სიმდიდრე
ჩშჟთ წლის ენკენისთვის თორმეტსა, რომელიღაც ჟურნალში, თვალი მოვჰკარი მსგავს გამონათქვამებსა, რომელზეც დავწერე ეს მოთხრობა.
***
ქალაქ ტიფლისის აღმოსავლეთით, 120 ვერსის მანძილზედ, საგვარეულო სასახლეში, ცხოვრობდა დიდი თავადი, ძე დავით თათქარიძისა – ანდუყაფარ. მის მამულს, სამხრეთით მდინარე ალაზანი ჩამოუდიოდა, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი გადმოჰყურებდა, აღმოსავლეთით ვახვახიშვილების საგვარეულო მამული ესაზღვრებოდა, ხოლო დასავლეთით, ძმის – ქაიხოსრო თათქარიძის მამული, რომელიც ბიძის – ლუარსაბის, უშვილძიროდ გადაშენების შემდეგ დარჩა.
მდიდარი იყო ანდუყაფარ, მის მამულში 120 კომლი გლეხობა მუშაობდა. 400 დღიურ მიწაზე პური მოჰყავდათ, 200 დღიურზე ზვრები იყო გაშენებული, ხოლო 100 დღიური მიწა – ხეხილის ბაღს ჰქონდა დათმობილი და კიდევ მცირე ნაკვეთი ბოსტანს ეკავა. ანდუყაფარის ბეღელზე და მარანზე ლეგენდები დადიოდა. პური, ღვინო და ხილი იმდენი მოსდიოდა, რომ მთელს ტიფლისს ამარაგებდა. სოლოლაკში, პურის მოედანზე დახლები მისი იყო, ჰავლაბარში, ღვინის აღმართზე კი, ყველა სირაჯი ღვინოს მისგან ყიდულობდა.
ანდუყაფარის მამულში, ცხვარ–ძროხას ვერ ნახავდი, რადგან დედამისს – დიდ კნეინა ელისაბედს, საქონლის სუნი აღიზიანებდა. სასახლე, ხორცითა და რძით, ნამჯის საფასურად, ქაიხოსროს მამულიდან მარაგდებოდა, ხოლო თევზს ალაზანში იჭერდნენ. გაზაფხულზე წინასწარ ყიდულობდნენ მოსავალს ვაჭრები. წლიური შემოსავალი 60000 თუმანს შეადგენდა. ოქროს თუმნიანებს დიდ სკივრში ჰქონდა მიჩენილი ადგილი, რომელზეც თვით ანდუყაფრს ეძინა.
***
სიმდიდრეს მოაქვს ქედმაღლობა.
***
ჩყპგ წლის მკათათვის ცხრასა, დიდმა თავადმა, ანდუყაფარმა, კაცი გაუგზავნა თავის ძმას, ქაიხოსროსა
– ბიჯო, გადმო ჩემთანაო!
– რა გინდა, ვეჟოო! – საღამოს მოაკითხა ქაიხოსრომ.
– რო დაგიძახე, რატომ მაშინვე არ გადმოხველო?!
– არ მეცალაო!
– რას მიკეთებდი, შე უსაქმუროო!
– რატომ ვარ უსაქმურიო? – ჰკითხა ქაიხოსრომ.
– მე, ნამჯას რო არ გაძლევდე, საქონელი შიმშილით დაგეხოცება, და საერთოდა ეგ მიწა, ბიძაჩემმა, ლუარსაბმა მე დამიტოვაო!
– რაებსა ბოდავო?!
– 300 დღიური მიწა გადმომეცი და შეხვედრისას, ხელზე მეამბორე ხოლმეო!
– რომ არ მოგცეო?
– ძალით წავიღებო!
– მაგასაც ვნახავო! – კარი გაიჯახუნა ქაიხოსრომ.
***
ქედმაღლობას მოაქვს ომი.
***
– მე, შენ გასწავლი ჭკუასო! – დარაზმა ანდუყაფარმა გლეხები, ერთ ღამეში ღობე გადააწევინა და ძმის მამულის ნახევარი მიიერთა.
– ეგრე არ უნდაო! – ხორბლით და ღვინით დატვირთული ურმები თავის მამულზე არ გაატარებინა ქაიხოსრომ. ვახვახიშვილმაც უარი შემოუთვალა გზის მიცემაზე
– შენმა ძმამ გაგატაროსო!
გაბრაზდა ანდუყაფარი, ხორბალი სალაფავად მოახარშვინა, შიგ თაგვის წამალი გაარევინა და ღობიდან ძმის ეზოში გადააყრევინა. ჭამა საქონელმა სალაფავი, დაიხოცა ერთმანეთის მიყოლებით. არც ქაიხოსრო ჩამორჩა ძმას, ზედ მკის წინ, ცეცხლი წაუკიდა ანდუყაფარის ყანას, ერთ საათში გადაიწვა მწიფე თავთავი, ორი კოდი ხორბალი ძლივს გადაარჩინეს. ბედად, სეტყვა მოვიდა და შემოუსვლელი ყურძენი და ხილი მიწაზე მოფინა.
***
ომს მოაქვს სიღარიბე.
***
ალაზანზედ გააჭიმვინა ანდუყაფარმა ბორანი, იქიდან ეზიდებოდა ოჯახში პურს, ხორცს, რძეს, ხილს და ღვინოს. კარგ ცხოვრებას მიჩვეულმა, ვერ შეამცირა ოჯახის ხარჯები. ცოტა ხანში, სკივრში თუმნიანები შეთხელდა, კიდევ ცოტა ხანში, სულ გამოილია. დაიწყო შიმშილობა. გლეხებმა დაიწყეს ანდუყაფარის მამულის მიტოვება და ვახვახიშვილთან გადასვლა. დაიქცა ოჯახი, გაღარიბდა. მოადგნენ ვაჭრები, ვისაც წინასწარ ჰქონდა ფული გადახდილი, აუფრიალეს ცხვირწინ თამასუქები. სახლ-კარს გაყიდვა დაემუქრა.
***
სიღარიბეს მოაქვს თავმდაბლობა.
***
უკან გადმოსწია ღობე ანდუყაფარმა, კაცი გაუგზავნა ქაიხოსროს
– შენი ნახვა მინდა და მიმიღებო?
– ხელზე თუ მეამბორები, მიგიღებო!
გადავიდა ანდუყაფარი ძმასთან, ეამბორა ხელზე.
– მოდი, დავივიწყოთ წყენა და ძველებურად ვიცხოვროთო!
– კარგიო! – დასთანხმდა ქაიხოსრო.
***
თავმდაბლობას მოაქვს მშვიდობა.
***
დამყარდა მშვიდობა ძმებს შორის. გახსნა გზა ქაიხოსრომ. აღარ უწამლავდა ძმას საქონელს ანდუყაფარი, აღარ უწვავდა ანდუყაფარს ყანას ქაიხოსრო. აღარც სეტყვა მოსულა იმ წელსა.
***
მშვიდობას მოაქვს სიმდიდრე.
***
კარგი მოსავალი მოუვიდა ანდუყაფარს, ყვითლად ბიბინებდა თავთავი, მომკველს ელოდა. შემოდგომაზე, ვაზი, ოქროსფერი მტევნების სიმძმით, წელში იგრიხებოდა, ხეხილს, მოსავლისგან ტოტები მიწამდე ჰქონდა დახრილი. ისევ მოვიდნენ ვაჭრები, რიგში ჩადგნენ. სოლოლაკში, პურის მოედანზე დახლები გაიშალა. ჰავლაბარში, ღვინის აღმართზე სირაჯებმა ცნობილი, ანდუყაფარის ღვინო შემოიტანეს. ისევ გაივსო სკივრი ოქროს თუმნიანებით, ისევ გამდიდრდა ანდუყაფარი, ისევ გაიშალა ლოგინი სკივრზე.
***
სიმდიდრეს მოაქვს ქედმაღლობა...