერთ შეყოვნებას მოჰყვება მეორე. როგორც კი საქმეს გადადებ, როგორც კი იტყვი: მერე, სხვა დროს, ახლა ამის დრო არ არის, ამას მოჰყება მეორე საქმის გადადება“. ანუ, არ გადადოთ დღევანდელი საქმე ხვალისთვის და ზეგისთვის, რადგან შეიძლება, მერე ძალიან გვიან იყოს. ბიბლიაში წერია: დღეს არის შენი გადარჩენის დღე, რადგან დღეს მოგიწოდებ მე შენ. ხვალ არავინ იცის, რა მოხდება და ამიტომ არა მხოლოდ საკუთარ თავს, შვილებსაც უნდა ვუთხრათ: დღეს თუ არ წაიკითხავ, ხვალ უმეცარი იქნები; დღეს თუ არ მოხნავ, ხვალ მოსავალს ვერ აიღებ; დღეს თუ არ ეზიარები, შეიძლება, ხვალ ვეღარ ეზიარო; დღეს თუ სიკეთეს არ გააკეთებ, ხვალ თავად შეიძლება დაგჭირდეს მოწყალების მიღება. როცა გეზარება რაღაცის კეთება, რომელიც შეიძლება ერთსაათიანია, უნდა წარმოიდგინო, რომ მას 15 წუთი სჭირდება. ჩემს ცნობიერებაში შევამსუბუქებ და დავიწყებთ მის კეთებას იმ შეგრძნებით, რომ ერთი საათი კი არა, 15 წუთი უნდა ვილოცო. წირვა 2 საათს კი არ გრძელდება, ძალიან მალე გადის დრო, თუ მიხარია იქ ყოფნა. თუ ვირწმუნებ, რომ 15 წუთი მჭირდება ამ საქმის გასაკეთებლად, ამ შეგრძნებით უფრო ენერგიულად და ხალისიანად შევუდგები საქმეს და დროც მალე გავა. თქვენი განწყობა უნდა იყოს შემართებითი, რომ მარტივია ამ საქმის გაკეთება. არ არის რთული გათხოვება, ცოლის მოყვანა, ლოცვა, საქმის დაწყება, არაფერი არ არის ძნელი, მაგრამ ზარმაცისთვის ჭამაც, დაბანაც კი ძნელია. დღეს ახალგაზრდები როგორ გამოიყურებიან – დაღლილები, უიმედოები, უდებებაში მყოფნი. არ გინდა, რომ დაელაპარაკო და რამე უთხრა და თუ ეტყვი, მაშინვე უფროს თაობას ადანაშაულებენ: თქვენ ხართ ისინი, ვინც ჩვენ კარგი პირობები არ შეგვიქმენით. რატომ მეტი შემოსავალი არ აქვს მის დედას და მამას და ვერ ხვდებიან, რომ თავადაც უნდა გაატოკონ ხელი. დღეს ჩვენი თაობა „ფეისბუქისა“ და სოციალური ქსელების თაობაა. ნარკომანებივით დამოკიდებულები არიან ინტერნეტზე, კომპიუტერზე. თითქმის ყველაფერი აქვთ, არანაირი სტიმული არ გააჩნიათ, მხოლოდ იმას იღებენ, რაც მათ მშობლებს აქვთ. გაანიავებენ იმასაც და შემდეგ არაფერი რომ არ დარჩებათ, ეს სტერილური შვილი შემოუბრუნდება მამას და ეტყვის: რატომ არაფერი არ მასწავლე, რატომ არ მასწავლე ლოცვა, წიგნის კითხვა, ამეღო თოხი, ბარიო და ასე შემდეგ. ჩვენი შვილები ვირტუალურ სამყაროში იზრდებიან, აქ კი არა, არარეალურ მდგომარეობაში არიან და ეს მდგომარეობა მათ დაღუპავს. ამიტომ, მინდა, შეგახსენოთ დიდი მამის, ნიკოლოზ სერბის მკაცრი გაფრთხილება: „დაიმახსოვრე, რომ შენია დღევანდელი დღე, ხვალინდელი უფლისაა. ვინც დილა გაჩუქა, ის არ დაგპირებია, რომ საღამოსაც მოგცემდა“. მაცხოვარი გეუბნება: „სასუფეველი ცათა იიძულების”. ვინმე კი არ უნდა აიძულო, რომ მოგცეს, ამ დროს, ამ წუთისოფელს უნდა გამოსტაცო სასუფეველი ცათა და ხვალისთვის არ უნდა გადადო დღევანდელი დღე და დღევანდელი საქმე.