კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სახის დარღვევებს იწვევს არასაკმარისი ძილი მოზარდებში და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები შემოდგომა-ზამთრის ვირუსებისგან

ზაფხული ენერგიის აღდგენის პერიოდია უფროსებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ბავშვებზე. ამ პერიოდში მოზარდები დიდ ენერგიას ხარჯავენ. უწევთ აკლიმატიზაცია, აქვთ  ბევრი თავისუფალი დრო, მეტ-ნაკლებად იცვლიან კვების რეჟიმს, რაც თავის მხრივ, ცუდად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე და ხელს უშლის მათ, მომზადებული შეხვდნენ ახალი სასწავლო წლის დასაწყისს. ხშირად აღენიშნებათ დაღლილობა, ძილიანობა, მარტივად ავადდებიან შემოდგომა-ზამთრის ვირუსებით. რა უნდა იცოდეს, ამ მხრივ, მშობელმა, როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის, როგორ ავუმაღლოთ იმუნიტეტი და დავიცვათ შემოდგომა-ზამთრის ვირუსებისგან, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებს მედიცინის დოქტორი, იმუნოლოგ-პედიატრი, ილონა ხიზანეიშვილი.
– ბუნებაზე ტექნოლოგიური ზეწოლის შედეგებმა მიგვიყვანა საცხოვრებელ გარემოში ტოქსიკური პროდუქტების მაღალ კონცენტრაციასა და განსაკუთრებული გარემოს შექმნამდე – იგულისხმება ატმოსფეროს, ნიადაგის, წყლის აუზების დაბინძურება, ასევე, საგულისხმოა ელექტრომაგნიტური და იონიზირებული გამოსხივების მოქმედება. აღნიშნულ გარემოში ცხოვრება, ჯანმრთელობის მხრივ, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ბავშვის ორგანიზმის მიერ პოლუტანტების მიმღებლობა მაღალია სასუნთქი სისტემის ლორწოვანი  გარსის დამცველობითი ფუნქციის შედარებითი დეფიციტის გამო. მათში მოხვედრილი ნივთიერებების დეტოქსიკაცია კი დაქვეითებულია საჭირო ფერმენტული აპარატის უმწიფრობის  შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვებისა და მოზარდების გაყვანა, თუნდაც რამდენიმე კვირით, მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისებიდან  აუცილებელია. ეს განსაკუთრებით ეხება ხშირად მოავადე ბავშვებს. მათი სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსი, მუდმივად განიცდის ტოქსიკური ნივთიერებებით, პოლუტანტებით, ალერგენებით ექსპოზიციას. შედეგად, ქვეითდება ორგანიზმის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დამცველი ბარიერული ფუნქცია. მთის სუფთა ჰაერი და გარემო 2-3 კვირის განმავლობაში ახერხებს ბარიერული ფუნქციის აღდგენას. რაც უფრო მაღალია მთა  ზღვის დონიდან, მით უფრო დაბალია ორგანიზმის, ეგრეთ წოდებული, ბაროწნევა. დაბალი ბაროწნევის ფონზე კი, განსაკუთრებით აქტიურდება ძვლის ტვინის სისხლის წარმომქმნელი ფუნქცია. სისხლი მდიდრდება თეთრი და წითელი უჯრედებით, რაც იმუნიტეტის „მასალას” წარმოადგენს. ზღვის კურორტებზე კი ორგანიზმი მდიდრდება D ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის წარმართვისთვის. აქედან გამომდინარე, კარგია, თუ ბავშვი ჰაერგამოცვლილი და დასვენებული შეხვდება ახალ სასწავლო წელს. ბავშვის იმუნიტეტის ასამაღლებლად მედიკამენტების დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის. მწვავე რესპირაციული ინფექციებით  ხშირი ავადობის პროფილაქტიკისთვის,  გასათვალისწინებელია ძირითადი პირველადი იმუნური უკმარისობის გამორიცხვა, რადგან ხშირი რესპირაციული დაავადებები შესაძლოა, წარმოადგენდეს უფრო სერიოზული კლინიკური პრობლემის ნიღაბს. ასევე, ხშირი რინიტები, ბრონქიტები, უმეტეს შემთხვევაში, დაკავშირებულია ალერგიასთან, რაც სათანადო კვლევებსა და მკურნალობას მოითხოვს  და არა სპეციფიკურ იმუნოსტიმულაციას. ხშირად მოავადე ბავშვებისთვის უნდა დაიგეგმოს ქრონიკული კერების გამოსავლენი კვლევები და მათი სანაცია, კარიესული კბილების მოვლა, დეჰელმინთიზაცია, ანუ ჭიების მკურნალობა, გაკაჟება, მწვავე ინფექციებთან კონტაქტის შემცირება. ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება კი მხოლოდ ექიმის დასაბუთებული გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.
– გარდა ჰაერის გამოცვლისა, იმუნური სისტემის ნორმალიზაციას, ძირითადად, საკვები განაპირობებს. რისგან უნდა შედგებოდეს ჯანმრთელი ბავშვის კვების რაციონი და ავადობის შემდეგ ენერგიის აღდგენისთვის რა სახის საკვებზე უნდა შეაჩეროს მშობელმა არჩევანი?
– იმუნიტეტის უჯრედების შენებისთვის საჭიროა სრულფასოვანი საკვები რაციონი, რაც გულისხმობს ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და მიკროელემენტებით გამდიდრებული საკვების მიღებას. იმუნოგლობილინების, სისხლის თეთრი უჯრედების სინთეზი, ფერმენტების, ჰორმონების სეკრეცია ხორციელდება უშუალოდ საკვებით მიღებული ნივთიერებების გამოყენებით. მოზარდი ორგანიზმის ძვალსახსროვანი სისტემა მიკროელემენტების – კალციუმის, იოდის, სელენის მუდმივ მოხმარებაშია. მათი დეფიციტი კი პირდაპირ აისახება ადამიანის ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებასა და ზრდა-განვითარებაზე. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხილით, ბოსტნეულითა და ცილოვანი პროდუქტებით,
– შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის ძირითადად რა სახის ვირუსებია დამახასიათებელი და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები სეზონური ავადობისგან? რა სახის პრევენციებს უნდა მიმართონ ამ მხრივ მშობლებმა?
– ორგანიზებულ დაწესებულებებში, როგორიცაა ბაღი, სკოლა, ბავშვთა დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. აქედან გამომდინარე, დიდია  ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება. არ უნდა დაგვავიწყდეს სანიტარული ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ცხვირ-ხახის სანაცია, ოთახების ხშირი განიავება. სიმპტომების გამოვლენისთანავე არ უნდა მოხდეს ბავშვის კოლექტივში დაყოვნება. დიდი მნიშვნელობა აქვს გრიპის საწინააღმდეგო აცრას. თუ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდება  ოქტომბერ-ნოემბერში, ორგანიზმი საჭირო დაცვას გამოიმუშავებს 3 თვის შემდეგ. გრიპის ვირუსებიც სწორედ თებერვლიდან იწყებს გააქტიურებას. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ძირითადად, ვრცელდება რესპირაციულ-სინციტიალური  ვირუსები, ადენოვირუსები, გრიპის  A და B ტიპის ვირუსები. ბავშვთა ინფექციური დაავადებების, „ბატონების“ ლეტალური შედეგები აცრების სავალდებულობამ მნიშვნელოვნად შეამცირა. წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა ვირუსული ეტიმოლოგიის დაავადებებია. მათ სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება, მხოლოდ სიმპტომურად შეიძლება, დავეხმაროთ პატარებს. აღნიშნული ინფექციები, ძირითადად, სკოლამდელი და დაბალი კლასების ბავშვებისთვისაა, დამახასიათებელი. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც.
– იმისთვის, რომ ბავშვის ორგანიზმი კარგად მოვამზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის, გარდა საკვებისა, აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვაც. რამდენი საათი ძილია სავალდებულო მოზარდისთვის და აუცილებელია თუ არა შუადღის დასვენება?
– სასკოლო  ასაკის ბავშვის ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათი მაინც უნდა იყოს. რაც შეეხება დღის ძილს, ბავშვები  3-5 წლის ასაკიდან ინდივიდუალურად ამბობენ უარს მასზე და ეს არ უნდა გახდეს მშობლის შეშფოთების მიზეზი, თუ ღამის ძილი ნორმალიზებულია, და დახლოებით, 12 საათი,  ხოლო 6 წლის ასაკიდან – 9-11 საათი გრძელდება. ძილის დარღვევა ასუსტებს იმუნიტეტს, ზრდის ინფექციიების სიხშირეს, იწვევს თავის ტკივილს, დეპრესიას, მოთენთილობას, აქვეითებს ათვისების უნარს, მეხსიერებას.
– სასკოლო ასაკის ბავშვს რა სახის აცრა უნდა ჰქონდეს გაკეთებული და შემდგომ პერიოდში აუცილებელია თუ არა აცრა?
– სასკოლო ასაკის ბავშვს ჩატარებული აქვს შემდეგი სახის აცრები: პოლიომიელიტი, დიფტერია, ტეტანუსი, წითელა, ყივანახველა, წითურა, ყბაყურა. აღსანიშნავია, რომ დიფტერია-ტეტანუსის რევაქციანაცია 14 წლამდე გრძელდება. ანუ, 18 თვის, 5 წლისა და 14 წლის ასაკში მეორდება. აცრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აუცილებლობაა მძიმე ინფექციების პრევენციაში. უფრო მეტიც, ჩვევად უნდა გავიხადოთ გრიპის ვაქცინაცია  და ზამთრისათვის ბავშვის მომზადება.

скачать dle 11.3