ვინ შეუცვალა ცხოვრებისადმი, ხვალინდელი დღისადმი დამოკიდებულება გიგა კვენეტაძეს და როგორ ანებივრებს ის მეუღლეს სიურპრიზებით
გიგა კვენეტაძე თითქმის 8 წელია, რაც მოსკოვში ცხოვრობს. დღეს ის ძალიან წარმატებული კომპოზიტორი და პროდიუსერია. მის დაწერილ სიმღერებს ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი ასრულებს. გარდა ამისა, გიგას მშვენიერი მეუღლე და უსაყვარლესი შვილი ჰყავს, რომლებზეც ის განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით ზრუნავს.
გიგა კვენეტაძე: 30 სექტემბერს მაქვს საავტორო კონცერტი (ინტერვიუ ჩაწერილია 26 სექტემბერს – ავტორი), რომელსაც უკვე რეგულარული ხასიათი აქვს. ზაფხულშიც მქონდა და მონაწილეობდნენ ნოდარ რევია, აჩი ფურცელაძე, გელა გურალია, დავით კალანდაძე, ანუ ჩემი მეგობრები და ასევე, რუსი მომღერლები. ჩემს დაწერილ სიმღერებს ცნობილი მომღერლები იმღერებენ. პირველი კონცერტი იყო კლუბ-რესტორანში „სიბერია“ და ახლა იქნება რესტორან „სატრაპეზოში“, სადაც თავის დროზე ისეთ მომღერლებს უმღერიათ, როგორიცაა რიკი მარტინი და სხვები – ძალიან ბევრი უცხოელი, საინტერესო მომღერალი. რუსებზე აღარაფერს ვამბობ. დაახლოებით მარტის ბოლოს ვგეგმავ, დიდ საკონცერტო დარბაზში ჩავატარო კონცერტი. იმღერებს „ა-სტუდიო“, ნიკალაი ბასკოვი, დიანა ღურწკაია და ბევრი სხვა ცნობილი მომღერალი.
– მახსოვს, ფილიპ კირკოროვისთვის წერდი სიმღერას.
– კი, ფილიპ კირკოროვს აქვს ჩემი სიმღერა, უბრალოდ, ჯერ არ ჩაუწერია. იმედია, მოასწრებს კონცერტისთვის. ბოლო დროს გელა გურალიას გავუკეთე სიმღერა. ის ძალიან პოპულარული გახდა და თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. საინტერესო ხმა აქვს და ჩვენი ტანდემი ძალიან კარგი გამოვიდა. იმედი მაქვს, ეს სიმღერა გაჰიტდება და გელა მასზე კლიპსაც გადაღებს. ასევე, ძალიან პოპულარული გახდა და გაჰიტდა ჩემი და ნოდარ რევიას ერთობლივი ნამუშევარი, რომელსაც ჰქვია „ლალა“ – მთელი რუსეთი მღერის და არ მხოლოდ რუსეთი. ბევრ პერსპექტიულ დამწყებ მომღერალთან ვთანამშრომლობ. მაქვს საინტერესო პროექტი წარმოშობით ბელარუს მომღერალ გოგონასთან, ანასტასია ზუდოვასთან ერთად. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ალბათ, წლის ბოლოს საქართველოშიც ჩამოვალთ, დუეტს ჩავწერთ. მე ვმუშაობ, როგორც კომპოზიტორი და ასევე, პროდიუსერი – ჩემთვის საინტერესოა, როცა ახალ მომღერალს ვძერწავ. ანასტასია ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, კარგი პროექტი გამოგვივა.
– საქართველოში ხომ არ აპირებ საავტორო კონცერტის გაკეთებას?
– ძალიან მინდა, მაქვს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ საქართველოში ორგანიზატორები ძალიან პასიურები არიან. ალბათ, კლუბებს არ აქვთ ისეთი ფინანსური საშუალება, რაც ლამაზი კონცერტის მოსაწყობადაა საჭირო. მაგრამ, ვმუშობ ამასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება.
– 2008 წლიდან მოსკოვში ცხოვრობ. გიფიქრია იმაზე, საქართველოში რომ დარჩენილიყავი, ახლა სად იქნებოდი და რას გააკეთებდი?
– მომღერლები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ დარჩნენ საქართველოში, ახლა სად არიან? ერთი წამითაც არ ვნანობ იმას, რომ აქეთ წამოვედი. ეს იყო ჩემი კარიერისა და მოღვაწეობის გაგრძელება. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფრის ერთ ადგილზე ტკეპნა მომიწევდა. იშვიათად, რომ საქართველოში მომღერალმა ტურნე გააკეთოს სხვადასხვა ქალაქში. წლიდან წლამდე უნდა ელოდოს არჩევნებს. ხალხს ხომ უნდა ცხოვრება, თავისი შემოქმედების წინ წაწევა, ჩაცმულობა, ფონოგრამები, სიმღერების ჩაწერა, ბევრი რამ...
– 8 წლის წინ, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩახვედი, ბევრი სირთულე იქნებოდა.
– ადამიანი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული იყო, ქუჩაში, ყველგან გრძნობდა ადამიანების სიყვარულს, პატივისცემას, ჩამოვიდა მოსკოვში და აქ არავინ ცნობს. ამის გარეშე ძალიან მიჭირდა, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედი მქონდა. ვიღაცეებს ვთავაზობდი სიმღერებს, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ მიმიჩნევდნენ, სიმღერასაც კი არ უსმენდნენ, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა გავუგზავნე. ის ადამიანები, რომლებიც მაშინ პასუხსაც არ მცემდნენ, ახლა თავად მირეკავენ და მიკვეთავენ სიმღერებს. ასე რომ, ყველაფერი იცვლება, მთავარია, ბევრი იმუშაო საკუთარ თავზე. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო ის, რაც შეგიძლია. არ უნდა დაგწყდეს გული იმაზე, რომ ვიღაცამ არ მოგისმინა, არ შეგაფასა. ალბათ, იმ დროს არ იყავი იმ ეტაპზე, რომ ვინმეს შეეფასებინე, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოგისმენენ, მთავარია, არ გაჩერდე, იშრომო.
– ამ კუთხით პირველი წარმატება, ალბათ, დღემდე გახსოვს.
– კარგად მახსოვს – „ა-სტუდიოს“ უკავშირდებოდა. ქეთას გავუგზავნე ჩემი სიმღერა, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა „ვოისში“ მღერიან. ქეთამ მითხრა, ბაიგალის გადავუგზავნი და თუ მოეწონა, აუცილებლად გამცემს პასუხსო. ქეთას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. სიმღერის გადაგზავნიდან 2 საათში გაისმა ზარი: გამარჯობა, მე ვარ ბაიგალი სერკებაევი. ძალიან მოგვეწონა თქვენი სიმღერა და არავის მისცეთო. ისეთი საოცარი შეგრძნება მქონდა, მეგონა, ფეხები მომეკვეთა, ხმაც ვერ ამოვიღე, მხოლოდ ის ვუთხარი: კი, ბატონო, რა პრობლემაა-მეთქი და „ირგვლივ ყველაფერი აფეთქდა”. ამ სიმღერიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. მერე იყო დიანა ღურწკაია, ჟასმინი და სხვა ცნობილი სახეები. ბოლოს, უკვე ნიკალაი ბასკოვთან ერთად ჩავწერე სიმღერა, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და „წლის სიმღერის“ პრეტენდენტია. 2015 წელსაც ჩემი სიმღერა გახდა „წლის სიმღერა“, მაგრამ არავის, საქართველოდან არცერთ ჟურნალისტს არ დაურეკავს. არავის არაფერი უკითხავს და არც მოულოცავს. არა უშავს, ალბათ, უფრო ტიტულოვანი კომპოზიტორები ჰყავთ საქართველოში.
– ასეთ რამეზე თუ გწყდება გული ან იმაზე, როცა რუსეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს აკრიტიკებენ ჩვენს ქვეყანაში?
– არ მწყდება გული, მაგრამ ვინც რუსეთში მოღვაწე შემოქმედებით ხალხს ასეთ კონტექსტში განიხილავს, ვფიქრობ: მინიმუმ, გაუნათლებლებელია.
– ელოდებოდი, 2015 წელს შენი სიმღერა „წლის სიმღერა“ თუ გახდებოდა?
– ეს არის „ა-სტუდიოს“ სიმღერა. მახსოვს, რომელიღაც ქალაქში უნდა ჩავსულიყავი, მანქანაში ვიჯექი, აეროპორტისკენ მივდიოდი, როდესაც დამირეკეს ორგანიზატორებმა და მითხრეს: თქვენ, როგორც ამ სიმღერის ავტორი, წარდგენილი ხართ „წლის სიმღერის“ ნომინაციაზეო. ძალიან გამიხარდა, ეს ის პერიოდი იყო, როცა დათესილი უნდა მომემკა, მკის პროცესი კი ძალიან მახარებს. გაზაფხულზეა ხოლმე „წლის სიმღერის“ გამოვლენა, ასევე, „ოქროს გრამაფონი“ და ვნახოთ, რა იქნება. მე წარმატების იმედი მაქვს. გარდა ამისა, „ა-სტუდიო“ ჩემს კიდევ ერთ სიმღერას წერს, რომელიც ვიმედოვნებ, ძალიან პოპულარული გახდება.
– დიმა ბილანმაც ამღერა „ვოისში“ შენი სიმღერა თავის კონკურსანტს.
– კი, მართალი ხართ. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა ჩემთვის. ვფიქრობ, მედიის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა იყოს, სადაც უნდა მოღვაწეობდეს შემოქმედი, რუსეთში, ევროპასა თუ ამერიკაში. გული არ მწყდება, უბრალოდ, როცა რაღაცას აკეთებ, შენი ხალხისგან ყურადღება მაინც სულ სხვაა.
– რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების მომღერლებთანაც თუ თანამშრომლობ?
– კი, როგორ არა. შვედეთში მაქვს ურთიერთობა და ძალიან საინტერსო მომღერლები არიან. ასევე, ინგლისში ვაკეთებ სიმღერებს, არანჟირებებს, ამერიკაშიც ვაგზავნით. ასე რომ, სხვადასხვა ქვეყანაში შემოქმედებით ხალხთან ვთანამშრომლობ.
– ქეთას გარდა, კიდევ ვინ დაგიდგა გვერდში და შენს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა?
– ძალიან ბევრნი არ არიან და მათ შორის ისეთებიც, ვინც ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. ამ ეტაპზეც არის ადამიანი, რომელიც, როგორც მეცენატი, გვერდში მიდგას და მე მას ძალიან ვაფასებ.
– თბილისში ჭორაობენ: ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე ეხმარება და გვერდში უდგასო.
– გიორგის საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ.
– შენს პირად ცხოვრებაზეც მინდა, ვისაუბროთ. გყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და ასევე, უსაყვარლესი შვილი.
– ჩემს ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი შეიცვალა – თავად ხედვა ცხოვრებისადმი. ხვალინდელი დღისადმი დამოკიდებულებაც კი შემეცვალა და ეს ყველაფერი გამოიწვია პატარა არსებამ, რომელსაც ნიკოლოზი ჰქვია. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთვის, რომ ნიკუშას ლაღი ცხოვრება ჰქონდეს. ისეთი მამის შვილი იყოს, რომლის სახელი და გვარი ცხოვრებაში დაეხმარება და ხელს არ შეუშლის. დიდ მადლობას ვუხდი მეუღლეს, რომელიც ძალიან მიყვარს, მუდმივად გვერდში მიდგას და მინდა, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ლამაზი ოჯახი მაჩუქა.
– ზაფხულში ჯვრის დაწერას აპირებდით.
– ზაფხულში ორი კვირით ვიყივით ჩამოსულები, მაგრამ უცებ მოგვიწია მოსკოვში დაბრუნება. დღეს ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ, ჯვრისწერა გადაგვედო, თუმცა ის აუცილებლად იქნება საქართველოში და კონკრეტული ეკლესიაც მაქვს ამორჩეული.
– როგორი მამა და მეუღლე ხარ?
– ყველა მამას ჰგონია, ალბათ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამაა. არ ვიცი, სახლში რომ მივდივარ, ნიკოლოზი მეხუტება და ესე იგი, ვუყვარვარ. გარკვეულ ასაკამდე, რაღაცას რომ აკეთებ, გგონია, ყველაფერი თავისთავად მიდის მდინარის კალაპოტში. მერე დგება პერიოდი, როცა ხვდები, რომ ყველაფერი ვიღაცისთვის უნდა გააკეთო – შენი შვილისთვის, მეუღლისთვის – ჩემს ცხოვრებაში ახლა ეს ეტაპია: ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ ყველაფერს. ვფიქრობ, ყველა ოჯახის მამაკაცი ასე უნდა იქცეოდეს: თავის ცხოვრებას, აზრს, გონებას უნდა უძღვნიდეს მეუღლეს და თავის შვილს.
– ფოტოებიდანაც ვხვდები, რომ გიყვარს მეუღლისთვის სიურპრიზების კეთება.
– კარგია, როცა სხვას სიურპრიზებს უწყობ. ზოგჯერ არ იცის, რომ რაღაცის ყიდვას ვაპირებ და ვყიდულობ. თვითონაც ასეთია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი. ჩვენ მუდმივად ვუცვლით ერთმანეთს სითბოს, რომ ამ ცივ მოსკოვში არ გავიყინოთ.
– საქართველოში ხშირად საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე. თქვენთან როგორ დგას ეს საკითხი და ზოგადად, რას ფიქრობ, რა არის ოჯახში მთავარი ბედნიერებისთვის?
– ქალი სუსტი და იმავდროულად, ძლიერი არსებაა. ადრეც და ახლაც ვფიქრობ, რომ ქალმა ქალის საქმე უნდა აკეთოს და ეს არის არა მხოლოდ ოჯახის საქმეები და უთოს ხელში დაკავება, არამედ შვილების აღზრდა, სამსახური და ამაში არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. კაცმა კი კაცის საქმე უნდა აკეთოს. ქალმა რომ სახლში ონკანის შეკეთება არ უნდა დაიწყოს, ამაზე არ არის საუბარი. მანდ რას ეძახით გენდურ თანასოწრობას, ვერ გავიგე. ის, რომ ქალი უნდა გახდეს პრეზიდენტი ან რომელიმე ორგანიზაციის დირექტორი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს და ამის წინააღმდეგი როგორ შეიძლება, იყოს ვინმე?!
– შენი სტუდია თუ გააკეთე?
– მალე ახალი სტუდიის პრეზენტაცია მექნება. ამაზე უკვე სერიოზულად ვმუშაობ. ეს იქნება ახალი სტუდია, ბოლო დონის აპარატურით, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, მე ვიცი ხალხი, ვინც სახლის პირობებში აკეთებს ჰიტებს. მთავარია, ამ სტუდიაში რა სიმღერებს გავაკეთებთ.