მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რატომაა საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ, მალევე მონანიება?
პასუხი: ცოდვა გვაშორებს უფლის მადლს. სინანულისგან განუწმენდელი ყოველი ცოდვა, თავისი ტვირთის სიმძიმით, იწვევს სხვა ცოდვას.
კითხვა: მინდა, ოჯახი შევქმნა, მაგრამ ვფიქრობ, ბედი მაქვს ჩაკეტილი ან ჯადო მაქვს გაკეთებული. გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეკლესია ბოროტი ძალის არსებობას და ადამიანზე მის ზემოქმედებას არ უარყოფს. შესაძლოა, თქვენზეც მოქმედებდეს ეს ძალა, მაგრამ არანაირი ერთჯერადი ქმედებით არ გაგეხსნებათ ბედი, თუ არ დაიწყებთ ეკლესიურ-ქრისტიანულ ცხოვრებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გადმოვიდეს თქვენზე სულიწმიდის მადლი და კურთხევა უფლისა.
კითხვა: ჩემი შვილის ნათლობის ჯვარმა ფერი შეიცვალა. რამე ცუდს ხომ არ მოასწავებს ეს ფაქტი?
პასუხი: ეს ფაქტი არაფერს ცუდს არ მოასწავებს. ფერის შეცვლა ლითონის ხარისხის ბრალია. შეგიძლიათ, ეს ჯვარი შეინახოთ და სატარებლად სხვა ჯვარი აკურთხებინოთ.
კითხვა: ვარ სოფლის მკვიდრი. ჩვენს სოფელში ყანების დამუშავების დროს, ადამიანთა ძვლებს ვპოულობთ. როგორც ჩანს, აქ ადრე საფლავები იყო. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: ჩვენი წინაპრების ძვლებს კრძალვით უნდა მოვეპყრათ. ისევე, როგორც სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგაც ადამიანის სხეულს პატივი უნდა ვცეთ – ის ხომ ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი. ამიტომ, შეაგროვეთ ძვლები და ერთ ადგილას დაკრძალეთ. სთხოვეთ მოძღვარს, პანაშვიდი გადაიხადოს ამ მიცვალებულთა სულის საოხად.
კითხვა: შეიძლება თუ არა სიწმიდეთა მიცემა წამლობის მიზნით, მოუნათლავთათვის ან მონათლული ურწმუნოებისთვის?
პასუხი: არც მოუნათლავთათვის და არც ურწმუნოებისთვის სიწმიდეთა მიცემა, თუნდაც წამლობის მიზნით, არ არის გამართლებული.