როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
გორგოშიძე
გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.
გორგა უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება; ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.
სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.
გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ნაწარმოებ გვარს – გორგაეთს.
ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გააიგივა გიორგისთან, რაც დაუშვებელია და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვიდან – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.
გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძესა და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ, გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.
გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.
გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.
ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ: კორინათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ იქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.
1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.
საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
გაბიდაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბიდა.
სოფელ კოთოთაში გაბიდაური მოიხსენიება 1796 წელს, ერეკლე მეორის მიერ შედგენილ ყმების ნუსხაში.
1873 წელს სოფელ ნამტვრევანში მოხსენიებულია მახარობლიშვილი გაბიდაური.
საქართველოში 383 გაბიდაური ცხოვრობს: თბილისში – 132, თეთრი წყაროში – 93, თიანეთში – 31. არიან სხვაგანაც.
მატიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მატია.
1624 წელს მატია ზაზაშვილი მოიხსენიება ირაკლი და ვახუშტი მატიაშვილების ყმების ნუსხაში.
1690 წელს შავერდა მატიაშვილი მოწმედ მოიხსენიება ესტატე მოლოდინაშვილ-ქრისტესიაშვილისა და მისი ძმების მიერ ნიგვზის გაყიდვაზე შედგენილ ნასყიდობის წიგნში.
1817 წელს კოდელი ივანე მატიაშვილი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს დავით ბერუაშვილს.
მატიაშვილების წინაპარი, გადმოცემის მიხედვით, მატია დოლდაშვილი ყოფილა.
მოგვიანებით, მატიაშვილები რუსული გაფორმებით მატიანოვებად ჩაუწერიათ.
ამავე ძირისაა გვარები: მათიაშვილი, მატუაშვილი, მატოშვილი.
მატიაშვილების ერთი შტო, 1886 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ კოდაში აბატაშვილი გამხდარა.
საქართველოში 147 მატიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით