რატომ დაწყევლა სომეხთა პატრიარქმა ქართველები #41
რამდენიმე თვის წინათ აქტიურად განიხილებოდა საკითხი, თუ რატომ არის ქართული ეკლესია სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან მართლმადიდებლების ჯვრისწერის წინააღმდეგი: მათ შორის, ყველაზე აქტიურად უშუალო მეზობლებთან, სომხებთან და კათოლიკეებთან ჯვრისწერის დაშვებაზე აქცენტით. თუმცა ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში შეაჩვენა სომეხთა კათალიკოსმა ქართველები და ის სომხები, რომლებიცქართველებზე (ასევე, ალბანელებზე) დაქორწინდებოდნენ (და არა მხოლოდ დაქორწინდებოდნენ). რა გახდა ასეთი რადიკალური ზომის მიზეზი და რამდენად ემორჩილებოდნენ ამ წყევლას ჩვენი მეზობლები, – თემას პროფესორი, არმენოლოგი ზაზა ალექსიძე განგვიმარტავს.
– რატომ მიიღო სომეხთა კათალიკოსმა ასეთი რადიკალური ზომა – შეჩვენება? გვახსოვს „შუშანიკის წამება“, რომელშიც სულ სხვაგვარი ურთიერთობაა აღწერილი სომხებსა და ქართველებს შორის და დღემდე ვერ გაგვიყვია, სომხური ლიტერატურული ძეგლია თუ ქართული?
– შუშანიკმა უნებლიეთ „გამოიწვია” ეს შეჯახება. შუშანიკის საფლავზე იყო აგებული ეკლესია, რომელიც აერთიანებდა ცურტავის შემოგარენში მცხოვრებ სომხებს და ისინი დაუპირისპირდნენ სწორედ ქართველებს, რომლებმაც აირჩიეს დიოფიზიტობა, ანუ ქალკედონიკობა, ანუ, დღეს როგორც ვუწოდებთ, მართლმადიდებლობა. თუმცა ყველა ეკლესია, ბუნებრივია, „მართლმადიდებელს“ უწოდებს თავის თავს. ცოტა შორიდან დავიწყოთ: 451 წელს ქალკედონში შედგა მსოფლიო საეკლესიო კრება. კრებაზე გაიმარჯვეს მათ, რომლებიც მაცხოვარში ორ ბუნებას (ღვთაებრივსა და კაცებრივს) აღიარებდნენ ანუ დიოფიზიტებმა. ისინი, რომლებიც მაცხოვარში ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას სცნობდნენ, განუდგნენ ქალკედონის კრებას. იყო სხვა მიმდინარეობებიც თეოლოგიაში, მაგრამ ჩვენ ეს კონფლიქტი შეგვეხო საგრძნობლად. ქრისტიანობაში ამ ორი მთავარი მიმდინარეობის დაპირისპირებამ ძალიან გაართულა ბიზანტიის სახელმწიფოს ცხოვრება.
– ბიზანტიაშიც განხეთქილება იყო?
– ბიზანტიაში კი არა, ოჯახებშიც იყო განხეთქილება. პურის საყიდლად რომ მისულიყავით დუქანში, მეპატრონე გკითხავდათ, რამდენი ბუნებაა ქრისტეში და თუ თქვენი ნათქვამი არ დაემთხვეოდა იმას, რასაც ის ფიქრობდა, პურს არ მოგყიდდათ. ასეთ პირობებში სახელმწიფოს მართვა რთული იყო, ამიტომ ბიზანტიის იმპერატორმა ზენონმა 484 წელს გამოსცა „ზენონის ჰენოტიკონი“, რომლითაც აკრძალა ქრისტეს ბუნების შესახებ ყოველგვარი კამათი. ჩვენ არ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ დროს კავკასიაში თეოლოგიის თვალსაზრისით. თუმცა ცნობილია შუშანიკის მარტვილობის ამბავი, ოღონდ იქ ქრისტიანული თეოლოგიის საკითხები არა ჩანს. მხოლოდ ისაა, რომ ქრისტიანი ვარსქენი იღებს მაზდეანობას.
– დაპირისპირებაა მაზდეანობასა და ქრისტიანობას შორის.
– დიახ, შიდა ქრისტიანული დაპირისპირება არა ჩანს. პირველი ცნობა, რაც გვაქვს, სომხური წყაროების მიერ შემონახული, არის შემდეგი: 506 წელს შეიკრიბა კავკასიის ეკლესიები – სომხეთის, საქართველოსი და კავკასიის ალბანეთის – დვინში, სომხეთის საეკლესიო დადაქალაქში, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები საბერძნეთიდანაც და მათ მიიღეს „ზენონის ჰენოტიკონი“.
– რადგან მიიღეს, ესე იგი, რაღაც პრობლემები იყო ჩვენთანაც?
– ყოველ შემთხვევაში, კრების მონაწილეებმა მიიღეს ის, რაც მიიღო ბიზანტიამ. ამის შემდეგ ცნობები კავკასიაში თეოლოგიური სიტუაციის შესახებ, მაინცდამაინც, აღარ გვაქვს. ერთადერთი ცნობაა პროკოფი კესარიელის, ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს პირადი ისტორიკოსის, სიტყვები მეექვსე საუკუნის პირველი ნახევრის შუაში: ირანის ქვეშევრდომთაგან ყველაზე კარგი ქრისტიანები არიან ქართველებიო. ეს ნიშნავს, რომ იმ დროისთვის კავკასიაში ქრისტიანული მრწამსის თვალსაზრისით რაღაც განსხვავებები დაიწყო. მეექვსე საუკუნის შუა ხანებში, 551 და 554 წლებში, ორი საეკლესიო კრება შედგა სომხეთში. 551 წლის კრებაზე სომხებმა თავი ოფიციალურად გამოაცხადეს მონოფიზიტებად. ამ კრებაზე ისინი შეეცადნენ, ქართველები და ალბანელებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ და სომხეთის ერთმა დიდმა პროვინციამ – სივნიეთმა უარი თქვეს კრებაში მონაწილეობის მიღებაზე, ანუ არ ცნეს მონოფიზიტური მრწამსი.
– ისინი მიიწვიეს კრებაზე და, რადგან იცოდნენ, რა საკითხიც განიხილებოდა, ამიტომ არ დაესწრნენ?
– რა თქმა უნდა. ამის შემდეგ მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან, 604-დან 609 წლებში, დაიწყო პოლემიკა ქართველებსა და სომხებს შორის. ქართველები მტკიცედ იდგნენ დიოფიზიტობაზე და ცურტავის სომხურენოვან მოსახლეობაში ქართული ენისა და დიოფიზიტობის ჩანერგვას ცდილობდნენ. ცურტავის სომხურმა თემმა და სომეხმა ეპიკოპოსმა სომხეთის კათალიკოსთან იჩივლეს და ასე დაიწყო დიდი სარწმუნოებრივი კონფლიქტი.
– სომხეთის ინტერესი რა იყო, ყოფილიყვნენ თავად მონოფიზიტები? თუ ბიზანტიას უპირისპირდებოდნენ?
– ორივე. სომხეთი ირანის გავლენის ქვეშ იყო. ირანის ინტერესი კი იყო, ისეთი მრწამსი ყოფილიყო კავკასიაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბიზანტიისას: რადგან ბიზანტიაში ქალკედონიტობა, ანუ ორბუნებიანობა იყო სახელმწიფო რელიგია, ირანს ამის საწინააღმდეგოდ სურდა მთლიანად ქრისტიანულ კავკასიაში მონოფიზიტობის გავრცელება. ერთი სიტყვით, ბევრი წერილი დაიწერა სომხების მხრიდან და ქართველებმაც ბევრს გასცეს პასუხი. კამათი გასცილდა ცურტავის ფარგლებს. ქართლის კათალიკოსმა სომხეთის კათალიკოსს ბოლო წერილში გაუგზავნა ოთხი მსოფლიო საეკლესიო კრების მოკლე აღწერა და ამ კრებების მიერ მიღებული მრწამსი, ჩვენ ასე გვწამს, თქვენ კი, როგორც გინდათო.
– ალბანელები?
– ისინი ქართველების მხარეს იჭერდნენ და ცნობდნენ ქალკედონის კრების განსაზღვრებებს. ყოველივე ამის შემდეგ სომეხთა კათალიკოსმა დაუგზავნა თავის ეპისკოპოსებსა და მრევლს ენციკლიკური (საყოველთაო) წერილი, რომელშიც დეტალურად გადმოსცა, მისი აზრით, თუ როგორ უღალატეს ქართველებმა თავიანთი წინაპრების სარწმუნოებას და მიიღეს ახალი სარწმუნოება. მან შეაჩვენა ქართველები, ალბანელები და ის სომხებიც, რომლებიც ქართველებთან იმეგობრებდნენ. აკრძალა სმა-ჭამაში ზიარება, ძუძუმტეობა, ანუ ერთმანეთის შვილებისათვის ძუძუს წოვება, ერთმანეთის ეკლესიაში სიარული და ქორწინება. მართალია, წერილში მხოლოდ ქართველებზე ლაპარაკობს სომეხთა პატრიარქი, მაგრამ ბოლოს ურთავს, ეგევე ბრძანება დარჩეს ალბანელების შესახებო. ერთადერთი, რის უფლებასაც უტოვებდა თავის ხალხს, იყო აღებ-მიცემობა, ანუ მხოლოდ ვაჭრობის უფლება. აღსანიშნავია, რომ ქართლის ეკლესიას მსგავსი ენციკლიკური წერლით არ უპასუხია. ცხადია 609 წლამდე, როდესაც ეს ენციკლიკური წერილი დაიგზავნა, ქორწინება იყო ქართველებსა და სომხებს შორის, ერთმანეთის ეკლესიებს მოილოცავდნენ. ეს ყველაფერი აიკრძალა.
– თუ ასრულებდნენ ამ აკრძალვებს სომხები შეჩვენების შიშით?
– ამის პირდაპირი მონაცემი არა გვაქვს, მაგრამ მთელი ჩვენი ისტორია უჩვენებს, რომ არა. ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობა იყო ინტენსიური.
– ჩვენს მეფეებს ჰყავდათ სომეხი ცოლები.
– სომეხი ცოლებიც ჰყავდათ და სომეხი ქალკედონიტებიც არსებობდენ, რომლებიც ქართულ სარწმუნოებას აღიარებდნენ. აქ ლაპარაკია მონოფიზიტი სომხების ქორწინებაზე ქართველებთან, მაგრამ არ ვიცით ამ ქორწინების პირობები. წყაროებში მითითებულია, რომ ამა და ამ ქართველმა შეირთო ესა და ეს სომეხი ცოლად, მაგრამ არ წერია პირობები.
– ანუ შეიცვალა თუ არა სარწმუნოება სომეხმა დედოფალმა?
– მოსალოდნელია, რომ შეიცვალა, მაგრამ არ ვიცით, ეს ბუნებრივად ხდებოდა თუ სამართლებრივად წყდებოდა.
– სომეხმა პატრიარქმა ქართველები შეაჩვენა მეშვიდე საუკუნეში, მას შემდეგ არცერთ სომეხ პატრიარქს არ უცდია, რომ გაეუქმებინა ეს შეჩვენება? მეათე საუკუნიდან მოყოლებული სომხები ფიზიკურად გადარჩნენ საქართველოსა და ქართველების დახმარებით.
– ასეთი ცნობა არ შემონახულა და, ალბათ, არც მოუხსნია ვინმეს. ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა, მოგვიანებითაც იყო კამათი ჩვენსა და სომხურ ეკლესიებს შორის. კამათში მონაწლეობას იღებდნენ მეფეებიც და ცდილობდნენ, კამათი მძიმე კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. იმხანად სომხეთის ჩრდილო ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში იყო და მათ ჩვენი ქვეყნის შვილებად მიიჩნევდნენ.
– ამ კამათის მიზანი რა იყო: ისევ მოითხოვდნენ, რომ ქართველები გამხდარიყვნენ მონოფიზიტები?
– არაფერს არ მოითხოვდნენ, უბრალოდ, სურდათ დაემკიცებინათ მათი მრწამსის უპირატესობა. ერთი ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: 1049 წელს საქართველოში ჩამოვიდა სომეხი ბერი სოსთენი, ძალიან განათლებული და ცნობილი მოღვაწე. მან თეოლოგიურ კამათში გამოიწვია ქართველი საეკლესიო პირები. ყველა ქართველი დამარცხდა, მაგრამ, საბოლოოდ, იერუსალიმიდან ჩამოსულმა ბერმა ექვთიმე გრძელმა მოახერხა სოსთენის დამარცხება. უცნაური მოთხოვნა კი ჰქონდა სომეხ ბერს, დამარცხებული შიშველი უნდა წასულიყო სახლში.
– გაუშვეს შიშველი?
– ბაგრატ მეფემ არ მისცა ამის ნება და პატივით გაუშვა. თუმცა მანამდე შესთავაზა ქართულ სარწმუნოებაზე გადმოსვლა, კარგ მონასტერსაც დაჰპირდა. სომეხმა ბერმა აღიარა დამარცხება, ოღონდ შეთავაზებაზე უარი თქვა. სომხებსა და ქართველებს შორის თეოლოგიური კამათი გრძელდებოდა თამარ მეფის დროსაც. ამ დროს უკვე სომხებს იმის ძალა არ ჰქონდათ, რაღაც მოეთხოვათ ქართველთაგან.
– მესმის, მაგრამ ცოტა უცნაური არ არის, შენზე დამოკიდებულია, ვალშია შენ წინაშე და ამ დროს შენსავე ქვეყანაში გეკამათება, რომ შენი მრწამსი არ არის მართებული?
– როდესაც პირველი კამათი შედგა, მაშინ თანასწორნი ვიყავით.
– მე შემდგომ პერიოდზე ვამბობ, როდესაც სომეხთა სახელმწიფო აღარ არსებობდა.
– შემდეგ პერიოდებშიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათი სარწმუნოება უფრო სწორია. მხოლოდ თეოლოგიური კამათი იყო, არ და ვერ მოითხოვდნენ ამაზე მეტს.
– მაინც უხერხული მგონია, დამოკიდებული იყო ხალხზე და უმტკიცებდე, შენი სარწმუნობა არ ვარგაო. თუ ვინმე ღამეს გამათევინებს, არ უნდა დავუწუნო სახლის მართვის მისეული სტილი.
– შემონახულია ერთი წერილი, რომელიც თამარსა და დავით სოსლანს გამოუგზავნა ძალიან ცნობილმა რჯულმდებელმა სომხეთში, მხითარ გოშმა, იმის შესახებ, რომ ქართველები ავიწროებდნენ სომხებს სარწმუნოების გამო და სთხოვა დახმარება.
– მიიღო ზომები თამარმა?
– ეს არ არის ცნობილი. მაგრამ, ვინაიდან საქართველოში ბევრი სარწმუნოებისა და ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ქართული სახელმწიფო ცდილობდა, ტოლერანტული ყოფილიყო მათ მიმართ. ამიტომ გადასახადებსაც კი ნაკლებს უწესებდა მუსლიმებს, სომხებსა და ებრაელებს, ვიდრე ქართველებს.
სამწუხაროდ, ან მე არ ვიცი, ან წყაროებში არ არსებობს ცნობა, რა პირობებით ქორწინდებოდნენ ჩვენი მეფეები სომეხ წარჩინებულთა ან სხვა ქალებზე. თუმცა ფაქტია, რომ ისინი შემდეგ ქართველდებოდნენ.
– ფეოდალიზმის დროს არც აქვს მნიშვნელობა მონარქის ეროვნებას, საბოლოოდ, ის იმ ეროვნებისაა, რომელსაც ემსახურება.
– რა თქმა უნდა. პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე მირიანი იყო ირანელი უფლისწული, მაგრამ წყაროს მიხედვით, როდესაც საქართველოში მოვიდა, დაივიწყა სპარსული ენა და ისწავლა ქართული; გვირგვინებით შეამკო ფარნავაზის საფლავი, რომელმაც ქართული დამწერლობა შექმნა და ქართული აქცია სახელმწიფო ენად საქართველოში. მეუღლე ნანა ბერძენი იყო, მაგრამ ორივენი ნამდვილი ქართველები გახლდნენ.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, სომხეთმა რატომ გაატარა ირანის ინტერესი, კავკასიაში განხეთქილების შემოტანის მიზნით?
– რა თქმა უნდა, არა. ეს იყო ირანის პოლიტიკის მხარდაჭერა. ქართველმა ისტორიკოსმა არსენი საფარელმა ასე შეაფასა მაშინ სომხების ქმედება: სომხები უდანაშაულოები არიან. ისინი ირანის შაჰებმა აიძულეს, რომ მიეღოთ მონოფიზიტური სარწმუნოებაო.
– უკეთილშობილიათ ჩვენს ისტორიკოსებს.
– მაშინ ორი მიმართულება იყო საქართველოში: ერთნი ამბობდნენ, რომ სომხებს გულის ფიცარზე აწერიათ ის ბოროტება, როგორიცაა მონოფიზიტობაო, მეორენი კი ცდილობდნენ, არ დაეწვათ ხიდები და კარი ღია დაეტოვებინათ დაახლოებისთვის.