კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სთხოვდა მაშველებს სიკვდილს გადარჩენილი ბავშვის მშობელი შვილის „შლოპანცებს“ და რატომ სთხოვენ მათ გოგონები შველას უმიზეზოდ

ნათლია-ნათლული 25 წლის ირაკლი ქარცივაძე და 27 წლის ირაკლი სურმანიძე მაშველები არიან. უკვე 10-12 წელია, ქობულეთის სანაპირო ზოლის უსაფრთხოებას იცავენ და უამრავი ადამიანის სიცოცხლე უხსნიათ ტრაგიკული შემთხვევებისგან. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ არიან დაზღვეულები და ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ ნებისმიერი სამუშაო დღე მათთვის უკანასკნელი არ აღმოჩნდება, პროფესიაზე უარის თქმას ნამდვილად არ აპირებენ. მათ ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე დიდ ბედნიერებად არაფერი მიაჩნიათ. ამ მაშველების მრავალწლიანი გამოცდილება ბევრ გმირულ, ბედნიერ, მხიარულ და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, არაერთ ტრაგიკულ ისტორიას მოიცავს.
ირაკლი ქარცივაძე: ქობულეთში დავიბადეთ და გავიზარდეთ. მთელი ჩვენი ცხოვრება ზღვას უკავშირდება. 14-15 წლისებმა უკვე ძალიან კარგად ვიცოდით ცურვა და გადავწყვიტეთ, ეს ცოდნა სხვების სასარგებლოდაც გამოგვეყენებინა და მაშველები გავმხდარიყავით. მუშაობა ამ ასაკში დავიწყეთ და პირველივე წელს ისე გამოვიჩინეთ თავი, მეორე სეზონზე, თვითონვე გვთხოვეს მუშაობის გაგრძელება. მშობლებსაც არ გაუწევიათ წინააღმდეგობა, რადგან იცოდნენ ჩვენი შესაძლებლობები.
ირაკლი სურმანიძე: ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. თუმცა თავიდან, ამ საქმეში ახალი რომ ხარ და პირველ ნაბიჯებს დგამ, რთულია. მაგრამ, ყველაფერს მალევე ავუღეთ ალღო.
– გადარჩენილი ადამიანები თუ ინარჩუნებენ თქვენთან ურთიერთობას?
– ვერ ვიტყვი, რომ ამით გამოირჩევიან, თუმცა, რასაკვირველია, ბევრ მადლობას გვიხდიან. მაგრამ უმადური დამსვენებელიც ბევრია. ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა სომეხი ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას. ასეთ დროს, როგორც წესი, მშობლები უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ, აღარ იციან, პატივისცემის ნიშნად, რა გააკეთონ. ჰოდა, მოვიდა ამ სომეხი ბავშვის მშობელიც და კითხულობს: ბავშვს რომ „შლოპანცები” ეცვა, სად წავიდაო (იცინის).
ირაკლი ს.: ასეთი ბევრია. ერთხელ პატარა ბავშვი გადავარჩინეთ. ძალიან რთული შემთხვევა იყო. გაჭირდა ბავშვის წყლიდან ამოყვანა. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. მაგრამ, იმ ბავშვის მშობლებმა ისე მიიღეს ეს ამბავი, ვითომც არაფერი მომხდარიყო, ჩვეულებრივ გააგრძელეს გზა.
ირაკლი ქ.: ერთხელ, დავინახე პატარა ბავშვი წყალში იხრჩობოდა, ბუნებრივია, ჩემი მოვალეობა შევასრულე, ბავშვი წყლიდან მაშინვე გამოვიყვანე. მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ ამ დროს დედამისი ნაპირთან იჯდა და ლაპარაკობდა, ბავშვისთვის ყურადღება არც მიუქცევია. არადა, ცოტაც და მისი შვილი დაიღუპებოდა. მერე კი მოიკლავდა თავს. სამწუხაროდ, ხშირია მშობლის უყურადღებობით გამოწვეული შემთხვევა. ერთ მასწავლებელს ოცბავშვიანი ჯგუფი ჰყავდა ზღვაზე ჩამოყვანილი და სანაპიროზე გამოიყვანა. ერთი ბავშვი სახლში დარჩენილა. მაგრამ, ამის შესახებ მასწავლბელმა არ იცოდა და სანაპიროზე აღმოაჩინა, რომ ერთი ბავშვი აკლია. პანიკაში ჩავარდა – ბავშვი ზღვაში დამეხრჩოო. ბოლოს, დიდხნიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, სახლში გაგზავნა ერთ-ერთი მოსწავლე შესამოწმებლად და აღმოჩნდა, რომ იმ მეოცეს მშვიდად ეძინა.
– ალბათ, კურიოზიც ბევრია...
ირაკლი ს.: ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო სანაპიროზე მშობლებთან ერთად. ცოტა ხანში მშობლებმა განგაში ატეხეს, ნახევარი საათია, ბიჭი არ გამოჩენილა, არიქა, დაიხრჩოო. მთელი სანაპირო ჩაერთო ძებნის პროცესში. მაშველები, მყვინთავები გამოძახებულია, ხალხი ემოციებშია, განიცდიან. დიდი დრო გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, არანაირი კვალი არ ჩანს. ამ ამბებში ერთი საათი გავიდა და ყველაფერი ისევ ისე გრძელდება. პანიკაა, მაგრამ უცებ გავიხედეთ და აგერ მოდის ეს ბიჭი, მთვრალი. თურმე, მოშორებით, ბარში იჯდა და სვამდა, ჩვენ კიდევ უკვე ზღვის ფსკერზე გვეგონა (იცინის).
– ყველაზე რთულად რომელი შემთხვევა გახსენდებათ?
– „ბანანზე” შვიდი ადამიანი დაჯდა, ცურვა არცეთმა არ იცოდა და მაშველად მე გავყევი. ისე მოხდა, რომ ზღვაში ბანანი ამოტრიალდა და ყველა წყალში ჩაცვივდა. შვიდივე საშინელმა პანიკამ მოიცვა. ერთ-ერთი მე დამეცა, თან იმდნად ცუდად, რომ სუნთქვა შემეკრა და მე თვითონაც ვიხრჩობოდი. მაგრამ, როგორღაც მოვახერხე მობილიზება და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა. მერე იმდენიც შევძელი, რომ „ბანანი” ამოვატრიალე და შვიდივე, ცალი ხელით, სათითაოდ დავაბრუნე მასზე. ცალკე თემაა გადარჩენილების დაწყნარება. ფსიქოლოგიურად ისეთ რთულ დღეში ვარდებიან, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცევიან.
ირაკლი ქ.: ერთხელ ორი გოგო ბავშვებთან ერთად სეირნობდა, წყლის ველოსიპედით და ველოსიპედი ამოუტრიალდათ. არც მშობლებმა და თავისთავად, არც პატარებმა ცურვა არ იცოდნენ. ბედი მათი, რომ ჩვენც იქვე ვიყავით კატერით. უცებ მივედით და გადავარჩინეთ.  ტრაგიკული შემთხვევები ძირითადად მაშინ ხდება, როცა ჩვენ ახლოს არ ვართ. თორემ, თუ ვინმეს უჭირს და დროულად გამოგვიძახებენ, გამორიცხულია, არ გადავარჩინოთ. უბედური შემთხვევების უმეტესობა სასმელის ბრალია. როცა ნასვამი ხარ, კიდევ შეგიძლია შეხვიდე წყალში, თუმცა, რასაკვირველია, ეს რეკომენდებული არაა. მაგრამ, ნაბახუსევზე არაფრით არ შეიძლება წყალში შესვლა. შესაძლოა მაშინვე გულმა დაგარტყას.
– თქვენ თვითონ არასდროს აღმოჩენილხართ საფრთხეში?
– მე ერთი ცოტა სასაცილო ამბავი გადამხდა თავს: შტორმი იყო, ძლიერმა ტალღებმა ჩვენი კატერებიდან ერთ-ერთის „ბანანი” გაიტაცა. ზღვა ძალიან ღელავდა და შიგ არავის უშვებდნენ. მაგრამ, საკმაოდ ძვირად ღირებულ ნივთს ეხებოდა საქმე და ვიფიქრე, გადავარჩენდი. როგორც იქნა, მივაღწიე „ბანანამდე” და ვცდილობ, ნაპირისკენ წამოვიღო. უცებ, უკან რომ მოვიხედე დავინახე, ნაპირზე ორასამდე კაცი შეგროვილა. მათ არ იცოდნენ, რომ მაშველი იყო ზღვაში შესული. ჩათვალეს, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდებოდა და სამაშველო გამოიძახეს. მაშველი რომ შემოვიდა და მე დამინახა, მითხრა: რომ მცოდნოდა შენ იყავი, არ შემოვიდოდი. ვიცი, დამოუკიდებლადაც გამოხვიდოდი, მაგრამ ახლა მთელი სამაშველოს უფროსობაა შეკრებილი და უნდა გამომყვე სამაშველო თოკითო (იცინის). თუმცა, რა თქმა უნდა, მაშველიც არაა ბოლომდე დაზღვეული. ტალღას გააჩნია, შეიძლება, ისე დაგაგოროს, ძლივს დააღწიო თავი. ერთხელ ძალიან გამიჭირდა ტალღებისგან თავის დაღწევა და ბოლოს, როგორღაც მოვახერხე ეს და უბედნიერესი ვიყავი. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა მაგრად ცურავ თუ არა, მოსწრებაზეა საქმე. ერთი კაცი არ დამავიწყდება არასდროს. პარაშუტით სეირნობდა, რომელიც, როგორც იცით, კატერზეა მიბმული. კატერი რომ წრეს აკეთებდა, ძლიერი ქარი ამოვარდა, კატერი ამოაბრუნა და ჩაძირვა დაიწყო. ბუნებრივია, პარაშუტიც თან გაიყოლა. წარმოიდგინეთ, ადამიანის მდგომარეობა – ხედავს, კატერი, რომელზეც მიბმულია, იძირება და მასაც თან იყოლიებს. მის ადგილას გამოცდილი ადამიანი მოახერხებდა თავის გათავისუფლებას, მაგრამ მას მსგვასი ცოდნა არ ჰქონდა და თან, პანიკაში ჩავარდა. ბუნებრიავია, ხედავდა, სიკვდილისკენ როგორ მიექანებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, თოკი იმ ადგილას წყლის სიღრმეზე მეტი აღმოჩნდა. 100 მეტრიდან 80 ჩაიძირა და 20 ზემოთ დარჩა. კაცი გადარჩა, მაგრამ მისი სახე არასდროს დამავიწყდება, ნაპირზე სულ ლურჯი გამოვიდა.
– კიდევ უფრო რთულია, როცა საფრთხე ახლობელს ემუქრება. გქონიათ ასეთი შემთხვევა?
ირაკლი ს: კი, ახლობელი დაგვეხრჩო, მაგრამ იმ მომენტში, ჩვენ იქ არ ვყოფილვართ. ძალიან კარგი ბიჭი იყო. 2008 წელს ომში იბრძოდა, ნამდვილი გმირი. მეგობრებთან ერთად იყო ზღვაზე და წყალში რომ შესულა, ხუმრობა დაუწყია, ვითომ იხრჩობოდა. ერთხელ რომ დაეხმარნენ და მიხვდნენ, რომ იტყუებოდა მეორედ აღარ მიაქციეს ყურადღება. აღარც მესამედ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მესამედ მართლა ითხოვდა დახმარებას, აღარ ხუმრობდა. ომს გადაურჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, სულელურ ხუმრობას შეეწირა. ხუთი-ექვსი დღის შემდეგ იპოვეს მისი ცხედარი. საოცარი ადამიანი იყო და ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული.
– დაქორწინებული არცერთი არ ხართ. ზღვაზე უამრავი ლამაზი გოგოა და ალბათ, თქვენი პროფესიაც გეხმარებათ მათ მოხიბვლაში.
– ბევრი ლამაზი გოგო რომაა, იმიტომ ვართ მარტო (იცინის). თუმცა, პროფესია ნაკლებად გვეხმარება, რადგან გოგოები უფრო ფრთხილები არიან. თუ ცურვა არ იციან, არც შედიან შორს, თან უსაფრთხოების ჟილეტით სარგებლობენ. თუმცა, ხანდახან იტყუებიან, ვითომ იხრჩობიან, რომ მიხვიდე და გამოიყვანო (იცინის).
– ძალიან სახიფათო პროფესია გაქვთ. არ გიფიქრიათ, რომ სხვა საქმისთვის მოგეკიდათ ხელი და ამაზე უარი გეთქვათ?
– მართლა ისეთი სამსახური გვაქვს, არ ვართ დაზღვეულები, რომ ერთ დღეს გავალთ და უკან აუცილებლად ცოცხალი დავბრუნდებით. მაგრამ, არასდროს გვიფიქრია, ჩვენს პროფესიაზე უარი გვეთქვა.
ირაკლი ქ.: პირიქით, ძალიან გვინდა, საკუთარი სკუტერი გვყავდეს, ასე უკეთ შევძლებთ ჩვენი მოვალეობის შესრულებას. სად ფეხით რომ გადაადგილდები და სად – სკუტერით. 12-კილომეტრიან ზოლზე 80 მაშველია. ყოველ 50 მეტრში ორი მაშველი დგას და მხოლოდ ორი სკუტერი გვყავს. სულ გვპირდებიან, რომ რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ სიტყვა მხოლოდ სიტყვად რჩება.

скачать dle 11.3