რა ცნობებს ინახავს პრუსიის საიდუმლო არქივი ერეკლე მეფის შესახებ
პროექტი „ქართველთა კულტურული ნაკვალევი გერმანიაში“, რომელიც ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, წარმატებით განაგრძობს მუშაობას. პროექტის ხელმძღვანელია ქალბატონი ნინო დობორჯგინიძე, კოორდინატორი კი – ოლივერ რაისნერი. პროექტის ფარგლებში ბერლინის სახელმწიფო მუზეუმსა და გეტინგენის ბიბლიოთეკაში ქართული ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი, დღემდე უცნობი ხელნაწერები აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ისტორიული კულტურისთვის.
ნინო დობორჯგინიძე (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი): 2018 წელს პირველ ქართულ რესპუბლიკას 100 წელი უსრულდება და ვცდილობთ, მდიდარი, აქამდე უცნობი ისტორიული მასალის კვლევით გავაცოცხლოთ საბჭოთა იდეოლოგიის მიერ წაშლილი საისტორიო მეხსიერება. ამასთანავე, შევისწავლოთ გერმანიაში დაცული, დღემდე უცნობი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ერთ-ერთი სიახლეა ბერლინის სახელმწიფო მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში, ასევე, გეტინგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი ხელნაწერები. დროის თვალსაზრისით, ხელნაწერები სხვადასხვა ეპოქის კუთვნილებაა, თუმცა ჩვენი ისტორიისთვის ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. 1963 წელს გერმანელმა მეცნიერმა იულიუს ასფალგმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართული ხელნაწერები“. ნაშრომის შესავალში ავტორი აღნიშნავდა, რომ მან ქართველ კოლეგებთან, ილია აბულაძესა და აკაკი შანიძესთან თანამშრომლობით, აღწერა გერმანიაში დაცული ქარ თული ხელნაწერები, მათ შორისაა, ბერლინის მუზეუმის 8 ხელნაწერი. 2016 წელს, გერმანელი მეცნიერის მიერ ნაშრომის გამოქვეყნებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, ახალი ხელნაწერები აღმოჩნდა, რომელთა პალეოგრაფიული აღწერა და შესწავლა მიმდინარეობს. ხელახლა უნდა აღიწეროს ძველი ხელნაწერებიც.
– ქართული ისტორიისთვის დღემდე უცნობი ხელნაწერების აღმოჩენაზეა საუბარი. რა ისტორია აქვთ მათ და რომელ ეპოქას განეკუთვნებიან?
– გეტინგენის ბიბლიოთეკაში სამი ახალი ხელნაწერი აღმოჩნდა. ამ ბიბლიოთეკას მდიდარი ქართული კოლექცია აქვს, მათ შორის სირიულ-ქართული პალიმფსესტები; ქვედა ფენა არის სირიული, ხოლო განახლებული, ზედა ფენა – ქართული. ეს ხელნაწერები, თავის დროზე, იულიუს ასფალნგმა აღწერა, შემდეგ ქალბატონმა მზექალა შანიძემ შეისწავლა და საინტერესოდ აღადგინა მათი ისტორია. ერთ-ერთია ალექსანდრე კვიპრელის ქრონიკა, რომელიც სინას მთაზეა გადაწერილი. სავარაუდოდ, ეფრემ მცირის ავტოგრაფული ხელნაწერია, რომლის ცალკეული გვერდები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში ინახება. სამი ახალი ხელნაწერია ერეკლე მეფისა და მისი ექიმის, დოქტორ რაინექსის ძალიან საინტერესო მიმოწერა. მეფე ერეკლეს შესახებ უმნიშვნელოვანეს ცნობებს ინახავს პრუსიის საიდუმლო არქივი, ასევე 1798 წელს გერმანიაში გამოცემული წიგნი „Kurze Geschichte des Prinzen Heraklis”. ირკვევა, რომ ერეკლე მეფე და სხვა ქართველი ოფიცრები სწავლობდნენ სამხედრო საქმეს გერმანიაში, რათა შეექმნათ „ევროპიის წესზე გაწყობილი ჯარი“ მაგრამ რუსეთის იმპერიამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 1782 წელს ერეკლეს მიერ ავსტრიის იმპერატორთან გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი ამ სიტყვებით მთავრდება: „დაგვეხმარეთ, ერთი პოლკი მაინც შევქმნათ ევროპულ ყაიდაზე, რომ ერთხელ ამ ქვეყანამაც ევროპიის დიდებულ ხელმწიფეებს აქედან ემსახუროს თავისი შეძლებით“. ავსტრიელმა კოლეგებმა დაგვრთეს ნება, გამოვაქვეყნოთ ეს წერილები საავტორო უფლებების დაცვით. სამწუხაროდ, ერეკლე მეფის ისტორიას არასწორად კითხულობენ. თითქოს ერეკლე იყო პრორუსული ორიენტაციის მეფე. ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული დღემდე ნაკლებად ცნობილი წყაროები კი სხვაგვარ სურათს აჩვენებს. გეორგიევსკის ტრაქტატის წინა პერიოდში, 1781-1783 წლებში, განსაკუთრებით გაძლიერდა ევროპული პერსპექტივის დამაბრკოლებელი ფაქტორები. მოპოვებული წყაროები გვაწვდის არაერთ ახალ ცნობას იმის თაობაზე, როგორ უშლიდნენ ხელს რუსები ევროპისკენ საქართველოს ნებისმიერ მისწრაფებას. ისინი ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ევროპაში გაგზავნილ ერეკლეს ელჩებს და ჯაშუშების მეშვეობით, ცდილობდნენ მეფის წერილების ხელში ჩაგდებას. მოკლეს მეფის მიერ გაგზავნილი ელჩები. ერეკლე მეფე იმდენად ჩქარობდა ავსტრიის კეისრისთვის დახმარების თხოვნას, წერილების თარგმნასაც არ დაელოდა. მხოლოდ ქართული ორიგინალები გაგზავნა ევროპაში იმ იმედით, რომ იმპერატორის კარზე მოხერხდებოდა წერილების თარგმნა. არც ამჯერად გაუმართლა ერეკლეს. საქართველოს საზღვრებს კი გასცდა მისი ელჩი, მაგრამ ევროპელი ხელმწიფეების კარამდე ვერ ჩააღწია, გზაში მოულოდნელად გარდაიცვალა. საბოლოოდ, წერილები ჩავიდა ვენაში. მაგრამ, ევროპელთათვის გაუგებარ ენაზე, ქართულად იყო დაწერილი და 1783 წლის 19 ივნისს პადრე ჯუზეპემ ისინი ვენიდან იტალიაში გააგზავნა სათარგმნელად. როცა წერილები ითარგმნა, უკვე ყველაფერი გვიან იყო.
– ქალბატონო ნინო, თუ არის ცნობილი ბერლინის მუზეუმსა და გეტინგენის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების შესყიდვის ისტორია?
– როდესაც სინას მთაზე ეკატერინეს მონასტერი გაიქურდა, იქიდან ძალიან ბევრი ხელნაწერი დაიკარგა. გეტინგენის ბიბლიოთეკაში არსებული ხელნაწერებისთვის არის სპეციალური დოსიე, რომელშიც გამყიდველი ითხოვს ანონიმურობას გარკვეულ პერიოდამდე. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ კი ამ ადამიანების კვალი იკარგება. მინიატურული სახარება ამსტერდამში კერძო კოლექციონერისგანაა შეძენილი ბერლინის ბიბლიოთეკის მიერ. ეს სახარება არ არის ლიტურგიაში გამოსაყენებლად გადაწერილი ხელნაწერი, ის საგულდაგულოდ გაფორმებული, მცირე ზომის ხელნაწერია. ბერლინის ბიბლიოთეკაში ამჟამად 11 ქართული ხელნაწერი ინახება, რომელთაგან 3 არ ფიქსირდება გერმანელი მეცნიერის გამოკვლევაში. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მუშაობისას ბატონმა გიორგი ქავთარაძემ აღმოაჩინა დღემდე შეუსწავლელი, არა კატალოგიზებული სამი ქართული ხელნაწერი. დანარჩენი, რვა ხელნაწერის შენახვის ადგილად იულიუს ასფალგის აღწერილობაში მარბურგისა და ტიუბინგენის ბიბლიოთეკებია მითითებული. იმ დროს ეს ხელნაწერები მართლაც გატანილი იყო ბერლინის ბიბლიოთეკიდან და მხოლოდ 2006 წელს დაბრუნდა.
– ბერლინის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი უცნობი ხელნაწერები, გარდა მინიატურული სახარებისა, რა დანიშნულებისაა – ყველა რელიგიურია და რა ისტორია აქვთ მათ?
გიორგი ქავთარაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): მცირე ზომის მინიატურული სახარება დაახლობით მეჩვიდმეტე- მეთვრამეტე საუკუნეების ქართული ხელნაწერია, ნუსხა-ხუცურით შესრულებული. ამ ხელნაწერის შესახებ ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ქალბატონმა ნიკოლე ფიურთინგმა, თავდაპირველად, მითხრა, რომ 2012 წელს ამსტერდამში კერძო ბიბლიოთეკარისგან შეიძინა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, შემატყობინა, რომ ბიბლიოთეკამ 1988 წელს შეიძინა ჰამბურგელი ანტიკვარიატის მფლობელი დიორლინგისგან. პირველადი დათვალიერებით, ეს ხელნაწერი შეიცავს ოთხთავს და იწყება მათეს სახარებით. შუაში ჩართულია ლუკა მახარებლის ფერადი გამოსახულება. არის მომცრო ზომის წიგნაკი. ქაღალდზე დაწერილი ნუსხა-ხუცურით. გამოყენებულია შავი და წითელი მელანი. გარეკანი არის მოვერცხლილი და მოჭედილი ოთხი მახარებლის გამოსახულებით. მეორეა – დავითის ფსალმუნი. ამ ხელნაწერზე ჟურნალში არის ინფორმაცია, რომ შეძენეილია 1973 წლის 11 ოქტომბერს ვინმე ლაიდენელი ე. ბრილისაგან. ტექსტი დაწერილია მხედრულით. სათაურები კი – ზოგან ნუსხა-ხუცურით. შეიცავს 81 გვერდს. ხელნაწერის გადაწერის თარიღად ჟურნალში დაფიქსირებულია 1795 წელი, რაც სატიტულო გვერდზე ფანქრით შესრულებული თარიღით უნდა იყოს განსაზღვრული. თუმცა, არ მგონია, ეს იყოს ამ ხელნაწერის გადაწერის თარიღი. მხოლოდ მინაწერია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მფლობელისგან. ერთ-ერთი მფლობელის სახელი მიწერილია გარე ყდაზე: „ეს წიგნი ვარუნ მიქელასი არის“. გაურკვეველია, რა პერიოდში ეკუთვნოდა ეს ხელნაწერი ვარუნ მიქელას. კოდილოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და საყურადღებოა ამ ხელნაწერის ისტორია. ქალბატონ ნიკოლე ფურთინგს რომ ვკითხე ამ ხელნაწერის შესახებ, არაფერი იცოდა. დამპირდა, რომ მოიძიებდა ძველ სარეგისტრაციო ჟურნალს, სადაც გატარებული იყო. როცა მოიძია, ჟურნალში „HS. or. 7931” შიფრის გასწვრივ იყო ნაბეჭდი აღწერა: „altslavisch” (ძველი სლავური), რომელიც გადახაზული იყო ფანქრით და ზემოდან „georgisch” (ქართული) ახალი წარწერა ჰქონდა გაკეთებული. მესამე ხელნაწერის შესახებ რობერტ გიილისგან მივიღე შეტყობინება, რომ „შეძენილია 1846 წელს 1 რუბლად სწავლული „კოხისგან”. ჟურნალში გატარებულია როგორც – „Narrations Georgicae chart“. ვინ იყო ეს სწავლული კოხი? ამის იდენტიფიცირება ადვილია, რადგან ცნობილია, რომ მე-19 საუკუნეში საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურმა გერმანელმა მეცნიერმა, ბოტანიკოსმა კარლ ჰაინრიხ კოხმა. ერთ-ერთი მისი მოგზაურობა 1843-1844 წლებში შედგა და 1844 წელს ის უკან, იენაში დაბრუნდა. როგორც ჩანს, საქართველოდან წაიღო ეს პატარა წიგნაკი და მიჰყიდა ბერლინის ბიბლიოთეკას. ხელნაწერში მოთხრობილია ზღაპარი, რაც თავისი შინაასით ღირსი მელანიას ისტორიას წააგავს. თუმცა, საქმე გვაქვს ქართულ ვერსიასთან. სამწუხაროდ, ხელნაწერი არ არის დათარიღებული. თუმცა, კალიგრაფიითა და ასოთა მოხაზულობით, შეიძლება ითქვას, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარს და მე-19 საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტექსტის ბოლოს არის მინაწერი ავტორის ვინაობის შესახებ. „ქალის და ვაჟის ბაასი ძალითა მღვდლისათა აღწერა მელანია გედევანოის ასულმან სრულებით“. ამრიგად, ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი ხდება კიდევ ერთი გადამწერი ქალი – მელანია გედევანოის ასული.