კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ფიქრობს ზოგიერთი ქალი, რომ გათხოვებაზე დიდი ბედნიერება მარტოობაა

ადამიანებს არ უყვართ მარტოობა. ყველა ცდილობს, იპოვოს მეორე ადამიანი, რომელიც მას გაუგებს, გვერდში დაუდგება და ტკივილსა თუ სიხარულში თანამოზიარე იქნება. მაგრამ, სწორედ ასეთი, ყველაზე ახლობელი ადამიანები გვტკენენ ხოლმე გულს... გვიცრუებენ იმედებს და გვაფიქრებენ, რომ შეცდომა დავუშვით.

 მაკა (37 წლის): ბედნიერი მარტოც იქნები... არავინ გჭირდება იმისთვის, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნო – ასე ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდში და არ ვცდებოდი, რადგან სიყვარულმა ძალიან მატკინა. ისეთი მწარე, საშინელი იმედგაცრუება ვიწვნიე, რომ ცხოვრებაზე ლამის ხელიც კი ჩავიქნიე. ათი წელი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ცხრამეტი წლის გავთხოვდი. ჯერ ისევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა გავიცანი სიმპათიური, ლამაზიც კი, კარგად მოლაპარაკე ბიჭი და თავბრუ დამახვია. გადავწყვიტე, რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი.
– ანუ, ძალიან შეგიყვარდათ.
– სიყვარული პირობითი ცნებაა. გააჩნია, ამ სიტყვას რა დატვირთვას მისცემ. იმ მომენტში და იმ გარემოებაში დარწმუნებული ვიყავი, რომ არანორმალურად მიყვარდა. ვცდებოდი, რა თქმა უნდა.
– რატომ გგონიათ, რომ ცდებოდით?
– იმიტომ რომ, სიყვარულს გაცილებით მეტი რაღაც სჭირდება, ვიდრე ამჩატება და გადარევა. ბუნებრივია, როცა ცოლად მივყვებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობდა. როგორ ვცდებით ხოლმე... ახლა რომ ვიხსენებ, რა გულუბრყვილო გოგო ვიყავი მაშინ, გული მწყდება, საკუთარი თავი მეცოდება. ზუსტად ოთხი წელი მჯეროდა ჩემი ყალბი ბედნიერების.
– „ყალბი ბედნიერება“... ეს რას ნიშნავს?
– როცა თავს ატყუებ და ცხოვრობ ადამიანთან, რომელთანაც საერთო არაფერი გაქვს, როცა შინაგანად ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, როცა პრობლემას გაურბიხარ. სირაქლემასავით თავს ქვიშაში ჰყოფ და ბედნიერების ილუზიას ასე იქმნი.
– თქვენ კონკრეტულად რა პრობლემას გაურბოდით?
– სიმართლისთვის თვალის გასწორებას. ვჩხუბობდით, გავრბოდი... ან ის გარბოდა. მერე ვბრუნდებოდი და ვრიგდებოდით. ისევ ვჩხუბობდით – უკვე ყველაფერზე. ვტიროდი. პრეტენზიებს ვუყენებდით ერთმანეთს – ზოგჯერ სრულიად გაუგებარს. ახლა ვხვდები, რომ ნამდვილად გაუგებარი პრეტენზიები იყო. ერთ დღეს კი მივხვდი – ჩემ მაგივრად სხვა ცხოვრობდა. ხვდებით, რას ვამბობ? ასეთი განცდა არ გქონიათ? თითქოს ის ცხოვრება ჩემი არ იყო. ახლა რომ ვფიქრობ, სიზმრის მაგვარი განცდა მაქვს. ხელშესახები აღარ არის ჩემი წინა ცხოვრება.
– როცა საბოლოოდ გაშორდით, ეს გააზრებული ნაბიჯი იყო?
– არა. მრისხანებისას გავიჯახუნე კარი და წავედი. მგონი, ჩემ გარდა ყველა ხედავდა, რომ ჩვენი ურთიერთობისგან კარგი არაფერი გამოვიდოდა. რაც დიდხანს გავაგრძელებდით, მით უარესი იქნებოდა ჩემთვის.
– ღალატი იგულისხმებოდა ამ პრობლემებში?
– არა.  ღალატი მიზეზი არ ყოფილა. ერთად ბედნიერება არ გამოგვივიდა. ასე ხდება ხოლმე. უბრალოდ, დროზე უნდა მიხვდე. იცით, მე როდის გავაცნობიერე, რომ გაშორება ხსნა იყო? როცა დეპრესიაში მყოფს დაქალებმა ბილეთი მიყიდეს, სასტუმრო დამიჯავშნეს და ევროპაში სრულიად მარტო გამიშვეს. ღმერთო, ეს ისეთი ნეტარება იყო, რომ ეგრევე გადავწყვიტე – გათხოვებაზე დიდი ბედნიერება მარტო ყოფნა ყოფილა-მეთქი. უკეთესად რომ დავალაგო ყველაფერი, დავაკონკრეტებ: რვა წელი ვიყავი გათხოვილი. ათი წელი – გაშორებული. ის რვა წელი რვა საუკუნედ მექცა და მძიმედ დამაწვა მხრებზე. მარტოობის ათმა წელმა კი საკუთარი თავი მაპოვნინა. საშუალება მომცა, გამეცნობიერებია ის შეცდომები, გათხოვების პერიოდში რომ დავუშვი. გავიზარდე ამ ათ წელიწადში. მივხვდი, რომ არავის არ უნდა მოებღაუჭო. სიტყვაც მივეცი საკუთარ თავს, რომ არათუ აღარასოდეს გავთხოვდებოდი, ჩემს ცხოვრებაში მამაკაცს აღარ შემოვუშვებდი
– ფსიქოლოგები იტყვიან, რომ თქვენი ასეთი მდგომარეობა იმ იმედგაცრუების შედეგი იყო, რაც ქორწინებაში განიცადეთ.
– შეიძლება, ასეც არის, მაგრამ მე ხომ სიყვარულით გავთხოვდი. მის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ვძლებდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ გაცილებით ბედნიერი მარტოობაში ვყოფილვარ.
– ათი წლის განმავლობაში სხვა მამაკაცზე მართლა არ გიფიქრიათ?
– არა. იყვნენ ჩემი ყურადღების მოპოვების მსურველნი და ძალიანაც ცდილობდნენ, მაგრამ რომ გამახსენდებოდა ქმართან ჩემი სკანდალები, ნერვიულობა, თავის ტკივილი და დისკომფორტი, ეგრევე ზურგს ვაქცევდი, ჩემს ნაჭუჭში ვიკეტებოდი. არავინ გჭირდება, ისედაც ბედნიერი იქნები-მეთქი. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ათი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამჩენია სურვილი, ისევ გათხოვილი ვყოფილიყავი. ძლივს საკუთარი თავი დავიბრუნე. სხვათა შორის, ჩემს ქმარსაც ჰქონდა შერიგების მცდელობა... ყოველ ორ წელიწადში გამოჩნდებოდა ხოლმე...
– შვილი გყავთ?
– დიახ. როცა მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავშორდით, ხუთი წლის იყო. მისთვისაც ვცხოვრობდი და საკუთარი თავისთვისაც. გამიმართლა. ვიპოვე ისეთი სამსახური, რომელმაც საკუთარი თავის რეალიზაციასთან ერთად, მატერიალური რესურსიც მომცა. რომ გამჭირვებოდა მატერიალურად, შეიძლება მარტოობის მთელი ხიბლი ვერც აღმექვა. მაგრამ ხომ გითხარით, თითქოს ქმრის ჩრდილი მთრგუნავდა და უკან მწევდა, როგორც კი გავთავისუფლდი, ეგრევე „გავიფურჩქნე“.
– თუმცა, დღეს თქვენ გყავთ მეუღლე და გაქვთ ოჯახი.
– დიახ. ნამდვილად ასეა. ქმარს შევურიგდი განშორების ათი წლის თავზე. გიკვირთ? ახლა ჩემი თამაშის წესებით ვთამაშობთ. ვუთხარი, რომ თუკი ისევ ერთად ვიქნებოდით, მხოლოდ ჩემი პირობების მიღებით. მეგონა, არ დამთანხმდებოდა, მაგრამ... ეტყობა, მართლა ვუყვარდი, თორემ ათი წლის განმავლობაში ქალების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა.
– სენტიმენტებმა გძლიათ?
– ასეც ნუ იტყვით. მოვიდა, ვილაპარაკეთ და დარჩა. თავისუფლებაც აღარ შევიზღუდე და მან ეს იცის. ჯერჯერობით გამოგვდის ურთიერთპატივისცემა და მშვიდად ვართ. მერე – ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, გათხოვილიც ვიყავი და მარტოც ვიცხოვრე. ახლა ისევ ოჯახი მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი არ ვარ.
– ანუ, მარტოობაში მაინც არ ყოფილა ბედნიერება.
– არა, არა, მე მარტოც ბედნიერი ვიყავი. გულახდილად ვამბობ ამას. არავის შეეშინდეს სიმარტოვის. მთავარია, საკუთარი თავი იპოვო და ბედნიერებაც არ აგივლის გვერდს.

скачать dle 11.3