რა დაუჯდა თურქ მამაკაცს თათია სულუაშვილის „ხედების“ გადაღება და რატომ გადის ის ყოველ დილას სახლიდან ენერგიაგამოცლილი
„კომედი შოუს“ მსახიობის, თათია სულუაშვილის პერსონაჟები იმდენად სახასიათო და დასამახსოვრებელია, დიდი შანსია, მათში თქვენი ახლობელი, მეზობელი ან თუნდაც ოჯახის წევრი აღმოაჩინოთ. ის ადამიანის ქცევებს ყველგან აკვირდება – ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში და ამის გამო არაერთხელ შექმნია პრობლემა. ხოლო, რას ერჩოდა მას თურქი მამაკაცი და როგორ დააზარალა პოპულარობამ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თათია სულუაშვილი: ჩემს იღბლიანობას, ყოველთვის თან დიდი შრომა სდევს და უფრო მიმართლებს ცხოვრებაში. ბევრს უნდა ისეთი სამსახური, როგორიც მე მაქვს, მაგრამ მე სხვებზე მეტად გამიმართლა. თუ დღეს ცნობილი სახე ვარ, ეს მხოლოდ ერთი ქასთინგის დამსახურებაა. მყავს კარგი გარემოცვა, თბილი ოჯახი, საყვარელი საქმე და როგორ შეიძლება, არ ვიყო ბედნიერი? სხვათა შორის, თუ რამეს ვაკეთებ, მასში მთელ ემოციასა და გულს ვდებ. სულ ფიქრებში ვარ და ამის გამო, ავარიაში მოვყევი.
– ეს როგორ მოხდა?
– მანქანით მივდიოდი და ისეთმა საოცარმა ტიპაჟმა გადამირბინა წინ, თვალი გავაყოლე: ვა, რა მაგარი ვინმეა-მეთქი და... წინა მანქანას დავარტყი. ჩემი საქმიანობის გადამკიდე, ქუჩაში იმდენად აკვიატებულად და ამოჩემებულად ვაკვირდები ადამიანებს, ხანდახან გიჟი ვგონივარ (იცინის). იმის გამო, რომ დაჟინებით ვუყურებ ადამიანს, უხერხულ სიტუაციაშიც ხშირად ვხვდები. ჩემი შექმნილი ყველა ტიპაჟი, კონკრეტული ადამიანებისგან მაქვს გადმოღებული. ერთხელ ტაქსი გავაჩერე, მოვკალათდი უკანა სავარძელზე და რომ გავხედე მძღოლს, ისეთი საოცარი ტიპაჟი იყო, მთელი გზა სარკიდან ვაკვირდებოდი. გადაირია, იფიქრა, რას მიყურებს, რა უნდაო და ბოლოს თავი გამიქნია, რა გნებავთო. გამოვფხზლდი და მივხვდი, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
– ერთ-ერთ სკეტჩში, ნოდარის დედა ხარ და ცოტა არ იყოს, ისეთი არაადეკვატური საქციელი გახასიათებს, ეჭვი მეპარება, ესეც რომელიმე ადამიანის რეალური ცხოვრებიდან იყოს აღებული. ასეა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ცდებით (იცინის). მეტროთი მომიწია მგზავრობა. ვაგონში რომ შევედი, იქ ვნახე ზუსტად ისეთი ქალი, როგორიც ნოდარის დედაა და ეგრევე ავიტაცე.
– ახლა არ მითხრა, ნაცემი თათიას როლიც რეალობიდან მაქვს აღებულიო...
– დიახ, ნაცემი თათიაც რეალურად მყავს ნანახი. ჩემს მეგობარ გოგოს ჰყავდა მოძალადე შეყვარებული და სწორედ, იქიდან შევქმენი ნაცემი თათიას ტიპაჟი. ასე რომ, ნაცემი თათიაც ნანახი მყავდა, ცისნამიც და ნოდარის დედა – ფისოც. ამ ბოლო დროს ღიპიანი თამადა კაცების დაკვირვებაც დაიწყე. დაჟინებით ვუყურებ და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც მერე გამომადგება. ახლა ახალი როლი მაქვს. ისეთი ქალბატონი ვარ, არავის რომ არ აცლის საუბარს და სულ თავის ოჯახზე ლაპარაკობს. ყველას უმტკიცებს, რომ მისი ქმრისნაირი უნდა იყოს ყველა მამაკაცი მსოფლიოში. რეალურ ცხოვრებაში ძალიან განსხვავებული ვარ და სადმე რომ ვარ, ყველას უკვირს, რატომ არ მაქვს იგივე მანერები, რაც ეკრანზე. თუ სადმე სუფრაზე მოვხვდი, ყველა მეკითხება, რატომ ხარ ასეთი სერიოზული, მოხდა რამეო (იცინის). სიმართლე გითხრათ, ეს დამოკიდებულება მძაბავს. რატომ უნდა ვიყო ეკრანზეც და ცხოვრებაშიც ერთნაირი? სამსახურის გარეთ არ მიყვარს ჩემს შექმნილ პერსონაჟებზე ლაპარაკი და მით უმეტეს, მათი განსახიერება.
– თათი, როგორც ვამჩნევ, საკმაოდ დაკლებული ხარ წონაში. რამდენი დაიკელი?
– 90 კილო ვიყავი, მეორე შვილი რომ გავაჩინე, ახლა 73 კილო ვარ და კიდევ მინდა, ცოტა დავიკლო. ეკრანზე ისედაც მსუქანი ვჩანვარ და კიდევ ჩემი ზედმეტი წონა მაგიჟებდა. ზედმეტი 20 კილოდან 4-ღა მაქვს დასაკლები. ეკრანზე რომ მიყურებენ, ალბათ 45 წლის ვგონივარ ყველას, არადა, 30 წლის ვარ. რომ ვაკვირდები, რაც უფრო ვიმახინჯებ თავს და წლებს მაკიაჟით ვიმატებ, მით უფრო საინტერესოდ გამოვიყურები ეკრანზე, ვიდრე ჩვეულებრივი თათია. ასე რომ, „დამახინჯებული“, გამოგონილი და შექმნილი თათია უფრო მოსწონს ხალხს, ვიდრე რეალური (იცინის).
– მე შენი შექმნილი დედამთილის პერსონაჟი მომწონს. აი, ორ ჭიქას რომ დალევს და მამალი ქალი ხდება. თავად როგორი დედამთილი გყავს და მისგან ხომ არ იღებ რაღაცეებს?
– საბედნიეროდ, ჩემი დედამთილისგან არაფერს ვიღებ, რაც სკეტჩისთვის გამომადგება (იცინის). მე – დედამთილი და ჩემი დედამთილი საკმაოდ განსხვავებულები ვართ. რეალურად, ისეთი დედამთილები, როგორიც მე ვარ, ბევრი მინახავს. აი, სუფრასთან რომ აქებენ რძალს და ორი-სამი ჭიქის მერე, ურევენ (იცინის).
– შენ როგორი დედამთილი იქნები ორ-სამ ჭიქაში?
– სხვათა შორის, არ ვსვამ, მაგრამ თუ დავლიე, კისერი მწყდება და სადღა მაქვს არევის თავი (იცინის). სულ მეხვეწებიან ჩემი მეგობრები, ერთი ჭიქა მაინც დალიეო, მაგრამ იმ ერთ ჭიქაში მწყდება კისერი და რა ვქნა? ამიტომ, მირჩევნია, არ დავლიო. თუმცა, დაკვირვებული ვარ, თუ დავლიე და არ დამეძინა, „შუტკა“ უფრო მეტად მეხსნება (იცინის). რაც შეეხება ჩემს დედამთილობას, არ ვიქნები ისეთი დედამთილი, სამ ჭიქაში რომ მამალი ქალი ხდება. ამას წინათ კი, ჩემმა ცნობადობამ კისერი კინაღამ მომატეხინა (იცინის). დაღმართზე მივდიოდი, ფეხი დამიცდა და დავგორდი. კარგა ხანი ვიგორე, მტვერში ამოვიგანგლე და ბოლოს როგორც იქნა, გავჩერდი. მაგრამ, ვერ ვდგები ფეხზე. ვიღაც ქალი მომვარდა, წამომაყენა და რომ მიცნო, გაშალა ხელები და უი, თათია, შენ ხარ, შენ გენაცვალე, როგორ მიყვარხარო და... ვერ შევიკავე თავი და ისევ გავგორდი. კი გავიფიქრე, ქალბატონო, რას დაიდე ჩემი ცოდვა, რას გამიშვი ხელი-მეთქი (იცინის).
– ამ ზაფხულს როგორ დაისვენე? პირად საუბარში მითხარი, ჯოჯოხეთი გამოვიარეო და ასეთი რა მოხდა?
– მოვახერხე გემრიელი დასვენება – უფრო დავიღალე. ჩემი ქმარი ამერიკაშია და მის გარეშე მომიწია ბავშვებთან ერთად დასასვენებლად წასვლა. ქეთა ექვსი წლისაა, დათა კი – წლის და რვა თვის. კი მყავდა ძიძა წაყვანილი, მაგრამ ჩემ გარეშე ნაბიჯს არ დგამდნენ. ბორჯომთან ახლოს, სოფელში ვისვენებდით. დათა დილის შვიდ საათზე იღვიძებს და იწყებს ჩემს კოცნას, რვის ნახევარზე ქეთა იწყებს ფერებას და ვართ ასე, ყოველ დილას ხვევნა-კოცნაში (იცინის). მერე, ამათ უნდა ვაჭამო, მოვაწესრიგო, გავუშვა ბაღში, სკოლაში, მოვემზადო ფაცი-ფუცით და ენერგიაგამოცლილი წავიდე სამსახურში. თან, რემონტი წამოვიწყე სახლში და ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. თურქეთში ვიყავი დასასვენებლად მეგობრებთან ერთად და ეს დასვენება არასდროს დამავიწყდება. სასტუმროში ვიღაც თურქი კაცი ამეკიდა, ლიფტში შემომყვა და ითხოვდა, ერთი მაკოცნინე, მეტი არაფერი მინდაო. როგორც იქნა, გაიხსნა კარი და თავი დავაღწიე. შეშინებული მოვუყევი მეგობრებს, ასე იყო-მეთქი. ჰოდა, აიტყუეს ის თურქი მესამე სართულზე ჩემმა მეგობრებმა, ორი-სამი მუშტიც მოხვდა და ღამის სამ საათზე გააძევეს სასტუმროდან.
– ამ მუშტი-კრივში შენც იღებდი მონაწილეობას?
– გარეგნულად ვჩანვარ მამალი, მსმელი, დამრტყმელ-მოქეიფე გოგო, თორემ ისე ძალიან მშიშარა ვარ (იცინის). ერთხელ კი მომიწია თურქის საკუთარი ძალებით მოგერიება: შეზლონგზე ვიწექი, ვირუჯებოდი და შავი, დიდულვაშა თურქი კამერით იღებდა, ვითომ ხედებს და დავინახე, ნელ-ნელა, როგორ მომიახლოვდა. ავდექი, ხელი ვკარი და პირდაპირ „ბასეინში” ამოვაყოფინე თავი. ასე რომ, ჩემი ხედების გადაღება ძვირად დაუჯდა (იცინის).
– საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელიც ხარ. როგორ ართმევ თავს დირექტორობას? გაამართლა ბიზნესმა?
– თავიდან, შემომთავაზეს, დაბადების დღის ცენტრი გააკეთეო, მაგრამ მე სამსახიობო მაქვს დამთავრებული და სულ ოცნებად მქონდა, ჩემი პატარა თეატრალური სტუდია მქონოდა, სადაც ბავშვებთან მექნებოდა კონტაქტი. გავაკეთე თეატრალური სტუდია და ბევრი ბავშვი დადის ჩვენთან. რაც შეეხება დირექტორობას, კარგად მოვირგე ეს პოსტი და ჩემმა ბიზნესმა გაამართლა.