კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურჩია ბერლინში ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს სასწრაფოდ თბილისში დაბრუნება

შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერი, აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე… 38 წელი იმღერა. ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქების წამყვან თეატრებში შესრულებული აქვს ათეულობით მთავარი პარტია, მისი პარტნიორები იყვნენ ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ბათუ კრავეიშვილი, დავით გამრეკელი, ვლადისლავ პიავკო, ელენა ობრაზცოვა, ირინა არხიპოვა, ირინა ბოგაჩევა, პეტრე ამირანაშვილი, რევაზ კაკაბაძე, ვლადიმირ ატლანტოვი, იური მაზუროკი, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, მუსლიმ მაგომაევი… ის მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში ბირგიტ ნილსონთან და მონსერატ კაბალიესთან ერთად შევიდა.  მოკლედ, დღეს უმშვენიერესი ქალბატონის, ცისანა ტატიშვილის ცხოვრების დღიურები მინდა, შემოგთავაზოთ, რომელშიც ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი შემოქმედებითი მომენტები – მისი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები, რითაც დაიწყო და გაგრძელდა მისი კარიერული წინსვლა.  
„ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. დედა, ქეთევან ზანდუკელი, მარტო გვზრდიდა მე და ჩემს ძმას (ავტორი – ე. ირემაშვილი). მისი მოგონებებითა და მონაყოლით ვიცნობდით მამას, ბეჟან ტატიშვილს, რომელსაც თავის დროზე, პარიზში, სილამაზის კონკურსში გაუმარჯვია. შემდეგ კი ირკუტსკში მიუღია სამხედრო განათლება და სამშობლოში დაბრუნებულა. ერთ ხანს სამხედრო კომისარი იყო, შემდეგ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრას ხელმძღვანელობდა. ერთ ავბედით საღამოს მეუღლისა და ახალდაბადებული ქალიშვილის მონახულების შემდეგ, სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულა. ამის მერე კი მამა აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაიგო დედამ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. დედა მეორედ აღარ გათხოვილა. იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა, მუშაობა დაეწყო და შვილების აღზრდაზე ეზრუნა… ჩემს ძმას ძალიან უნდოდა, მემღერა. ამ მხრივ სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დედამ ხმის გასასინჯად სანდრო ინაშვილთან მიმიყვანა, რომელმაც მომისმინა და აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში: „შენი ლამაზი, ობერტონებით მდიდარი, ძლიერი ხმა მოგცემს საშუალებას, დადგე ნამდვილი ვარსკვლავი და ჩვენი სამშობლო ასახელო”. თავის ასისტენტს, გულნარა ქართველიშვილს უხმო და დაავალა, ჩემთან დაეწყო მეცადინეობა. თავად მძიმედ იყო ავად და ლოგინს მიჯაჭვული, ამიტომ ჩემთან მუშაობას ვერ შეძლებდა.
…საოცრად მორცხვი ბავშვი ვიყავი, ამიტომ ქართული ცეკვების შესასწავლად და სცენასთან შესაგუებლად, დედამ ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში შემიყვანა. იქ ერთი წელი ვიცეკვე სოლო პარტიები, სხვათა შორის, ჩემი მეწყვილე გამოჩენილი მოცეკვავე, ომარ მხეიძე იყო. წარმატებით გამოვდიოდით სხვადასხვა კონცერტზე, ამიტომ, როცა ჯანოსთან მივედი და ვუთხარი, ანსამბლიდან წასვლის შესახებ, ცოტა განაწყენდა და მითხრა: შენც ახლა ნადეჟდა ხარაძეს არ აჯობოო. მე კი მივუგე: ჯანო, შენ აუცილებლად მოხვალ ჩემს სპექტაკლებზე და ლოჟიდან დამიკრავ ტაშს-მეთქი. დავტოვე ანსამბლი და თავი მთლიანად სიმღერას მივუძღვენი… თეატრში რომ მივედი, დამხვდა მოქმედი სოპრანოების რამდენიმე თაობა და ის ვითარება, რომელშიც ბრძოლა პირველობისთვის წესებს არ ითვალისწინებს. თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ ვყოფილვარ, ინიციატორი კი – არასდროს. ჯანსუღ კახიძეს გაუგია თურმე, თეატრიდან ჩემს გაშვებას რომ აპირებდნენ, როგორც პროფესიულად უვარგისი კადრისას. მან, პეტრე თომაძემ და შოთა კიკნაძემ თენგიზ მუშკუდიანს მიმართეს დასახმარებლად. თენგიზი უკვე პოპულარული და აღიარებული მომღერალი იყო. მისმა სიტყვამ გადაწყვიტა ჩემი ბედი. მივიდა დირექტორთან და უთხრა, ბრძანებისთვის ხელი არ მოეწერა. ამასობაში, დეპოში გაიმართა კონცერტი და ვიმღერე არდიტის ვალსი. ვხედავდი დირექტორის კმაყოფილ სახეს, როგორი სიამოვნებით მისმენდა. მოგვიანებით აღუნიშნავს თენგიზთან საუბარში, კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვიო… სომხეთის გასაბჭოების 50-ე წელს ვასილ მჟავანაძემ ერევანში წაგვიყვანა მე და აკადემიკოსი მელიქიშვილი იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. 15-ვე რესპუბლიკის პირველი მდივნები და ჩვენ, დელეგაციის წევრები, მოგვამზადეს ბრეჟნევის დასახვედრად. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვიდა, მას სომხეთის პირველი მდივანი შეეგება. ერთმანეთს მიესალმნენ და ბრეჟნევი სტუმრების მწკრივისკენ წამოვიდა. ქართველები პირველები ვიდექით. ჯერ მჟავანაძეს ჩამოართვა ხელი, გადაეხვია და შემდეგ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი. ხელი ხელზე მომკიდა და თქვა: „ბაჟესტვენაია გრუზინკა, მიხარია, რომ პირადად გაგიცანით ერევანში”. შემდეგ ოპერის თეატრში წაგვიყვანეს, სადაც გალა-კონცერტი გაიმართა საბჭოთა კავშირის საუკეთესო შემსრულებელთა მონაწილეობით. გვიან საღამოს კი, ვახშამზე მიგვიყვანეს. ვეებერთელა დარბაზში საკონცერტო როიალი იდგა და უკრავდა კამერული ორკესტრი. სტუმართა შორის იყო მუსლიმ მაგომაევი. ის როიალს მიუჯდა და სადღესასწაულო განწყობა ერთიორად გაზარდა. ამასობაში, სომხეთის კულტურის მინისტრი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მთხოვა, მემღერა. მუსლიმმა მითხრა: ცისანა, მზად ვარ დაგიკრა, თუ თანახმა ხარ, იმღეროო. ვიმღერე ტოსკას არია…
მიუნხენში გასტროლების დროს, სპექტაკლის შემდეგ, ჩემთან შემოვიდნენ ბაზელის, კიოლნის, ბერლინისა და ბონის თეატრების დირექტორები და მთხოვეს, მათთან მემღერა „ტრუბადური”. „გოსკონცერტთან” შეუთანხმებლად ვერ დავთანხმდებოდი, ხოლო, როცა მოსკოვში დავრეკე, ასეთი პასუხი მივიღე: დაბრუნდით, თორემ ვეღარასდროს ეღირსებით ვერცერთ გასტროლსო. ბევრი მაცდური შემოთავაზების მიუხედავად, ვერც სამშობლო დავტოვე და არც ოჯახი გავიმეტე სამუდამო წვალებისთვის. დავრჩი ჩემი თბილისის ერთგული. მახსოვს, პარიზის „გრანდ ოპერის” მენეჯერმა მომისმინა ბერლინში. სპექტაკლის შემდეგ ჩემთან მოიყვანეს და ასეთი რამ მითხრა: მე შემიძლია, გაქციოთ მსოფლიო ვარსკვლავად. დამთანხმდით, გამომყევით პარიზში, იქ არაჩვეულებრივ პირობებს შეგიქმნით. დილის 6 საათზე სასტუმროს ეზოში დაგელოდებათ მანქანა, რომელიც აეროპორტში მოგიყვანთ. იქ მე დაგხვდებით და ერთად წავალთო. რასაკვირველია, დავფიქრდი ამ შთამბეჭდავ წინადადებაზე, მაგრამ ისევ ოჯახი დამიდგა თვალწინ. გამახსენდა, რომ დააპატიმრეს და დახვრიტეს „დიდი თეატრიდან” წასული სოლისტების ოჯახის წევრები და კატეგორიული უარი ვუთხარი საკუთარ თავს მსოფლიო დიდებაზე. ბოლოს 90-იან წლებში ვიყავი ლონდონში და ავსტრიაში ინდივიდუალური გასტროლებით. ლონდონში ჩემმა აგენტმა „კოვენტ-გარდენის” დირექტორთანაც მომიწყო მოსმენა. დამინიშნეს თერთმეტი სპექტაკლი „ტოსკა”, მაგრამ, თბილისის სამოქალაქო ომის გამო, მომავალ სეზონში ვეღარ შევძელი გამგზავრება. ბევრი იყო მსგავსი ხელის შემშლელი მომენტი… რაც შეეხება „დიდ თეატრს”, 5-ჯერ იდგა საკითხი მოსკოვში ჩემი გადასვლის შესახებ. მაგრამ, ჩემი იქ ყოფნა ბევრს არ აწყობდა და ყველა საშუალებით მიშლიდნენ ხელს. ბოლოს თვითონვე ვთქვი უარი, მგლების ხროვაში გამიჭირდებოდა თავის დაცვა. რეჟისორმა ფელეზენშტეინმა ბერლინის ოპერაში სპექტაკლისთვის მზადება რომ დაიწყო, მთავარ პარტიებზე „აიდაში” მე და ნოდარ ანდღულაძე მიგვიწვია. პრემიერის დღე რომ მოახლოვდა, გადაღლილობისგან შეუძლოდ გავხდი. სასწრაფოდ წამიყვანეს კლინიკაში, საუკეთესო ექიმმა გამსინჯა. მერე გავიგე, რომ ის ჰიტლერის პირადი ექიმი ყოფილა თავის დროზე. გამსინჯა და მირჩია, დავბრუნებულიყავი თბილისში, რათა დამესვენა. სხვა შემთხვევაში, უკეთ ყოფნის იმედს ვერ მაძლევდა. რამდენიმე დღე იყო პრემიერამდე დარჩენილი და ვერაფრით დავტოვებდი სამუშაო პროცესს, ამიტომ კატეგორიულად ვიუარე. „მაოცებს თქვენი გამბედაობა და საქმის სიყვარული”, – მითხრა მან და დაამატა, რომ აუცილებლად მოვიდოდა სპექტაკლზე და მომისმენდა. გამამხნევა და დამარწმუნა, რომ სპექტაკლები ჩემი დიდი გამარჯვებით ჩაივლიდა. გამიხარდა, გავთამამდი სცენაზე, აქტიურად ჩავერთე სარეპეტიციო პროცესში და ერთ-ერთი, რთული მიზანსცენის დროს დეკორაციაში ჩამივარდა ფეხი. დირიჟორმა ორკესტრი გააჩერა. ყველა დაძაბული მე შემომცქეროდა. ეგონათ, ფეხი მოვიტეხე. წამიყვანეს საავადმყოფოში და, საბედნიეროდ, მოტეხილობა არ აღმოჩნდა. პრემიერა შესანიშნავად ვიმღერეთ მე და ნოდარ ანდღულაძემ...
გერმანიაში დირიჟორმა კიოლერმა გალა-კონცერტი გამართა და მსოფლიოში გამოჩენილი მომღერლები მიიწვია, მათ შორის იყვნენ: ბირგიტ ნილსონი და მონსერატ კაბალიე. თბილისიდან მე ჩავედი. კონცერტს კარაიანის ნდობით აღჭურვილი პირი ისმენდა. ის მომიახლოვდა და მითხრა, მაესტრო ახლა „ტრუბადურს” დგამს და ლეონორას შემსრულებელს ეძებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსმენა მას გაახარებსო. მართლაც, მოგვიანებით, კარაიანის პრეს-სამდივნო „გოსკონცერტს” დაუკავშირდა და მოითხოვა, ჩავსულიყავი ზალცბურგში მაესტროსთან შესახვედრად. თუმცა, მოსკოვიდან ასეთი პასუხი მიუღიათ – ცისანა ტატიშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, სამაგიეროდ, შეგვიძლია, დიდი თეატრის სოლისტი მილაშკინა შემოგთავაზოთო, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ასე ხშირად ჩაუშლია ჩემთვის მოსკოვს უცხოური ტურნეები.“

скачать dle 11.3