როგორ ახერხებს რუსლან ვეკუა შვიდ შვილზე ზრუნვას და რატომ თამაშობდნენ ბავშვები გარდაცვლილ დედასთან
აფხაზეთიდან დევნილი ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის ისტორია ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. დედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მარტოხელა მამა – რუსლან ვეკუა შვიდ შვილს მარტო ზრდის. მცხეთაში, სხვის სახლში ცხოვრობენ, რომლის დატოვება როდის მოუწევთ, არ იციან. ამ ტრაგედიაზე ბატონი რუსლანი თავად გვიამბობს:
– აფხაზეთიდან დევნილი ვარ. დიდი და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მე ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში ვიღებდი მონაწილეობას. ირმა ბავშვებზე ზრუნავდა. ოჯახური იდილია ჩემი მეუღლის უეცარმა გარდაცვალებამ დაანგრია, რომელიც მხოლოდ 36 წლის იყო. არც ვიცოდით, თუ რაიმე აწუხებდა, არასდროს არაფერი უთქვამს, წამალიც კი არ დაულევია. თურმე ღვიძლის პრობლემა ჰქონია. შვიდი შვილი გვყავს, რომელთაგან უმცროსი ხუთი თვის დატოვა. არცერთი შვილი ისე არ გაუჩენია, რომ ექიმის კონსულტაციები არ გაევლო. არცერთ ექიმს არ უთქვამს, თუ მას რაიმე პრობლემა ჰქონდა. ერთ დღეს ჩვეულებრივ გაიღვიძა, ბავშვებს მოუარა... მე სამსახურში ვიყავი. ბავშვებს ხშირად ვურეკავდი, უფროსმა ქალიშვილმა, ლიკამ მითხრა, დედიკოს ჯერ არ გაუღვიძია, სძინავსო. გულზე მომხვდა ეს სიტყვები. სასწრაფოდ სახლში დავბრუნდი და გარდაცვლილი დამხვდა... ბავშვები კი იქვე თამაშობდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ დედა აღარ ჰყავდათ. მათ არ იცოდნენ, რომ დედიკო ვეღარ მოეფერებოდა და ვერ ჩაიხუტებდა გულში... ყველაფერი ერთ დღეში დამთავრდა. როგორ გადავრჩი იმ დღეს და გული როგორ არ გამისკდა, არ ვიცი. ორი წელი გავიდა მას მერე, ორი საშინელი და ყველაზე მძიმე წელი... ზოგჯერ, როდესაც ძალიან შემომაწვება მწარე რეალობა და ვხვდები, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ, გავრბივარ და მეუღლის საფლავზე ვცდილობ დაგროვილი ემოციების ამონთხევას. არ მინდა, ბავშვებმა სუსტი და უძლური დამინახონ. ისედაც გასაცოდავებული ცხოვრება აქვთ. ჩემი მოფერებითა და გვერდით დგომით ვცდილობ, ეს ტკივილი გადავატანინო. ლექსებს უწერენ დედას, გულებს უხატავენ და ყველაფერს ინახავენ. ამას წინათ სახატავი ფურცლები და ფანქრები აჩუქეს. რამდენიმე საათი ჩუმად ისხდნენ და შემდეგ ყველამ სათითაოდ მომიტანა ფურცელი. აღმოჩნდა, რომ შვიდივეს თავისთვის, ცალ-ცალკე დედა დაუხატავს...
– ბატონო რუსლან, როგორ ახერხებთ შვიდი შვილის მოვლას?
– შიშით... არავინ ჰყავთ ჩემს მეტი. მეუღლეს კი ვეუბნებოდი, შენ რა გიჭირს, ბავშვების მოვლას რა უნდა-მეთქი – თურმე, ვერ ვაფასებდი. ეს ყოფილა, რაც ყოფილა... მისი გარდაცვალების შემდეგ დედა მეხმარებოდა, ბებია ჰყავდათ დედასავით. ახლა ისიც გარდაიცვალა. იმ დროს, როდესაც ჩემი მეუღლე დაიღუპა, უმცროსი გოგონა ხუთი თვის იყო. ახლაც არ ვიცი, როგორ შევძელი მისი გაზრდა და გამოკვება. უფროსი გოგონა – ლიკა ახლა 13 წლისაა. ფაქტობრივად, ბავშვობა წართმეული აქვს. დიდი ქალივით მიდგას გვერდში. რაც დრო გადის, მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. საჭმელს ამზადებს, უვლის და ზრუნავს და-ძმაზე. არ ყოფილა შემთხვევა სახლიდან გავსულიყავი და რაიმე მოუწესრიგებელი დამხვედროდა. სულ ჩემ გვერდითაა, ერთად დავდივართ სამუშაოდ, სათევზაოდ, ტყეში შეშის მოსატანად. ყველაზე მეტად ლიკა დაიჩაგრა, რადგან უფროსია და სხვებზე მეტი ესმის. ყველაფერს ასწრებს ეს პატარა გოგო და იმის დროც რჩება, უმცროსებს ლექსები ასწავლოს, ამეცადინოს... უმძიმესი ყოფა გვაქვს. ბავშვებს ბავშვობა წავართვი, რაზეც გული ძალიან მტკივა და მიკვირს, საიდან აქვთ ამდენი მოთმინების უნარი და გონიერება... ზოგჯერ, როდესაც პრობლემების გამო, თავს ცუდად ვგრძნობდი, ეს პატარა გოგო იმხელა ძალას და სტიმულს მაძლევდა, თავს დაცემის უფლებას ვეღარ ვაძლევდი. ვფიქრობდი, ეს პატარა უძლებს ყველაფერს და მე როგორ უნდა დავეცე-მეთქი.
– ამდენი ბავშვის მატერიალურად უზრუნველყოფა მარტივი არ არის. თავის გატანას როგორ ახერხებთ?
– ძალიან მიჭირს მარტო, მუდმივი შემოსავლის გარეშე, შვიდი ბავშვის გამოკვება. ამ ორი წლის განმავლობაში ბავშვებისთვის ტკბილეულიც კი არ მიყიდია, სათამაშოებზე რომ არაფერი ვთქვა. კეთილი ადამიანების დახმარებით ვცხოვრობთ. დევნილთა სამინისტრომ გამოგვიყო კასპში საცხოვრებელი ფართი, მაგრამ იქ ვერ წავედით. ბავშვები სკოლაში, ბაღში აქ არიან მიჩვეულები. პატარა ბოსტანი გვაქვს და ბოსტნეული მოგვყავს. ხილიც დავრგეთ, რომ ბავშვებმა პირი გაისველონ. როდესაც შესაძლებლობა მეძლევა, სამუშაოდ გავდივარ – ხან მშენებლობაზე, ხან მტვირთავად. მაგრამ, ახლომახლო მსგავსი სამუშაო იშვიათად ჩნდება. შორს კი ვერსად წავალ, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ. სკოლაში ვერ გავუშვი ბავშვები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ ჰქონდათ. ტკბილეული, სათამაშოები აკლიათ. ძველი სათმაშოც რომ აჩუქონ, ისე უხარიათ, შეიძლება, მთელი დღე საჭმელი არ ჭამონ. წარმოიდგინეთ, რა მძიმე საყურებელია, როცა ყველა ბავშვი სკოლაში მიდის და ჩემები ვერ მიდიან. ახლახან წავიდნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, კეთილი ადამიანების დახმარებით, ეს პრობლემა ახლა მოვაგვარეთ და სკოლაში დადიან.