რატომ გაუქრობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხება ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების სურვილს
საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და დააანონსა, რომ ქართულ პროდუქციას ყოველგვარი ბარიერის გარეშე გაეხსნა გზა მილიარდ 500-მილიონიან ბაზარზე, რაც, ერთი შეხედვით, 4-მილიონიანი საქართველოსთვის, მართლაც, შთამბეჭდავი პერსპექტივაა. თუმცა ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ სიახლისადმი და მათ რიცხვშია გია ხუხაშვილიც. თუ რატომ სჭარბობს, მისი შეფასებით, ნეგატიური პოზიტიურს ამ შეთანხმებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– თქვენ რა რისკებს ხედავთ ამ შეთანხმებაში?
– მე არ ვამბობ, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ ნებისმიერ ქმედებას ახლავს თავისი დადებითი მხარე და რისკები. როდესაც ხელისუფლება, ნებისმიერი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი მუდმივად ლაპარაკობს რაღაცის დადებით მხარეებზე, ქმნის ვირტუალური კეთილდღეობის სურათს და არაფერს ამბობს რისკებზე, ეს ჩემში დადებით ემოციებს არ იწვევს. სახელმწიფოებრივი აზროვნება ნიშნავს იმას, რომ დათვლილი უნდა გქონდეს ცუდი სცენარები და აზღვევდე შესაძლო მინუსებს, რაც შეიძლება მოსდევდეს ამა თუ იმ ქმედებას. ასე იქცევა მთელი ცივილიზებული სამყარო და ძალიან ძნელად თუ იპოვით ქვეყანას, რომელსაც ჩინეთთან აქვს გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება და გასაგებია, რატომ: ჩინურ პროდუქციას აქვს კონკურენტული უპირატესობა დღევანდელ სამყაროში.
– ყველაზე მცირეა მისი თვითღირებულება და იაფია პროდუქტი.
– ამ კონკურენტულ უპირატესობას კიდევ უფრო აძლიერებს ორმხრივი პრეფერენციები. ჩინეთს მოაპოვებინებს ახალ ბაზრებს, მის ეკონომიკურ პარტნიორებს კი, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პრეფერენციები აქვთ, რაკი მათი პროდუქცია არ არის კონკურენტუნარიანი ან უბრალოდ, არ აქვთ ასეთი პროდუქცია, აზარალებს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩინეთის მილარდ-ნახევრიანი ბაზარი იხსნებაო, მაგრამ ძალიან სასაცილოა ამის განცხადება ქვეყნისგან, რომელიც არაფერს აწარმოებს.
– ჩვენთვის, 4-მილიონიანი ქვეყნისთვის რა მომხიბვლელობა აქვს მილიარდ-ნახევრიან ბაზარს, გასაგებია, მაგრამ მილიარდ-ნახევრიანი ჩინეთისთვის რა მომხიბვლელობა აქვს 4-მილიონიან ბაზარს? ლამის ერთი სუპერმარკეტის ხალხი ვართ.
– ჩინეთისთვის საინტერესოა ნებისმიერი ბაზარი: მცირე თუ დიდი. მას აქვს კონკურენტული პროდუქციის ჭარბწარმოება. რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზარი მისთვის არ არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მისთვის, თუნდაც, მცირე დივიდენდია. მით უფრო, რომ ამით ჩინურ ბაზარს რისკები არ ექმნება. ერთადერთი კონკურენტუნარიანი პროდუქტია ღვინო და წყლის შეზღუდული სეგმენტი. ახლა აგიხსნით, ამ შეთანხმებამ გრძელვადიან პერსპექტივაში რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს ქვეყანას. ჩვენი ეკონომიკის რეალური, ანუ მწარმოებლური სექტორი დღეს არის ფორმირების ფაზაში და იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ სტაბილური ეკონომიკა, აუცილებლად გვჭირდება რეალური ეკონომიკის განვითარება, ანუ წარმოების ამუშავება. წარმოება რომ აამუშაო, ამას სჭირდება შიგა ბაზრის დაცვა გარკვეული პერიოდით. იმიტომ რომ, როდესაც ინვესტორი ფულს დებს, ის ითვლის რამდენიმე წელზე, რომ თავისი ინვესტიცია ამოიღოს. იმისთვის, რომ ინვესტიცია ამოიღოს, შიგა ბაზარზე მისი პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტული. როდესაც აითვისებს შიგა ბაზარს, დახვეწს წარმოებას, ამის შემდეგ უნდა შექმნას საერთაშორისო კონკურენტული პროდუქტი, რომ გარე ბაზარზე გავიდეს. ასეთი გარემოს შესაქმნელად, ჩემი აზრით, გვჭირდება გარკვეული დროით, ალბათ, 3-5 წლით, ეკონომიკური საზღვრის მორღვევა კი არა, დაცვა, რომ სტიმული მივცეთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ინვესტორისთვის იყოს მომგებიანი ამა თუ იმ პროდუქციის წარმოება. ხოლო, თუ ჩვენ პარალელურად იმპორტულ პროდუქტს და ყველაზე სარისკო – ჩინურ პროდუქტს მწვანე შუქს ავუნთებთ და გავუხსნით ქართულ ბაზარს, ამით, ფაქტობრივად, ინვესტიციებს რეალურ სექტორში გავხდით უპერსპექტივოს. წარმოიდგინეთ პოტენციური ინვესტორი, რომელიც რაღაცის წარმოებას გეგმავს საქართველოში და ამ დროს ბაზარი გაჯერებულია ჩინური, დაბალი ღირებულების პროდუქციით. ის დათვლის, რამხელა ინვესტიციაა ჩასადები, რა იქნება მისი პროდუქტის ღირებულება და როდესაც დაინახავს, რომ ჩინურ პროდუქტთან არაკონკურენტუნარიანი იქნება მისი, ორი წლის შემდეგ გამოშვებული პროდუქცია, ცხადია, ინვესტიციას არ ჩადებს. შესაბამისად, ჩინეთვისთვის მწვანე შუქის ანთებით ჩვენ, ფაქტობრივად, პერსპექტივას ვუკლავთ, უინტერესოს ვხდით საქართველოს რეალურ სექტორში ინვესტირებას. ამდენად, ასეთი ნაბიჯებით სტაბილური ეკონომიკის აშენების პერსპექტივას კი არ ვაძლიერებთ, არამედ ვასუსტებთ. თუ გასაგებად ავხსენი.
– გასაგებია. ცნობილია, რომ ჩინეთს ერიდება ყველა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც.
– ჩინეთი კონკურენტულ ბრძოლაში არის აგრესიული. მისი ამოცანა გრძელვადიანია და ის ატარებს ექსპანსიონისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩინეთი დასდევს ყველა ქვეყანას, ხელი მომიწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეო, მაგრამ არავინ უწერს ხელს. და მაინტერესებს, სანამ ჩვენები ასე ტაშ-ფანდურით მოაწერდნენ ხელს, ჰკითხეს რომელიმე ევროპულ ქვეყანას, რატომ არ აწერენ ისინი ჩინეთთან ანალოგიურ ხელშეკრულებაზე ხელს?! მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია ასეთი ფიარმიდგომა და ერთჯერად დივიდენდს შეიძლება, გადააყოლონ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების ინტერესი. ანუ კლასიკური შემთხვევაა, როდესაც ნაბან წყალს გადააყოლებენ ხოლმე ბავშვს.
– თქვენც აღნიშნეთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა დადებითი მხარე აქვს ჩინეთთან თავისფალი ვაჭრობის შეთანხმებას?
– დადებითი ის გახლავთ, რომ ჩინური ბაზრის გახსნა კარგია ჩვენი ღვინის მწარმოებლებისთვის.
– მაშინაც კი, როდესაც ჩინელები არ სვამენ ღვინოს? ეს თეზა ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან მახსოვს.
– რომ უსუნონ ღვინოს, მაინც კარგია ჩვენთვის, მაინც ბევრი გაიყიდება მხოლოდ ყნოსვაზე რომ იყვნენ ორიენტირებულები. ანუ იმდენად დიდი ბაზარია, რომ ჩვენს ამ მწირ მოცულობებს მაინც აითვისებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ექსპორტის პრობლემა, ღვინისა და წყლის გატანა არის პლუსი და გარკვეულწილად ვიღაცას აქვს იმის ილუზია, რომ ამ ხელშეკრულების ბაზაზე ჩინური ინვესტიციები გაძლიერდება საქრთველოში.
– ილუზია რატომ არის?
– თუ ჩვენი ბაზარი ჩინური პროდუქციისთვის გახსნილია, იმპორტზე შემოიტანს ჩინელი მეწარმე თუ ადგილზე აწარმოებს, თუ განსხვავება არ იქნა საგადასახდო და სხვა რეჟიმებში, მაშინ რა სტიმული აქვს, რომ აქ ააშენოს წარმოება და თავისი უკვე აშენებულიდან არ შემოიტანოს?! მე ვიტყოდი, პირიქით, ჩინური ინვესტიციების მოზიდვისთვის ამ ხელშეკრულების არარსებობა ბევრად მეტი სტიმული იქნებოდა. იმიტომ რომ, ეს ხელშეკრულება უაზროს ხდის საქართველოში ჩინური ინვესტიციების შემოდინებას, რადგან ჩვენი ბაზრის ათვისება ჩინური იმპორტითაც კარგად შეიძლება.
– ევროასოცირების შეთანხმება არ არის მომხიბვლელი ჩინელებისთვის აქ საწარმოების ასაშენებლად და თავიანთი პროდუქციის, როგორც საქართველოში წარმოებულის, ევროკავშირში გასატანად?
– რაც შეეხება საქართველოს ტრანზიტად გამოყენებას: ამას ეს ხელშეკრულება სულაც არ სჭირდებოდა. იმიტომ რომ, ჩვენ გვაქვს სპეციალური ეკონომიკური ზონების კანონმდებლობა, რის მიხედვითაც ჩინელებს ისედაც შეეძლოთ ამის გაკეთება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ სჭირდებოდათ.
– პოლიტიკურ კონტექსტსაც რომ შევეხოთ: ლაპარაკია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინელების ჩართვაზე, იმ გათვლითაც, რომ რუსეთი ჩინეთს ვერ გაუბედავს იმას, რასაც საქართველოს.
– სამწუხაროდ, სულ ნეგატიური კომენტარების გაკეთება მიწევს, იმიტომ რომ, მე ანაკლიის პორტის მშენებლობასაც არ მივიჩნევ ჩვენთვის სასარგებლოდ. პირიქით, ჩემი აზრით, საკმაოდ მაღალი რისკების შემცველი პროექტია და მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ დასაბუთებას იმისას, რა საჭიროა მეოთხე პორტი, როდესაც უკვე არსებული სამის სიმძლავრე 50 პროცენტითაა დატვირთული. მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით პერსპექტივას, რომ თუნდაც არსებული სამი პორტის სრულად დატვირთვა იყოს შესაძლებელი. მეოთხე პორტის მშენებლობას, ნაცვლად იმისა, რომ მოგვიტანოს დივიდენდი, პირიქით, მინუსი მოაქვს. პორტებს სჭირდება ლიკვიდურობა. წარმოიდგინეთ, რომ არის ტორტის ნაჭერი და სამი პორტი, ბათუმი, ფოთი და ყულევი, მეტ-ნაკლებად ნაყრდება. ეს რომ ოთხზე გაიყოფა, ჩვენ სამი მეტ-ნაკლებად დანაყრებულის ნაცვლად, შეიძლება, მივიღოთ ოთხი მშიერი.
– და ჩინელები რატომ ჩადებენ მაშინ ფულს ანაკლიის პორტის მშენებლობაში, თუ მეოთხე დამშეულები უნდა იყვნენ?
– ჩინელებისთვის ეს პრობლემა არ არის. ჩინელები არ იფიქრებენ სხვა პორტებზე. სხვა პორტები თუ გაკოტრდება, ჩინელებს რა პრობლემა ექმნებათ?!
– იმას ამბობთ, რომ იმ ტორტის ნაჭერს, ფიგურალურად, მთლიანად შეჭამს ანაკლიის პორტი?
– რა თქმა უნდა. თუ ანაკლიაში მათი ინტერესი იქნება, ისინი იმუშავებენ თავის პორტზე. იქით გადაამისამართებენ თავიანთ ტვირთებს და მიხედავენ თავიანთ ბიზნესს. აქ კიდევ სხვა პრობლემაცაა: ყარსი-ახალქალაქის პროექტის ამოქმედების შემდეგ, იმ ტვირთების ნაწილიც კი, რაც არის, სახმელეთო გზით გადამისამართდება თურქეთის მიმართულებით, ანუ ჩვენი პორტები იმ ტვირთებსაც დაკარგავენ. არ გამოვრიცხავ თეორიულ ვარიანტს, რომ ჩვენ რაღაც მივიღოთ ამ პროექტებიდან, მაგრამ ძალიან მაღალია რისკი, რომ ნაცვლად ეკონომიკური აღმავლობისა, მივიღოთ საპირისპირო სურათი.
– ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით, გასაგები იყო, რომ ჩვენსავე თავს, ჩვენსავე რკინიგზას ვუქმნიდით კონკურენტს და მახსოვს, მაშინ თქვენ ამბობდით, რომ შეიძლებოდა რუსული ტვირთების დამატებით მოზიდვა და ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის ამოქმედება. ახლა ეს პერსპექტივა ჩაიკეტა?
– მე არ ვამბობ, რომ ჩაიკეტა. მე ვამბობ, რომ არის რისკები. რა თქმა უნდა, შეიძლება, რუსული ტვირთები გავატაროთ ან დამატებითმა ტვირთებმა უზრუნველყონ ის მიმართულება, მაგრამ ეს ყველაფერი არის თეორია, რეალურად რისკები ძალიან მაღალია. რუსული ტვირთები ან წამოვა, ან არა. იმავე კასპიის ზღვის საბორნე გადასასვლელების სისტემა არ არის ორიენტირებული ტვირთბრუნვის ზრდაზე. აზერბაიჯანის რკინიგზის მოდერნიზებაცაა საჭირო, რომ ტვირთბრუნვა გაიზარდოს.
– ამ შეთანხმების უარყოფით შედეგს რა დროში დავინახავთ?
– მე არ ვვარაუდობ, რომ აუცილებლად უარყოფითი შედეგი ექნება, უბრალოდ, რისკებია მაღალი, ხოლო თუ ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, მას ექნება ნულოვანი შედეგი, რადგან ჩვენთან წარმოება არ განვითარდება. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მომხმარებელ ქვეყნად დავრჩეთ?! ეს ხელშეკრულება შეიცავს რისკს, რომ დავრჩეთ მომხმარებელ ქვეყნად. თუმცა ასეთი ქვეყნებიც არიან და არსებობენ.
– ანუ მივიღებთ უფრო დიდ მასშტაბში იმ ტიპის ურთიერთობას, რაც გვაქვს თურქეთთან?
– ის რისკი, რაც იქმნება თურქეთის მხრიდან, მინიმუმ ორმაგდება ჩინეთის სახით. შესაბამისად, ინვესტორისთვის, ადგილობრივისა თუ უცხოელისთვის, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტირებას აზრი აღარ ექნება. თუ თქვენ უფრო ძვირი დაგიჯდებათ აქ წარმოებული პროდუქცია, ვიდრე ჩინეთში დამზადებული, ხომ არ აწარმოებთ ასეთ პროდუქტს?!
– ჩინური – უხარისხოა იაფი, ხარისხიანი ჩინური პროდუქტი ძვირი ღირს. უხარისხო რატომ უნდა ვიყიდო?
– მე არ მგონია, რომ ისეთი სოციალური სტატუსის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხარისხი რამეს წყვეტდეს. ქვეყნის სოციალური სტატუსი იქნება დაბალი, სანამ ადამიანები არ იქნებიან დასაქმებულები. ხალხი ვერასდროს დასაქმდება, სანამ ადგილზე წარმოება რა ამუშავდება. ადგილზე წარმოება კი ვერ ამუშავდება, სანამ იმპორტს მწვანე შუქი ექნება ანთებული. ეს ყველფერი გადაჯაჭვულია და სანამ ჩვენ გვაქვს მაღალი სოციალური რისკები, ასეთი მოქალაქე ხარისხს არ გაარჩევს, ის ეძებს იაფს.