რისთვის დასაჯეს სტუდენტობის დროს უნივერსიტეტის ახალი რექტორი გია შარვაშიძე და ვინ თხოვს მას ჯანმრთელობის ცნობას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს – გია შარვაშიძე, რომელმაც ახალი პოსტი სასწავლო წლის პირველივე დღეს ჩაიბარა. იმის მიუხედავად, რომ ხმაური, როგორც მის წინამორბედ რექტორებს, თავიდანვე ვერ ასცდა, გია შარვაშიძე ფიქრობს, სტუდენტებთან ურთიერთობა მალე დარეგულირდება. როგორია მისი ცხოვრება „კადრს მიღმა”, რატომ უწერია დიპლომში მინისტრის მოადგილის „რანგი” და ვინ ჰყავს ოჯახიდან მოწინააღმდეგე „ბანაკში”, ამის შესახებ თავად ბატონი გიასგან შეიტყობთ, რომელიც გულწრფელი და კეთილგანწყობილი რესპონდენტია.
გია შარვაშიძე: როდესაც უნივერსიტეტის რექტორი ხდები, ემოციები მძაფრია – საქართველოში, ალბათ, სულ რამდენიმე პოზიცია და პოსტია, სადაც განსხვავებულად გრძნობ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას. ეს არის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სტუდენტებისა და პროფესორების წინაშე, არამედ უფრო მეტის – ისტორიის, ტრადიციის წინაშე. სწორედ ეს ფაქტორია, რამაც გამაბედინა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მიზანია, ჩვენი უნივერსიტეტი გავიდეს განვითარების თანამედროვე ეტაპზე და შეინარჩუნოს ყველა ის ტრადიცია, რაც აქვს აგერ უკვე ერთი საუკუნეა. ჩემთვის უნივერსიტეტი არის უპირველესად პროფესორი, სტუდენტი და იმავდროულად, ის ტრადიცია, რომლითც ჩვენი უნივერსიტეტი იყო გამორჩეული. ახლოვდება უნივერსიტეტის ასი წლისთავი, რაც ჩემი აზრით, არის დიდი მიჯნა, გამოცდა, რომელიც ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ.
– ხმაურიან სკანდალს და პროტესტს ვერც თქვენ აცდით. ბოლო წლებია, უნივერსიტეტის ყველა რექტორს ეს ტვირთად ერგო. მზად ხართ იმ სიმძიმის ასაწევად, რაც ამ პოზიციას ახლავს?
– კი, მზად ვარ და ვიყავი ყოველთვის. ის, რაც ხდება, ზოგადად, პოზიტიურია. გამოხატვის ფორმა კი, როცა ზოგი ემოციურად გამოხატავს, ზოგი ნაკლებემოციურად, გემოვნების ამბავია. მაგრამ, ის, რომ ცვლილებები აუცილებელია, ეს ფაქტია. უნივერსიტეტი მომწიფდა იმისთვის, რომ დაიწყოს დიდი ცვლილებები, რეფორმები, რომელიც უმტკივნეულოდ არსად ხდება. მე არ ვარ რევოლუციების მომხრე, მათ შორის, არც საუნივერსიტეტო სივრცეში, რადგან რევოლუციურ ცვლილებებს ყოველ ჯერზე უკან დაბრუნება მოსდევს. საჭიროა ფრთხილი და გააზრებული პოლიტიკის წარმართვა, რასაც განვითარება მოსდევს. რეკონსტრუქცია და ცვლილებებები, როცა ეს საჭიროა, კი ბატონო, მაგრამ არა ნგრევა! მე მგონია, რომ უნივერსიტეტის რექტორის ურთიერთობები სტუდენტებთან იქნება ძალიან პოზიტიური. ბევრ საკითხში ჩვენ ერთი აზრი გვაქვს – ერთნაირად გვინდა განათლების უკეთესი ხარისხი, განათლების ხელმისაწვდომობა, უნივერსიტეტის ავტონომია? კი, ბატონო, ოღონდ რეალური. მე ყოველ ჯერზე ვიმეორებ, რომ კარი ღიაა, შესაბამისად, ღია კარის მტვრევას აზრი არ აქვს. გვინდა ცვლილება? – მობრძანდით, ერთად გავაკეთოთ.
– როგორი იყო თქვენი სტუდენტობა ამ კედლებში? მაშინ, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ წლების მერე აქაურობის თავკაცობა მოგიწევდათ.
– 1979 წელს გავხდი უნივერსიტეტის სტუდენტი. კარგად მახსოვს სტუდენტობის პირველი დღე – ლამაზი ცერემონიალით დაიწყო. მაშინ იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ამ უნივერსიტეტის რექტორი გავხდებოდი. საოცარი წლები გავატარე უნივერსიტეტში. ჩვენ გვყავდა ბრწყინვალე მეცნიერების მთელი პლეადა, რომლებიც ძალიან წარმატებული პროფესორები იქნებოდნენ ნებისმიერი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში, საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ სისტემაში რომ არ ეცხოვრათ. იმ იდეოლოგიის მიუხედავად, მაშინ ბევრი რამ იყო ძალიან კარგი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მონაწილეობა მივიღე 1978 წლის საპროტესტო აქციაში, რომელიც აქ, უნივერსიტეტში დაიწყო, ტრადიციულად თბილისის უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ინტელექტუალური და თავისუფლების სივრცე.
– წარჩინებული სტუდენტი იყავით?
– არა მიშავრდა, წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი, ხუთოსანი ვიყავი. მაგრამ, იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ერთხელ პარტიის ისტორია ვერ ჩავაბარე და ამის გამო, ექვსი თვე სტიპენდიას არ მაძლევდნენ. ასე დამსაჯეს. მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა სკოლაში მასწავლებლობა დავიწყე. მაშინ, ეგრეთ წოდებული, მეექვსე გერმანული სკოლა ახალი გახსნილი იყო. გურამ რამიშვილმა შემომთავაზა, ახალ სკოლას ვხსნით, ერთი-ორი კვირა დაგვეხმარე და ჩვენთან იმუშავეო. ეს ორი კვირა ათი წელი გაგრძელდა (იცინის). მაშინ უდიპლომოდ მუშაობა არ შეიძლებოდა, არალეგალურად ვიმუშავე ნახევარი წელი. დიპლომი რომ ავიღე, უკვე ლეგალურად გავხდი მასწავლებელი. იმ პერიოდში მასწავლებლობა თითქოსდა არაპრესტიჟული იყო, მით უმეტეს, ახალგაზრდა თბილისელი ბიჭისთვის. ყველა, ვინც იმ პერიოდში უნივერსიტეტიდან სკოლაში წავედით სამუშაოდ, თითქოს ვანგრევდით ამ სტერეოტიპს. როცა მკითხავდნენ, სად მუშაობო და ვპასუხობდი, სკოლაში მასწავლებელად-მეთქი, არა უშავს, ოდესმე შენც გეშველებაო, – დამამშვიდებდნენ ხოლმე. თუმცა, იმას არ ვამბობდი, რომ იმ დროს უკვე მინისტრის თანაშემწედაც ვმუშაობდი განათლების სამინისტროში. ეს საკმაოდ მაღალი თანამდებობა იყო, მაგრამ მაინც იმას ვამბობდი, მასწავლებელი ვარ-მეთქი.
– სხვადასხვა დროს სამჯერ იყავით განათლების მინისტრის მოადგილე, ჩინოვნიკობას ხშირად გახსენებდნენ კიდეც სტუდენტები რექტორობის პირველ დღეებში.
– ჩვენთან ჩინოვნიკური სამსახური რატომღაც სალანძღავ სიტყვად იქცა. იდეაში, ჩინოვნიკი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც არის პროფესიონალი და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია. არა მგონია, ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი ან დასაწუნი, ან შესახსენებელი იყოს. რატომაა ცუდი, თუ მთავრობაში იცნობ ადამიანებს? პირიქით, უცხოეთში უნივერსიტეტის რექტორს აქვს კარგი კავშირები ყველასთან, რაც საქმეს უკეთესად ადგება. მე ხომ აქ არ მოვსულვარ სადამსჯელო ორგანოდან. მე მოვედი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და მეორე – მე პროფესიით ვარ განათლების სპეციალისტი. ეს არის ჩემი ხელობა. რაც შეეხება ჩემს სამგზის მოადგილეობას, ჩემი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, ეტყობა, დიპლომში მინისტრის მოადგილე გიწერიაო (იცინის). რაღაცნაირად ასე მოხდა. თავიდან სამინისტროში დავიწყე მუშაობა გურამ ენუქიძესთან, რომელიც დიდი მოღვაწე, გამორჩული მინისტრი იყო. წვერიანი ახალგაზრდა ვიყავი. სამინისტროში მითხრეს, ასე არ შეიძლება, პარტიის წევრი უნდა იყო და წვერი მოიპარსოო. არც ერთს დავთანხმდი და არც მეორეს – არც პარტიაში შევედი და არც წვერს შეველიე (იცინის). მინისტრის მოადგილე გავხდი, როდესაც თამაზ კვაჭანტირაძე იყო განათლების მინისტრი. თუმცა, იქამდე ვმუშაობდი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, სამინისტროში ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. ყველა იმ გაცვლითმა პროგრამამ, რაც დღეს მუშაობს საქართველოში, თამამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ხელში გაიარა.
– საკმაოდ დიდხანს მუშაობდით უნგრეთში, რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში ცხოვრება და როგორ გაატარეთ იქ 11 წელი?
– უნგრეთში სამუშაოდ 2003 წელს გადავედი. იმ პერიოდში წამოვედი სამინისტროდან იმის გამო, რომ არ ვეთანხმებოდი განათლების იმ პოლიტიკას, რომელსაც იმ დროს სამინისტრო ატარებდა. მქონდა შემოთავაზება, საგარეო საქმეთა მიმართულებით გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ უარი ვთქვი. ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც წარმატებული პროექტები განახორციელა განათლების საკითხებზე. შევქმენით სტრატეგიული ხედვა უმაღლესი განათლების განვითარებისთვის. მე ვიყავი ამ პროგრამის დირექტორი, სათავო ოფისი გვქონდა ბუდაპეშტში. თუმცა, ძალიან ხშირად მიწევდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც ბუდაპეშტში ჩავედით მე და ჩემი მეუღლე, ცოტა ხანს გაგვიჭირდა იქ ცხოვრების აწყობა, შეჩვევა. მერე ჩემმა მეუღლემაც დაიწყო მუშაობა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, პროგრამაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის. ბუდაპეშტში გაჩნდა ჩვენი შვილი კონსტანტინე-ქაიხოსრო, რომლის გამოც დავბრუნდით საქართველოში, როცა მისი სკოლაში შეყვანის დრო მოვიდა. თუ იქ დავრჩებოდით, ის გაიზრდებოდა „მაშასადამე ევროპელი“, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩამოსვლა თბილისში. თუმცა, ბუდაპეშტის მიმართ სხვა ემოციები მაქვს. მიყვარს ბუდაპეშტი, იქ ბინაც მაქვს, რომელიც დაკეტილია. ახლა არაა იმის დრო, რომ იქ ხშირად ვიაროთ.
– რას ფიქრობთ, როგორ შეცვლის ეს პოზიცია თქვენს ცხოვრებას?
– რთული იქნება რექტორობა, განსაკუთრებით ჩვენი უნივერსიტეტის. ჩემი გარემოცვა და სამეგობრო წრე ორ ბანაკადაა გაყოფილი. ერთი მხარე მეუბნება, რატომ ავიტკიე აუტკივარი თავი და ჯანმრთელობის ცნობას მთხოვს; მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– რომელ ბანაკშია თქვენი მეუღლე, რომელიც, როგორც თქვენ, განათლების სფეროში მუშაობს?
– ნინო გულშემატკივართა ბანაკშია, თუმცა ცალი ფეხი მეორე ბანაკში აქვს (იცინის). ოჯახში ცუდი ტრადიცია გვაქვს – პროფესიულ თემებზე ერთმანეთს არ ვესაუბრებით, რადგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ბევრ საკითხზე. ამაზე დიდი ხანია, შევთანხმდით, რომ სამსახურებზე სახლში არ ვილაპარაკოთ. ნინო სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს. ის ხელმძღვანელობს განათლების საერთაშორისო ცენტრს. ეს ცენტრი აგზავნის ჩვენს სტუდენტებს უცხოეთში სასწავლებლად სახელმწიფოს ხარჯზე. თუმცა, აქაც ჩადებულია მექანიზმი, რომ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.
– ახლა ოჯახში, ალბათ, დიდი „საჩივრის წიგნი” შეივსება.
– არა მგონია, ჩემს ოჯახში ჩემს დატვირთულ რეჟიმს შეჩვეულები არიან. თუმცა, ოჯახის საკითხებისთვის, შვილისთვის ყოველთვის ვიცლი, რაც არ უნდა დაკავებული ვიყო. შაბათს თუ არა, კვირას მაინც, ჩემი დრო ეკუთვნის ჩემს შვილს, რომელსაც მამისგან ბევრი რამ სჭირდება. საინტერესო შეკითხვებს სვამს. ზუსტად ვხვდები, რომ მოდის სულ სხვა, ძალიან საინტერესო თაობა. ჩემი შვილის ასაკიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, მნახოთ როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრებში, ასევე ბევრგან. მისი საყვარელი ადგილი აღმოჩნდა თბილისის სამეცნიერო ფესტივალი, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართა. აქაც გვქონდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა. ჩემმა შვილმა მისი დათვალიერებაც მოინდომა და ძალიან კმაყოფილი დარჩა. უნდა მიეჩვიოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გახდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ოღონდ, სხვანაირი უნივერსიტეტი უნდა დავახვედროთ მის თაობას.
– როგორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ცხოვრება კადრს მიღმა?
– ამ ბოლო დროს ბევრ რამეს ვეღარ ვახერხებ, რადგან საქმეებით ვარ დაკავებული. თუ დრო მაქვს, ვკითხულობ, ეს ჩემი საყვარელი საქმეა. შეველიე სპორტს. პროფესიული სპორტით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, თუმცა მოყვარული ვიყავი და ხშირად ვვარჯიშობდი. განსაკუთრებით ბუდაპეშტში ცხოვრების დროს მქონდა ეს ფუფუნება. როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, აქტიურად ვმონაწილეობდი ალპინიადებში, მერეც ხშირად დავდიოდი მთაში. დიდი ალპინისტი არ ვყოფილვარ, თუმცა ყურო, გორი, მყინვარწვერი დალაშქრული მაქვს. წინა ცხოვრებაში მონადირეც ვიყავი, თუმცა უკვე წლებია, აღარ ვნადირობ. ბევრ ქვეყანაში მინადირია – ამერიკიდან დაწყებული უნგრეთით დამთავარებული. ამერიკაში ირემსა და იხვზე მინადირია, კანონის მკაცრი დაცვით. ამ ბოლო დროს ეს ამბავი აღარ მომწონს. სულ ესაა – ბევრი ჰობი არ მაქვს. ერთადერთი, რასაც ათი წელია, სიამოვნებით ვაკეთებ, საკუთარი ღვინის დაყენებაა. მაქვს ვენახი კახეთში, ვარდისუბანში. იქ მოყვანილი ყურძნით ბიოღვინოს ვაკეთებ. ეს ღვინო ჩემი მეგობრების წრეში ძალიან პოპულარულია. როდესაც წავკისში, ჩემს სახლში ვიკრიბებით, საკუთარი ღვინით ვუმასპინძლდები ყველას. ღვინო მიყვარს, არა მხოლოდ დასაყენებლად, არამედ მოხმარებისთვის კარგ ტრადიციულ სუფრაზე. პატარა სოფლის მეურნეობა წავკისშიც მაქვს. ყურძენი იქ არ მოდის, მაგრამ საკუთარი ხელით მოყვანილი პომიდორი და ბოსტნეული – კი ბატონო. მით უფრო, რომ სამზარეულოსგან შორს არ ვარ. მწვადის შეწვას სცდება ჩემი გამოცდილება, არატრადიციული საჭმლის გაკეთებაც მშვენივრად გამომდის (იცინის).